(news.ge)ზესტაფონის გადარჩენის აქცია

ზესტაფონში დღეს, „სახალხო კრების“ ორგანიზებით ზესტაფონის გადარჩენის აქცია გაიმართება. აქცია 13:00 საათზე ზესტაფონის თეატრსა და მოედანზე შედგება.
აღნიშნულ ღონისძიებაზე მიწვეული არიან ქვეყნის პრემიერი, მინისტრები და პარლამენტარები. მოწვევაში მოწვევაში ნათქვამია, რომ ზესტაფონი იწყებს დიდ მოძრაობას საქართველოსათვის.
„გვიერთდება ხალხი ტყიბულიდან, ჭიათურიდან, თერჯოლიდან და ფოთიდან, იმედი გვაქვს ცენტრალური ხელისუფლებიდანაც ჩამოვლენ. ამ შეხვედრაზე დიდ იმედებს ვამყარებთ,“ – ამბობს ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის წევრი ნინო ნიკაჭაძე.
„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური ხერხემალი-ზესტაფონი, ჭიათურა და ტყიბული უზნეო ფულიანთა ხელშია. მოძრაობის მიზანი კი ამის წინააღმდეგ ბრძოლაა.
„ჩვენ გვსურს ეკონომიკა გამოვგლიჯოთ ხელიდან ნომენკლატურულ-პარტიულ ელიტას, ანუ დანიშნულ ბიზნესმენებს, რომლებიც ფაქტიურად აკონტროლებენ დღეს საქართველოს ეკონომიკის 90% -ს. სწორედ ამის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას ზესტაფონი,“ – ამბობს შაშიაშვილი.



