(geonews.ge)სასამართლომ დაადასტურა, რომ ნაციონალური მოძრაობის უღალატო მსახურია – თემურ შაშიაშვილი

სასამართლომ დაადასტურა, რომ ის ნაციონალური მოძრაობის უღალატო მსახურია, – ეს განცხადება “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გააკეთა და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სულაც არ ასახავს სასამართლოს დამოუკიდებლობას.
შაშიაშვილის განცხადებით, ის გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ ბაჩო ახალაიასთან მიმართებით მიიღო, სასამართლოს თავისუფლების ნიშანი კი არა, არამედ „ქართული ოცნების“ უსუსურობის და, მეორეს მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავხედობის შედეგია”
შაშიაშვილის თქმით, დღეს ქვეყანას მართავს უსუსურთა და თავხედთა ერთობა, რასაც კოაბიტაცია ჰქვია და ამაშია ქვეყნის ტრაგედია.
„ქართული ცნობიერების წინააღმდეგ მომართულნი, უკეთეს კაცს ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე ვერ იპოვიდნენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილია, რომელიც მისი პრეზიდენტად დანიშვნის გამო მონად და მსახურად იქციეს, არ მინდა ვიფიქრო, რომ ვერც უკეთესს იპოვიდნენ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია, რომელიც უნდათ დააჩოქონ მისი მილიარდების გამო“, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.
თეთრების ლიდერის განცხადებით, ქვეყნის მტრებმა სანუკვარი ოცნება აისრულეს, ჩვენ კი ილუზიებით ვცხოვრობთ.
თემურ შაშიაშვილის პროგნოზით „გონებისათვის მიუწვდომლად გათავხედებულმა სააკაშვილმა” ამჟამადაც ცუდი ნიშანი მისცა.
”მისი პროვოკაცია აგვისტოს ახალ ტრაგედიად შეიძლება გვექცეს. გადასარჩენია ქვეყანა და მთავარი ამ პროცესში ხალხია. ამ ბრძოლაში ღირსებით დადგება „სახალხო კრება“. საერთო გამარჯვებაში დიდი როლის შესრულება ჯერ კიდევ შეუძლია ბატონ ივანიშვილს. ეს უახლოეს პერიოდში მის ქმედებებზეა დამოკიდებული”, – აღნიშნავს თემურ შაშიაშვილი და ამ მდგომარეობიდან გამოსავალს სკამისათვის ბრძოლაში დანაწევრებულების ქვეყნისათვის გაერთიანებას ხედავს.



