(ახალი თაობა) დავით აღმაშენებლის ძეგლი ვარდების მოედანზე უნდა დაბრუნდეს

davitoალბათ, ყველას გახსოვთ, ხელისუფლებაში მოსული სააკაშვილი თავის თავს ხშირად დავით აღმაშენებელს ადარებდა. მერე ეტყობა, მიხვდა, რომ დავითობა არც ისე იოლი ყოფილა და დიდ მეფეს ოპოზიციაში ჩაუდგა. ყოვლ შემთხვევაში მისი ძეგლები თბილისისა და ქუთაისის ცენტრებიდან გადაიტანა.

თბილისში, სადაც დიდი მეფის ძეგლი იდგა, ველოდიპედის ძეგლი წამოჭიმეს,ქუთაისში კი,დავით აღმაშენებლის მოედნიდან სადგურის მოედანზე გადაიტანეს და ლენინის ძეგლის ადგილზე,”ბელადის’კვარცხლბეკზე დადგეს…ქუთაისშივე დავით აღმაშენებლის პროსპექტზე 1997 წელს დიდი მწერლის ოტია იოსელიანის მიერ შექმნილი ხეივანი გაანადგურეს და ველოტრასა მოაწყვეს…

“საქართველოს ხალხთა ასამბლეა” “ვარდების მოედნისთვის” დავით აღმაშენებლის სახელის დარქმევისა და დავით აღმაშენებლის ძეგლის აღნიშნულ მოედანზე დაბრუნების ინიციატივით გამოდის.

– ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ უდიდესი მოღვაწე, დიდი ქართველი, მსოფლიოში აღიარებული მოქანდაკე ბატონი მერაბ ბერძენიშვილი ასამბლეის მეგობარია და მიგვაჩნია, რომ ბერძენიშვილის ეს ქმნილება თბილისის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე უნდა დაბრუნდეს და აღნიშნულ მოედანს დავით აღმაშენებლის სახელი უნდა ეწოდოს, – განაცხადა “პრაიმ -თაიმის” პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ფერდინანდ ლორთქიფანიძემ.

მისივე ცნობით, “საქართველოს ხალხთა ასამბლეა:” ჟენევის კონვენციით მოსკოვში იყო დარეგისტრირებული. გუშინ ორგანიზაცია ოფიციალურად დარეგისტრირა საქართველოში, თბილისი. საპრეზიდენტო არცევნების შემდეგ კი ორგანიზაცია საქართველოში დიდი კონგრესის ჩატარებას გეგმავს. “საქართველოს ხალხთა ასამბლეაში” აცხადებენ, რომ ეს პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს არა მხოლოდსაქართველოში, არამედ ოსეთის, რუსეთის და საერთოდ კავკასიის რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე.

ძეგლის ძველ ადგილას დაბრუნების აუცილებლობაზე რამდენიმე დღის წინ საგანგებო მიმართვა გაავრცელა თემურ შაშიაშვილმა. სხვათაშორის, ის აწყობდა აქციებს ძეგლისგადატანის წინააღმდეგ. პარტია “ტეთრების” ლიდერი ფიქრობს, რომ ძეგლის დაბრუნებით ღირსების დაბრუნებაც დაიწყება.
– სახელწმიფოსათვის აგვისტოსთან დიდი ამაღლებაც არის დაკავშირებული და დიდი დაცემაც.
მეფეთ-მეფე დავით აღმაშენებელმა 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორზე აამაღლა საქართველო და, პირდაპირ ვთქვათ, გადაარჩინა ევროპული ცივილიზაცია.

სახელმწიფო საბჭოს მეთაურმა შევარდნაძემ 1993 წლის 15 აგვისტოს გაუაზრებლად დაიწყო სამხედრო ოპერაცია აფხაზეთში, რასაც ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოჰყვა.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წამოეგო პროვოკაციას და გადადგა ანტიქართული , ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი – 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო ცხინვალის დაბომბვა. რამაც საქართველოსთვის დამანგრეველი როლი ითამაშა.

შემთხვევით არაფერი ხდება. როცა ხალხი უფლებას ვაძლევთ ხელისუფალს, მოიქცეს ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილი მოექცა დავით აღმაშენებლის ძეგლს თბილისსა და ქუთაისში – ვიღებთ იმას, რა ყოფაშიც ვართ.

წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლისადმი დამოკიდებულებაში ხელისუფალმა ჩაიდინა უკანონობაც, გამოხატა ხალხისადმი უპატივცემულობა, მოიქცა უზნეოდ, ჩაიდინა მკრეხელობა. მძიმე შეფასებები გავაკეთე, მაგრამ გავაანალიზოთ და დავფიქრდეთ:

პირველი – მსოფლიო გამოცდილებით წმიდანთა ძეგლის დადგმის, მისი გადაადგილების, თუ აღების გადაწყვეტილებას იღებს სასულიერო იერარქიის უმაღლესი ორგანო, უმაღლესი სასულიერო პირი. დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმა როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში მოხდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.

დაუჯერებელია, მაგრამ, სამწუხაროდ ფაქტია, რომ ძეგლის გადატანა მოხდა პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე.

ეს არის მკრეხელობა.

მეორე – მსოფლიო გამოცდილებით ნებისმიერ ქვეყანაში , ნებისმიერი ფორმაციის დროს ძეგლის, მით უფრო მეფის ძეგლის დადგმის, გადაადგილების და აღების გადაწყვეტილებას იღებს ქვეყნის უმაღლესი საერო ხელისუფალი.

როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში ძეგლის დადგმა მოხდა პრეზიდენტის ბრძანებულებით.

დაუჯერებელია, მაგრამ, სამწუხაროდ ფაქტია, რომ ძეგლის გადატანის გადაწყვეტილება არათუ პრეზიდენტს არ მიუღია, არამედ არც ერთ სახელისუფლებო ორგანოს. არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ძეგლის გადატანის გადაწყვეტილებას.

ეს არის უკანონობა.

მესამე – მსოფლიო გამოცდილებით, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ძეგლის დადგმის, გადატანის და აღების თაობაზე ეთათბირებიან მოსახლეობას, უფრო მეტიც, რეფერენდუმებს ატარებენ.

დაუჯერებელია, მაგრამ, სამწუხაროდ ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობისათვის არც თბილისში და არც ქუთაისში არაფერი უკითხავთ ძეგლი ისე გადაიტანეს.

ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, ხალხის უპატივცემულობა და აბუჩად აგდება.

მეოთხე – ანუ ის, რასაც ქვია ხელისუფალის უზნეობა. თბილისში დავით აღმაშენებლის ძეგლის ავტორი არის მსოფლიოში ცნობილი მოქანდაკე, ეროვნული სულის კაცი მერაბ ბერძენიშვილი. არქიტექტორი – ტონი კალანდარიშვილი, ქუთაისში ძეგლის ავტორია აწ გარდაცვლილი, ასევე დიდ მოქანდაკედ აღიარებული ელგუჯა ამაშუკელი. მისი მეუღლე გახლავთ გამორჩეული პოეტი, ასევე დიდი ეროვნული განწყობის პიროვნება ლია სტურუა. ძეგლის არქიტექტორი – ვახტანგ დავითაია.

არც მერაბ ბერძენიშვილისათვის და არც ელგუჯა ამაშუკელის ოჯახისთვის არ უკითხავთ ძეგლების გადაადგილება.

ძნელია ანალოგი მოუძებნო ხელისუფალის ასეთ თავხედობას, როცა ერთდროულად საქმე გვაქვს მის მკრეხელობასთან, უკანონობასთან, უზნეობასთან, ხალხისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებასთან.

სამართლიანობა უნდა აღდგეს. ძეგლი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც ის აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სადაც მოხდა მისი დადგმა ავტორებთან შეთანხმებით და მათი ნება-სურვილით, სადაც ხალხი თვლიდა და თვლის, რომ უნდა იდგეს წმიდა მეფის ძეგლი – შუაგულ ქალაქში.

ჩვენ ეს პოზიცია გვქონდა, არ შეგვიცვლია და 5 აგვისტოს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პრაიმ-თაიმის პრესკლუბში.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს იმართება ახლადარჩეული თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრა არქიტექტორებთან. მისასალმებელია დათათბირების ასეთი კულტურის დამკვიდრება თბილისის საკანონმდებლო ორგანოში. მინდა ვიფიქრო, რომ ეს საგანგებო განხილვის საგანი იქნება და არ ვეჭვობ, რომ გადაწყვეტილებაც ღირსეული იქნება მიღებული: დავით აღმაშენებლის ძეგლი დაბრუნდება მის კუთვნილ ადგილზე და მოედანს დაერქმევა დავით აღმაშენებლის მოედანი, როგორც ეს ხალხმა დაარქვა 1995 წლიდან და უარყოფილი იქნება საკრებულოს წევრთა ერთი ნაწილის მოსაზრება ყოფილი რესპუბლიკის მოედნისათვის და დღეს „ვარდების რევოლუციის“ მოედნისათვის „ევროპის მოედნის“ სახელის მინიჭების თაობაზე.

ჩვენ ამ იმედით ვართ და ეჭვი არ გვეპარება,რომ 12 აგვისტოს სწორედ დავით აღმაშენებლის მოედნიდან გავემგზავრებით დიდგორზე, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ქართველთა დიდი გამარჯვება დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით. ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით, რომ დიდგორის გამარჯვებამ გადაარჩინა ევროპული ცივილიზაციაც.

ჩვენ ამ განცხადებას შეგნებულად ვაკეთებთ საქართველოს ტრაგედიის დღეს, 8 აგვისტოს – ეს არის ჩვენი ფიქრი მომავლის საქართველოზე, საქართველოს იმ სიმაღლეზე, რომლის აღება შეძლო დავით აღმაშენებლის საქართველომ აგვისტოში ათი საუკუნის წინ, – ნათქვამია თემურ შაშიაშვილის განცხადებაში.
ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი ხელისუფლაბა. ნაციონალები ამტკიცებენ, რომ აღმაშენებლის ძეგლი იქ უნდა დარჩეს, სადაც ეხლა დგას.

შორენა მარსაგიშვილი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *