(geotimes.ge)„სახალხო კრების“ მხარდაჭერით ხვალ „ზესტაფონის გადარჩენის“ აქცია გაიმართება

ზესტაფონის თეატრსა და თეატრალურ მოედანზე „სახალხო კრების” მხარდაჭერითა და მონაწილეობით, ხვალ „ზესტაფონის გადარჩენის” აქცია გაიმართება.

როგორც geotimes.ge-ს “თეთრების” პრეს-სამსახურიდან” აცნობეს, დოკუმენტი სახელწოდებით „მოწვევა ზესტაფონისთვის” საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მინისტრებსა და დეპუტატებს უკვე დაეგზავნათ.

„ზესტაფონი იწყებს დიდ მოძრაობას საქართველოსათვის. ეს იქნება სამამულო ბრძოლა ბიზნესში მოპარპაშე მეჯღანუაშვილების და პოლიტიკაში გადავარდნილი ყვარყვარეების ეპოქის დასრულებისათვის” – აღნიშნულია მოსაწვევში.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „სახალხო კრების” თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, „სახალხო კრება” საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, მოუწოდებს ღონისძიებას შეუერთდნენ.

„სულიდან ხორცამდე შემძვრელი ამბები, რაც დღეს ზესტაფონში ხდება, არა მხოლოდ ზესტაფონის, მთელი ერის საქმეა და სანამ ბაცილა მთელს სივრცეს მოედებოდეს, ერმა ის უნდა აღკვეთოს” – განაცხადა „სახალხო კრების” ერთ-ერთმა ლიდერმა რეზო ესაძემ.

„სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრის, პარტია „თეთრების” ლიდერის თქმით, კი საქმე ქვეყნის ეკონომიკურ ხერხემალს ეხება.

„ზესტაფონი – ჭიათურა -ტყიბული, რომელიც არის უზნეო ფულიანთა ხელში. ჩვენ გვსურს ეკონომიკა გამოვგლიჯოთ ხელიდან ნომენკლატურულ-პარტიულ ელიტას, ანუ დანიშნულ ბიზნესმენებს, რომლებიც ფაქტიურად აკონტროლებენ დღეს საქართველოს ეკონომიკის 90%-ს. სწორედ ამის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას ზესტაფონი. დავუდგეთ გვერდით ზესტაფონელებს. ნუ შეგვეშინდება იქ მისვლის. ისინი დიდ სიტყვას იტყვიან სრულიად საქართველოსთვის”- განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

ეკა გაზდელიანი, geotimes.ge
Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *