(ახალი თაობა)თემურ შაშიაშვილი: ამერიკელებმა ირაკლი ალასანია გვერდზე გასწიეს”

 

ვაშინგტონის დავალებით ნაციონალებს რესპუბლიკელები ჩაანაცვლებენ

 

9970shashiashvili1საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისაგან უცნაური მოქცევა აღარავის უკვირს. ბოლო ხანებში კი მისი ქცევები და განცხადებები განსაკუთრებით უცნაური გახდა. 26 მაისთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ დიდი ამბები გამოიწვია. პოლიტიკური პარტია `თეთრების~ ლიდერი თემურ შაშიაშვილი უკვე კარგა ხანია ამბობს, რომ პრეზიდენტი ამერიკას აშანტაჟებს. შაშიაშვილის მტკიცებით, პრეზიდენტის ბოლო განცხადებაც ამ მიზნით გაკეთდა.

შაშიაშვი¬ლის განცხადებით, დასავლეთს უკვე დიდი ხანია აღარ აწყობს სააკაშვილი, მაგრამ მისი უმტკივნეულოდ გაშვება სურთ. ნაციონალების შემცვლელებიც უკე გამოუძებნიათ. `თეთრების~ ლიდერი წუხს, რომ ბძინა ივანიშვილიც იმას აკეთებს, რასაც ამერიკელები უკვეთავენ. შაშიაშვილი იმის გამოც შეშფოთებულია, რომ ქვეყანა ზეპოლიტიზებულია. მისი თქმით, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ქვეყანაში დემაგოგი პოლიტიკოსები მომრავლდნენ. `თეთრების“ ლიდერის განცხადებით, ასეთი პოლიტიკოსებით და პარტიებით საქართველოს მომავალი არა აქვს.

რა მიზნებს ემსახურება სააკაშვილის განცხადებები, ვინ და რატომ მოსწონთ ამერიკელებს, ვის არ სწყალობს ივანიშვილი და რატომ არ უწერია ამ პოლიტიკოსების ხელში საქართველოს აყვავება, ამის შესახებ `თეთრების“ ლიდერი `ახალ თაობას” ესაუბრება.

თემურ შაშიაშვილი:

საქართველოში მოხდა საზოგადოების ზეპოლიტიზება. დიდი და პატარა მხოლოდ პოლიტიკაზე საუბრობს. სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან პოლიტიკაა განხილვის  საგანი. ეს არის დამანგრეველი. როცა პოლიტიკასთან დაკავშირებულ ადამიანთა რაოდენობა მოსახლეობის 20%-ს აღწევს, ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის საშიშია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია პოლიტიკური სისტემის რეფორმა, რადგან ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა სწორედ აქ გაბატონებულმა ავადმყოფმა პოლიტიკურმა სისტემამ წარმოშვა. ავადმყოფი სისტემა კი ანდამატივით იკრებს ავადმყოფური აზროვნების ადამიანებს, რომელთა რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა პოლიტიკაში. ეს ის ზღვარია, რომელიც ებრძვის და ამარცხებს ძლიერს და ზედაპირზე ამოჰყავს სუსტი. ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების პირობებში ვიფიქროთ ქვეყნის დიდ მომავალზე. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებდა გარედან მართულ პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების ასეთ რაოდენობას; ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებდა ასეთ აგრესიულ და დემაგოგიურ პოლიტიკურ პროცესებს და ასეთ დემაგოგ და აგრესიულ პოლიტიკოსებს. ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკოსები ბოდიშს ვიხდიდეთ მოსახლეობის წინაშე, მეტი მოკრძალება გვქონდეს ხალხის მიმართ, ყველა ამბობს, რომ ის არის მართალი, `მე ხომ ვამბობდი~, ეს გამოთქმა ხშირად ისმის პოლიტიკოსთაგან, თუ ყველა მართალია, რატომაა ქვეყანაში ასეთი სიტუაცია?

პოლიტიკოსებმა კარგად ისწავლეს ხალხის ენაზე საუბარი, კარგად ისწავლეს ისეთი პოზის დაჭერა, თითქოს უსმენენ ხალხს, მაგრამ აშკარაა, რომ პოლიტიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ ესმის ხალხის. დემაგოგიის მწვერვალია, როცა ხალხის ენაზე ლაპარაკობ, თითქოს უსმენ ხალხს, მაგრამ აბსოლუტურად არ გესმის ხალხის.

გავიხსენოთ: `მოქკავშირი~ საარჩენოდ გვპირდებოდა ერთი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს იყო ხალხის მოტყუება ხელისუფლებაში სკამების მოპოვების მიზნით, შედეგად მივიღეთ მილიონი უმუშევარი ქვეყანაში და მილიონზე მეტი შრომისუნარიანი საქართველოს მოქალაქე გასული ქვეყნის გარეთ საკუთარი და ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად.

გაცილებით აგრესიული დემაგოგიური პროცესი დაიწყო 2003 წლის შემდგომ  `ნაცმოძრაობის~ მიერ. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სიღარიბის დაძლევა _ ამ დაპირებებით მოვიდა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში. 9-წლიანი მმართველობა კი დაასრულა საქართველოს მოსახლეობის გენოციდით და ელიტური კორუფციის არნახული მასშტაბებით. დანგრეული ქვეყანა _ ეს არის პოლიტიოსთა და პოლიტიკურ პარტიათა აგრესიული დემაგოგიური პოლიტიკის შედეგი. სამწუხაროა, რომ ეს პროცესი გრძელდება და კიდევ უფრო მეტ მასშტაბებს იძენს. დრო არ ითმენს, დღეს სრულიად სხვა ფილოსოფიისა და განზომილების, მომავალზე ორიენტირებული პროცესია საჭირო ქვეყანაში.

_ კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს?

_ ჩემი აზრით, აუცილებელია შეიქმნას პოლიტიკურ პარტიათა კვლევის სერიოზული ცენტრი. ქვეყანას სჭირდება პოლიტიკოსად აღიარების ნათელი სისტემა, ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეფასების ნათელი კრიტერიუმები. პოლიტიკოსისა და პოლიტიკური პარტიის შეფასების კრიტერიუმად არჩევნებზე მოპოვებული ხმების აღიარება დემაგოგური და აგრესიული პოლიტიკის შედეგი უფროა, ვიდრე მათი პარტიის რეალური წონის შედეგი. დღეს საქართველოში წონა აქვს არა პოლიტიკურ გონებას, არამედ პოლიტიკურ ემოციასა და აგრესიას. დღეს საქართველოში წონა აქვთ დემაგოგიურ პოლიტიკურ ძალასა და პოლიტიკოსებს. სწორედ ამ მდგომარეობამ გადააწყვეტინა ცნობილ მეცნიერთა ერთ ჯგუფს მეცნიერთა `სადისკუსიო დარბაზი~ დაფუძნება და მეცნიერთა მეორე ჯგუფს, ეფიქრა `პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნის~ გამოცემაზე. სწორად ამბობენ მეცნიერები _ იმაზე კი არ უნდა ვწეროთ, ვინ ვინაა პოლიტიკაში, რაც დითირამბები და ქებადიდება უფროა, არამედ იმაზე, თუ ვინ რა არის პოლიტიკაში და რეალურად ვის რა წონა აქვს პოლიტიკაში, ისეთ წიგნზე, რომელიც იტყვის, რომ `ვინც არა ჰგავს კახაბერსა, ვერ იტყვის კახაბ-რობას~. მე კარგად მესმის ჩემი განცხადების სიმძიმე, ვიცი, რომ მას პოლიტიკოსთა არც ერთ წრეში, არ ექნება მხარდაჭერა, ან, თუ იქნება, პოლიტიკოსების ძალიან მცირე ნაწილში. შეიძლება ბევრი ამ იდეას ხიშტითაც შეხვდეს. იქნება იგნორირება, თითქოს არაფერი თქმულა, ან, შესაძლოა, მოხდეს კატეგორიული უარყოფა ყველაფერი იმისა, რაზეც ვსაუბრობ. მაგრამ, დე, ხალხმა და მომავალმა შეაფასოს. მე კი ვფიქრობ, რომ უაღრესად მტკივნეულ, უმთავრეს და უპირველეს თემას შევეხე. ამის გარდა, კარგი იქნება, თუ გვეცოდინება, რას ამბობდნენ ეს პოლიტიკოსები საქართველოს დამოუკიდებლობაზე, სამოქალაქო ომზე, დსთში შესვლაზე, ნულოვან ვარიანტზე და ა.შ. კარგად მახსოვს, გია ბარამიძე რა დღეში იყო, საქართველოს დსთ-ში შესვლის საკითხი რომ წყდებოდა. იქაურობა დაანგრია, იქ უნდა შევიდეთო. ახლა ეს ადამიანი გამოდის და რუსეთს ლანძღავს. ასევე მახსოვს ის ხალხი, რომლებმაც 1991 წელს რკინიგზა გადაკეტეს.

_ ზვიად ძიძიგურზე საუბრობთ?

_ ყველას ახსოვს ის ადამიანი. ამბობდა, რუსეთის ეკონომიკა უნდა დავაქციოთო. შედეგად რა მივიღეთ? ქართული ეკონომიკა რუსეთმა ჩაიგდო ხელში.

_ მაინც, როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი?

_ ჩვენთან პოლიტიკოსე¬ბის 99%-ს პოლიტიკოსი არ უნდა ერქვას. მთავარი ამოცანა, მგონი, ასეთი ხალხისგან პოლიტიკის გაწმენდაა. ილია ჭავჭავაძე ამბობდა, პოლიტიკოსი საკუთარი აზრებითა და ხალხის გრძნობებით უნდა ცხოვრობდესო. პლატონი და არისტოტელე ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ, ხალხის ენაზე მოლაპარაკე პოლიტიკოსები ქვეყნის დაღუპვააო. პოლიტიკოსი არის ის პიროვნება, რომელიც ხალხზე მაღლა დგას, მაგრამ ხალხს მაღლიდან არ უყურებს. ხალხთან კი არ ჩამოდის, არამედ ხალხი აჰყავს თავისთან. ჩვენ ასეთი პოლიტიკოსები არ გვყავს. სამწუხაროდ, ჩვენთან პოლიტიკოსებად ინიშნებიან. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს გა¬რედან ხდება. აბა, დავაკვირდეთ, ვინ არიან დღეს ხელისუფლებაში? ეს ის ხალხია, რომლებმაც თავის დროზე მოიყვანეს შევარდნაძე და შემდეგ დაამხეს ის. ეს ის ხალხია, რომლებ-მაც შექმნეს სააკაშვილი. სააკაშვილის შემქმნელები დღეს პარლამენტში არიან.

_ ვინ გყავთ მხედველობაში?

_ რესპუბლიკელები. აბა, კარგად გავიხსენოთ, ვინ დაფუძნა ნაციონალური მოძ-რაობა. მე ხომ არ შემიქმნია ეს პარტია. როცა სააკაშვილს ვაკრიტიკებდი, მლანძღავდნენ, ეს საქართველოს მომავაია და ვისზე ლაპარაკობთ ცუდსო. დღეს ისინი ჭკუას მასწავლიან. სამწუხაროა, რომ საქართველოში პოლიტიკოსები არიან დანიშნული. საქართველოს გარდა, ქვეყანას ვერ ნახავთ, სადაც პოლიტიკოსად აღიარება ხდება. მე არ მესმის, რატომ უნდა აღიარო პოლიტიკოსად ადამიანი მხოლოდ იმტომ, რომ პარტია შექმნა.

_ ეს საკმარისი არ არის?

_ ბუნებრივია, არ არის საკმარისი. მსოფლიომ არ იცის პოლიტიკოსი, რომელსაც სადმე, კონკრეტულ საქმეზე არ უმუშავია და ხალხს არ უნახავს, რას წარმოადგენს ის საქმეში.

_ ჩვენთან ასეთები მართლაც ბლომად არიან

_ 99%-ს წარმოადგენენ ასეთი პოლიტიკოსები. ყველამ დაიწყო პოლიტიკოსობა და ცხოვრობენ კარგად. პოლიტიკა აქციეს ბიზნესად. როგორ შეიძლება, ფუფუნებაში ცხოვრობდე, როცა პოლიტიკის იქით არაფერი გიკეთებია და პოლიტიკური განათლებაც არა გაქვს. პარტიად არ ვთვლი იმ პარტიას, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება. სამწუხაროდ, პარტიების უმეტესო¬ბა იმართება ქვეყნის გარედან. მათ რიგებში ბევრი გულანთებული პატრიოტია, მაგრამ პარტიის თავები გარედან იმართებიან.

_ იქნებ დაასახელოთ ეს პარტიები?

_ პირველ რიგში _ რესპუბლიკელები. ამეიკელებს უნდათ, რომ ნაციონალები რესპუბლიკელებით ჩაანაცვლონ. ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ამისათვის. ალასანიაც ამერიკელების კაცად ითვებოდა, მაგრამ ბოლო დროს აღარ მოსწონთ და ტექნიკურად გასწიეს გვერდზე. ფორუმსაც კი ფერი დააკარგვინეს. რიგითი ფორუმელები და კონსერვატორები უკვე ხმამაღლა ჩივიან, ამას რას გვიშრებიან, ფაქტიურად, გაგვარესპუბლიკელესო. მძიმე განწყობაა კოალიციაშიც, არ უნდათ, რომ ყველას თავზე რესპუბლიკური პარტია დააჯდეს.

_ რაში აწყობს ეს ივანიშვილს?

_ ივანიშვილს, შეიძლება, არ აწყობს, მაგრამ ასე აწყობს ამერიკას. ივანიშვილი კი მათი მითითებებით მოქმედებს. თუ დააკვირდებით, ის მხოლოდ იმათ ხვდება, ვინც ამერიკელებს მოსწონს.

_ კონკრეტული მაგალითის მოყვანა შეგიძლიათ?

_ ამერიკელებს არ მოსწონთ ადვოკატთა ასოციაცია და ივანიშვილი ამის გამო არ ხვდება ზაზა ხატიაშვილს. სამაგიეროდ, ხვდება სასამართლოს წარმომადგენლებს, რომლებზეც ამერიკა დიდ იმედებს ამყარებს. შარშან ნონა გაფრინდაშვილის იუბილეზე მოსული იყო ბიძინა ივანიშვილი. იქ განაცხადა, რომ ჰყავს 2 იდეალი _ ნონა გაფრინდაშვილი და რეზო ესაძე. ორივე მათგანი სახალხო კრებაშია, მაგრამ პრემიერი არც ერთხელ არ შეხვდა სახალხო კრებას. სამაგიეროდ, ხვდება ამერიკელების მიერ დაფინანსებულ არასამთავრობოებს. ამ ბავშვებს ამერიკაში ტელევიზიასთან ახლოს არ მიუშვებენ, აქ კი ყველაფერზე ეგენი აკეთებენ შეფასებებს. დასავლეთის ჩარევა, რომ სააკაშვილი პოლიტიკოსი ვერ გახდებოდა. მაგის ოცნება იყო, სკოლაში კომკავშირის მდივანი გამხდარიყო. არ ირჩევდნენ და კინაღამ თავი მოიკლა. დღეს ის საქართველოს პრეზიდენტია და ისევ აგრძელებს ქვეყნის ნგრევას. ის არის იაგოს კლასიკური მაგალითი, რომელიც ცდილობს, ყველა დააპირისპიროს ერთმანეთთან.

_ დღეს ბევრს საუბრობენ მის განცხადებაზე, რომელიც ფედერალურ ბიუროზე გააკეთა. ამტკიცებს, რომ მისი წარმომადგენლები 26 მაისის დარბევას თვალს ადევნებდნენ. ბევრმა ეს შანტაჟად აღიქვა. ადრე თქვენც თქვით, სააკაშვილი ამერიკას აშანტაჟებსო.

_ აშანტაჟებს. მას უამრავი რამე აქვს სათქმელი. დასავლეთს სააკაშვილი აღარ უნდა, მაგრამ ცდილობს, ის უმტკივნეულოდ გაუშვას. ყველაფერს აკეთებენ, რომ ის არ ალაპარაკდეს. თქვენ რა გგონიათ, ბედუკაძეზე ტყუილად ატყდა ამბავი? სამწუხაროდ, ამას ბიძინა ივანიშვილიც წამოეგო. მთავრობის მეთაური, წესით, არ უნდა ერეოდეს პროკურატურის გადაწყვეტილებაში. სააკაშვილი დასავლეთის დავალებით ითხოვს კბილაშვილის გადაყენებას და ბედუკაძის დასჯას.

_ დასავლეთს რაში აწყობს ეს?

_ ბედუკაძემ ამხილა სისტემა და ამით გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი დევნისაგან. მერაბიშვილსა და ახალაიასაც ბევრი რამის თქმა შეუძლიათ. დასავლეთს ეს არ სურს. ამერიკელებმა გადაწყვიტეს, მათ აჩვენონ, რომ, თუ ალაპარაკდებიან, ციხიდან ვერ გამოვლენ. სათქმელი კი მართლა ბევრი აქვთ. 20 წლის განმავლობაში საქართველოში 20 მილიარდი შემოვიდა. ეს ფული ქვეყანას უნდა მოხმარებოდა. ნაწილი ისევ უკან წავიდა კორუფციული გარიგებით, დანარჩენი კი არასამთავრობოებმა და პოლიტიკოსების ნაწილმა გაიყვეს. ვიღაცამ შეძლება მითხრას, ამერიკაში კორუფცია არ არისო. არ დაიჯეროთ, აბა, იკითხეთ, რამდენს იხდიან ჩვენი მოქალაქეები ამერიკაში წასასვლელ ვიზაში. ეს ყველაფერი მალე გაირკვევა. მე როცა ამერიკელებზე ვსაუბრობ, მხედველობაში 10-15 კაცი მყავს, რომლებსაც მაკეინი და ლიბერმანი უდგანან სათავეში. ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამე-რიკაში არ ჩავიდეს.

_ რატომ არ აწყობთ ივანიშვილის ამერიკაში ჩასვლა?

_ მათ ეშინიათ იმ სიმართლის, რომელიც, შესაძლოა, ამერიკამ გაიგოს. დღეს ივანიშვილს ამერიკის მითითებების შესრულება უწევს. ამის გამო ის თავის ქვეყანაში კარგავს ავტორიტეტს.

 ესაუბრა შორენა მარსაგიშვილი

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *