(ინტერპრესნიუსი)”სახალხო კრება” რიჩარდ ნორლანდისგან სააკაშვილის განცხადების შეფასებას ელის

 

 IMG_0512“სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისგან, რიჩარდ ნორლანდისგან, 26 მაისთან დაკავშირებული პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებას ელის.
პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს განცხადება დღეს მედიის წარმომადგენლებს გია ბურჯანაძემ გააცნო.
განცხადებას “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
“2013 წლის 20 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საგანგებოდ განაცხადა, რომ 2011 წლის 26 მაისის ღამის სპეცოპერაციის ყველა დეტალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალურ მონიტორებზე FBI-ს ჯგუფი აკვირდებოდა, რომელმაც მოგვიანებით, დადო დასკვნა, რომ აქციის დაშლა კანონის სრული დაცვით განხორციელდა. ეს განცხადება ჩვენთვის, “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრებისთვის, ისე როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. სააკაშვილის ეს განცხადება, ან მორიგ გამიზნულ ტყუილსა და საგანგებო დეზინფორმაციას წარმოადგენს, რაც მისგან უკვე დიდი ხანია ჩვენს საზოგადოებას აღარ უკვირს, ან საქმე გვაქვს, მართლაც რომ საგანგაშო ვითარებასთან. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე, ძირითადად, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ მხოლოდ მავნებლობითაა დაკავებული, ახლა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს სდებს ბრალს 26 მაისის მთლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დაგეგმვასა და ორგანიზებაში, რასაც ადამიანთა გარდაცვალება, აქციის ასობით მონაწილის დასახიჩრება, წამება, უკანონო თავისუფლების აღკვეთა მოჰყვა და აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს. მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული ეს სკანდალური განცხადება საჭიროებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა სერიოზულ რეაგირებასა და განმარტებებს, ვინაიდან აღნიშნული განცხადება პირდაპირ გამოიწვევს საქართველოში ანტიამერიკული განწყობების გაღვივებას. “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭო და 26 მაისის მონაწილეები ველით ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისგან, ბატონ რიჩარდ ნორლანდისგან პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ამ უპრეცედენტო და სკანდალური განცხადების შეფასებას”, – ნათქვამია “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *