,,ქალამნებიდან ჩემპიონობამდე და კიდევ…”

 

IMG_1013ასეთი ბრწყინვალე შესავალით იწყება ქართველი ღირსეული კაცის,საზოგადო მოღვაწის, ქართველი ერის შვილის – ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსოფლიოს ოთხგზისა და მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, რომან რურუას წიგნი ,,ქალამნებიდან ჩემპიონობამდე და კიდევ… “.

ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მას თავისი ცხოვრების სხვებისთვის გაზიარების სურვილი უჩნდება. უმეტეს შემთხვევაში, ამ სურვილს ბუხრის პირას , ან კერიასთან შვილიშვილებისათვის მოყოლილი , ხშირად  რომანტიკულად შეფერილი საკუთარი თავგადასავლებით იკმაყოფილებენ. მაგრამ რაც უფრო მრავალფეროვანია, შინაარსიანია და, თანაც, წარმატებულია განვლილი ცხოვრება, მით უფრო დიდ აუდიტორიას მოითხოვს იგი. ასე იბადება მემუარები, დოკუმენტური პროზა, რომელიც მხატვრულ ტექსტებზე არანაკლებ საინტერესოდ იკითხება.

სპორტულ მსოფლიოს, მით უფრო სრულიად საქართველოს იგი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამართულ  ჩემპიონატებიდან ახსოვს. თავად კი საკუთარი თავი მაშინ აღმოაჩინა, როცა ორი წყვილი ქალამანი დიდ სიმდიდრედ მიაჩნდა. ძროხის ტყავის ქალამანი სუსტი იყო, მალე იხეოდა, ხარის- უკეთესი, კამეჩისა ხომ, საერთოდ, დიდ სიმდიდრედ ითვლებოდა. სკოლისაკენ მიმავალ გზაზე ზამთარში ქალამანს ჭყაპა-ჭყუპი გაუდიოდა. ამიტომ ჩალა ( ტაროს პერანგი) გამუდმებით ჩანთაში ედო. სკოლის კართან ქალამნები უნდა გამოეცვალა…

ეს გზა , უფრო სწორად ბილიკი, მაშინ მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩაში იხლართებოდა. აქედან მარტვილისა და აბაშის რაიონულ ცენტრებამდე ზუსტად ერთი და იგივე მანძილია, 15 კილომეტრი. თუმცა ქალამნებიანი  ბიჭის თვალის გაწვდენაზე დანარჩენი სამყარო მხოლოდ აბაშის სადგურიდან გასული ორთქმავლის  ცაში ზოლად გავლებულ ორთქლამდე მოსჩანს, და შეუცნობი ხმაც  იმავე, ჯერ უნახავი ორთქმავლის ჩიქ-ჩიქსა და ყვირილს მოაქვს. მან ჯერ არ იცის , რომ მოვა დრო და ამ გზით აქაურობას დატოვებს, რომ მსოფლიოს უდიდესი ქალაქები – მოსკოვი, მეხიკო, ტოკიო, ტოლიდო, ბუქარესტი,მარ-დელ-პლატა, ედმონტონი, და სხვა, მრავალათასიანი დარბაზებითა და მაყურებლით მისი პატივისცემის ნიშნად ფეხზე ადგება, მისივე ქვეყნის ჰიმნს დაუკრავენ და დროშას მაღლა ასწევენ… მაგრამ ეს მერე.  ახლა , 1940-იანი წლებია  და მხოლოდ მუხურჩა.

წიგნში იმ სხვადასხვა საინტერესო მონათხრობთა შორის,   ეს    იმ წარმატებების ჩამონათვალია , რომელთაც  დიდ ქართველ ფალავანს დიდება და საყოველთაო აღიარება მოუტანა.   მუხურჩა, მარტვილი. ბერძნულრომაული ჭიდაობა(63, 68 კგ). XIX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1968, მეხიკო), XVIII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1964, ტოკიო), მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი (1966, 67, 69, 70). სსრკ ხალხთა III, IV, V სპარტაკიადების ჩემპიონი (1963, 67, 71), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1964, 65, 70), ივან პოდდუბნის სახელობის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული (1966). საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-85) და სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1984-87). სსრკ სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას და ღირსების ორდენების კავალერი.

ბატონ რომანმა სწორედ, რომ ასეთი წარმატებებით მიაღწია 75  წლის საიუბილეო  თარიღს , რომელიც 2012 წლის 25 ნოემბერს აღინიშნა თბილისში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. მრავალ მილოცვას, თბილ სიტყვებსა  და საჩუქრებთან ერთად  დიდ ფალავანს,  საქართველოს ახალი მთავრობის სახელით,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონ ბიძინა ივანიშვილმა საჩუქრად გადასცა – საქართველოს ტერიტორიაზე გათხრილ ადრებრინჯაოს ხანის ყორღანებში, ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრის,  კახეთში ალაზნის ველზე- წნორში  ერთ-ერთ გორასამარხში აღმოჩენილი მცირე ზომის ოქროს ლომის ქანდაკების ასლი, რომელიც თრიალეთის კულტურის წინარე ხანის კუთვნილებაა.

ჩვენც ვუერთდებით თქვენს 75 წლის იუბილეს,  გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და კეთილდეღობას, ჩვენი ქვეყნის სახელის დიდებისათვის!

აი ასე, ოქროს ასოებით ჩაიწერა,  ლეგენდარული  რომან რურუას ცხოვრება და მოღვაწეობა  ქართული სპორტის ისტორიაში.

 

,,ქართულ  – ოსური   მისია ‘’

მარინა  კაჟაშვილი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *