(sazogadoeba.ge)მიმართვა თბილისის საკრებულოს

5293sakrebuloდღეს, დიდგორობას, „ვარდების მოედანზე“, იქ სადაც აღმართული იყო დავით აღმაშენებლის ძეგლი, „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“, „ქართულ ოსური მისიის“, ქართველ ჩოხოსანთა საზოგადოების, პარტია „თეთრებისა“ და მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზის წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოს ერთობლივი განცხადებით მიმართეს.

განცხადებაში ნათქვამია:

„ამ განცხადებას დიდგორზე გამგზავრების წინ ვაკეთებთ ზუსტად იმ ადგილზე, სადაც 1995 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, პრეზიდენტის ბრძანებულებით, ძეგლის ავტორებთან – მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილთან და არქიტექტორ ტონი კალანდარიშვილთან შეთანხმებით და თბილისელთა დიდი ნაწილის სურვილით აღიმართა დიდი მეფის ძეგლი. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უგულებელყო რა ყოველივე ზემოთაღნიშნული, ძეგლი სხვა ადგილზე გადაიტანა, რითაც ჩაიდინა უკანონობა, გამოხატა ხალხისადმი უპატივცემულობა, მოიქცა უზნეოდ, ჩაიდინა მკრეხელობა.

ჩვენ ვითხოვთ: პირველი – შეიქმნას კომისია საკრებულოს წევრთა და საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც შეისწავლის, თუ ვისი და რომელი გადაწყვეტილებით იქნა გადატანილი ძეგლი, რომელიც ამ ადგილზე აღმართული იყო საერო და სასულიერო კანონების სრული დაცვით. მეორე – აღდგეს სამართლიანობა და ძეგლი დაბრუნდეს იმ ადგილზე, სადაც ის აღმართული იყო და მოედანს ეწოდოს „დავით აღმაშენებლის მოედანი“.

განცხადების ავტორები მოითხოვენ საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, გაიმართოს პლებისციტი, ან რეფერენდუმი ამ საკითხთან დაკავშირებით.

განცხადება დღესვე ჩაბარდა თბილისის საკრებულოს კანცელარიას.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *