(sazogadoeba.ge) თემურ შაშიაშვილი: „ეს ხალხი თავზე გვაზის და ბატონი რასმუსენი მათ დემოკრატიის შუქურას ეძახის, დაგვცინიან!“

თემურ  შაშიაშვილი:  „ეს ხალხი თავზე გვაზის და ბატონი რასმუსენი მათ  დემოკრატიის შუქურას ეძახის,  დაგვცინიან!“

 

საქართველოში მოვლენები პარადოქსულად ვითარდება. ოცდამეერთე საუკუნის ნაციონალური ფაშიზმი დემოკრატიად ინათლება. „მეხუთე კოლონის“ სახელს თანამედროვე ბაბილონი წარმატებით ითავსებს. ქვეყანაში ადამიანის ღირსების უსასტიკესი, გაუგონარი წესით ფეხქვეშ გათელვას „დიად დასავლეთი“ არად აგდებს. მისთვის, როგორც ყოველთვის, მთავარი საკუთარი და კიდევ… სექსუალური უმცირესობების ინტერესებია, ოღონდ ცოტა ბუნდოვანია რა აკავშირებს მათ ერთმანეთთან.

ამასობაში პარტიას, მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებშია ბრალდებული და წევრებიც დღითიდღე აკლდება, პრეზიდენტობის კანდიდატი გამოჰყავს საკუთარი ნაციონალური კასრიდან.

ახალი ხელისუფლება კი ძველი ხელისუფლების ნარჩენების დაჭერა- გაშვებითაა დაკავებული, რაც საზოგადოებაში არაერთგვაროვან შეფასებას იწვევს. რა არის ეს, არაპროფესიონალიზმი თუ საბოტაჟი, ვინ მართავს დღეს რეალურად ქალაქებსა და რაიონებს, ვის ხელშია ხალხის ქონება, ვინ არის საქართველოს მტერი და მოყვარე? ქვეყანაში მიდინარე ამ და სხა მოვლენებზე sazogadoeba.ge ესაუბრება „თეთრების“ ლიდერს თემურ შაშიაშვილს:

-საბოტაჟი აშკარად შეინიშნება. მე ამას ვხედავ ყველგან. ზოგჯერ იმდენად უხეშად კეთდება რაღაც, ეჭვი მეპარება, რომ პირველი პირების განწყობა ასეთი იყოს. რეალურად ქვედა დონეზე ყველაფერი გაჩერებულია, არაფერი კეთდება. პირველი პირები ხალხს პირდებიან ყველაფერს, მაგრამ ან მოუქნელია მექანიზმი, რომელსაც საბოტაჟამდე მივყავართ ან რეალურად საბოტაჟთან გვაქვს საქმე. ეს გამოძიებამ უნდა დაადასტუროს.

ფაქტია, ხალხი არის უკმაყოფილო. ამ დღეებში მე შევხვდი უამრავ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ მათ წერილებზე მთავრობას რეაქცია არა აქვს. მეც მაქვს რამდენიმე განცხადება ბიძინა ივანიშვილთან, ასევე მთავარ პროკურორთან გაგზავნილი. არსებობს მეცნიერთა დიდი ჯგუფის განცხადება ივანიშვილის სახელზე. კლუბის ხელმძღვანელი იურისტთა საერთაშორისო ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი, პაატა ცნობილაძეა. არ მეგონა თუ მათ პასუხის ღირსადაც არ ჩათვლიდნენ. მინდა ვიფიქრო, რომ ბატონ ივანიშვილს არ მიუტანეს ეს წერილი. როცა ასეთი მეცნიერები გთხოვენ შეხვედრას, იმათ არ ხვდები და ხვდები ქვეყნის გარედან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ არის ქართული.

ეჭვი არ მეპარება რომ მმართველობის ეს მექანიზმი ან საბოტაჟით არის სავსე ან იმდენად ავადმყოფი მექანიზმია, რომ გამოჯანმრთელება შეუძლებელია, თუ თავიდან ბოლომდე არ შეცვალე.

რაც გინდა ის თქვი პრესით, ტელევიზიით, არც არავინ გპასუხობს, არც ვინმე რამეს გეკითხება. იგნორირება, რომელიც დაამკვიდრა სააკაშვილმა გრძელდება. ასეთმა მიდგომამ ჭორიკნობა დაამკვიდრა მედია საშუალებებში. ეს არ არის მედიის ბრალი, ეს არის ხელისუფლების ბრალი. მთელს მსოფლიოში ასეა, თუ ჩინოვნიკზე კომპრომატი დაიდო, ან სასამართლოში თავი უნდა იმართლოს, ან თანამდებობა დატოვოს. ასეა დემოკრატიული სამყარო აგებული.

მთავარი დემოკრატიული მექანიზმი წაიშალა ქვეყანაში. არც ტყუილის თქმის ეშინიათ, არც მართლის თქმის. ეს ვაკხანალია და ანარქიაა. სააკაშვილი რეალურად ამით ცხოვრობდა. ივანიშვილს ასეთი ანარქიული სისტემა არ აწყობს. მეგონა, პრემიერი სახელმწიფო მოხელეებს მედიის ბრალდებებზე სასამართლო წესით თავის მართლებას მოსთხოვდა ან თანამდებობის დატოვებას აიძულებდა. ამით დამთავრდებოდა ეს ჭორიკნობა. ვერავინ გაბედავდა ტყუილის თქმას.

ძალიან სამწუხაროა, რომ რეჟიმის გასამართლების სისტემა არ ყალიბდება. მართვის სისტემაა ქვეყანაში კორუმპირებული. ზესტაფონის, ჭიათურის, ფოთის მაგალითი ადასტურებს, რომ არავითარი ფუნქცია არა აქვს გამგებელს, პროკურორს, პოლიციის უფროსს. მთავარი ფუნქცია რაიონში აქვს სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილს, რომელიც დანიშნული ბიზნესმენია, ფულით აქვს თანამდებობა მიღებული, გამგებელს არავინ არაფერს არ ეკითხება.

სამადაშვილმა და გიორგაძემ პრეზიდენტს 1,8 მილიონი დოლარი გადმოარიცხინეს პრაქტიკულად ბაზრის მშენებლობისთვისო, ამას გელაპარაკება ხალხი. ამის შემდეგ რა ნდობა უნდა იყოს. ძალიან ვწუხვარ, რომ მეჯღანუაშვილი უფრო პროგრესული კაცი იყო თავისი ეპოქისათვის, ვიდრე დღევანდელი დანიშნული ბიზნესმენები- ბეჟუაშვილი და სამადაშვილი არიან ამ ეპოქისთვის. ხელისუფლება ამ ბიზნესმენებს მარწუხებში უჭირავთ. ამათ ხელშია ფული. ცოტა ხანი გაჩერდებიან და გადატრიალებას მოახდენენ მერე.

შევარდნაძის, ასლანის და სააკაშვილის ნომენკლატურულ ბიზნესმენებს 90% -ზე მეტი უჭირავთ ხელში. ესენი ნიშნავენ გამგებლებს. სააკაშვილმა ქურდებს ვებრძვიო, არა და ზესტაფონში ქურდების ხელშია მთელი სიმდიდრე. ეს ბიზნესმენები ქურდებთან შეთანხმებით არიან დანიშნულები. მთელს საქართველოში ასეა. როგორ შეიძლება, მერაბ სამადაშვილს და ბეჟუაშვილს ბიზნესმენი ერქვას?

წინა პარლამენტი იყო სააკაშვილის მეგობარ ბიზნესმენთა კლუბი. ესაა საქართველოში საფიქრალი. დანიშნული ბიზნესმენები მართავენ ქალაქებსა და რაიონებს. ისინი შერწყმული იყვნენ ნაც.მოძრაობასთან, ახლა ამ ხელისუფლებაშიც მოძებნეს საყრდენები და ტირაჟირებას უკეთებენ ყვარყვარეებს. ნებისმიერი გამგებელი, გუბერნატორი დღეს არის ყვარყვარე. ახალ ხელისუფლებასაც როგორც ჩანს მოსწონს მოღალატე ხალხი. აღარ უნდა დამთავრდეს მათი ეპოქა?

საქართველოს პრობლემები სხვა რამეშია, ვიდრე ვიღაცის დაჭერა-არდაჭერაში. თბილისის მერს თვითონ დაიჭერს თბილისის მოსახლეობა, როდესაც გამოაქვეყნებს რამდენია დახარჯული, მას შემდეგ რაც მოვიდა ნაციონალური ხელისუფლება. კეთილმოწყობში, რომელსაც ხალხი ტაშს უკრავდა, როგორც მინიმუმ 50%პროცენტი კორიფციული ფული იყო. ათჯერ უფრო ძვირია მაგალითად რუსთაველის განათებაში გადახდილი, ვიდრე ეს სინამდვილეში ღირს. მილიონობით ფული წავიდა მაგათ ჯიბეში.

ჩემზე დიდი თანამდებობა მათ არ ჰქონდათ, მაგრამ მამაპაპისეულ სახლზე მეტი არაფერი გამაჩნია. ქალაქის მერი ახლაც ყელყელაობით რომ გველაპარაკება, სირცხვილია პროკურორისთვის. მილიარდები აქვთ შეჭმული 10 წლის განმავლობაში. ამ ფულით 7000 ახალი გზის გაყვანა შეიძლებოდა. აი, რა სიბნელეში გვაცხოვრებდა ის ხელისუფლება. ესენი ციხეში უნდა იყვნენ. ავტობუსის ჯარიმა რომ არ გადავიხადოთ, ციხეში გვსვამენ, ქალაქის მერმა მილიონები შეჭამა. გამოაქვეყნეთ სად არის ხელისუფლების ფული წასული. ქალაქის მერი რომ ხმამაღლა გველაპარაკება, ეს არის შეშინებულის ყვირილი და ამ ხელისუფლების სისუსტე.

სააკაშვილის დედასაც ასევე მილიონები აქვს მიღებული მერიის ფონდებიდან. შეიძლება პრეზიდენტის დედას ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონები ერიცხებოდეს, ან ნახევარ უნივერსიტეტს ყიდულობდეს? შეიძლება პრეზიდენტის დედა ჩვენი დიასპორების ხარჯზე წარმოუდგენელ სასტუმროებში ცხოვრობდეს? ეს ხალხი თავზე გვაზის და ბატონი რასმუსენი მათ დემოკრატიის შუქურას ეძახის. დაგვცინიან!

-ნაციონალების პრაიმერში გამარჯვებულ საპრეზიდენტო კანდიდატზე რას გვეტყოდით? როგორ ფიქრობთ, რა ნიშნით შეაჩერეს დავით ბაქრაძეზე არჩევანი?

-სასაცილოა დავით ბაქრაძის კანდიდატურა. ის კანცელარიის მუშაკი იყო და ნინო ბურჯანაძემ შექმნა. შეიძლება პრეზიდენტი ასეთი ტიპი იყოს? ეს არის ჩვეულებრივი აპარატის მუშაკი. შევარდნაძეს უწერდა კარგად და ამის გამო წინაურდებოდა.

ხარაგაულში მისმა სიმამრმა მოიგო ყველა ტენდერი. ესაა მარტო საკმარისი იმისათვის, რომ პოლიტიკაში ყოფნა აუკრძალო. როცა შენი სიძე არის პარლამენტის თავმჯდომარე, მომგებიც რომ ყოფილიყო, არ უნდა გაეკთებინა ეს, მისი ოჯახი ცხოვრობდა ბიუჯეტის ხარჯზე.

ბრმათა ქვეყყანაში ცალთვალა ორთვალობდაო, ასეა. ბაქრაძე იმიტომ დაასახელეს, რომ სხვებზე მეტი განათლება აქვს ნაციონალურ მოძრაობაში, მეტი არაფერი. აბა ახლა მერაბიშვილი საერთოდ გაუგებრობაა. ქართული რომ არაფერი სცხია, გაუნათლებელი რომაა, იმის ფონზე რაღაცას წარმოადგენს.

– მიუხედავად ცნობილი შემზარავი კადრებისა და ფაქტებისა ამერიკა ისევ გამოხატავს ნაციონალების მიმართ მხარდაჭერას. რასმუსენმა ყოფილ პრემიერს და პრეზიდენტს სულ „დემოკრატიის შუქურა“ ეძახა .

-მხარს უჭერენ იმიტომ, რომ ამერიკას საქართველოში ასეთი ხალხი აწყობს. ვისი ფულითაც ფინანსდება საერთაშორისო ორგანიზაციები, ნატო იქნება თუ სხვა, მათ სძულთ ეროვნული ადამიანები. იმიტომაა ეს საერთაშორისო ორგანიზაციები შექმნილი, რომ ეროვნული ხალხი არ გაახარონ. სააკაშვილს რომ დემოკრატიის შუქურას დაარქმევ მტერი ხარ, აბა რა ხარ.

უორდროპები იყვნენ საქართველოს ნამდვილი მეგობრები. ამ ქვეყანას დღეს მათი ტიპის მეგობრები სჭირდება და არა მაკკეინისა და რასმუსენის. რასმუსენმა დაადასტურა, რომ მტერია, როცა განაცხადა, რომ მერაბიშვილი და სააკაშვილი დემოკრატიის შუქურად დარჩებიანო. რა უნდა ელაპარაკო.

მათ ქვეყანაში, როცა ვიღაცა დისერტაციაში რაღაცას გადმოიწერს და ავტორს არ მიანიშნებს, იჭერენ და ხსნიან თანამდებობიდან. საქართველოში კი მილიონები შეჭამეს, ქვეყანა გააუბედურეს, პოლოტიკოსების საწოლში ვიდეოკამერებს ამონტაჟებდნენ და ამას ეძახიან დემოკრატიას. ამ ხალხს ვძულვართ, ესენი რომ მეგობრები არ არიან და დაგვცინიან რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი?

მათ, რა თქმა უნდა ბაქრაძისნაირი პრეზიდენტი აწყობთ. ისინი არც ბურჯანაძეს დაუჭერენ მხარს და ალასანიას კანდიდატიც რომ ყოფილიყო, გარწმუნებთ არც მას დაუჭერდნენ მხარს. მათ აწყობთ მონები და არა დამოუკიდებლად მოაზროვნეები.

ბიძინა ივანიშვილის პარტიაშიც არიან ისეთები, ვისთვისაც მთავარია, რას იტყვის ამერიკა და მაკკეინი. მათთვის მნიშვნელოვანი არ არის ქართველი ხალხი რას ლაპარაკობას. ჭაბუა ამირეჯიბი, მერაბ ბერძენიშვილი რას იტყვის, არ აინტერესებთ. მთავარია რას იტყვის თავისუფლების ინსტიტუტი და თეა თუთბერიძე. რეზო ამაშუკელი, რეზო ჩხეიძე ვის აინტერესებს. ბუმბერაზი ქართველები ვის აინტერესებს?! ჩამოდიან უცხოელები და ხვდებიან თუთბერიძეს. ბერძენიშვილის სალონში ერთი კაცი არაა ნამყოფი, ქართული სული რომ შეეგრძნოთ. აი, ესენი არიან უცხოელი მეგობრები.

მარჯორი უორდროპი მეგობრობდა არა ხელისუფლებასთან, არამედ ილია ჭავჭავაძესთან. ამიტომაც დარჩა ის საქართველოს დიდ მეგობრად. მაკკეინები და რასმუსენები არ დარჩებიან საქართველოს მეგობრებად.

მე ძალიან მიხარია, რომ იმ ქვეყანაში სადაც ქართული სულის ადამიანები არ მოსწონთ, თანამდებობაზე არ ვარ. თუ არ ხარ ქართული სულის, წინ კოსმოსური სიჩქარით წახვალ თუ არა და უნდა იცოდე, რომ ვერაფერს მიიღებ. მე მირჩევნია დავრჩე ქართველად, რადგან ქართული სული მუდმივად იყო ცივილიზაციის მწვერვალზე, ვიდრე ვუღალატო მას და ვუსმინო მაკკეინსა თუ ლიბერმანს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *