(weeknews)თემურ შაშიაშვილი: „პოლიტიკოსების დაყოფით: ვინ მოგწონს და ვინ არა, საქართველო ვერ აშენდება“

526447_500842989969375_1604105181_nსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის მთლიან სპექტრთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. პარტია „თეთრები“ ამ განცხადებას შეუერთდა და „სამართლიანობის მანიფესტი“ შექმნა, რაც ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ითვალისწინებს. პარტია „თეთრები“-“ქვენთანრთად ავისუფლების ეალური დეით”, მომავალ კვირას ხელისუფლებას „სამართლიანობის მანიფესტს“ გაუგზავნის, რომლის დევიზია — „არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა!“ „სამართლიანობის მანიფესტში“ ჩამოაყალიბებულია იმ მნიშვნელოვან საკითხთა სია, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს“-აღნიშნულია „თეთრების” განცხადებაში.

ამ და სხვა საკითხების შესახებ უფრო ვრცლად პარტია „თეთრების“ ლიდერს თემურ შაშიაშვილს ვესაუბრებით.

-ბატონო თემურ, აპირებთ თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას?

ჩვენი პოზიცია კონკრეტულია- პასუხი მოეთხოვოს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს,ხოლო ახალმა მთავრობამ “სამართლიანობის მანიფესტში”  ჩამოყალიბებული მოთხოვნები შეარულოს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა დოკუმენტი „სამართლიანობის მანიფესტი“, რომელსაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს მომავალ კვირაში გავუგზავნით.ეს გარკვეულწილად თანამშრომლობაა. მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომელთაც „ქართული განწყობა“ აქვთ, უნდა გაერთიანდნენ საქართველოსათვის. ეს, რა თქმა უნდა, პარტიულ ერთობას არ ნიშნავს. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.თუმცა, ადამიანურად, ბიძინა ივანიშვილის გამო ბევრ რამეზე მწყდება გული და არამარტო მის გამო.

პოლიტიკოსების დაყოფით: ვინ მოგწონს და ვინ არა, საქართველო ვერ აშენდება. არა მგონია, „ქართული ოცნების“ პროგრამას ისეთი მხარდამჭერი ჰყავდეს, როგორიც ჩვენი პარტია -„თეთრებია“. საქართველოში არის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამერიკიდან იმართებიან და ასევე- რუსეთიდანაც. მაგრამ ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქართულ ინტერესს ემსახურება და არაა დამოკიდებული „თეთრ“ სახლსა და კრემლზე. ბატონი ბიძინა კი, მეორე პოლიტიკურ ძალად თვლის „სექტას“. იმ პარტიას, რომლის სათავეში მერაბიშვილი დგას. რეალურად, ეს ის ძალაა, რომელიც უნდა გასამართლდეს.

პრემიერ-მინისტრი არ უნდა ამბობდეს, „მათ მე ვურჩიე, გააქტიურდით და გახდით მესამე პოლიტიკური ძალა“. არ მგონია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ ბატონი ბიძინა თავს იზღვევს და ამბობს, პოლიტიკოსი არ ვარო. ცუდი ტენდენცია შემოვიდა. პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც თავს პოლიტიკოსებად არ თვლიან. პრემიერ-მინისტრს შეუძლია მსგავსი რამის თქმა, მაგრამ ის უკვე პოლიტიკური ფიგურაა, კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პირველი პირია. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან გამოცდილ პოლიტიკოსებზე მაღლა დგას, მაგრამ ეს გამოთქმა — „მე პოლიტიკოსი არ ვარ“- ხალხშიც აღარ „მუშაობს.“

– როგორ ფიქრობთ, რომელი პოლიტიკოსია „ქართული ოცნების“ დასაყრდენი?

– ბატონი ბიძინა, სისტემური აზროვნებით, „ქართული ოცნების“ საყრდენი კი არა, დღეს რეალურად, ქვეყნის ხერხემალია. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ყველაზე მეტად უნდა ვიყო განაწყენებული, მაინც ვამბობ — დღეს ბიძინა ივანიშვლის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაა. საქართველოსთვის მომართული ყოველი მოაზროვნე ადამიანი უნდა ამაყობდეს იმით, რომ ამ ერთმა კაცმა ისეთი ადამიანები „დადო მხრებზე,“ რომლებსაც „ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად“ და ებრძოდნენ საქართველოს. ბიძინა ივანიშვილმა ქართველებს აჩვენა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არარაობაა.

-„რაც მეტი ფული იხარჯება არჩევნების დროს, მით მეტი კორუფცია და სიღარიბე იქნება არჩევნების შემდეგ“- რას გვეტყვით, რამდენად შეესაბამება თქვენი ეს განცხადება დღევანდელობას?

– „ქართულმა ოცნებამ“ უამრავი ფული დახარჯა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს კორუფცია ხელს არ აძლევს. მიმაჩნია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კონკურენციაა და ბიძინა ივანიშვილისაგან მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ, ქვეყანაში შექმნას კონკურენტული გარემო: პოლიტიკაში, მეცნიერებაში, ბიზნესში, ხელოვნებაში და სხვ. ხელისუფალი ისაა, ვინც კონკურენტულ გარემოს აყალიბებს.

-როგორ შეაფასებდით ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ და რას ფიქრობთ 19 აპრილს გამართულ აქციაზე ?

-ნაციონალურმა მოძრაობამ შეიმუშავა „პროგრამა“, რომ როგორმე არაფერი გაკეთდეს სოფლად, განათლებაში, სოციალურ სფეროში, მედიცინაში, სტუდენტობას არ შეექმნას კარგი პირობები, რუსეთთან არ დარეგულირდეს პრობლემები. დღეს ჩასაფრებული პოლიტიკური ძალის გონება აქეთკენაა მიმართული, ამაზე დიდი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ რა უნდა იყოს?! ეს არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაა.

მთავარი „გამოწვევა“ ქვეყნისთვის ისაა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია არ არსებობს. შთაბეჭდილება მრჩება, „ქართულ ოცნებაში“ ბევრს აწყობს ისეთი პოლიტიკური ოპოზიცია, როგორიც “ნაციონალური მოძრაობაა”. მაგრამ ვთვლი, რომ ეს პოლიტიკური ოპოზიცია კი არა, „პოლიტიკური სექტაა“. ახლა ამ „პოლიტიკური სექტის“ გაწმენდა მიდის იმ პირებისგან, რომლებიც „სექტის“ პრინციპებს არ აკმაყოფილებენ. ამ ვითარების შეცვლა შეიძლება ერთი რამით: შემოდგომაზე თუ არა, გაზაფხულზე არჩევნების დანიშვნით. სწორედ ამას ეხება ჩვენი განცხადებაც. 

19 აპრილის აქცია ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მოგონილი რომ არ არის, ფაქტია. იგი გარედანაა მათი მეგობრების მიერ ნაკარნახევი. ერთი მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“ კარნახობენ, როგორ უნდა იმოქმედონ და, მეორე მხრივ, კარნახობენ „ქართულ ოცნებას“, რომ მათ წინააღმდეგობის გაწევა შეძლონ.

დღეს, პოლიტიკური საინფორმაციო სივრცე სავსეა არა იმით, რა პრობლემები აქვს ქვეყანას, რით ცხოვრობს ხალხი, რა ხდება ბიზნესში, არამედ — ვის რა „ტემპერატურა“ აქვს, რას იტყვის მერაბიშვილი, რას „მოროშავს“ სააკაშვილი- ამაზე არიან გადართულები.

-საინტერესოა, ნაციონალური მოძრაობის „მოკარნახე“ მეგობრებში ვის გულისხმობდით?

-საქართველოს უცხოეთში ჰყავს დიდი მეგობრები,რომლებიც არაერთ დახმარებას გვიწევდნენ, მაგრამ ხედავთ, როგორ იხარჯებოდა საქართველოში შემოსული ფული- ათ მილიარდზე მეტი„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სასახლეების მშენებლობისა და სახელისუფლებო ცხოვრების ფუფუნებით მოწყობისათვის დაიხარჯა. ნაციონალური მოძრაობის წევრებს ათეულ მილიარდზე მეტი აქვთ მისაკუთრებული. ეს გარე ძალებთან ურთიერთობის გარეშე არ ხდება. საქართველოს ბიუჯეტში შესული ერთი ლარით ხალხისთვის მხოლოდ 20 თეთრის ღირებულების საქმე კეთდებოდა, დანარჩენი ან სკამის შენარჩუნებას ხმარდებოდა ან — ელიტურ კორუფციას. აშკარაა, რომ პროექტი, რომელსაც „დემოკრატიის შუქურა“ დაარქვეს, ჩავარდა. მაგრამ „აგვისტოს ომმა“ გარედან შემოსული მილიარდებით სააკაშვილი არათუ გადაარჩინა, რაც ყველაზე სამწუხაროა, ამ დამნაშავე, ელიტური კორუფციის დამამკვიდრებელ – მიწაზე მფორთხავ სააკაშვილს „ყელყელაობის“ საშუალებას აძლევს. ღმერთმა ქნას, რომ მან „აგვისტოს ომზე“ ყველაფერი ილაპარაკოს. უკვე ორი-სამი ისეთი რამ წამოსცდა, რომ ამერიკაში და სხვაგანაც შეწუხებულები არიან.

არ მგონია, საქართველოში რომელიმე პოლიტიკოსი ისე სძულდეთ, როგორც მიხეილ სააკაშვილი. თუნდაც მის მეგობრებს, როგორ კავშირშიც არ უნდა იყვნენ — ფინანსურ, კორუფციულ გარიგებებში და ასე შემდგომ. ყველას ეჯავრება, მაგრამ უნდათ, რომ არჩევნებამდე მიიყვანონ. საკმაო ძალისხმევა ჩანს, რომ სააკაშვილმა პრეზიდენტის პოსტიდან ბევრი რამ არ ილაპარაკოს. ტრაგედია ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ამერიკის ავტორიტეტი გაანადგურა. მაშინ, როცა 10-15 წლის წინ მოსახლეობის 90 % ფიქრობდა, რომ ამერიკასთან ურთიერთობა იყო ჩვენთვის მთავარი, დღეს 10-15 % თუ დარჩა ამ აზრზე. ყოველთვის ვამბობდი, „არც ამერიკას გავეგოთ ფეხქვეშ, არც რუსეთს“.ვიდრე ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომელიც გარედან იმართება, საქმე კარგად არ წაგვივა.

-თქვენი აზრით, როგორ არის განწყობილი რუსეთი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ?

-დღეს ეროვნულ თემებზე საუბარი ვიღაცას რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია. რუსეთთან ომით რაიმეს მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ კონსტრუქციული ლაპარაკით, ბევრი რამის მიღწევა შეიძლება.  ამის მაგალითი გვაჩვენეს საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა – მათ ომი წააგეს რუსეთთან, მაგრამ მოლაპარაკებით ყველაფერი აღიდგინეს.  მაგალითად, ფინეთი „ნატოში“ იმიტომ არ შევიდა, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ დაეძაბა. რუსეთთან დამარცხებული ყველა ის ქვეყანა, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობა ომის რიტორიკით, ძალის დემონსტრირებით შეცვალა კონსტრუქციული ურთიერთობით და თანამშრომლობით  – დღეს მსოფლიოში წარმატებულზე წარმატებული ქვეყნებია,

-უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება „აგვისტოს ომზე“ და როგორ გგონიათ, გამოცხადდება პრეზიდენტი დაკითხვაზე?

-ის კი არ უნდა ვარკვიოთ, ომი ვინ დაიწყო, ამ ეტაპზე ეს არ მაინტერესებს, არამედ შევისწავლოთ, ჰქონდა თუ არა ქვეყანას იმის ძალა, რაც დაიწყო. სამწუხაროდ, საქართველოში „ხალხის ხმა“ მკვდარია. პროკურორს ნუ მოვთხოვთ, პრეზიდენტი დაკითხვაზე მიიყვანოს, სააკაშვილსაც ის უნდა, რომ ვიღაცამ დაკითხვაზე ბორკილებით მიიყვანოს. სააკაშვილი დაკითხვაზე ხალხის განწყობამ უნდა მიიყვამოს. ხალხის განწყობა კი სიმართლის დადგენაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

-დათა ახალაიას სახელით გაკეთებულ განცხადებაზე რას იტყვით?

-ახალაიები ქართული ცნობიერების მქონე ადამიანები არიან, ამაში ეჭვი არ მეპარება.  თუმცა, მათზე ხშირად გამიკეთებია მძიმე განცხადებები. არც მათ კორუმპირებულობაში მეპარება ეჭვი.ახალაიები და სხვები მონური ფსიქოლოგიისა აღმოჩნდენ, მაგრამ თუ მონობიდან გამოსვლა ისურვეს, მისასალმებელია. თუკი ამას ვინმეს ზეწოლით აკეთებენ, ისევ მონები ყოფილან.

-ბატონი თემურ, საპრეზიდენტო არჩევნებში ხომ არ აპირებთ მონაწილეობას?

-პრეზიდენტის ფუნქციები საგრძნობლად მცირდება, ამიტომ საპრეზიდენტო არჩევნებზე არ მიფიქრია. მაგრამ ჩვენი პარტია ყველა შემდეგ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობამ ეს პოსტი ისე გაამასხარავა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, პოლიტიკოსთა 99 % ფიქრობს, თუ ის შეიძლება იყოს პრეზიდენტი,  რატომ მე არ შეიძლება ვიყო პრეზიდენტიო. 1997 წლიდან ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პიროვნებაა.მას დავით აღმაშენებელი მშენებელი გონია, „აღმაშენებელი“ კი, ხალხმა დავითს იმის გამო უწოდა, რომ ცხოვრება შეცვალა – ადამიანები ამბობდნენ აგვაშენაო.  დავით აღმაშნებლის დამთავრებული მშენებლობა გინახავთ? გელათის მშენებლობაც კი ვერ დაასრულა. ესაა ხელისუფლის დიდი ხელოვნება, ნიჭის ძალაუფლება. როდესაც 16 წლის მეფეს სამეფო გვირგვინს ადგამდნენ, ჭყონდიდელმა უთხრა: „ღირსება დაუბრუნეთ ხალხს“. ის, ვინც ღირსებას უკარგავს ხალხს, ქვეყანას ანადგურებს.

-და ბოლოს, ტრადიციული კითხვა თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ..

– ჩემი სურვილია, კონკურენტული გარემო და ღირსებადაბრუნებული ადამიანები ვიხილო. ბიძინა ივანიშვილისგან შემოთავაზებული თანამდებობა არ მჭირდება. თუმცა, ერთობლივი მუშაობით ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა შეგვიძლია, ბევრს რომ წარმოუდგენელი გონია. შეგიძლიათ ნახოთ ჩემი გამოსვლები პარლამენტში 1997 და 2000 წელში. ნახოთ, 1996 წელს, ანუ  როდის, რა პერიოდში და როგორ ჩატარდა ქუთაისის დღეები პარიზში და ამაში დარწმუნდებით.

საქართველოს გადარჩენა იმ ხელისუფლებაში კი არ არის,  რომელიც იმას აკეთებს, რა შეუძლია, არამედ იმ ხელისუფლებაში, რომელიც ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმს მოიყვანს მოქმედებაში. ჩვენ ასეთი პარტიის გზით მივდივართ და მხოლოდ ასეთებთან ვმეგობრობთ.

ლანა გიორგიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *