(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი: ” ბურჯანაძის გაპრეზიდენტება ივანიშვილის ინტერესებშია”

 

777თემურ შაშიაშვილი ფიქრობს, რომ საქართველო დიდმა ფულმა დაანგრია. მისი თქმით, დამნაშავე მაღალჩინოსნების სათანადოდ დასჯა გაძნელდება უცხოელების პოლიტიკური და ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე.

რატომ არის აუცილებელი ნინო ბურჯანაძე გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, რატომ იქნება ის ბიძინა ივანიშვილისთვის მეხამრიდი და რატომ უჭირს პრემიერს თავისი პროგრამის შესრულება? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `თეთრების” ლიდერ თემურ შაშიაშვილთან.

_ ბატონო თემურ, როგორ აფასებთ დღეისათვის შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და ნაციონალების მხრიდან ხელისუფლების დისკრედიტების მცდელობას?

_ მდგომარეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ეს არის საქართველოს იმ “მეგობრების” ბრალი, რომლებიც სააკაშვილის მეგობრები არიან და საქართველოს მტრობენ. მათი მოთხოვნა კატეგორიულია. მათი სურვილია, ნაცმოძრაობა შენარჩუნდეს, როგორც პოლიტიკური ძალა. შევარდნაძის დროს საქართველო დაინგრა იმით, რომ შემოუსიეს გარედან ფინანსირებადი არასამთავრობო ორგანიზაციები. კატეგორიულად უნდა დაისვას საკითხი: ვინც იყრის კენჭს პარლამენტში თუ პრეზიდენტად, დაწეროს პირდაპირ, ვისგან ფინანსდებოდა, რომელი ორგანიზაციის წვერი იყო და რა აქვს მიღებული. ეს პრინციპული საკითხია. როდესაც მეცნიერებათა აკადემიას 5 000-ზე მეტი არ ჰქონდა დაფინანსება, იმ დროს 5-6 და 20 ათას დოლარს იღებდნენ სოროსის ფონდიდან, აგრეთვე სხვადასხვა მასონური თუ სექტანტური ორგანიზაციებისაგან. დღეს ისინი პარლამენტში არიან და ჭკუას გვასწავლიან. საქართველოს უბედურებაა ის სისტემაა, რომელიც გარედან შემოგვთავაზეს და რომელიც ებრძვის ქართულ ცნობიერებას, ქართულ სახელმწიფოს. ილია ჭავჭავაძე ამბობდა: საქართველი უნდა იმართებოდეს ერის ბუნებიდან გამომდინარე. ამას უჭერდნენ მხარს უოდროპები და ისინი იყვნენ ნამდვილი მეგობრები. ვინც ამ არასამთავრობოებს აფინანსებს, ამბობენ, არავითარი ეროვნული არ არსებობს. ურა პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი, ორივე დამღუპველია. საქართველოს ოდითგან ცნობილი იყო თავისი ტოლერანტობით. ჩვენ გვჭირდება მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პარალელურად ჩვენი პროცესების გაანალიზება. როდემდე შეიძლება ვითმინოთ ის უცხოელი მეგობრები, რომლებიც საქართველოში მხარს უჭერენ იაგოებს (შექსპირის ენით მინდა დაველაპარაკო)? ვინც ჩვენ მეგობრობას გვიცხადებს გარედან, არიან შაილოკივით ძუნწები და იაგოები. საქართველო გაივსო იაგოებით. ამ იაგოების ტირაჟირება ხდება არასამთავრობოებით.

_ როგორი ხელისუფლება იქნება საქართველოსთვის იდეალური? ჩანს, რომ კოალიციურ მმართველობასთან პრეტენზიები გაქვთ. 

_ საქართველოსთვის იდეალური ხელისუფლებაა ის, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება. ქართული ცნობიერება ტოლერანტონას ნიშნავს, არასდროს ჩვენ შიგნით დაპირისპირებული არ ვიყავით. ჩვენ რაც საუკუნეების წინ გავაკეთეთ, 40-50 წლის წინ იყო ამერიკაში შეუძლებელი, თეთრკანიანებისა და შავკანიანების ურთიერთობა. დიდ წარმატებას მიაღწია დასავლეთმა. მაგრამ ნუ გვახვევენ თავს იმას, რაც ქართულ ცნობიერებას და ტრადიციულს ეწინააღმდეგება. რელიგიების გადაკიდება მათ სერიოზულად ეხმარება იმაში, რომ დაასუსტონ მართლმადიდებელი ქვეყანები, მათ შორის საქართველო. საქართველოში უკვე საშიშია ნებისმიერი პიროვნება, რომელმაც დაამთავრა უცხოეთში, გახდა რომელიმე სექტის, მასონური ჯგუფის და “თავისუფლების ინსტიტუტთან” დაკავშირებული ადამიანები. ვინც იქედან იმართება, ესენი არიან საშიშები. შევარდნაძემ ქუთაისში განაცხადა, გაოცებული დავრჩი, ამერიკელებმა როცა მითხრეს, 12 მლრდ დოლარი რომ მოგეცით, სად წაიღეთო. არასამთავრობო ორგანიზაციებს მისცეს 11 მლრდ დოლარი. დარჩიაშვილი 10-15 ათას დოლარს იღებდა მაშინ, როცა ტვინით გატენილ, მსოფლიო დონის მეცნიერ ევგენი ხარაძეს როგორ ეცხოვრა, არ იცოდა. ასეთები არიან `ქართულ ოცნებაშიც”. ბევრი ტელევიზია და ბანკი ფინანსდება სოროსის ფონდიდან. პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მეუღლე ორივე სოროსის ფონდიდან მოდიან, აგრეთვე მარგველაშვილიც. შეგვჭამეს სოროსელებმა. ესენი ილია ჭავჭავაძის იდეოლოგიას ებრძვიან ილიას სურათით და მისი ხშირად ხსენებით. მესმის, შეიძლება შინაგანად ღრღნის ივანიშვილს არა იმიტომ, რომ ამერიკას უპირისპირდება, იცის, ქართული ცნობიერების ხელისუფლება გაცილებით უკეთ იქნება ამერიკასთან და ევროპასთან, უკეთ დაარეგულირებს ურთიერთობებს რუსეთთან. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა მიხვდეს, რომ ჩვენ დღეს გვჭირდება სახელმწიფოებრივი აზროვნების და არა გარედან მართვადი, ქართული აზროვნების ხელისუფლება არა იმიტომ, რომ ვიღაცას დავუპირისპირდეთ, პირიქით. ქართული ცნობიერების ხელისუფლება გაცილებით უკეთ იქნება ყველა ეროვნების წარმომადგენელთან საქართველოში. მაგრამ ამას სჭირდება დიდი ნახტომის გაკეთება. ამ ნახტომისთვის არც მედია მზად, არც ტელევიზიები, ისინი საწინააღმდეგოზე მუშაობენ.

_ თქვენთვის მიუღებელია, პრეზიდენტობის კანდიდატად მარგველაშვილის დაყენება პრემიერის მხრიდან?

_ `თავისუფლების ინსტიტუტიდან” მომდინარე კაცს პრეზიდენტობის კანდიდატად მხარს უჭერენ, რომელმაც თქვა, პლასტელინი ვარო. თუ ბატონ ბიძინას მოსწონს პლასტელინი, გამოდის, მას მოსწონს მონები, დაჩოქილები. ძლიერთა პატივისცემა ქვეყანას სხვა მასშტაბში გაიყვანს. ძლიერების უგულებელყოფა მძიმედ დააწვება ქვეყანას. მარტივ მაგალითს მოვიყვან. ნახეთ, როგორ დააფინანსეს პარტიები. ხელისუფლება ამბობს, რომ დანაშაული საქართველოში იყო სისტემური. მე ვამბობ, ხელისუფლების მართვა იყო დანაშაულებრივი. მართვის სისტემა იყო დანაშაულებრივი. დავუშვათ, ვცდები. თუ დანაშაული იყო სისტემური, ვინ გააკეთა ეს, ერთმა კაცმა? ეს შექმნა მთელმა ნაცმოძრაობამ. მაშინ, რატომ ვუსამმაგებთ მას ქვეყნის ბიუჯეტიდან, ხალხის ფულიდან დაფინანსებას არჩევნების წინ?! თვითონაც გაისამმაგა დაფინანსება ხელისუფლებამ. დააკვირდით ვის არ აძლევენ ფულს, ვინც იდგა ეროვნული მოძრაობის სათავეებთან. არავის უფიქრია ერთხელ მაინც იმ ადამიანებთან შეხვერდა, იგივე ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასთან, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა. ვინმეს გაუჩნდა აზრი, ამ ხალხს მადლობა მაინც ვუთხრათ. ისინი არჩევნებში იმიტომ ვერ მონაწილეობენ, რომ წესიერი ადამიანები არიან და ფული არ აქვთ. 9 აპრილს ივანიშვილმა თქვა, ჩვენ განსაკუთრებული პირობები უნდა შევუქმნათ პირველი პარლამენტის წევრებსო. ეს ნათქვამი გასროლილი სიტყვებია. ირაკლი წერეთელი ამბობს, კომუნისტურ პარტიას სწორი პოზიცია რომ არ დაეჭირა და ეროვნული არ ყოფილიყო, ჩვენ ამას ვერ მივაღწევდითო. არავის არ ახსოვს დღეს ეროვნული პარტიები და არც დააფინანსეს. გენოციდი მოუწყო ნაცმოძრაობამ ქართველ ხალხს და იმას უსამმაგებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, გესმით, რა ხდება?! ვის არ მისცეს კიდევ არაფერი: 26 მაისთან ორი პარტია ვართ დაკავშირებული _ `თეთრები~ და ნინო ბურჯანაძის `დემოკრატიული მოძრაობა~. ყველა დააფინანსეს ამ ორი პარტიის და იმათ გარდა, ვინც ეროვნულ მოძრაობაში იყვნენ.

რითი ახსნიდით პარტიების მიმართ დაფინანსების კუთხით ასეთი გადაწყვეტყილების მიღებას?

– როცა ამას აკეთებს ხელისუფლება, უკვე ეჭვი მეპარება, რაღაც სერიოზულ მომავალზე ფიქრობს. ამერიკელი და რუსი ხელისუფლები საქართველოში ხელისუფლებაში ვერ იტანენ ეროვნულ ადამიანებს. უცხოელები ღონისძიებებზე იმათ იწვევენ, ვინც მათ დუდუკზე ბუქნაობს. ეს უნდა დამთავრდეს. ის, რაც ივანიშვილმა 1 ოქტომბერს გააკეთა, დიდი საქმეა. მაგრამ აშკარაა, რომ ამერიკელებს ეს აწყობდათ. ყველაფერი ჭკვიანურად გააკეთეს. ყველას ჰგონია, რომ ივანიშვილი რუისეთის ინტერესების დამცველია, არადა პირიქითაა. ივანიშვილი ამერიკის ინტერესებს ატარებს. ამერიკელები ყველაზე უკეთ იმას აკონტროლებენ, ვისაც დიდი ფული აქვსა. მათი კონტროლი ხდება ფინანსური სანქციებით. ბიძინა ივანიშვილის 6 მლრდ ერთ დღეს ნული გახდება, თუ არ შეასრულებს იმ დავალებებს, რომელიც ამერიკიდან მოდის. ადრევე ვთქვი: დადგება დრო, როცა ივანიშვილს ძალიან დასჭირდება დიდი ძალის დოგმა და დასჭირდება მის პროგრამასაც. ვთქვი, რომ ეს ძალა იქნება ქართული კრება. ეს დრო მოვიდა. ქართულ კრებას შეუძლია გადაარჩინოს ქვეყანაში ქართული საქმეც, გადაარჩინოს ივანიშვილი, მისთვისაც იყოს მეხამრიდი. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მაცხოვრებელს უნდა აწყობდეს. ასე წარმომიდგენია იმ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით – სხვის დუდუკზე არ უნდა  ვბუქნაობდეთ.

– თქვენი საუბრიდან თუ გამოვალთ, ივანიშვილი არა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებებს ვერ ასრულებს, ქართული სახელმწიფოსთვის საშიშ ნაბიჯებსაც დგამს უცხოელების ინტერესების გათვალისწინებით. ასეა?

– გარკვეული დოზით მეორე და პირველი განსაკუთრებულად. წარმოუდგენელია პრეზიდენტის ჩასაფრებულის და ყოვლად უსირცხვილო გამოსვლა ბელორუსიაში. ქვეყნის პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე ამ ტონით უნდა ლაპარაკობდეს? ერთი მართალი არ უთქვამს თავის ცხოვრებაში. წარმოუდგენელია ჩასაფრებული პოლიტიკური ძალის პირობებში შეძლო იმ პროგრამის შესრულება, რომელსაც დიდი ქართული პროგრამა ჰქვია. ვგულისხმობ, პროგრამას, რომელიც ივანიშვილმა წარმოადგინა. უფრო მეტს გეტყვით, სააკაშვილის დროს 4 მლრდ აქვთ მიღებული არასამთავრობოებს, რომელთა ნაწილი ხელისუფლებაში მოვიდა. ეს ფული რომ საქართველოში დარჩენილიყო, ბევრი რამ გაკეთდებოდა, მაგრამ ძალიან ბევრი თანხა, უკან წავიდა. ბედუკაძის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს პიროვნების წინააღმდეგ ბრძოლა კი არ არის, ეს არის ნიშანი, ყველა დაჭერილის და მომავალში დასაჭერის მიმართ, რომ ეუბნებიან, ხედავთ, რას შვრება ეს ხელისუფლება, ასეთი მხარდაჭერა გაუკეთა ამ ხელისუფლებას ბედუკაძემ და ამას იჭერენო. ამით მიანიშნებენ, ვანო მერაბიშვილი ხარ თუ სხვა ვინმე, ვინც სიმართლის მოყოლას დაიწყებ, შენც დაგიჭერენ და მოდი ჭკუაზეაო. გარედან არის ეს პოლიტიკა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ საქართველოში გამოგზავნილი ძალიან დიდი ფულიდან, დიდი ნაწილი ისევ უკან წავიდა. როდესაც ნატოს გენერალური მდივანი კადრულობს იმას, რაც თქვა, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კოლონიალური ქვეყანა ვართ. ყველაზე დიდი ფული ჯარის, პოლიციის და ადმინისტრაციის კუთხით შემოვიდა. უცხოეთისთვის ტრაგედია იქნება, რომ ვინმემ ილაპარაკოს, თანხები როგორ მოდიოდა და გარკვეული ნაწილი ისევ უკან მიდიოდა. ამიტომ ისინი თავის თავზე ფიქრობენ. ჩვენ რა ვქნათ, ეს ხალხი არ დავიჭიროთ? პრეზიდენტს არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი და მას იმუნიტეტი იცავს. კიდევ უფრო უარესები აქვს ნაკეთები ქალაქის მერს. ნებისმიერი რამიდან რაც გაკეთდა, ასფალტი დაიგო, სახურავები შეკეთდა თუ ლიფტები, 50% ხელისუფლების ჯიბეშია წასული. 50 ათასი ჯდებოდა ალექსანდრტობის ბაღის გაკეთება, ამათ 5 მლნ-დ გააკეთეს. უგულავას ვერ იჭერენ, განა იმიტომ, რომ დასაჭერი არა რის, თავის ქვეყანაში ისინი სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ, მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ კოლონია ქვეყანა ხართ და არ უნდა დაიჭიროთო, ჩვენთან იდგა და ჩვენს დავალებებს ასრულებდაო. აი, რა არის ამ ქვეყანაში დასაძლევი. ამ ქვეყანაში არ არის მარტივი სიტუაცია. ისეთი ფულის ნაკადები წამოვიდა, მარტივად აქ არაფერი მოხდება. საქართველო უფულობამ კი არა, დიდმა ფულმა დაანგრია. მიკვირს, ამ პატარა ქვეყანას, როგორ შეუძლია ამდენ მილიარდებს და ამდენ ანტიქართულ შემოტევას გაუძლოს. ნებისმიერ ქვეყანაში მიიღეს სასურველი შედეგი, საქართველოს გარდა. ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა ვაჩვენოთ მაგალითი დასავლეთსაც და რუსეთსაც და ვუთხრათ, ჩვენ თქვენი მეგობარი ვართ. თქვენ ნეოლოკოლიური საქართველო გჭირდებათ და არა მეგობარი. ამიტომ ჩვენ გეუბნებით, მეგობარი საქართველოთი იამაყებთ და თავზე ნუ დაგვაჯდებით. დღეს საქართველოს სჭირდება დიდი ანხტომი და საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველა ერის წარმომადგენელი ამისთვის ემზადება.

_ რატომ უნდა იყოს თქვენი აზრით საქართველოს პრეზიდენტი მაინცდამაინც ნინო ბურჯანაძე, რომელსაც `სახალხო კრება“ უჭერს მახარს?

_ ნინო ბურჯანაძე `სახალხო კრების“ საპრეზიდენტო კანდიდატად ნონა გაფრინდაშვილმა დაასახელა. ჩვენი ფორმულა ასეთია: ფეხქვეშ არ უნდა გავეგოთ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ არ უნდა დავუპირისპირდეთ. `სახალხო კრების“ პრეზიდენტობნის კანდიდატის მთავარი მოვალეობა იქნება ქვეყნის სამსახურში ჩადგეს ის დიდი პოტენციალი, რომელიც გააჩნია პრემიერ ბიძინა ივანიშვილს. ეს პოტენციალი არის გამოუყენებელი. კრება და მისი კანდიდატი მეხამრიდი უნდა გახდეს. ივანიშვილიც ნახავს, რას ნიშნავს ნამდვილი გვერდში დოგმა. ეჭვი მეპარება, რომ ივანიშვილს საქართველოში უფრო დიდი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ნონა გაფრინდაშვილია. ბურჯანაძეს კი არ უთქვამს, მე მინდა პრეზიდენტობაო. ბევრი პოლიტიკოსი ვიწრო აზროვნების აღმოჩნდა, ყველას ერთად რომ დაგვესახელებინა საპრეზიდენტო კანდიდატი. ნონა გაფრინდაშვილმა და ქართულმა კრებამ დაასახელა ბურჯანაძე კანდიდატად. 1 მლნ ადამიანია მასთან დაკავშირებული. 26 მაისი რომ არ ყოფილიყო, არც 1 ოქტომბერი შედგებოდა. `სახალხო კრება“ საქართველოს აძლევს ძალიან სწორ განწყობას, რომელიც არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, არავის არ უპირისპირდება. სახალხო კრება აერთიანებს, არ შლის.

_ პრემიერ ივანიშვილს სჭირდება ნინო ბურჯანაძის პრეზიდენტობა?

_ ვიმეორებ, ივანიშვილს სჭირდება `სახალხო კრება“ იმ 1 მლნ ადამიანით. ივანიშვილს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მისი გუნდიდან არ იქნება, რომ დაიცვას გაცილებით მეტად. ივანიშვილს ქართული ცნობიერება აქვს და ამით ქვეყნის გარეთ, იგივე ამერიკაში ბევრი ცუდად სარგებლობს. ის ქართული განწყობის პიროვნებაა. ქართული განწყობის დაცვას და წარდგენას სჭირდება პიროვნება, ავტორიტეტი და პიროვნება, რომელიც მეხამრიდი იქნება. 2009 წელს 1 მლნ ადამიანმა გაბედა და `სახალხო კრების“ დელეგატები აირჩია. იმ დროს ეს ძალიან ძნელი იყო. ამ ხალხს ხომ უნდა ენდო.

_ რადგან ბედუკაძე ასხსენეთ, ის რაც კბილაშვილის მისამართით მოვისმინეთ ბედუკაძის საქმიდან გამომდინარე, შიდასახელისუფლო დაპირისპირებაზე მიანიშნებს? მთავარი პროკურირის წინააღმდეგ რესპუბლიკელებიც გამოვიდნენ.

_ ისინი ქვეყნის გარედან იმართებდიან. დააკვირდით ვის აქვს დომინანტის მდგომარეობა `ქართულ ოცნებაში“. როგორ ფიქრობთ, რაიმე განსხვავება არის ნაციონალების, რესპუბლიკელების და `თავისუფლების ინსტიტუტის“ იდეოლოგიას შორის?! ყველა დეპუტატი, სიით თუ მაჟორიტარული წესით, ივანიშვილის ხათრით აირჩიეს. მძიმეა მისი პასუხისმგებლობა. ახლა პრეზიდენტიც მისი ხათრით უნდა აირჩიონ, რა გამოდის?! თუ ყველა დეპუტატი და პრეზიდენტი ერთი კაცის ხათრით ავირჩიეთ, ჩვენ მართლა მონების ქვეყანა ვყოფილვართ. მაგრამ ჩვენ არ უნდა ავუირჩიოთ ისეთი კაცი, რომელიც ივანიშვილს დაუპირისპირდება, იმიტომ რომ პრემიერი დიდი პოტენციალის მქომე პიროვნებაა. `ქართული ოცნების“ ბევრი წარმომადგენელი დაუჭერს მხარს ბურჯანაძეს არა იმიტომ, რომ ივანიშვილს ეწინააღმდგენა, პირიქით, მხარს რომ უჭერს, იმიტომ. თუ ივანიშვილს უნდა წავიდეს პოლიტიკური არენიდან ან შევიწროვდეს ნაცმოძრაობა და გაძლიერდეს რესპუბლიკური პარტია, ეს არის ქვეყნის ტერაგედია. პოლიტიკური აჯაფსანდალის შექმნა ქვეყანას სიკეთეს არ მოიტანს. გამსახურდიაც პოლიტიკურმა აჯაფსანდალმა  დაასრულა და შევარდნაძეც. დღეს რა აქვს გადასაწყვეტი ივანიშვილს? ნუ ეთამაშება ჩასაფრებულ პოლიტიკურ ძალას, მოიშოროს; მეორე, პოლიტიკური გუნდი უნდა შეცვალოს, რადგან ბევრი დეპუტატი მისთვის თავისივე გუნდიდან უკვე ტვირთად აწევს.

ესაუბრა  შორენა კოწოწაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *