„თეთრებმა“ წარმოადგინეს „სამართლიანობის მანიფესტი“

პრაიმ-თაიმიპრაიმ – თაიმის პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა და პოლიტიკური საბჭოს წევრებმა, ზურაბ ხასიამ და შალვა წიკლაურმა ჟურნალისტებს წარუდგინეს „თეთრების“ მიერ მომზადებული დოკუმენტი „სამართლიანობის მანიფესტი“.

„ამ დოკუმენტის შექმნით დაიწყო პარტია „თეთრების“ პოლიტიკური მოღვაწეობა 2009 წლის 7 აპრილს. იმავე წლის 23 ნოემბერს „ვარდების რევოლუციის“ 6 წლისთავზე ის წარედგინა სააკაშვილის ხელისუფლებას შესასრულებლად.თუმცა დოკუმენტის თავდაპირველი სახელწოდება იყო „სამართლიანობის მანიფესტი“. მიხეილ სააკაშვილის ტირანულმა რეჟიმმა დაგვანახა აუცილებლობა – მანიფესტის ტონი შეგვეცვალა მოთხოვნით და მას ვუწოდეთ „ღირსების ულტიმატუმი“ – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა, – “ნაციონალური მოძრაობის” სახელმწიფო მანქანამ, პირადად მიხეილ სააკაშვილმა ყურად არ იღო „ღირსების ულტიმატუმში“ ჩამოყალიბებული სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები, არათუ შეასრულა ის, პასუხის ღირსადაც არ სცნო პოლიტიკური და არასამთვრობო ორგანიზაციების, საქვეყნოდ ცნობილი არაერთი მეცნიერის, ხელოვანისა და სპორტსმენის 2000 ხელისმოწერით განმტკიცებული ულტიმატუმი.“

„თეთრების“ ლიდერის განცხადების თანახმად, „სამართლიანობის მანიფესტში“ არც ერთი მოთხოვნა არ სცდება კონსტიტუციის, ან ზოგადად სამართლებრივი სახელმწიფოს საყოველთაოდ აღიარებულ ფარგლებს. მეტიც, თავად მიხეილ სააკაშვილი 1997 წლიდან, ანუ სახელმწიფოს სადავეებთან მისვლის პერიოდიდან მათ შესასრულებლად ელემენტარულსაც კი უწოდებდა. თავად არც ერთი არ შეასრულა, რითაც თავი კანონზე მაღლა, კონსტიტუციის გარეთ დააყენა.

„ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ვითხოვდით სააკაშვილის იმპიჩმენტს. ამჟამად ჩვენ მივმართავთ ახალ ხელისუფლებას : პასუხი მოეთხოვოს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს აღნიშნულის შეუსრულებლობისათვის, ხოლო ახალმა მთავრობამ მიიღოს საჭირო ზომები 2014 წლის მანძილზე მათი განხორციელების მიზნით. ამავე დროს, თემურ შაშიაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ზოგიერთ მათგანზე მუშაობა უკვე დაწყებულია მიღებული შესაბამისი პირველი შედეგებით.
„9 წლის განმავლობაში ხალხს წაართვეს ღირსება, ადამიანი არ იყო მიზანი, გზები იყო ნაცმოძრაობის მიზანი. ჩვენ გვაქვს ანალიზი იმისა, რომ წინა ხელისუფლების მიერ დახარჯული ყოველი ლარიდან 80 თეთრი ილექებოდა მაღალჩინოსნების ჯიბეებში. ამ ანალიზებს ჩვენ მივაწვდით პროკურატურას. ხოლო ბატონ ბიძინა ივანიშვილს წარვუდგენთ ჩვენს მიერ შედგენილ დოკუმენტს. ჩვენ ვითხოვთ „ნაცმოძრაობის“ გსამართლებას, ხოლო დღევანდელი ხელსიუფლებისგან ვითხოვთ „სამართლიანობის მანიფესტის“ პუნქტების შესრულებას. მით უფრო რომ „ქართული ოცნების“ პროგრამა ძირითადში ემთხვევა ამ მანიფესტის მრავალ პუნქტს.“

შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს მიდის პროცესები, სადაც ადამიანი და ქვეყნის კეთილდღეობა კი არაა მიზანი, არამედ ის, თუ ვის დაიჭერენ. ესეც მნიშვნელოვანია და ზოგადად სამართლიანობის აღდგენის პროცესი ქვეყანაში აუცილებელია. თუმცა „თეთრების“ ლიდერი მიიჩნევს რომ სამართლიანობის აღდგენა ნაწილია იმ დიდი და მნიშვნელოვანი პროცესისა რასაც სიმართლის დადგენა ჰქვია და რაც არის უმნიშვნელოვანესი.

„ღრმად გვწამს, რომ 1991-92, 2003, 2007, 2008 წლების; 7 ნოემბრის, 8 აგვისტოს, 26 მაისის პერიპეტიების სამართლებრივი შესწავლა შექმნის სახელმწიფოში სამართლიანობის დადგენის პროცესის დაწყების კარგ პრეცედენტს, – აცხადებს თეთრების ლიდერი, – ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენაზე, არამედ, და უპირველესად, სამართლიანობის დადგენაზე. რადგან პირველი, მეორის მცირე ნაწილია. ჩვენთვის სამართლიანობა – ეს არის ღირსებადადებული ქვეყანა, ღირსებადადებული ადამიანი, ღირსებადადებული ენა, ღირსებადადებული მიწა, ღირსებადადებული ეროვნული ცნობიერება, ღირსებადადებული ეროვნული სიმდიდრე და ის ხელისუფლება, რომელიც ამისთვის იბრძვის… ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი არის მიზანი და სხვა ყველაფერი საშუალება ამ მიზნის მისაღწევად.
”სამართლიანობის მანიფესტში“ ჩამოყალიბებული საკითხები არის უპირველესად მოსაგვარებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე და გადაუდებლად გადასაწყვეტი
„ხელისუფლებამ ორი რამ უნდა მოახერხოს: პირველი შექმნას ქვეყანაში კონკურენტული გარემო, რათა ადამიანმა თავისი თავის რეალიზაცია მოახდინოს და მეორე – ადამიანი უნდა იყოს დაცული.
ნაცმოძრაობის მმართველობის წლებში ქვეყანა გადავარდა დარვინის ეპოქაში, სადაც მიდიოდა ბრძოლა არსებობისათვის. რაც სრულიად შეუფერებელი და მიუღებელია ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი სახელმწიფოსათვის. ახალი ხელისუფლების მთავარი მიზანი უნდა იყოს ადამიანი და ყველა პირობა შეუქმნას მოქალაქეებს საკუთარი თავის რეალიზებისათვის. – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

პრეს-ცენტრი
16.04.2013

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *