(geonews.ge) „საქართველოს ხალხთა ასამბლეამ“ თბილისის საკრებულოს განცხადებით მიმართა

„საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ თბილისის საკრებულოს  „ვარდების მოედანზე“ დავით აღმაშენებლის ძეგლის დაბრუნებისა და მოედნისთვის მისი სახელის მოთხოვნით განცხადებით მიმართა. დავით აღმაშენებლის ძეგლის პირვანდელ ადგილზე დაბრუნების თაობაზე, „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“, „ქართულ ოსური მისიის“, ქართველ ჩოხოსანთა საზოგადოების, პარტია „თეთრებისა“ და მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება დღეს გააკეთეს.

„ამ განცხადებას დიდგორზე გამგზავრების წინ ვაკეთებთ ზუსტად იმ ადგილზე, სადაც 1995 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, პრეზიდენტის ბრძანებულებით, ძეგლის ავტორებთან – მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილთან და არქიტექტორ ტონი კალანდარიშვილთან შეთანხმებით და თბილისელთა დიდი ნაწილის სურვილით აღიმართა დიდი მეფის ძეგლი. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უგულებელყო რა ყოველივე ზემოთაღნიშნული, ძეგლი სხვა ადგილზე გადაიტანა, რითაც ჩაიდინა უკანონობა, გამოხატა ხალხისადმი უპატივცემულობა, მოიქცა უზნეოდ, ჩაიდინა მკრეხელობა.

ჩვენ ვითხოვთ: პირველი – შეიქმნას კომისია საკრებულოს წევრთა და საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც შეისწავლის, თუ ვისი და რომელი გადაწყვეტილებით იქნა გადატანილი ძეგლი, რომელიც ამ ადგილზე აღმართული იყო საერო და სასულიერო კანონების სრული დაცვით. მეორე – აღდგეს სამართლიანობა და ძეგლი დაბრუნდეს იმ ადგილზე, სადაც ის აღმართული იყო და მოედანს ეწოდოს „დავით აღმაშენებლის მოედანი“.

„საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრესცენტრის ინფორმაციით, საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, პლებისციტის ან რეფერენდუმის  ჩატარების საკითხს დააყენებენ.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *