საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოხსენება 2001 წლის 19 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე, ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით

12“ყოველგვარი სახელისუფლებო და, სამწუხაროდ, ადამიანური რესურსებიც ამოიწურა _ ხალხს ვთხოვთ, მოითმინოს ენერგეტიკაში შექმნილი მდგომარეობა.”

“ან მხარი დაუჭირეთ ჩემს პროგრამას, ან გამანთავისუფლეთ თანამდებობიდან”

ბატონო პრეზიდენტო,

ჩემი მოხსენება სასიამოვნო არავისთვის იქნება, მთავრობის ბევრი წევრის მძაფრ რეაქციას გამოიწვევს, მაგრამ ვიდრე რაიმეს უარყოფას დავიწყებდეთ, გაითვალისწინეთ ხალხის ყოფა; ის, რომ რეალობა მწარეა და მდგომარეობას გამართლება კი არა – გამოსწორება უნდა.

თავშივე მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე მომენტს.

პირველი: იმერეთში მოწოდებული ენერგიის მოცულობა კი არ არის მცირე, არამედ ხალხს უსისტემო მოწოდება აღიზიანებს, იგი იწვევს ქაოსს, არაორგანიზებულობას, აძლიერებს კორუფციას;

მეორე: ნუ ვამართლებთ შექმნილ მდგომარეობას არგადახდებით მე არ ვუარყოფ იმას, რომ ეს გამოწვეულია ერთის მხრივ ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელთა უპასუხისმგებლობით, რა თქმა უნდა ეს შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს _ მოსახლეობა აღარ ენდობა გამოთქმას _ გადაიხადეთ და გექნებათ!” გვეუბნება _ მოგვეცით ენერგია სტაბილურად და გადავიხდით!”

მე ვეთანხმები მოსახლეობის ამ პოზიციას. ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ მოსახლეობამ გააცნობიერა გადახდის აუცილებლობა;

მესამე: ნუ ვქმნით იმ განწყობას, რომ ჩვენ წინააღმდეგნი ვართ ენერგობაზრის და ესპანელების, რომელთაც საერთაშორისო ტენდერი მოიგეს და ხელში აიღეს ბაზრის მართვის სადავეები _ პირიქით, ნუ ჩაერევიან მათ საქმიანობაში და ჩვენ ბაზართან ვიმუშავებთ ხელშეკრულებით;

მეოთხე: ნუ ვაიძულებთ იმერეთის ჰესებს, ენერგია მიაწოდონ არგადამხდელებს. ჩვენ მოვითხოვთ, ჰესებიდან ენერგია მიდიოდეს მხოლოდ გადამხდელებთან. პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ჰესების იმ ხელმძღვანელებს, რომლებიც ენერგიას აწვდიან არგადამხდელებს _ თუნდაც, მათ ამას მინისტრის გადაწყვეტილება ავალებდეთ.

მეხუთე: პრეზიდენტის მხარდაჭერით მიმდინარე ექსპერიმენტის მთავარი პოსტულატი იყო: ენერგია უნდა მიეწოდოს გადამხდელს და თანხა აიკრიბოს არა ხელზე, არამედ შეტანილ იქნას ბანკში. ეს არის რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. მე არ ვიცი, რატომ არ გვინდა ამ პრინციპით მუშაობა. ენერგიის უსისტემო მიწოდება ამ პრინციპს ებრძვის. სასურველი იქნებოდა, მთელს ქვეყანაში დამკვიდრებულიყო ასეთი პრინციპი. სამწუხაროა, რომ იგი ჩვენი თხოვნით და პრეზიდენტის მხარდაჭერით, მხოლოდ იმერეთში ტარდება. ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის ფორმულა მარტივია: მივაწოდოთ ენერგია მხოლოდ იმ გადამხდელს, ვინც თანხას ბანკში იხდის, ყველა ქალაქში, რაიონში, მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენებს დაეხმაროს ადგილობრივი ხელმძღვანელობა. ადგილობრივი ხელისუფლების უპირველესი საქმიანობაა მოსახლეობა გახადოს გადახდისუნარიანი. ეს პრინციპული საკითხია. სამწუხაროა, რომ ქალაქებისა და რაიონების ბევრი ხელმძღვანელი ამისათვის პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ეს შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს.

მეექვსე: აქ უკვე ისაუბრეს იმ ურთულეს მდგომარეობაზე, რომელიც რუსთავის ელქსელებში შეიქმნა. მინდა გითხრათ, ბატონო პრეზიდენტო, უამრავი ხელმძღვანელი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოდან, მათ შორის პარტიების, მოითხოვდნენ ქუთაისის ელექტროქსელების გამოყოფას. კატეგორიული წინააღმდეგი წავედი. დრომ დაადასტურა, რომ მართალი ვიყავი. ყველაზე დიდი ანტიკორუფციული ღონისძიება, რომელიც პრეზიდენტის მხარდაჭერით ჩატარდა იმერეთში ის არის, რომ არც ერთი ჰესი, არც ერთი დიდი საწარმო პრივატიზებული არ არის. უმეტესობის პრივატიზებას ნულოვანი აუქციონით მოითხოვდნენ. დღეს ბევრი ცდილობს განადგურების გზით წაიყვანოს ისინი, რომ იძულებული გავხდეთ დავეთანხმოთ პრივატიზებას და ამ გზით დაინტერესებულ ძალებს, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, მაფიოზურ ძალებს ჩავუგდებთ ხელში. ეს რომ არ მოხდეს, სწორედ ამიტომ მოვედით ერთი კვირის წინათ თქვენთან, ბატონო პრეზიდენტო, წარმოგიდგინეთ მოხსენება. დიდი მადლობა, მას დღევანდელი მთავრობის სხდომაზე რომ ვიხილავთ.

არ მინდა განხილვა იმ განწყობით წარიმართოს, რომ დამნაშავენი სხვაგან ვეძებოთ. შთაბეჭდილება მრჩება, მძიმე საკითხების განხილვის დროს ვებრძვით იმათ, ვინც უკანონობას ყიდულობს. არ მგონია ეს სწორი. უბედურება ქვეყნისთვის ის ხალხია, ვინც უკანონობას ყიდის. უკანონობა კაბინეტებში იყიდება _ ამას სახელმწიფო მოხელეები სჩადიან. პირდაპირ მინდა ვთქვა, ენერგეტიკასთან დაკავშირებული ყველა უკანონობა ხელისუფლებიდან მოდის. ეხება ეს აღმასრულებელსაც, საკანონმდებლოსაც, სასამართლოსაც და სამწუხაროდ ხშირად მხარდაჭერილია მეოთხე ხელისუფლების მიერ. სწორედ ეს არის მძლავრი მაფიოზური სისტემა. იმ განწყობით მინდა წარვსდგე თქვენს წინაშე, რომ გაირღვეს რკალი. მით უფრო, ეს ჩემი პირველი მოხსენებაა ახალი მთავრობის წინაშე. იმედი მინდა ვიქონიო, ასე მოხდება.

ამ შესავლისა და აუცილებელი განმარტებების შემდგომ, ნება მომეცით, გადავიდე მოხსენებაზე, რომელსაც საფუძვლად დაედო ჩემს მიერ 13 დეკემბერს თქვენთვის წარმოდგენილი დოკუმენტი.

ბატონო პრეზიდენტო, ბატონებო!

უნდა მოგახსენოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, ენერგეტიკის თვალსაზრისით, მხარეში შეიქმნა უმწვავესი მდგომარეობა, რომელიც, ბოლო დღეებში კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და სიტუაციას უმართავს ხდის.

სრულად მქვს გაცნობიერებული, ამ კუთხით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, მაგრამ ჩემის აზრით, ყოველგვარი სახელისუფლო და სამწუხაროდ, ადამიანური რესურსებიც ამოიწურა _ ხალხს ვთხოვოთ, მოითმინონ ენერგეტიკაში შექმნილი მდგომარეობა.

უპირველესად, იმის გამო, რომ ხალხს თითქმის 10 წელია, ვარწმუნებთ, რომ სიტუაცია შეიცვლება, მაგრამ მიუხედავად უდიდესი ინვესტიციებისა, რომელიც ენერგეტიკაში განთავსდა, საპირისპირო რამ ხდება.

ხალხთან ძნელია საუბარი იმის გამო, რომ ყველა ხედავს _ ენერგეტიკა არის ყველაზე პოლიტიზირებული და ამის გამოც, ყველაზე კორუმპირებული დარგი. პოლიტიკოსები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ხალხი ჩართონ ენერგეტიკულ პრობლემებში. თუნდაც, ქუჩაში გამოსვლებით. ეს აწყობთ ამის შემოქმედ პოლიტიკოსებსაც და, რაც მთავარია, მაფიოზებს.

იმერეთში, მოსახლეობასთან საუბარს ახლავს ერთი უმწვავესი მდგომარეობა: მხარეში განთავსებულია 6 ჰიდროელექტროსადგური, ქუთაისი გარშემორტყმულია ენერგეტიკული ობიექტებით. ძნელია ამ დროს ადამიანები დაარწმუნო, რომ ობიექტურია, როცა შუქი არა აქვს. თქვენ ეს იგრძენით ქუთაისში ვიზიტის დროს, მწერალ ოტია იოსელიანის და პროფესორ ლევან სვანაძის გამოსვლებში. პრაქტიკულად, მათ გამოხატეს ხალხის განწყობა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დღევანდელი საქართველოს რეალობაში ერთ-ერთი საუკეთესო ენერგომომარაგება სწორედ იმერეთს _ ქუთაისს, თერჯოლას, ვანს, ტყიბულს, წყალტუბოს, ხარაგაულს, სამტრედიას აქვს. არის რაიონები (ვანი, თერჯოლა) სოფლები, სოფლის ცენტრები, რომლებიც პრაქტიკულად მუდმივად არიან ჩართული. იმერეთის მოსახლეობის 30%-ს ენერგია, პრაქტიკულად უწყვეტად მიეწოდება, 30%-ზე მეტს _ 16 საათზე მეტი, 20%-ს _6-10 საათის ხანგრძლივობით.

არ ვდავობ და არც მეეჭვება, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესოა ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ სწორედ უსისტემო და არასტაბილური მიწოდების გამო, ხალხს უჭირს ამის დაჯერება და მათი ეს განწყობა ჩემთვის სრულიად გასაგებია. მით უფრო, რომ მოსახლეობის 20% პრაქტიკულად გაწამებულია უშუქობით და ქალაქებში ეს, ძირითადად დიდი საწარმოების დასახლებებშია. იმასაც დავამატებ, რომ იმერეთისთვის მისი უპირველესი სიმდიდრე _ ენერგეტიკა, უბედურებად იქცა. იმერეთის ჰესებს, ჯამში 150 მლნ ლარზე მეტი თანხა არ აქვთ მიღებული. ძნელი წარმოსადგენია ქვეყანა, რომ თავის უდიდეს სიმდიდრეს _ ჰიდროელექტროსადგურებს ასე ექცეოდეს. დღევანდელი მდგომარეობით, მარტო ჰესებიდან იმერეთის ბიუჯეტს 15,0 მლნ-მდე ლარი ეკუთვნის. ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორ შეიცვლებოდა მთელს იმერეთში მდგომარეობა, რომ მხარეში ბრუნვაში შემოსულიყო 165.0 მლნ ლარი საერთო ჯამში, ეს თანხა მარტო მხარის ბიუჯეტს, დამატებით, 2-ჯერ მეტ თანხას მისცემდა, ვიდრე დღეს საერთოდ გვაქვს. ამაზე მეტი უბედურება შეიძლება რამემ მიაყენოს მხარეს?

უბედურებაა ისიც, რომ მოსახლეობიდან დავალიანების ამოღების მიზნით, ქვეყანაში შეიქმნა სპეციალური სამსახური, რომელმაც ეს ვალები გაყიდა და როგორც რამდენიმე დღის წინათ შევიტყვე, გაუგებარმა ძალებმა სასამართლოს მეშვეობით 54 მლნ ყადაღა დაადეს იმერეთის ენერგოკომპანიას. ეს იმას ნიშნავს, რომ მოხდა მისი ფარული პრივატიზება.

ეს ძალები მარტო ენერგოკომპანიებით არ იფარგლებიან _ გადაინაცვლეს ჰიდროელექტროსადგურებზე. დამაფიქრებელია სასამართლო პროცესი რიონჰესის მიმართ. რამდენიმე წლის წინათ, ენერგეტიკის სამინისტროში შემავალ ორგანიზაციას სამინისტროსაგან მიეცა ჰესზე სამუშაოების ჩატარების დავალება. თანხა, რომელიც 50 ათასამდე ლარს შეადგენდა, ვერ გადაუხადეს. ვალი გაიყიდა კერძო სტრუქტურაზე, რომელმაც იგი საურავებით ნახევარ მილიონამდე აიყვანა და სასამართლოს მიმართა. არ ვეჭვობ, რომ ეს არის ფარული პრივატიზების განწყობა.

ჩემთვის ცნობილია, რომ ამას უბრალო ადამიანები არ აკეთებენ, მაგრამ ხალხისდ და ქვეყნის წინააღმდეგ რომ არის მიმართული, ესეც ფაქტია., როგორც ჩანს არ ისვენებენ ხელისუფალნი და საერთოდ ის ძალები, რომლებსაც ე.წ. დისკონტის მეშვეობით უდიდესი თანხები ჩაიგდეს ხელში. ეს ძალები ხელისუფლებაში არიან, კიდევ უფრო მაღალი თანამდებობისაკენ მიდიან და ამას ყველაფრის, თუნდაც ქვეყანაში არეულობის მოწყობის ფასად აკეთებენ.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ იმ უმძიმესი ფაქტების შესახებ, რომლებიც მხარის ადმინისტრაციული რგოლების მიერ გამოვლინდა ბოლო პერიოდში იმერეთის ენერგეტიკაში და, რომელთაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, როგორი სახელისუფლო რგოლები არიან ამ საქმეში ჩათრეულნი. “შაორჰესისა” და “ძევრულჰესიდან” მილიონობით ლარის თანხების დატაცების თაობაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე კომპანიების “საქენერგოსა” და “ენერგოგენერაციის” მაღალი თანამდებობის პირების, ს/ს “ძევრულჰესისა” და ს/ს ‘შაორჰესის” , აგრეთვე შპს-ების: “ოგას”, “მეგას”, “პეტროკლასიკის”, “დისკონტკომპანის”, “აფხაზაუდიტის”, “ერთობის”, “მუნლეიკის”, “მარგვეთის” მშენებელი’-90-ის ხელმძღვანელ პირთა და ინდ. მეწარმე “ე. ჩადუნელის” მიმართ ფირმები ძირითადში იმერეთის გარეთ არიან რეგისტრირებულნი. თბილისში რეგისტრირებულ მარტო ერთ ფირმა “მეტეხს”, მის ხელმძღვანელს, 4 მილიონამდე ლარი აქვს მიღებული აქტივის სახით “ენერგოგენერაციიდან” ისე, რომ ერთი ლარიც არ დაუბრუნებია. გამოვლენილია უმძიმესი ფაქტები ჰესების ხელმძღვანელთა მიმართ, ეს არის შეკრული კორუფციული სისტემები ცენტრში და ადგილებზე. ნიშნავენ საკუთარ კადრებს ჰესებზე, არც გეკითხებიან, ინფორმაციასაც არ გაწვდიან, თქვენი ბრძანებულებით განსაზღვრული შეთანხმებაზე ხომ ზედმეტია საუბარი. პირიქით, ყველა ხერხით ცდილობენ ზოგიერთის გამგებლად დანიშვნას. ამას აკეთებენ სწორედ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც რამდენიმე წელია, გააფთრებით მებრძვიან. ეს ის ძალებია, ბატონო ედუარდ, თქვენ რომ გაქეზებდნენ და ჩემგან გიცავდნენ, ლაპარაკობდნენ, როგორ შეიძლება რწმუნებული პრეზიდენტზე ასე საუბრობდესო. დრო ადასტურებს თქვენდამი მათ ნამდვილ განწყობას.

შემძრა ამ დღეებში მაფიოზური ჯგუფის ერთი წევრის მიერ გამოგზავნილმა წერილმა. ეს პიროვნება იმალება, რომ მისივე ჯგუფის წევრებმა არ მოკლან. მისი ინფორმაცის ერთი პროცენტიც თუ მართალია, ეს იმას ნიშნავს, რომ არც სახელმწიფო ვართ, არც ენერგეტიკის, არც უშიშროების და არც შინაგან საქმეთა სამინისტროები და არც მთავრობა არ არსებობს, ან ყველა კორუფციაშია ჩათრეული. სამხარეო პროკურორს ვთხოვე, ეს წერილი გენერალურ პროკურორს წარუდგინოს. ჩემის აზრით ეს წერილიც და მისი შესწავლის შედეგებიც უნდა გამოქვეყნდეს..

დაუჯერებელია, მაგრამ უკვე დადასტურებულია, რომ ერთი დღეს ფუძნდება ფირმა “მარსი”, იმავე დღეს რეგისტრაციაში ტარდება სასამართლოსა და საგადასახადოში; იმავე დღეს 1,5 მილიონამდე თანხა შედის “შაორჰესის” სალაროში; იმავე დღეს ეს თანხა “შაორჰესის” სალაროდან ხელზე გამოაქვთ ფირმა “მარსის” წარმომადგენლებს და შეაქვთ ზესტაფონში რეგისტრირებული ფირნმა “ევროპის” ანგარიშზე. ყველაფერი ეს წიდასთან, სილიკონმანგანუმთან არის დაკავშირებული.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დღეს დავალებები გაეცით, მკაცრი ტონითაც, რომ გაირკვეს ენერგეტიკასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. ვეჭვობ, რომ ეს მოხდება. მთელ საქართველოს ჩააბნელებენ იმისათვის, რომ არ მოგცენ ამ საკითხში გარკვევის საშუალება. ვიმეორებ, დივერსიას მიწყობენ, მთელ საქართველოს ჩააბნელებენ, მაგრამ ამ მაფიოზურ სისტემაში გარკვევის საშუალებას არ მოგცემენ. სამწუხაროა რაც ვთქვი, მაგრამ ეს ბევრჯერ მოხდა _ დაიწყებთ მწვავე პრობლემაში გარკვევას _ ამოქმედდებიან მაფიოზები, აიფარებენ წინ პოლიტიკოსებს, დაიწყევბა ქუჩის პოლიტიკა და საწყის ეტაპზევე დამთავრდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ვიხსენებ თქვენს ვისიტს ქუთაისში, თქვენმა მოხსენებამ, განწყობამ პირადი საუბრების დროს დამაიმედა, რომ თქვენ მართლაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებდით. რამდენიმე დღეში “კგბ”-ს მოდელით მოწყობილ ერთ ინტრიგას პოლიტიკის ქუჩაში გადატანა მოყვა. ასე მოხდება ახლაც, შეიძლება მთელი ქვეყანა გამორთონ, ხალხი გაამწარონ, გამოიყვანონ ქუჩაში, მაგრამ არ მოგეცეთ საშუალება ბოლომდე გაიკვეს _ ხელისუფლების ყველა შტოს მონაწილეობით, პრაქტიკულად მაფიოზური ჯგუფებისა და კლანების მიერ, რა სიბინძურეც ხდება ენერგეტიკაში.

მე არ გამოვრიცხავ, რომ ბოლო პერიოდში პროკურატურის, ბატონი გია მეფარიშვილის მიმართ დამოკიდებულების გამწვავების ერთ-ერთი საფუძველი ამ საქმეებით მისი დაინტერესება იყო და არც იმას გამოვრიცხავ, რომ თუ ახლადდანიშნული გენერალური პროკურორი ამ საქმეებს კონტროლზე აიყვანს, მის მიმართაც გამძაფრდება დამოკიდებულება.

ყველაფერი ეს, ბატონო პრეზიდენტო, კრიტიკულს ხდის მოსახლეობის განწყობას და თუ იმასაც ვიტყვით, რომ დღევანდელი მდგომარეობით, იმერეთში _ ყველაზე ენერგეტიკულ მხარეში _ არც ერთი ობიექტი პრივატიზებული არ არის და ბრძოლა მათი ხელში ჩასაგდებად კი სისხლიან ხასიათს იღებს _ მოსახლეობისათვის განსაკუთრებულად გამაღიზიანებელია უშუქობა და ამით გამოწვეული უწყლობა, ყოველგვარი მცდელობა მათი ახსნის, მით უფრო გამართულობის, მაფიოზების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან შედეგად მივიღებთ ისეთ სოციალურ აფეთქებას, რომლითაც მაფიოზები მათთვის არასასურველ პიროვნებებს მოიცილებენ მხარიდან.

პირდაპირ მინდა გითხრათ, ბატონო პრეზიდენტო, სწორედ ყოველივე, ამის გამო, იმერეთში ენერგეტიკის თვალსაზრისით შექმნილი მდგომარეობა, მეტწილად, ხელოვნურია, ძალიან ბევრს უხარია და სათავისოდ იყენებს. ამის დასტურია, არაერთ გაზეთში სიხარულით გამოქვეყნებული სტატიები იმერეთზე და ქუთაისზე, თურმე ყოველდღე შტურმით იღებენ ქალაქის მერიას, ჯერ ერთი, რომ ეს ტყუილია, მეორეც, ქუთაისის მოსახლეობის შეურაცხოფაა. მაგრამ რომ გინდა ასე იყოს, ტყუილს რომ წერ და გიხარია _ ეს ხომ უზნეობაა. ვისაც დახმარება სურდა, გაერკვეოდა და შემდეგ დაწერდა, მაგრამ სწორედ გარკვევა არ უნდათ. გაურკვევლობა იყო და რჩება არასტაბილურობის მიზეზად, რადგან გარკვეულობა ყოველთვის სტაბილურობას ნიშნავს.

ენერგეტიკის პრობლემა რომ ხელოვნურია. ამის პირველი დასტური არის, თუნდაც ის, რომ არ სრულდება მთავარი მოთხოვნა _ ენერგია ჰქონდეს გადამხდელს, ასი პროცენტით იხდის საჩხერე _ ენერგია, პრაქტიკულად არ აქვს, უკეთესი გადამხდელი, ვიდრე ჭიათურმანგანუმია, ძნელად მოიძებნება ქვეყანაში (”საგაპორტი” საერთოდ არ იხდიდა, ენერგია ჰქონდა, ახალმა ხელმძღვანელებმა სასწაული მოახდინეს _ მაისის თვის შემდგომ, 7 თვეში გადაიხადეს ძველი ვალებიც და იხდიან მიმდინარესაც, სულ 600 ათასი ლარი, ენერგია არ აქვთ.) თუ ვინმემ ამ თანხის გარკვეული ნაწილი ჩათვლით გააკეთა და არასწორად _ აქ იმერეთი არაფერ შუაშია, გამოვკითხოთ ხალხს, ვინც ასეთ დოკუმენტებს აწერს ხელს და მით უფერო, ვინც ამ გარიგებას საეჭვო ხალხთან აკეთებენ). დივერსიას, მავნებლობას და ავანტურას დავარქმევდი ყველაფერ იმას, რაც ჭიათურა საჩხერესთან დაკავშირებით ხდება. ორთავეს ჭიათურმანგანუმის ჩათვლით, 11 თვეში გდახდილი აქვთ 1 მლნ. ლარი და მიღებული აქვთ თითქმის იმდენი ენერგია, რამდენიც იმერეთიხ ენერგოკომპანიაში შემავალ, მაგრამ იმერეთის გარეთ მდებარე ორ რაიონს, რომელთაც სულ გადახდილი აქვს 23,0 ათასი ლარი. ერთი მილიონის გადამხდელები გაწამებულნი არიან. იმავე პერიოდში 23,0 ათასი ლარის გადამხდელები _ საუცხოო პირობებში. სასაცილოა, ამ რაიონებში, ტყე, პრაქტიკულად გაიჩეხა და აღმოჩნდა, რომ სახერხებს 10-10 ლარის ენერგია დაუხარჯავთ. საჩხერეს, რომელმაც გადაიხადა 350,0 ათასი ლარი, ენერგია არა აქვს და ენერგია შეუფერხებლად მიეწოდება რაიონს, რომელმაც გადაიხადა 3,5 ათასი ლარი, ასჯერ ნაკლები.

უმძიმეს შთაბეჭდილებას ტოვებს რაიონების მიხედვით ენერგომომარაგების ანალიზი. ჩემის აზრით, ეს არის დასტური სრული კორუფციის, იმის, თუ როგორ ექმნება პრივილეგიები სრულიად გაუგებრად ათეულობით ქალაქსა და რაიონს, როგორი ბრძოლა მიმდინარეობს მოქმედი ეკონომიკური პოტენციალის რეგიონებისა და ცალკეული საწარმოების მიმართ. ამ დღეებში შევხვდი 100-მდე საწარმოს პროფკავშირის ლიდერებს. ძნელი მოსასმენი იყო მათი პრეტენზიები ენერგეტიკასთან დაკავშირებით. საუბარია მილიონობით ზარალზე, ზოგჯერ ეს ყოველ საათში 2-3 წუთიანი გამორთვებით ხდება. იშლება კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან, მოქმედ საწარმოებს ენერგია არ აქვთ და გაჩერებულებს მიეწოდებათ ფიდერებზე, ლიცენზიებიც მიიღეს და ვაჭრობენ ელექტროენერგიით. ზოგჯერ არც გინდა დაიჯერო ყველაფერი ის, რაც ხდება, რადგან ასეთი ღალატი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, ადამიანურად ძნელი წარმოსადგენია.

სწორედ ამიტომ არის ძნელი და მე ვთვლი შეუძლებელიც ხალხთან საუბარი.

ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით მე მივმართე ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობას _ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს _ ბატონ ნუგზარ უფლისაშვილს (მე მას უდიდეს პატივს ვცემ და ვთვლი, რომ ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტი და წესიერი კაცია) _ მდგომარეობა გაუარესდა. ამ საკითხების შესახებ ვესაუბრე ბატონ დავით მირცხულავას _ მისდამი ჩემი კეთილგანწყობა თქვენთვის ცნობილია. ვიცი, თქვენც გქონიათ საუბარი, მთავრობის სხდომაზე მწვავედ შეგიფასებიათ ენერგეტიკოსების დამოკიდებულება იმერეთისადმი, ამის მიუხედავად, მდგომარეობა უარესდება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი ვერ მართავენ, უფრო სწორად, მათ არ ამართვინებენ ენერგეტიკის ამ დარგში უკვე ღრმად გამჯდარი მაფიოზური ძალები. გუშინ, ჭიათურასა და საჩხერეში ვიყავი _ ენერგეტიკის კუთხით, მდგომარეობა დამთრგუნველია; ასევეა ხონში. აქ განლაგებულია რამდენიმე ობიექტი, რომელთა გამორთვა კანონით ერთი წუთითაც კი არ შეიძლება. ქართული ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილები, უდიდესი ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო, ხიზანთა 2000 კაციანი და აჭარიდან გადმოსახლებულთა დასახლებები. ამავე რაიონშია. დამეთანხმებით, ერთი, თუნდაც ძლიერი რაიონისთვისაც კი ბევრზე ბევრია და წარმოიდგინეთ რას ნიშნავს ეს უმძიმესი და ტრადიციულად უღარიბეს მდგომარეობაში მყოფი ხონისათვის, ისიც უშუქობის დროს.

ზესტაფონისა და ბაღდათს, სამტრედიის, წყალტუბოს, ხარაგაულის უდიდეს ნაწილს, იმერეთის მხარის მთელ რიგ სოფლებსა და ქალაქების უბნებს დღეს არსებული დამოკიდებულება არ ეკადრებათ. ძნელია სიტყვით გამოვხატოთ ლტოლვილების მდგომარეობა. ორი დღის წინათ, კოპიტნარში მცხოვრებ ხიზანთა მიერ 5 საათით იყო გადაკეტილი ცენტრალური მაგისტრალი. 4 დღე-ღამის განმავლობაში, შუქი პრაქტიკულად არ მიეწოდებოდათ, ყველაფერი ეს ხდება მაშინ, როცა ხალხი ხედავს, რომ განათებულია რესტორნები, პურის საცხობები, ბაზრები, ბაზრობები, სახერხები, პატარ-პატარა საამქროები, ვის დავაჯერებთ, რომ თითოეული მათგანი ერთ საშუალო ოჯახზე ნაკლებ ენერგიას ხარჯავს?! საერთოდ პარადოქსია, რომ ასეთ სიტუაციაშიც კი გადახდა 50%-ს არ აღემატება. ამ ობიექტებს შუქი კანონიერად ჰქონიათ გადაყვანილი და მასზე უმაღლეს ჩინოსანა ხელმოწერებია, ეს ხომ ცინიზმია.

ადამიანურად გეუბნებით, ყოველივე ამის შემდეგ, მე მრცხვენია განათლების, კულტურის, სამედიცინო სამეცნიერო ობიექტების, ბავშვთა და მოხუცთა სახლების, ისინი 100% იხდიან _ ენერგია არ მიეწოდებათ. მრცხვენია ქუთაისის ავტოქარხნის, სულხან-საბას, ნიკეას, გამარჯვების, საფიჩხიას, ვაკისუბნის, უქიმერიონის, ძელქვიანის მუნიცეპალიტეტების, სხვა მუნიცეპალიტეტების, (გარდა გუმათჰესისა და რიონჰესისა, რომელთაც 24 საათიანი ელექტრომომარაგება აქვთ) ცალკეული უბნების მოსახლეობის, განსაკუთრებით, იმ ხალხის, მიუხედვად დიდი გაჭირვებისა, რომ იხდის ელექტრონერგიის გადასახადს, ან განწყობილია ამისთვის.

ვკითხულობ, ბატონო პრეზიდენტო, შეიძლება იმის დაშვება, რომ ვთქვათ ქუთაისი _ 250 ათასიანი ქალაქი, 20 ათასი ლტოლვილით, უამრავი პირველი კატეგორიის სასიცოცხლო ობიექტით _ რამოდენიმე საათით გამოირთოს, ან დროის გარკვეულ მონაკვეთში 3-4, თუნდაც 10-30 მეგავატი ენერგია მიეწოდებოდეს? გააზრებული აქვს ეს გამომრთველს, ან შეიძლება ეს სამინისტროს ხელმძღვანელმა გაამართლოს? მესმის, რომ ქალაქს 120-130 მგვტ სიმძლავრე სჭირდება, ეს თბილისის მოთხოვნილების მესამედია, მაგრამ თუ სტაბილური მოწოდება იქნება და მხოლოდ გადამხდელზე, ხალხი ეკონომიურად მოიქცევა და 60-80 მეგავატი სიმძლავრე საკმარისი იქნება. თბილისსა და ქუთაისს ერთნაირი ელექტრომომარაგების რეჟიმი უნდა ჰქონდეს _ ვინც სხვანაირად ფიქრობს, ვეჭვობ, რომ იგი ქართველია. თბილისელები რომ ასე ფიქრობენ და მათ არ უნდათ მთელი სააქართველოს ჩაბნელების ხარჯზე ანთებული თბილისი _ ეს ფაქტია. მადლობა ამ განწყობისათვის თბილისს. მთელს საქართველოს უნდა აწუხებდეს, რომ თბილისში ელექტროენერგიის ფასი 30-40 პროცენტით მეტია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. ამაზე დაფიქრება ღირს.

ბატონო პრეზიდენტო, გაცნობიერებული მაქვს, რომ დღევანდელი საქართველოსთვის ენერგეტიკა უმწვავესი საკითხია მინდა ვიფიქრო, რომ ჩემს მიერ გულით ნათქვამი ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. მწამს, თქვენი ჩარევით ბევრი პრობლემა მოგვარდება. არ მინდა დავიჯერო, რომ ხელისუფლებაში არიან პიროვნებები, რომლებიც ცალკეული რეგიონებისა და ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიმართულ პროცესებს უწყობენ ხელს. არ მინდა ვიფიქრო, რომ იმერეთში ბევრი რამ სწორედ ენერგეტიკული ობიექტების, ჭიათურის და ზესტაფონის ირგვლივ შემოჯგუფული მაფიოზეის დაკვეთით ხდება. არ მინდა ვიფიქრო, რომ ბევრი რამ იმიტომ ხდება, რომ თანამდებობაზე არ დაინიშნა სამინისტროს მიერ რეკომენდირებული პიროვნება, რომ თანამდებობის დაკავებისთვის ჩვენი წინადადებით, კონკურსი გამოცხადდა. მინდა ვიფიქრო, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად, ჩვენ სახელმწიფოებრივად მომართული ხალხი ვართ, გვტკივა და გვაწუხებს ყელა გაჩერებული საწარმო, გამორთული მოსახლე, ყველაფრის გამართლებას არ ვუძებნით და ვაკეთებთ, რომ მდგომარეობა შევცვალოთ, ამ პროცესს ადამიანური სახე ჰქონდეს და არა ქვეყნის დამანგრეველი.

მოგახსენებთ ყველაფერ ამას, ბატონო პრეზიდენტო და მინდა იცოდეთ, რომ ძალიან კარგად ვხედავ იმერეთის ენერგოკომპანიის ხელმძღვანელობის, დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს უსუსურობას, ვხედავ იმ უპრინციპო დამოკიდებულებას, რომელსაც ისინი იჩენენ ქუთაისის და რაიონების ენერგომომსახურების ხელმძღვანელთა მიმართ, ვხედავ იმას, თუ როგორ არ უნდათ სამინისტროსთან ერთად მიღებული გადაწყვეტილების შესრულება, ვხედავ, თუ როგორ არ უნდათ, ენერგია გადამხდელს მიაწოდონ, რადგან კორუფცია სწორედ იქ არის, სადაც გადამხდელ-არგადამხდელი გათანაბრებულია და ძნელია იმის გარკვევა, ვინ გადაიხადა და ვინ არა და გადახდილი თანხა შევიდა თუ არა ბიუჯეტში, ვხედავ იმას, რომ იმერეთში, ყოველთვიურად, როგორც მინიმუმი 500, 0 ათასი ლარი არ შედის სახელმწიფოს სალაროში და ჯიბეში რჩებათ ენერგომაფიოზებს, ვხედავ, როგორ ატყუებენ მოსახლეობას სხვადასხვა გარიგებებით, ვხედავ არაერთ პოპულისტ რაიონის ხელმძღვანელს იქნება ეს მერია, გამგეობა, საკრებულო, თუ დეპუტატი, და იმასაც, რომ ეს პოპულიზმი ძვირი უჯდება სწორედ ხალხს, სწორედ იმ ადამიანებს, ვინც პოპულისტებს ტაშს უკრავს, ვხედავ გათამამებულ და გათავხედებულ ბევრ ენერგეტიკოსს თუ ენერგეტიკასთან მიტმასნილს, რომელთაც ცენტრში აქვთ მხარდაჭერა, ვხედავ, თუ როგორ ვერ ერევიან კორუფციულ სისტემას, რომელიც ქუთაისის ენერგოსისტემაში დამკვიდრდა წლების განმავლობაში, იმასაც ვხედავ, თუ როგორ კეთილად ექცევიან ამ კორუფციული სისტემის შემოქმედთ ცენტრშიც და ადგილზეც, როგორ თავხედობენ ჩვენს მიერ მოხსნილი და ზოგჯერ, სამინისტროში დაწინაურებული ცალკეული პიროვნებები. ვხედავ, პრეზიდენტის, სხვა მაღალი რანგის ხელმძღვანელებსაც, ვხედავ, პრეზიდენტის, სხვა ხელმძღვანელების მკაცრი შეფასებების საპირისპიროდ, თუ როგორ დამკვიდრდა დაუსჯელობა ამ სფეროში. რაც მთავარია, დავრწმუნდი, რომ ამ უდიდესი პერსპექტივის სფეროში. როგორ დამკვიდრდა და ძლიერდება ის ძალა, რომელიც გამდიდრებას დეფიციტის ხარჯზე და უკანონოდ, ქვეყნის ნგრევის და ხალხის წამების ხარჯზე ხედავს და არა სისტემის მოწესრიგების და დეფიციტის აღმოფხვრით, ანუ კანონიერად.

ვიცი, ძნელია ყველაფერ ამის წინააღმდეგ ბრძოლა. ის უდიდეს ნებისყოფას, ძალას და ენერგიას მოითხოვს, ვიცი, გამარჯვების შანსი მინიმალურია, მაგრამ არც ქვეყანას, არც ხალხს და არც ხელისუფლებას სხვა გამოსავალი უკვე აღარ აქვს. მე არ ვაპირებ შევეგუო ყველაფერ ამას, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე გაფრთხილებებს ვიღებ. ისიც ვიცი, რომ ამ პრობლემის მოგვარება ერთი რეგიონის მაგალითზე შეუძლებელია. (ჩვენთან შეიძლება გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე სხვაგან.) დარწმუნებული ვარ, ახლად დანიშნული მონისტრი, ენერგეტიკის ჯანსაღი ძალები, ძლიერად შეუტევენ ამ პრობლემებს. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით ქუთაისში დიდ დათათბირებას ვაპირებთ ენერგეტიკოსებთან. ამ დარგს ბევრი უღირსეულესი ადამიანი ჰყავს, ისინი გულწრფელად განიცდიან შექმნილ მდგომარეობას და აწუხებთ ხელისუფლების უმოქმედობაც, დარგის პოლიტიზებაც, კორუფციის მაღალი დონეც და თვლიან, რომ ენერგიული ღონისძიებების გატარებით მდგომარეობის გაჯანსაღება შეიძლება, სასურველია ამ ღონისძიებას დაესწრონ მინისტრი და კანცელარიის წარმომადგენლები.

სწორედ ა,მ განწყობით მოვედი თქვენთან მოხსენებით 13 დეკემბერს, სწორედ ამ განწყობით ვდგავარ დღეს ამ ტრიბუნასთან. ქვეყანას უდიდესი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს და არსებულითაც კი, 2-3-ჯერ უკეთესი მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას. ვანის რაიონი ამის უტყუარი მაგალითია, ბატონი დავით მირცხულავას მხარდაჭერით, რიონჰესიდან გაყვანილ იქნა პირდაპირი ხაზი. რაც არსებითია _ მისი გამორთვა ცენტრიდან შეუძლებელია… შედეგი: რაიონს აქვს 24 საათიანი ენერგომომარაგება _ პრაქტიკულად ყველაზე საუკეთესო საქართველოში, ხარჯავს ყველაზე ნაკლებ ენერგიას, 3-ჯერ ნაკლებს, ვიდრე თვითონ ხარჯავდა ადრე როცა არასტაბილური და უსისტემო მოწოდების გამო, ხალხი გამწარებული იყო უშუქობით. იხდის 10-ჯერ მეტს, ვიდრე ადრე. გადახსდის პროცენტი 80-ს აჭარბებს. 11 თვეში ვანს გადახდილი აქვს 300,0 ათასზე მეტი ლარი მიღებული აქვს რამდენჯერმე ნაკლები ენერგია, ვიდრე, ვთქვათ ლენტეხს, რომელსაც გადახდილი აქვს სულ 34,0 ათასი ლარი _ 90-ჯერ ნაკლები, ვიდრე ვანს. ბაღდათი გაწამებულია უშუქობით. მოცულობით ვანის ტოლი რაიონია, მაგრამ არასტაბილური მიწოდების გამო, დახარჯული აქვს თითქმის სამჯერ მეტი ენერგია და გადახდილი აქვს 2,5-ჯერ ნაკლები თანხა, ვიდრე ვანს.

ასეთივე ანალიზს გაკეთება შეიძლება თერჯოლის რაიონის შესახებ, სადაც 11 თვის განმავლობაში 420 ათასამდე თანხაა ამოღებული და ჰესის მიმდებარე ორი სოფლის გარდა დანარჩენ რაიონებში ამოღების პროცენტი 80-ს შეადგენს. თერჯოლა საუკეთესო მაგალითია, თუ რისი გაკეთება შეუძლია კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაში გამგეობის, საკრებულოებისა და მაჟორიტარი დეპუტატების გაერთიანებას.

იმის მიუხედავად, რომ მხარეში დაწყებულ ექსპერიმენტს ბევრი ებრძოდა, ვერ მივიღეთ მეასედი მხარდაჭერა _ იმერეთში ნაღდი ფულის ამოღება 3-ჯერ გაიზარდა და, რაც მთავარია, ეს ძირითადად ბანკების მეშვეობით ხდება. ქუთაისში ჰესებთან დაკავშირებულ რამდენიმე ფიდერზე მოსახლეობიდან თანხის ამოღება 80%-ის ფარგლებშია. ცუდია, რომ ექსპერიმენტის შედეგი, მიუხედავად თქვენი დავალებისა, ჯერ არ გაანალიზებულა. გარწმუნებთ, რომ თუ გაანალიზდება, იმერეთი, მოსახლეობიდან რეალური თანხის ამოღების თვალსაზრისით პირველი იქნება.

სწორედ, ამის გამო მოგმართავთ ამ წერილით და კონკრეტული წინადადებებით:

1. შეიქმნას სპეციალური კომისია (სასურველია), ეს გააკეთოს ანტიკორუფციულმა საბჭომ, ან კონტროლის პალატამ, რომელიც შეისწავლის, როგორც ჩემს მოხსენებებში დასმულ საკითხებს, ასევე, გააანალიზებს ექსპერიმენტის შედეგებს, შეადარებს იმერეთის მონაცემებს ქვეყნის სხვა რეგიონებს და დასკვნას წარმოგიდგენთ პირადად თქვენ, ან მთავრობის სხდომას, ან სპეციალურ თათბირს

2. განსაკუთრებულ კონტროლზე იქნას აყვანილი იმერეთის უშიშროებისა და პროკურატურის სამხარეო რგოლების, კონტროლის პალატის მიერ ენერგოსისტემაში გამოვლენილი ფაქტები ჩემს მიერ თავის დროზე ჭიათურმანგანუმსა და ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანასთან, სილიკონმანგანუმთან დასახელებული ფაქტები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ენერგეტიკასთან, ენერგეტიკოსებთან და რომლებსაც გენერალური პროკურატურა იძიებს. შედეგები მოხსენდეს უშიშროების საბჭოს.

3. ჩვენი თხოვნით სამხარეო პროკურატურაში დაიწყო იმ ენერგოკომპანიების შესწავლა, რომლებიც ენერგიას აწვდიან არგადამხდელებს. ეს პირველი პრეცედენტია ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი სურვილია, ეს პროცესი გენერალური პროკურატურის მხარდაჭერით განხორციელდეს. სასურველია, გენერალური პროკურატურის სპეციალურმა კომისიამ შეისწავლოს იმერეთის ენერგოკომპანიიის საქმიანობა, პარალელურად, იმ ენერგოკომპანიის საქმიანობაც, რომელიც სამინისტროს საუკეთესოდ მიაჩნია. ორთავეს შემოწმების შედეგი მოხსენდეს მთავრობის სხდომას, გამოქვეყნდეს პრესაში

4. გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქეყნდეს 11 თვის განმავლობაში საქართველოს რაიონებსა და ქალაქების, ენერგომომხმარებლების მიერ დახარჯული ენერგიის მოცულობა და გადახდილი თანხები. სასურველია, ცალკე გამოქვეყნდეს ბოლო 2 თვის ან ნოემბრის თვის მონაცემები. მოსახლეობა თვით გააკეთებს ანალიზს, გამოჩნდება კორუფციის მასშტაბებიც.

5. შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის და მთავრობას მოახსენებს ენერგეტიკაში აღრიცხვის მდგომარეობის ანალიზს _ ხომ არ ხდება მიწერები ცალკეულ რეგიონებზე და ხელოვნურად ხომ არ მცირდება ცალკეული რეგიონების მიერ დახარჯული ენერგიის მოცულობა და მის ხარჯზე ხომ არ იზრდება გადახდის პროცენტი. მე არ ვეჭვობ, რომ ეს ასეა, ეს ხომ უდიდესი კორუფციაა.

6. დაუყოვნბლივ შეიცვალოს დამოკიდებულება იმერეთის ენერგომომარაგებისადმი. დამოუკიდებელ ექსპერტთა (სასურველია ანტიკორუფციული საბჭოს) კონტროლით, სრულად აღდგეს ექსპერიმენტის მოქმედება.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, სიტყვას გაძლევთ, რომ ექსპერიმენტის პირობების სრული დაცვის შემთხვევაში, ერთი თვის განმმავლობაში, მოსახლეობიდან თანხის ამოღება არანაკლებ 60 პროცენტი იქნება, ყოველ თვეში გაიზრდება 5-10%-ით _ 80-85% სმიაღწევს.

7. ზამთრის პერიოდში შეჩერდეს ენერგოკომპანიების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება და მიღებულის აღსრულებაც. ამთი ავტორები მსოფლიო ბანკს ეფარებიან _ სინამდვილეში კი, კორუფციას აძლიერებენ და ეს არის მცდელობა, გარკვეულმა ჯგუფებმა ხელში ჩაიგდონ დიდი ენერგეტიკული პოტენციალი. დარგის მეცნიერ-სპეციალისტებს სრულიად განსხვავებული აზრი აქვთ. ვფიქრობ, არის აუცილებლობა, სწორედ მეცნიერ-სპეციალისტებს შეხვდეთ და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღოთ. თქვენთან შეხვედრის დროს, ბატონო ედუარდ, არ ვიცნობდი ბოლო პერიოდში თქვენს მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებს. მათმ,ა გაცნობამ, კონსულტაციებმა სპეციალისტებთან, ჩემში შიშის გრძნობა უფრო გააძლიერა, ვიდერ იმედი. ვთვლი, რომ ეი-იეს თელასის მიერ თქვენთან წარმოდგენილი პროგრამის გათვალისწინებით, თქვენს მიერ მიღებული ბრძანებულების ბევრი პუნქტი სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს რეგიონებში. არა მგონია, ქვეყნისათვის ჰქონდეს სასიკეთო პერსპექტივა. ცუდია, რომ მისი მიღება მეცნიერებთან კონსულტაციების და რეგიონების მოსაზრების გათვალისწინების გარეშე მოხდა.

კარგად ვერც კი გავიგეთ, რას გვიმტკიცებს მინისტრთა ერთი ჯგუფი, როგორც ჩანს, მათ მიაჩნიათ, შეიქმნას ერთიანი სადისტრიბუციო ქსელი _ გაერთიანდეს საქართველოს ყველა ქალაქისა და რაიონის ელექტროქსელები და გაიყიდოს ერთად. ეს ხომ უკვე უცხოელებზე ორიენტირებული სისტემაა და არა ქართველებზე. ასეთი დამოკიდებულებით, ჩვენ შეიძლება დამოუკიდებლობა დავკარგოთ, ბოლოს და ბოლოს რა არის რეფორმა, რასაც უცხოელი სპეციალისტები _ ისინი, რომელთაც თავიანთ ქვეყნებში არც იცნობენ და არც არავინ უსმენს _ გვკარნახობენ, ულტიმატუმების ენით გვესაუბრებიან, მსოფლიო ბანკს, სავალუტო ფონდს საფრთხობელად წარმოგვიდგენენ, თუ რასაც ჩვენი მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები შემოგვთავაზებენ მსოფლიო გამოცდილების და ჩვენი რეალობისა და ტრადიციების გათვალისწინებით? მე მგონი _ მეორე და არც ერთ შემთხვევაში პირველი.

არ შეიძლება მეცნიერთა უგულვებელყოფა და საკუთარი თავის ყველაფრისმცოდნედ წარმოდგენა. მთავარი ის კი არ არის, რას ვფიქრობთ მე ან მინისტრები, არამედ რას ფიქრობენ მეცნიერები. ქვეყანა მეცნიერებაზე დაყრდნობით უნდა ვითარდებოდეს.

8. მხარდაჭერილ იქნეს ჩემი წინადადებები იმერეთის ქალაქებსა და რაიონების იმ პირველ პირთა პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლებიც ვერ აწესრიგბენ აღრიცხვას, არ უზრუნველყოფენ თანხის მხოლოდ საბანკო არსებით ამოღებას და ენერგიის მხოლოდ გადამხდელებზე მიწოდებას. ვერ უზრუნველყოფენ იმ სისტემის შექმნას, რომელიც ჩვენი მხარდაჭერით შესაძლებელს გახდის გადამხდელს ენერგია 24 საათი ჰქონდეს. გარწმუნებთ, ენერგეტიკაში რაც უბედურება ხდება, არცთუ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე.

9. გადახედვას საჭიროებს ელექტროენერგიისა და გაზის ფასები. ჩემის აზრით, ისინი ხელოვნურად არის გაზრდილი, იწვევს მასობრივ არგადახდებს და აძლიერებს კორუფციას. ექსპერტთა დასკვნით, ფასების ზრდა გამოწვეულია არასწორი საგადასახდო სისტემით. მსოფლიოში არ არსებობს ბიუჯეტი, რომლის 90% -ზე მეტი ენერგეტიკის, გაზის, ტრანსპორტის, ბანკების, საერთოდ მომსახურე დარგების მიერ ივსებოდეს. ეს ხომ ადამიანების ჯიბიდან ამოღებული თანხებია, წარმოუდგენელია, სხვა ქვეყანაში შეძენილი გაზი, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე 2000 კმ-ის გავლით, ქვეყნის საზღვართან მოტანილი ჯდებოდეს 45 დოლარი, და ქვეყნის ტერიტორიაზე, 200 კმ-ის გავლით, 100-ზე მეტი დოლარით ძვირდებოდეს. ეს არაკონკურენტუნარიანს ხდის ქვეყნის სამრეწველო პროდუქციას, ხელოვნურად აძვირებს ცხოვრებას. ძვირი გაზი, გარკვეულწილად, ზრდის ელექტროენერგიის ფასს (ცნობისათვის, სომხეთში, ესტონეთში, უკრაინაში, თითქმის მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, გაზი და ელექტროენერგია მომხმარებლებზე 2-3-ჯერ იაფი ღირს). შესაძლებლად ვთვლი, საქართველოშიც, ელექტროენერგიისა და გაზის ფასების მინიმუმ 2-ჯერ შემცირებას. მიზანშეწონილია, შეიქმნას კომისია ამ საკითხის შესწავლის მიზნით და შედეგი მთავრობის სხდომამ განიხილოს.

10. პრინციპულად უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ჰიდროელექტროსადგურებისადმი, ეს მართლაც ქვეყნის უპირველესი სიმდიდრე, მართლაც განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას საჭიროებს. დღევანდელი დამოკიდებულება დანაშაულის ტოლფასია. ჰესებზე უძლიერესი საკადრო პოტენციალია. ქვეყანას შეუძლია იამაყოს ამ სპეციალისტებით, მაგრამ ეს ხალხი დროს ხელფასების მოპოვებისათვის ბრძოლაში კარგავს და არა სიტუაციის გაუმჯობესებაში. ამ უკანასკნელთ, ელემენტარული პირობაც კი არ გააჩნიათ. შეგახსენებთ, უმნიშვნელო დანახარჯებით არნახულად გაიზრდება ჰესებზე ენერგიეს გამომუშავება. ხაზს ვუსვამ, უმნიშვნელო დანახარჯებით. განიხილეთ, ბატონო პრეზიდენტო, ეს პრობლემა მეცნიერ-სპეციალისტთა, ჰესების ხელმძღვანელთა მონაწილეობით და არ მეეჭვება, ბევრი პრობლემა მოიხსნება.

პირდაპირ მინდა ვთქვა, იმერეთისათვის, მისი ხელმძღვანელობისათვის, რწმუნებულეისათვის, მერებისა და გამგებლებისათვის, ჰიდროსადგურების მხარდაჭერის პოლიტიკა პრიორიტეტი უნდა გახდეს, სამინისტროსთან ერთად უნდა შედგეს დიდი პროგრამა, რომელსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირება.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქენება კატეგორიული აკრძალვა ჰესებიდან ენერგიის არგადამხდელებზე მიწოდებისა. ენერგია არ უნდა მიეწოდოს ენერგობაზარსაც, თუ იგი კეთილსინდისიერად არ გადაუხდის შესაბამის თანხას. თუ რომელიმე ხელმძღვანელი ამ პრინციპის უგულვებელყოფას შეეცდება _ მხარეს აქვს პროცესზე ზემოქმედების უძლიერესი მექანიზმი _ საგადასახადო სისტემა. არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ხორციელდებოდეს შეღავათი და მივდიოდეთ ვალების დაგროვების გზით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ _ ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და მისი შერბილება დანაშაულია.

11. მაქსიმალკურად უნდა იქნას მხარდაჭერილი სამრეწველო პოტენციალის ენერგომომარაგება. ყველას, ვისაც პროდუქციის გამოშვება შეუძლია _ ენერგია უნდა მიეცეს, ინდივიდუალურად უნდა იქნას განხილული დავალიანებაში მყოფი ის საწარმოები, რომელთაც მუშაობა შეუძლიათ და აქვთ გასაღების ბაზარი.

სასურველია, შემოვიღოთ დიფერენცირებული ფასები ენერგიაზე, როგორც სეზონის, ასევე ღამის საათებში მუშაობისათვის. ღამის საათებში ენერგიის ფასების განახევრება სასარგებლო იქნება ენერგეტიკოსებისთვისაც და კარგ საფუძველს შეუქმნის მცირე ბიზნესის განვითარებას _ შეამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას, გახდის მას გაცილებით კონკურენტუნარიანს.

12. და კიდევ ერთი. მთავრობის სხდომამ სპეციალურად იმსჯელოს იმ საკითხების ირგვლივ, რომლებიც იმერეთში თქვენი 19 ოქტომბრის ვიზიტის დროს იქნა განხილული. მიმაჩნია, რომ უსერიოზულესი გადაწყვეტილებების მიღება მოხდა, რომელთა შესრულებაც პრაქტიკულად შეჩერდა სამთავრობო კრიზისის, მთავრობის დაკომპლექტების გაჭიანურების გამო. ვფიქრობ, პროგრამა, რომელიც ჩვენ წარმოგიდგინეთ, გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენ მიიღეთ _ განსაკუთრებულია. იგი შეეხება ენერგეტიკოსთა სამრეწველო კომპლექსსაც, სოციალურ სფეროსაც, რაც მთავარია, რეფორმების გატარებას. როგორც ამ სფეროებში, ასევე სახელისუფლებო რგოლებში, მართვის სტრუქტურებში, საგჰადასახადო და საერთოდ საფინანსო სისტემებში. მიმაჩნია, რომ ამ პროგრამის მიმართ დამოკიდებულება განსაკუთრებული უნდა იყოს.

ბატონო პრეზიდენტო,

ჩემს მიერ წარმოდგენილია ანალიზი და კონკრეტული წინადადებები. მზად ვარ მივიღო ყველა საწირო რჩევა და წინადადებები ენერგეტიკის სამინისტროსთან გაწეული კონსულტაციებით დავიწყო პრაქტიკული მოქმედება. ჩვენი მოსაზრევბები ეს არის პრაქტიკული გაგრძელება იმერეთში თქვენი ბოლო ვიზიტის დროს მიღებული გადაწყვეტილებების. შეიძლება მთავრობის ბევრი წევრისთვის მიუღებელია, ან საკამათოა, შევიკრიბოთ მეცნიერებათა აკადემიაში, სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერების მონაწილეობით და ვიკამათოთ. მეცნიერებმა გაუკეთონ ექსპერტიზა ჩვენს შეხედლებებს. მე ვიცი, რა პასუხისმგებლობასაც ვიღებ და ისიც ვიცი, რომ სხვა გამოსავალი არ არის და წარმოდგენილ დოკუმენტსაც, ქუთაისში თქვენი ვიზიტის დროს წარმოდგენილ პროგრამას, თქვენს მხარდაჭერად მივიჩნევ. თუ თქვენთვის ეს მოსაზრებები და პროგრამები მიუღებელია, თუ თქვენ შეუძლებლად თვლითმ ხარი დაუჭიროთმათ და ამ სიტუაციაში დაეხმაროთ იმერეთს, მე ვადასტურებ, რომ ყოველგვარი ადამიანური რესურსი, ხალხს ვთხოვოთ მოთმინება იქონიონ ენეტგეტიკაში და განსაკუთრებით სოციალურ სფეროში შექმნილი მდგომარეობის გამო _ ამოიწურა.

ასეთ შემთხვევაში მე შეუძლებლად ვთვლი, ვიყო თანამდებობაზე და ვიჯდე კაბინეტში, როცა სახელისუფლებო რგოლების უმოქმედობას ხალხიდსათვის გაუსაძლისი ყოფა მოაქვს. როცა უშუქობამ და ამის გამო უწყლობამ ადამიანებს ტანჯვა-წამება მოუტანა. დაანგრია ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უმუშევარი დატოვა. როცა ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ამას შეეგუენ, ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ და გამართლებასაც უძებნიან, შეუძლებელია იჯდე კაბინეტში, მაშინ როცა თანამდებობის პირი თვლის, რომ კარგად მუშაობს, ხალხი კი გაწამებულია. ვიყოთ თანამდებობაზე მაშინ, როცა სახელისუფლებო რგოლებში პასუხისმგებლობა პრაქტიკულად, მკვდარია, მით უფრო უზნეობაა თანამდებობაზე ყოფნა და კაბინეტში ჯდომა. როცა იცი, რომ შეიძლება სიტუაციის შეცვლა და ამისათვის საჭიროა ელემენტარული წესიერება და პასუხისმგებლობის გრძნობა, პასუხისმგებლობა უპირველესად, ხალხის, იმ ადამიანის წინაშე, რომლის მიერაც დაინიშნე მინისტრად, რწმუნებულად, მერად, გამგებლად.

ჩემს მიერ საკითხის ასეთი კატეგორიულობით დასმით, მე პრობლემებს არ გავურბივარ. პირიქით, ვითხოვ ენერგიული და რისკიანი ნაბიჯების გადადგმას, რადგან ვფიქრობ, სხვა გამოსავალიც არ დარჩა. ვთვლი, რომ ჩემი პოზიცია თანადგომაა.

ძალიან კარგად ვიცი, ბატონო პრეზიდენტო, რომ დღეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნა ტანჯვა-წამებაა და სწორედ ამის გამო გარბის ბევრი და გარბის პარლამენტში, რადგან დღევანდელ საქართველოში ეს ყველაზე თბილი ადგილია და წარმოუდგენლად საპოპულისტო ადგილი, საიდანაც შეგიძლია ყველაფერზე ილაპარაკო და არაფერზე პასუხს არ აგებდე, ყველა შეიძლება ლანძღო და იქადაგო შენი წესიერება, დაიცვა საკუთარი ბიზნესი, იყო გაუკრიტიკებელი ლობისტი, და ამის ხარჯზე კარგად ცხოვრობდე. მე ამას არ ვაპირებ, მით უფრო, როცა ვხედავ, რომ პარლამენტის გარკვეული ჯგუფებისათვის უმთავრესად სწორედ დაპირებები და ინტრიგები იქცა. რევანშიზმის პოლიტიკის გამარჯვება ქვეყნის დასასრულის ტოლფასია და მოხდება მაშინ, თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მძლავრი ნაბიჯები არ გადადგა და სწორედ ამით მოიპოვა ხალხის ნდობა.

ბატონო პრეზიდენტო,

დარწმუნებული ვარ, თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, ან მხარს დაუჭერთ ჩემს პროგრამას, ან გამანთავისუფლებთ თანამდებობიდან.

ბოდიში უნდა მოგიხადოთ ვრცელი ტექსტისათვის. იმდენად გამამწარა შექმნილმა მდგომარეობამ, ხელმძღვანელთა უგულო და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ, მინდოდა ყველაფრის შესახებ გულახდილად სწორედ მთავრობის სხდომაზე მელაპარაკა.

მინდა ვირწმუნო, რომ თქვენი მხარდაჭერით, სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.

დიდი მადლობა!

პ.ს. მოხსენება მომზადებულია პრეზიდენტისათვის 13 დეკემბერს წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით.

(“იმერეთის მოამბე” 2002 წლის 27 დეკემბერი, #82-83)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *