მაისი იმერეთში _ პასუხისმგებლობისა და შესაძლებლობების გაზომვის თვე

_MG_0665იმერეთის გუბერნატორის ცხოვრების 1993 წლის და 1998 წლის ოქტომბრის მძიმე თვეებს 2000 წლის 27 აპრილიც მიემატა… თბილისიდან მომავალი პრეზიდენტის რწმუნებული ამ დღის დაახლოებით ღამის პირველ საათზე თერჯოლის რაიონის ტერიტორიაზე ავტოავარიაში მოხვდა. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის იმავე დღესვე დაგეგმილი პრესკონფერენცია გაემართა.

პირველ რიგში მან 26 აპრილს თბილისში მოულოდნელი წასვლის მიზეზზე ისაუბრა. ტყიბულის მასწავლებლებისთვის გადმოსარიცხი თანხა, რომელიც ამ კვირ
ის დასაწყისში უნდა გადმორიცხულიყო, ფინანსთა სამინისტროში წარმოქმნილი პრობლემენბის გამო შეაჩერეს 5 მაისამდე. გუბერნატორი ჯერ ტელეფონით შეეცადა სიტუაციაში გარკვევას, შემდეგ კი თბილისში ჩასვლა გადაწყვიტა. თბილისისკენ მიმავალს, ზესტაფონთან შეატყობინეს, რომ პრობლემა გვარდებოდა, მაგრამ რადგან საქმე ბოლომდე იყო მისაყვანი, ამასთან დასაზუსტებელი იყო ,,ჭიათურმანგანუმისა და ფეროსთან დაკავშირებული საკითხები, ჩათვალა, რომ დედაქალაქში ჩასვლა აუცილებელი იყო.

თბილისში იგი თითქმის ყველა საჭირო პიროვნებას შეხვდა და იმერეთთან დაკავშირებული რამდენიმ პრობლემა განიხილეს კიდეც. ერთადერთი, რაც გაურკვეველი დარჩა, საპენსიო ცენტრებთან დაკავშირებული საკითხია.

ქუთაისისკენ თეიმურაზ შაშიაშვილი 26 აპრილს დაახლოებით ღამის თერთმეტის ოც წუთზე გამოვიდა. როგორც წესი, გუბერნატორის მანქანა საწრაფად მოძრაობს, მახსოვს, რამდენიმე მანქანას გავასწარით. არ ვიცი სინათლეების ბრალი იყო, არ ვიცი მძღოლს ჩაეძინა, არ მინდა სხვა რამ ვიფიქრო… შევამჩნიე საჭემ მკვეთრად აიღომარცხენა მხარე… როცა მოვიაზრეთ, ვხედავდით მდინარისკენ მივექანებოდით… ღმერთმა გადაგვარჩინა, დამცავი ჯებირები იმ ადგილას წინა დღით გაუკეთებიათ.~ მძიმედ დაზიანებული მანქანიდან გადმოსულ გუბერნატორს პირველად გამვლელი მანქანების მძღოლები _ მამუკა ჩიხლაძე და გორდეზიანი (რომელთა მიმართაც უდიდეს მადლიერებას გამოთქვამს) მიეშველნენ, ხოლო შემდეგ ავტოინსპექცია.

ექიმების დასკვნით ბატონი შაშიაშვილოი ამჟამად სამუშაო ფორმაშია. საფრთხე არც ავტომობილს ემუქრება. თავად გუბერნატორი დასძენს: ,,ალბათ ძიება იქნება, მაგრამ მე არ მინდა მძიმე ეჭვით ვიყო, როგორ შემიძლია ვთქვა რაიმე, როცა მე გადავრჩი, ღმერთმა გადამარჩინა და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა~…

ავტოვარიის შედეგად შაშიაშვილში არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ უბრალოდ, სახალხოდ უპირატესობა მიანიჭა დასავლურ მანქანებს, რომლებიც ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე რუსული…

განიცდილს და ნანახს, ხელი არ შეუშლია მისთვის პრესკონფერენციის დასკვნით ნაწილში ჟურნალისტებისთვის წარედგინა საგანგებო მიმართვა: ,,მაისი იმერეთში _ პასუხისმგებლობისა და შესაძლებლობათა გაზომვის თვე~, რომელსაც იგი ამ შემთხვევამდე ორი დღით ადრე დაპირდა ჩვენს გაზეთს. როცა როცა მან ტექსტის საბოლოო ვარიანტი პირადად მოგვაწოდა 27 აპრილს ღამის 12 საათი იყო. ტექსტს აქვე გთავაზობთ.

ვიცი, ბევრს გაუკვირდება მაისთან, მაისობასთან პასუხისგმგებლობის, შესაძლებლობების დაკავშირება, მე კი გაცნობიერებული მაქვს პირდაპირი კავშირი და აი, რატომ: საპრეზიდენტო არჩევნებზე ხალხის პოლიტიკურმა სიბრძნემ ყოველგვარ ოპტიმისტურ პროგნიზს გადააჭარბა. ხალხმა პოლიტიკური სიბრძნით თვით პრეზიდენტ შევარდნაძესაც აჯობა. ხალხს შეეძლო, ჰქონდა უფლება, ასეთი მწვავე პოლიტიკური, ეკონომიკური, და სოციალური კრიზისის გამო ხმა კი არ მიეცა შევარდნაძისათვის, არამედ პასუხი მოეთხოვა მისთვის, მისი პოლიტიკური გუნდისთვის. მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში ხალხი ენდო შევარდნაძის სიტყვას _ დადგა ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებაზე მთელი ძალისხმევის კონცენტრირების ეტაპი, დამთავრდეს ეს არჩევნები და თქვენ ნახავთ შევარდნაძეს, რომლითაც იამაყებთ

ხალხი ამის მოლოდინშია, იმ ქვეყნის მოსახლეობა, სადაც პოლიტიკურ რეალობაში პასუხისმგებლობა მკვდარია, თავხედობა ზენიტშია, სადაც ქვეყანა პოლიტიკურმა ინტრიგებმა მოიცვა, მოსახლეობის პოლიტიზირებამ დამანგრეველ ზღვარს მიაღწია. სადაც ერთ მეწარმეზე 10-15 პოლიტიკოსი მოდის და რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას, სამწუხაროდ მეწარმეთა დიდ ნაწილთან ერთად, პარლამენტარობა უნდათ, სადაც პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი თავს თვლის პრეზიდენტობისთვის მზად სადაც უსაქმურობა წესად იქცა _ ნაკლებად ჩანს საქმეზე დაფიქრებული, საქმის კეთებით განწყობილი კაცი.

ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებისა და პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდგომ პირველ თვეში იწყებს ცხოვრებას და ეს პირველი თვე მაისია. ვის აქვს უფლება, თუ მას უყვარს თავისი ქვეყანა, და თავს ამ ქვეყნის შვილად თვლის, არ გრძნობდეს ამ პასუხისმგებლობას და შესაძლებლობის ზღვარზე არ მუშაობდეს?

სწორედ შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობაა დღეს პასუხისმგებლობის საზომი. სწორედ შესაძლებლობის ზღვარზე უნდა მუშაობდეს პრეზიდენტის რწმუნებული. სხვა უფლება მას არ აქვს, ისე, როგორც არ აქვს უფლება, მოითმინოს თანამდებობაზე კაცი, რომელიც ასევე არ მუშაობს შესაძლებლობის ზღვარზე

ვაღიარებ, _ ეს უკანასკნელია ჩემი ყველაზე დიდი ავადმყოფობა. ამ ავადმყოფობითვე არის დაავადებული ჩემის აზრით პრეზიდენტიც _ იქნებ ჩვენ მისგან გვედება ეს ავადმყოფობა.

ვინ მოგვცა უფლება ნებისმიერი რანგის ხელმძღვანელს, ჩვენს სახელმწიფო სივრცეში ვითმინოთ უპასუხისმგებლობა და უპასუხისმგებლო. ჩემის აზრით, უპასუხისმგებლო კაცი იმდენს არ აფუჭებს, რამდენსაც იგი, ვინც უპასუხისმგებლობას ითმენს თანამდებობაზე. ნათლად ჩანს ჯანსაღი სისტემის კონტურები: პრეზიდენტი არ ითმენს თანამდებობაზე უპასუხისმგებლოს _ ეს ნიშნავს ქვეყანაში გაჯანსაღების დიდი ეტაპის დაწყებას.

უპასუხისმგებლობაზე მე ვსაუბრობ, არა ამ სიტყვის პრიმიტიული გაგებით, გევალება _ შეასრულე, არამედ სწორედ ფილოსოფიურით, გაცნობიერებული პასუხისმგებლობით, როცა ხელისუფლების და ხელისუფლის მოვალეობა და შეგნება გაიგივებულია. დღეს ხელმძღვანელის იმაზე დიდი უპასუხისმგებლობა რა უნდა იყოს, თანამდებობაზე მოითმინოს მაფიოზი, მექრთამე, გაუნათლებელი, ავანტურისტი.

მწამს და მჯერა: განვითარება ეს არის მენტალიტეტი, აზროვნება, ნიჭის ძალაუფლება. სწორედ ახალი მენტალიტეტის ღრმად მოაზროვნე ადამიანების ხელისუფლებას შეიძლება ეწოდოს ნიჭის ძალაუფლების ხელისუფლება.

სხვისი არ ვიცი, მე კი ხმამაღლა ვაცხადებ, ამ განწყობით მუშაობის განსაკუთრებულად გაძლიერების პერიოდის დაწყების თვე მაისი იქნება. როგორია ჩემი პროგნოზი, გამომივა თუ არა _ ოდნავაც არ ვეჭვობ, გამომივა. ჯერ ერთი, ამისათვის საჭიროა პოლიტიკური ნება _ მე იგი გამაჩნია, მეორე _ ამას ჭირდება ხალხის მხარდაჭერა _ იგი იმერეთში არის. მესამეც, უმთავრესია სისტემური აზროვნების კადრები. იმერეთი, საქართველო, სავსეა ასეთი ხალხით. ამას სჭირდება ხელისუფლების, უპირველესად პრეზიდენტის მხარდაჭერა. სიტყვით იგი მივიღე _ ხარება დღეს, პრეზიდენტის ქუთაისში ყოფნის დღეს. თუ ქვეყანაში იქნება ერთიანი პოლიტიკური, ეკონომიკური სამართლებრივი სივრცე _ ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა სიტყვა შეასრულა. თუ პრეზიდენტი, მინისტრები მხარს დაუჭერენ ჩემს წინადადებას იმ ხალხის განთავისუფლების შესახებ, რომლებიც შესაძლებლობის ზღვარზე არ მუშაობენ _ ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა სიტყვა შეასრულა. ეს გამოჩნდება მაისის თვეშივე თუ პრეზიდენტი, ხელისუფლება მხარს დაუჭერს ჩემს წინადადებას იმ ხელმძღვანელთა განთავისუფლების თაობაზე, რომელთა მუშაობის შედეგები მიუღებელია.

შეიძლება მოვითმინოთ იმ რაიონის და ქალაქის ხელმძღვანელი, რომელიც ვერ აწესრიგებს ხელფასების საკითხს და ვინც ვერ შეძლებს დარჩენილ პერიოდში მაისიდან წლის ბოლომდე შემოსავლები დაგეგმილ ხარჯთან შედარებით გაზარდოს 205-ით. ვისაც არ გააჩნია კონკრეტული პროგრამა ,,ქალაქში, რაიონში, ოჯახში, მოქალქე, ფიზიკური და იურიდიული პირი გავხადოთ გადამხდელუნარიანი.~ ან შეიძლება მოვითმინოთ ხელმძღვანელი, სადაც მმართველიბით რგოლზე მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე კეთილმოწყობაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე, წესრიგზე, სოციალური პრობლემების მოგვარებაზე?

მე ვფიქრობ, ასეთი ხელმძღვანელის შენარჩუნება დანაშაულია. მე არ ვაპირებ ამას. შეიძლება მოვითმინოთ ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც დანაშაულს მალავს, თუნდაც თუნდაც ერთს, ხაზს ვუსვამ, თუნდაც ერთს _ ან რომელიც ვერ ხსნის მომხდარ დანაშაულს, რომელიც ითმენს მაფიოზს, ქურდს, მძარცველს? ეს არ შეიძლება. გვყავს თუ არა ასეთები? რამდენიც გნებავთ. ვითმენთ თუ არა ასეთებს? _ ვითმენთ. დამთავრდა – ამის ატანა შეუძლებელია. პირველი შეფასება მაისის თვის შედეგების მიხედვით იქნება.

შეიძლება მოვითმინოთ აღურიცხაობა, კონტრაბანდა, ფალსიფიკაციის ის დონე, რომელიც დღეს გვაქვს? ეს ხომ ქვეყნის ნგრევაა. ვითმენთ თუ არა ამას? ვითმენთ. და ამით ჩვენს წესიერებას ვაყენებთ ეჭვის ქვეშ. არავის არ ვუსურვებდი ამ სიტყვების შემდგომ ეფიქრა ასეთი ადამიანების დაცვაზე. უპირველესად, საბაჟოს, საგადასახადოზე და მათ ხელმძღვანელებზე, საერთოდ მაკონტროლებელ ორგანოებზე, თუნდაც მეწარმეებზე. ხელისუფლების წარმომადგენლებზე ვსაუბრობ, ისინი არიან დამცველების როლში, როგორც ხშირად ხდება. არა ლამაზი თვალებისათვის. აღრიცხვა პირველი პირის წესიერების მაჩვენებელია.თუ რაიონს, ქალაქს, მხარეს, პირველი პირი წესიერი ჰყავს _ აღრიცხვა წესრიგდება. რა ბედნიერება იქნებოდა აღრიცხვის მოწესრიგება ქვეყანაში პრეზიდენტი ჩადგომოდა სათავეში. იკითხავთ რატომ. უპირველესად იმუიტომ, რომ არUრიცხაობას აქვს თავისი მიმზიდველობა _ საქონელი იაფია. იაფი კი ყველას მოსწონს _ ამაზე აქვს აგებული თავისი ფილოსოფია მაფიოზს _ პოულობს მხარდაჭერას ხალხში. დაბალი ფასი, რომელიც აღურიცხაობით, კონტრაბანდით და ფალსიფიკაციით _ ანგრევს ქვეყანას. ფასი, რომელსაც კონკურენცია, კონკურენტული გარემო აყალიბებს _ აშენებს ქვეყანას. ეს მართლაც, მსოფლმხედველობრივი საკითხია და სწორედ ამიტომ არის საჭირო ამ საქმეში მეცნიერებით გარშემორტყმული პრეზიდენტი.

შეიძლება მოვითმინოთ იმ განწყობის მუშაობა, რომელიც პრივატიზაციისა და მიწის სამსახურებშია? წარმოუდგენელია. ისიც კი ვერ შეძლეს აქციონერს გაეცნობიერებინა, რომ მას სააქციო საზოგადოებაში გაცილებით მეტი უფლებები აქვს, ვიდრე მერს, გამგებელს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კონკრეტულ გარემოებაში, სააქციო საზოგადოებაში – ეს არის თავის უფლებებში აქტიურად მოქმედი აქციონერი. ვის არ აწყობს ასეთი აქციონერი, მაფიოზ ხელმძღვანელს _ მათ მონებად აქციეს მუშა-მოსამსახურეები, აქციონერები. ვის მხარეზე ვართ ჩვენ, მაფიოზების, თუ ხალხის? დღეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ სახელისუფლებო რგოლებზე, პრივატიზაციის, მიწის სამსახურებში ძირითადში, მართალია არა ყველგან, მაგრამ სწორედ ძირითადში ნამდვილად არ არიან ხალხის მხარეს. არ მინდა ვიფიქრო, რომ მაფიოზების მხარეს. ესეც რომ არის, ბევრი რომ ასეთია. ესეც ფაქტია. ამის მოთმენა შეუძლებელია.

შეიძლება დღეს მოვითმონოთ გაჩერებული საწარმო, ან დავიჯეროთ, რომ გაჩერებული საწარმოს დირექტორი შიმშილით კვდება? ტყუილია ეს, არავის გვეკისრტება პასუხისმგბლობა ამისათვის? გვეკისრება. ყველა კი გაურბის ამ პოასუხისმგებლობას. მე ნამდვილად არ მინდა გავექცე მას. _ მე იმერეთში უპირველესად იმაზე მეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ვითმენ იმ ქალაქისა და რაიონის ხელმძღვანელობას, სადაც საწარმოები გაჩერებულია, ხოლო აღრჩობენ გადასახადებით და თხოვნებით ამუშავებულს, რომ გამგეობები იქცნენ ახალ საგადასახადო სამსახურებად და საზოგადოებაში არ ჩანს ბიზნესის განვითარებაზე, მეწარმეობაზე დაფიქრებული ხალხი.

შეიძლება დღეს მოვითმინოთ თუნდაც ერთი ხელმძღვანელი, რომელსაც არ ესმის, გაცნობიერებული არ აქვს მასწავლებლის მეცნიერის შემოქმედის როლი დღევანდელ ყოფაში, არ ფიქრობდეს დაეხმაროს სტუდენტს, ვისთვისაც სულერთია ახალგაზრდული პრობლემები? მე ვიცი, რომ ეს უფლება არ გამაჩნია, და თუ ამას დავუშვებ, მე თვითონ არ ვარ გასაჩერებელი თანამდებობაზე.

ჩვენ ვითმენთ იმ ადამიანებს, ვინც პენსიონრები ჩააგდო ამ მდგომარეობაში, ვინც სხვათა გაღარიბებით გამდიდრდა, ვინც უგულობას იჩენს ხიზნებისადმი. ჩვენი დანაშაული ის არის, რომ აქამდე ვითმენთ, ანუ იქამდე, რომლის იქეთაც მოთმენა აღარ შეიძლება _ უკვე უფსკრულია.

ვინც ამას არ აცნობიერებს _ მისი ადგილი ხელისუფლებაში არ არის. თუ მომავალშიც იქნება, ასეთები იმერეთში _ ე.ი. მე ვუშვებ ამას, მე მაწყობს იგი. თუ წესიერი კაცი ვარ, ეს არ უნდა მაწყობდეს, თუ ქვეყანაზე ვფიქრობ არა თუ არ უნდა მაწყობდეს, არამედ უფლებაც არ მაქვს, ხაზს ვუსვამ, უფლებაც არ მაქვს ვითმინო უპასუხისმგებლო ადამიანები.სწორედ ამ განწყობით გიდგენთ სამაისო პროგრამას, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პირველი თვის პროგრამას, რომელზე მუშაობას საპრეზიდენტო ინაუგურაციის მეორე დღიდანვე იწყებს. მწამს და მჯერა _ ჩემს კოლეგებს ხელისუფლების იერარქიულ საფეხურებზე _ კარგად ესმით, რას ნიშნავს პროგრამის წამძღვარების სათაური.

,,მაისი იმერეთში _ პასუხისმგებლობისა და შესაძლებლობათა გაზომვის თვე.~

ამ განწყობით უნდა ჩატარდეს პროგრამის ყველა ღონისძიება _ იქნება იგი განათლებასთან, კულტურასთან, ხელოვნებასთან, მეცნიერებასთან, სპორტთან, ეკონომიკასთან თუ ბიზნესთან, ქალაქის და რაიონების კეთილმოწყობასთან დაკავშირებული.

ხელისუფალი იმას ჰქვია, ვისაც შეუძლებლის შეძლება შეუძლია და ხალხისთვის. სხვა შემთხვევაში იგი სკამის კაცია _ იმ სკამის, რომლის გამოც იღუპება ქვეყანა.

პროგრამაში ყველა ადამიანისათვის არის ადგილი _ ანუ პროგრამა ხელს შეუწყობს მიმდინარე პროცესებზე ხალხის ზეგავლენის გაძლიერებას, ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირებისათვის. ომები გამოვატარეთ დიალექტოლოგთა სიმპოზიუმებსა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციას. ამ ეტაპზე ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ცივილიზებულ სამყაროში გამორჩეული ადგილი უნდა დავიჭიროთ. ასეთი მასშტაბების ღონისძიებებს არსებითი მნიშვნელობა აქვთ, მით უფრო, როცა პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება.

მაისის პროგრამა _ ეს არის ეკლესიისადმი განსაკუთრებული განწყობის ფორმირების, ისტორიისადმი პატივისცემის, გარდაცვლილთა პატივგების, ჩვენი ყოფისადმი ადამიანური სახის მიცემის პროგრამა, რომელიც ნიშნავს პროცესს საუნივერსიტეტო ქალაქისაკენ, იმერეთის ეკონომიკურ ცენტრად ფორმირებისაკენ, სამოქალაქო საზოგადოებისაკენ, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე ახალგაზრდობის, მოაზროვნე ადამიანების გავლენის გაძლიერებისაკენ, უფროსი თაობისადმი მადლიერებით განწყობის ფორმირებებისაკენ, სამოქალაქო საზოგადოებისაკენ

კვლავ ვიმეორებ _ მაისი იმერეთში _ პასუხისმგებლობისა და შესაძლებლობათა ზღვარის გაზომვის თვე უნდა იყოს.. ამას ხალხი უნდა აფასებდეს, ამ პროცესში ხალხი უნდა მონაწილეობდეს. ჭეშმარიტებაა _ უპასუხისმგებლობა, მოშვებულობა არის იქ, სადაც ხალხი ინდიფერენტულია, მუდმივი დაპირისპირებულობა და ნგრევაა იქ, სადაც ხალხი ზედმეტად პოლიტიზირებულია, მით უფრო მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკოსთა შემადგენლობა ზომაზე მეტად დაბინძურებულია, სადაც ნამდვილ პოლიტიკოსთა, ზნეობრივ პოლიტიკოსთა ჩამოთვლას ერთი ხელის ხუთი თითი ეყოფა. საზოგადოება ვითარდება, პროგრამები აქვს, ჰარმონიზებულია იქ, სადაც გავლენიანი ძალა ავანტურისტი პოლიტიკოსები კი არა ნიჭის ძალაუფლებაა, სადაც კანონის უზენაესობაა.

ძლიერია ის საზოგადოება, სადაც საქმის კეთებას სიყვარული უდევს საფუძვლად. ჩვენ ჯერჯერობით სამწუხაროდ სიძულვილით სავსე ქვეყანაში ვცხოვრობთ, ქვეყანაში, სადაც სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება ერთ მუშტად შეკრული, სადაც სიყვარულის საფუძველი, სამწუხაროდ გამოყენების ხარისხია. პოლიტიკოსთა უმრავლესობამ შევარდნაძისადმი სიყვარული მაშინ გამოკვეთა, როცა ჭირდებოდა და როცა აღარ ჭირდებოდა, თავის მსგავთან სიყვარულით კი არა, შევარდნაძისადმი სიძულვილით გაერთიანდა. დრო ადასტურებს _ შევარდნაძის სახელს ვინც ამოეფარა, ვინც გამოიყენა შევარდნაძე, ვინც შევარდნაძესთან ურთიერთობით კარიერა შეიქმნა _ სწორედ ისინივე არიან და იქნებიან მომავალში, რომლებიც შეეცდებიან ყველა შესაძლო მომენტი გამოიყენონ შევარდნაძისავე წინააღმდეგ. იმერეთი შორს არის ასეთი განწყობილებისგან. მე კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ვიდრე ბატონი შევარდნაძე იქნება პრეზიდენტი, ვიდრე პარლამენტში მისი პოლიტიკური ძალა იქნება _ მე ვერ მივიღებ მეტ თანამდებობას. არც არავითარი სურვილი მაქვს ამის, მაგრამ ჩვენი ძალა იმაშია, რომ სწორედ შევარდნაძეს დავუჭიროთ მხარი _ ვიცით რა რომ მას სხვაზე გაცილებით, ხაზს ვუსვამ გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია. ეს დიდსულოვნებაც თანმდევი იქნება მაისის დღეებისათვის.

“მაისი იმერეთში _ პასუხისმგებლობის გაზომვის თვე.”

მაინც რა შედეგებს ველოდებით გარდა ზემოაღნიშნულისა?

რა აზრი ექნება ამ პროგრამას, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ მინიმუმ 30%-ით გავზარდოთ გამოშვებული პროდუქცია გასული წლის მაისთან და მიმდინარე წლის აპრილის თვესთან შედარებით?

ვპასუხობ, არავითარი.

რა აზრი ექნება, ამ პროგრამას, თუ იმერეთის ყველა ქალაქი და რაიონი ვერ შეძლებს ამ წლის მაისში მინიმუმ 10%-ით მეტი შედეგი აჩვენოს, ვიდრე უკანასკნელი 10 წლის მაისების საუკეთესო მაჩვენებელი იყო?

ვპასუხობ, არავითარი.

რა აზრი ექნება ამ პროგრამას, თუ ვერ შევძლებთ ამ წლის აპრილის ჩათვლით დავფაროთ ყველა პენსიონერის პენსია და, მივცეთ მაისში. ერთი თვის პენსიის ტოლფასი მისთვის სასურველი პროდუქციით?

სწორედ რომ არავითარი.

რა აზრი ექნება ამ პროგრამას თუ იმერეთში ყველა სავაჭრო ობიექტმა 30%-ით უკეთესი მაჩვენებელი არ აჩვენა, ვიდრე უკანასკნელი 10 წლის მაისების საუკეთესო მაჩვენებელი იყო და როგორც მინიმუმ, 50%-ით არ გადააჭარბა გასული თვის მონაცემს?

ვპასუხობ, არავითარი.

რა აზრი ექნება ამ პროგრამას, თუ ვერ მივაღწევთ ხელშესახებ შედეგებს კომუნალური მომსახურეობის სფეროში _ იქნება ეს ქუჩა, წყალი, დასუფთავება, ელექტროენერგია თუ სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემა?

სწორედ რომ არაფერი.

და კიდევ ერთი უმთავრესი რეზერვი: ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის დაჩქარება შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურებას. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათთან მუშაობა. მაისის თვემ არნახულად უნდა გაააქტიუროს პროფკავშირების მუშაობა. მტკივა მათი უმოქმედობა. მათში საქმის მოწესრიგების დიდი მუხტია. მივმართავ პროფკავშირების წევრებს _ ნუ მოვითმენთ ხელისუფალის, დირექტორის, მეპატრონის მორჩილ პროფკავშირულ ხელმძღვანელობას. მივმართავ პროფკავშირულ ლიდერებს _ გაამწვავონ თავიანთი დამოკიდებულება, რატომ ითმენთ ხელმძღვანელობის ასეთ დამოკიდებულებას ხალხის პრობლემებისადმი? რატომ ითმენთ 60 ლარზე ნაკლები ხელფასის მიცემას მუშა-მოსამსახურეებზე? მივმართავ ხელისუფლების წარმომადგენლებს, დირექტორებს, მეპატრონეებს _ ისწავლეთ პროფკავშირებთან მუშაობის კულტურა. მაისის თვემ აქციების მფლობელთა დიდი აქტიურობა უნდა გვაჩვენოს. საოცარია, რატომ ითმენენ აქციონერები კორუმპირებულ ადამიანებს საწარმოების ხელმძღვანეობაში. ამაში დიდი რეზერვია

მწამს და მჯერა, შეუძლებელს შევძლებთ, თუ ხელებს დავიკაპიწებთ და ხელოვნურ დაპირისპირებას და კინკლაობას მოვრჩებით _ თუ საქმის კეთების სურვილით განვეწყობით.

კვლავ ვრჩები იმ აზრზე, რომ საქართველოში დაქცეული საწარმოების, ღარიბი უფულო ბანკების ფონზე, არიან მდიდარი და ზემდიდარი ბანკები, ზოგი ხელისუფლების სათავეშიც მოკალათდა. ვერ ხედავენ ამას პრეზიდენტი, პოლიტიკოსები, პოლიტიკური ძალები, ყველას ჭკუას რომ ასწავლიან და სხვის წესიერებაზე რომ საუბრობენ?

დარწმუნებული ვარ იმერეთის ბანკირები, მაისის თვეში შეუძლებელს შეძლებენ და მაისის თვეშივე არნახულ მხარდაჭერას გაუკეთებენ წარმატებულ მეწარმეებს.. მწამს და მჯერა, არნახულ შედეგებს მივაღწევთ მეწარმეობის, ბიზნესის განვითარების, სახელფასო და საპენსიო დავალიანების საქმეში. რეალურად მესახება, რომ იმერეთი გადაიქცეს აბრეშუმის გზის საქართველოს მონაკვეთის განსაკუთრებულ რეგიონად. სწორედ მაისის თვე დაადასტურებს ამ პოზიციებით დიდი პერსპექტივის კეთილ ნებას. მაისის თვე გადაწყვეტს ქუთაისის “ტორპედოს” ჩემპიონობას.

მწამს და მჯერა, 11 მაისს სამხარეო სათათბიროს სხდომა იქნება უპრინციპულესი.

8 მაისს, მაისის თვის შედეგების დიდი შეჯამება გვექნება. ამ დღეს ნამდვილად აღარ უნდა დარჩნენ პირველ პირებად იმერეთის ქალაქებსა და რაიონებში, სამხარეო სამსახურებში ისინი, ვინც ვერ გააცნობიერებს სამაისო პროგრამის ამ წამძღვარებაში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს.

მაისი იმერეთში მართლაც უნდა იქცეს პასუხისმგებლობისა და შესაძლებლობების გაზომვის თვედ.

სასურველია მთელ საქართველოში

და ბოლოს.

გუშინ უმძიმეს ავტოკატასტროფაში მოვხვდი. გადავრჩი იქ, სადაც თითქმის შეუძლებელია ადამიანის გადარჩენა, სადაც ხორციელს, ბუნებრივს არ ძალუძს ადამიანის გადარჩენა. ვამბობ პირდაპირ _ გადამარჩინა ღმერთმა, როგორც ჩანს იმიყტომ, რომ ერთად დაგვეწყო მართლაც დიდი მოძრაობა იმერეთში…

ვთხოვ, ვეხვეწები, ვემუდარები, ქრისტიანულად ვევედრები ყველა რანგის ხელმძღვანელს იმერეთში _ დეპუტატებს იმერეთიდან, საკრებულოს ყველა თავჯდომარეს, მერს, გამგებელს, თუ სამსახურის ხელმძღვანელს, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს, პარტიულ თუ პროფკავშირების ლიდერებს _ უმაღლესი პასუხისმგებლობისა და შესაძლებლობის ზღვარზე ვაკეთოთ საქმე, ვიყოთ ხალხთან და ხალხისთვის წავიდეთ დიდი რეფორმების გზით, აგვამაღლოს მხოლოდ სიყვარულმა.

მე ამ წერილით, ყველა უკან დასახვევი გზა მოვიჭერი და სწორედაც მოვიქეცი. ამ წერილის შემდგომ მე ხალხი არ მაპატიებს უპრინციპობას. სწორედაც მოიქცევა. მინდა ვიფიქრო, რომ ეს გაცნობიერებული აქვს ყველას გაცნობიერებული აქვს ყველა თანამდებობის პირს იმერეთში.

თეიმურაზ შაშიაშვილი

27 აპრილი

“იმერეთის მოამბე”

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *