ბიოგრაფია, პოზიცია, მომავალი

s_dfac01ef_goca_dzasohov_-_vmeste_mi_sil_nee7ყოველი მოაზროვნე ადამიანი ყოველდღე მეტადრე შეჭირვების ჟამს, თავს ეკითხება, გუშინ რა გავაკეთე, დღეს რას ვაკეთებ, ხვალ რას გავაკეთებ.

ქართველ და ოს ძმებს ერთი განსაკუთრებული საფიქრალი გაგვიჩინა სოფლის უკუღმა ტრიალმა: დამწვარი ხიდების აღდგენა, ჩაწყვეტილი ჯაჭვების გამრთელება, გატეხილ გულებზე ძმობის მალამოს დადება.

ორთავ მხარეს შინა და გარე მტრის მუდამჟამ მუხთლობის დროს არ არის ადვილი ნამდვილ მამულიშვილთა ერთობლივი საქმიანობა ისტორიული სამართლიანობის, ძმური სიყვარულის აღსადგენად.

ბედმა ისეთ დროში ცხოვრება გვარგუნა, ზოგჯერ სიმართლის თქმასაც კი დიდი ვაჟკაცობა სჭირდება, არანაკლები, ვიდრე ჩვენს წინაპრებს სჭირდებოდათ ხმლის მოსაქნევად და ფარის შესაშველებლად.
ჩვენი დღევანდელი ფარ-ხმალი მართალი სიტყვაა , ერთმანეთისაკენ გაწვდილი მარჯვენაა, ერთმანეთისათვის გაშლილი გულია:

ჩვენ, ქართულ-ოსური მისიის საძირკვლის ჩამყრელებმა ეს სიტყვა მაშინ ვთქვით, როცა ამისათვის მოღალატის უმძიმესი სახელი გვაკადრეს;

ჩვენ, ქართულ-ოსური მისიის წევრებმა ეს ნაბიჯი მაშინ გადავდგით, როცა ამისათვის ლამის საზოგადოებისაგან მოგვკვეთეს, როგორც უგუნურნი და სამშობლოსათვის ზიანის მომტანნი;
ჩვენ, ქართველმა და ოსმა მამულიშვილებმა ხვალინდელ დღეზე ფიქრი მაშინ დავიწყეთ, როცა ქართველი ხელისუფალისათვის ოსი, ხოლო ოსი ხელისუფალისათვის – ქართველი, ყველაზე დიდი მტერი იყო დედამიწის ზურგზე.

დღეს ბევრმა გამოიდო თავი, პირველობას იჩემებს. ჩვენ გვიხარია. გულით გვიხარია. გამოდის, ტყუილად არ გვიშრომია, გამოდის – რაღაც შევცვალეთ სასიკეთოდ.

არ არის კავკასია ისეთი დიდი, რომ ზოგადკავკასიურ ოჯახში სამტრო კუთხე-კუნჭული მოიძებნოს.
ჩვენს მიწიერ ძალისხმევას განსაკუთრებული ზეციური მადლი უნათებს გზას – ეს გახლავთ ორთავ ერის მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულება. ამ დღეებში ეკლესია აღნიშნავს მიტევების კვირას. მიტევების ნიჭი დიდი ძალაა ღვთისაგან ბოძებული.

მიტეევბის ნიჭი – ძლიერთა ხვედრია.

ყინული დაიძრა, დიდი დათბობა იწყება, რასაც ნელა , მძიმედ, მაგრამ აუცილებლად მოჰყვება ის, რასაც ახლო წარსულში:

ქართველების და ოსების კარგი მეზობლობა ჰქვიოდა;

ქართველებისა და ოსების ნათლია-მირონის მადლი ფარავდა;

ქართველისა და ოსის ერთობლივი ოჯახის კერიის ნაკვერჩხალი ათბობდა.

ეს გაზეთიც ქართულ-ოსური მისიის მცირე პასუხია კითხვებზე: რანი ვიყავით, რანი გავხდით, რანი ვიქნებით, ანუ რა გვსურს ხვალ?

ეს ჟურნალი ჩვენი ბიოგრაფიაა. არა გუშინდელი, არა დღევანდელი. ის ხვალიდელ დღეზე ფიქრის ბიოგრაფიაა.

ღირსეულად განვლილმა გუშინდელმა და დღევანდელმა დღემ უნდა ჩამოაყალიბოს ღირსეული პოზიცია.
მამულიშვილთა მიერ ჩამოყალიბებული ღირსეული პოზიცია არის ერთობლივი მომავლის მყარი საფუძველი. სწორ პოზიციაშია გადარჩენილი მომავალი. სწორი პოზიციაა თავად მომავალი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *