(live.ge)სახალხო კრების მხარდაჭერით დღეს „ზესტაფონის გადარჩენის“აქცია გაიმართება

„სახალხო კრების“ მხარდაჭერითა და მონაწილეობით, დღეს, ზესტაფონის თეატრსა და თეატრალურ მოედანზე გაიმართება ზესტაფონის გადარჩენის აქცია.
როგორც პრაიმ-ნიუსს აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, „მოწვევა ზესტაფონისავის“ – ამ სახელწოდების დოკუმენტში, რომელიც დაეგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, ყველა დეპუტატს, ნათქვამია: „ზესტაფონი იწყებს დიდ მოძრაობას საქართველოსათვის. ეს იქნება სამამულო ბრძოლა ბიზნესში მოპარპაშე მეჯღანუაშვილების და პოლიტიკაში გადავარდნილი ყვარყვარეების ეპოქის დასრულებისათვის.“
„სახალხო კრება“ მხარს უჭერს და მიესალმება ამ ღონისძიებას და მოვუწოდებთ ყველას, საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, შეუერთდნენ მას, – განაცხადა „სახალხო კრების“ თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა.
„დღეს საუბარია ქვეყნის ეკონომიკურ ხერხემალზე: ზესტაფონი – ჭიათურა -ტყიბული, რომელიც არის უზნეო ფულიანთა ხელში… ჩვენ გვსურს ეკონომიკა გამოვგლიჯოთ ხელიდან ნომენკლატურულ-პარტიულ ელიტას, ანუ დანიშნულ ბიზნესმენებს, რომლებიც ფაქტიურად აკონტროლებენ დღეს საქართველოს ეკონომიკის 90% -ს. სწორედ ამის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას ზესტაფონი. დავუდგეთ გვერდით ზესტაფონელებს. ნუ შეგვეშინდება იქ მისვლის. ისინი დიდ სიტყვას იტყვიან სრულიად საქართველოსთვის!“- აცხადებს „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი, პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი



