(ინტერპრესნიუსი) რეგიონში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მინისტრები საქართველოშია

ekonimika“საქართველოში ერთი რიგითი მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 7 875 ლარს (საშემოსავლოს დაქვითვით 6 300 ლარი) შეადგენს, რუსეთში მინისტრის საშუალო ხელფასი 62 ათას რუბლს, ანუ დაახლოებით 3 100 ლარს უტოლდება, აზერბაიჯანში მინისტრის ყოველთვიური სარგო 1 500 აზერბაიჯანული მანათი, დაახლოებით, 3 100 ლარია, სომხეთში კი – 300 000 დრამი, დაახლოებით, 1 225 ლარია, ბელორუსში კი მინისტრების ხელფასი 1 500 დოლარი, დაახლოებით 2 475 ლარს უტოლდება. გამოდის, რომ ახლო და შორეულ სამეზობლოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მინისტრები საქართველოშია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “რეგიონში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მინისტრები საქართველოშია” / “ნებისმიერი ქართველი მინისტრი უფრო მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე მისი აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგა ერთად”.

“მოკლედ, დავიწყოთ რუსეთით. როგორც რუსული მედია წერს, 2012 წლის მონაცემებით, რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ყოველთვიური შემოსავალი 275 ათას რუბლს, დაახლოებით, 13,7 ათას ლარს შეადგენდა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელფასი კი 482 568 რუბლს, დაახლოებით, 24,1 ათას ლარს. რაც შეეხება მინისტრებს, აღმოჩნდა, რომ რუსეთში მინისტრების ხელფასი დიფერენცირებულია. მაგალითად, თუ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოველთვიური შემოსავალი 59,2 ათას რუბლს, დაახლოებით, 2 960 ლარს შეადგენს, შს მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 76,7 ათასი რუბლი, დაახლოებით, 3 835 ლარია. სხვა მინისტრების საშუალო ხელფასი კი 62 ათას რუბლს, დაახლოებით, 3 100 ლარს უტოლდება”, – აღნიშნავს გამოცემა.

“აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ყოველთვიური ხელფასი 16,5 ათას დოლარს, დაახლოებით, 27 ათას ლარს შეადგენს. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არის 1 925 აზერბაიჯანული მანათი, დაახლოებით, 3 942 ლარი, მინისტრებისა – 1 500 მანათი, დაახლოებით, 3 080 ლარი. მინისტრის პირველი მოადგილის – 1000 მანათი, დაახლოებით, 2 048 ლარი. მინისტრის მეორე, მესამე და ა.შ. მოადგილეებისთვის ყოველთვიური ხელფასი 875 მანათს, დაახლოებით, 1 791 ლარს არ აღემატება. სომხეთის პრეზიდენტის ხელფასი 400 000 დრამია (დაახლოებით 1 632 ლარი), პრემიერ-მინისტრს 350 000 დრამი (დაახლოებით 1 428 ლარი) ეძლევა, ხოლო მინისტრის ხელფასი 300 000 დრამს (დაახლოებით 1 225 ლარი) უტოლდება. მინისტრების პირველი მოადგილეების ყოველთვიური შემოსავალი კი 220 ათასს დრამს (დაახლოებით 890 ლარი) შეადგენს”, – წერს სტატიის ავტორი.

“რაც შეეხება უკრაინას, იქ პრემიერ-მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 33 ათას გრივნას, დაახლოებით 6,6 ათას ლარს შეადგენს, თუმცა ხელზე პრემიერი მხოლოდ 28 ათას გრივნას, ანუ 5,6 ათას ლარს იღებს. თითქმის ასეთივე ოდენობით ხელფასი აქვთ სხვა მინისტრებსაც. გამონაკლისი მხოლოდ უკრაინის ფინანსთა მინისტრია, რომლის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 40 ათას გრივნას, დაახლოებით, 8 ათას ლარს შეადგენს. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის ხელფასს, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2012 წელს იანუკოვიჩმა ხელფასის სახით დაახლოებით 100 ათასი დოლარი მიიღო. შესაბამისად, მისი საშუალო ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 8,3 ათასი დოლარით, დაახლოებით 13,7 ათასი ლარით განისაზღვრა. კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყნის, ბელორუსის პრეზიდენტის ხელფასი კი იანუკოვიჩის ყოველთვიურ საპრეზიდენტო შემოსავალთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია. ბელორუსული მედიის ცნობით, ლუკაშენკოს ოფიციალური ხელფასი 2 750 დოლარი, დაახლოებით, 4,5 ათასი ლარია. პრემიერ-მინისტრი 1500 დოლარს, დაახლოებით, 2 475 ლარს იღებს. დანარჩენი მინისტრების ხელფასი კი 1000-დან 1300 დოლარამდე მერყეობს. თუმცა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ბელორუსელი მინისტრების ხელფასი, შესაძლოა, 2-დან 3 ათას დოლარამდე (დაახლოებით 3,3-4,9 ათასი ლარი) გაიზარდოს”, – წერს სტატიის ავტორი.

“რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან პრეზიდენტის ყოველთვიური ხელფასი 4 720 ლარს შეადგენს, მინისტრებისა კი – 7 875 ლარს (საშემოსავლოს დაქვითვით – 6 300 ლარი). არადა, სულ რაღაც 5-6 თვის წინათ ერთი რიგითი მინისტრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო სულ რაღაც 3 540 ლარს შეადგენდა. შესაბამის ბრძანებას ბიძინა ივანიშვილმა 15 მარტს მოაწერა ხელი. “საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის #54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მინისტრებს (სახელმწიფო მინისტრებს) საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესდეთ დანამატი თითოეულს თვეში 4335 (ოთხი ათას სამას ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით”, – წერია ბრძანებაში.

“აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მაშინ საზოგადოებაში მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განმარტა, მოქმედი მინისტრების ხელფასები ძველი მინისტრების 2012 წლის შემოსავალთან შედარებით, არათუ გაიზარდა, პირიქით, მნიშვნელოვნად შემცირდა კიდეც. ხადური ირწმუნებოდა, რომ 2011 წელს მინისტრების საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისთვის მიღებული დასაბეგრი საშუალო შემოსავალი (ხელფასი და პრემია) შეადგენდა 7 372 (ხელზე 5 898) ლარს, რაც 503 ლარით ჩამოუვარდება 2013 წლიდან მინისტრის საშუალო ყოველთვიურ დასაბეგრ შემოსავალს, ანუ 7 875 ლარს (ხელზე – 6 300 ლარი). ექსპერტების აზრით, კარგია, რომ მინისტრები ყოველთვიურ პრემიებს აღარ აიღებენ, თუმცა მათი ხელფასები საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასზე, დაახლოებით, 8-10-ჯერ მაღალია. უფრო სერიოზული პრობლემაა ის, რომ საქართველოში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა ძალიან ცოტაა. ეს კი მაშინ, როცა საქართველოში საარსებო მინიმუმი 150 ლარით განისაზღვრება. მინისტრის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება კი საარსებო მინიმუმს 50-ჯერ აღემატება. ამასთან, მინისტრის ხელფასი 8-10-ჯერ მეტია საქართველოში არსებული საშუალო ხელფასის მაჩვენებელზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში საშუალო ხელფასი 705 ლარია, ანუ მინისტრის ხელფასი ამ მაჩვენებელს 9-ჯერ აღემატება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ საშუალო ხელფასის დათვლის მეთოდოლოგიას, რეალურად საქართველოში უფრო დაბალი საშუალო ხელფასია”, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

“კერძოდ, განვითარებულ ქვეყნებში საშუალო ხელფასის დაანგარიშებისას გამორიცხავენ მაღალანაზღაურებადი ადამიანების ხელფასებს (ცნობილი მსახიობები, ადვოკატები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები). საქართველოში კი საშუალო ხელფასის გაანგარიშებისას შედის იმ მაღალანაზღაურებადი ადამიანების ხელფასებიც (მაგალითად, მარეგულირებელი კომისიების თავმჯდომარეები და მისი წევრები, ბანკირები და უცხოელი მოწვეული სპეციალისტების ხელფასებიც კი), რომელთა ოდენობა წელიწადში 1-2 მილიონი ლარია. თუ ამ სეგმენტს გამოვაკლებთ, საშუალო ხელფასი გაცილებით ნაკლები აღმოჩნდება, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი მინისტრის ხელფასს თითქმის 15-ჯერაც კი ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, სადაც 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 700 ლარზე მეტი ხელფასი, დაახლოებით, 210 ათას ადამიანს აქვს, 700 ლარზე ნაკლები ხელფასი კი – 400 ათას ადამიანს. ექსპერტის სოსო არჩვაძის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტის ხელფასი რიგითი ამერიკელის საშუალო ხელფასს 8-ჯერ აღემეტება, ამერიკელი მინისტრების ხელფასი კი – 6-7-ჯერ. “უფრო მწვავე პრობლემად განვიხილავ იმას, რომ საქართველოში ხელფასის ამღებთა რაოდენობა ძალიან მცირეა”, – ამბობს სოსო არჩვაძე.

გაზეთი “რეზონანსის” მასალის მიხედვით

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *