ზესტაფონში ჩატარდა სახალხო შეკრება “ზესტაფონის გადარჩენისათვის”

 

kreba 22დღეს ზესტაფონში ჩატარდა მასშტაბური სახალხო შეკრება „ზესტაფონის გადარჩენისათვის“.

„ზესტაფონი იწყებს დიდ მოძრაობას საქართველოსათვის. ეს იქნება სამამულო ბრძოლა ბიზნესში მოპარპაშე მეჯღანუაშვილების და პოლიტიკაში გადავარდნილი ყვარყვარეების ეპოქის დასრულებისათვის.“ –  ნათქვამია აქციის მონაწილეთა მიმართვაში, რომელიც ჩატარდა  „ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის“ ორგანიზებით და „სახალხო კრების“ მხარდაჭერით.

ათასკაციან  შეკრებას  ესწრებოდნენ არა მარტო ზესტაფონელები, არამედ  წარმომადგენლებიი საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან:  ქუთაისიდან, ფოთიდან ტყიბულიდან, ჭიათურიდან, რუსთავიდან, ბათუმიდან.

სამწუხაროდ, აქციას არ დასწრებიან პრემიერ მინისტრი და მთავრობის წევრები, ასევე დეპუტატები, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს  მოწვევა რამდენიმე დღის წინ გაეგზავნა.

„სახალხო კრებას“ წარმოადგენდნენ აღმასრულებელი საბჭოს წევრები პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, გია ბურჯანაძე და პროფესორი ჯანო ჯანელიძე დაესწრნენ და მხარი დაუჭირეს ზესტაფონელებს.

“თეთრების” ლიდერმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები შეკრებას არ დასწრებიან. „მინდა ვიფიქრო, რომ ისინი  გაეცნენ აღნიშნულ დოკუმენტს და ჯეროვნად შეაფასებენ მას. მწამს, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები, როგორც ქვეყნის ჭეშმარიტი გულშემატკივრები, გულიანი ადამიანები, დაინტერესდებიან ზესტაფონელების პრობლემებით და დროულად მოახდენენ მათზე რეაგირებას.“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

აქციის მონაწილეებმა  მიმართეს „ქართული ოცნებას“ ,  რათა   1 ოქტომბერს, არჩევნების წლისთავზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ქალაქსა და რაიონში მოეწყოს სახალხო – საჯარო შეკრებები, სადაც კოალიცია „ქართული ოცნების” წარმომადგენლები (დეპუტატები, გამგებლები) მოსახლეობას საჯაროდ ჩააბარებენ ანგარიშს   გაწეული საქმიანობისა და წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების შესახებ. თავის მხრივ „სახალხო კრებამ“ მზადყოფნა გამოხატა, იყოს თანამომხსენებილი აღნიშნულ შეხვედრებზე.

ამავე დროს „სახალხო კრების“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს ზესტაფონის ფეროსა და ჭიათურმანგანუმის ინვესტორებთან შეხვედრის სურვილი, რათა მათგან მოითხოვონ  თანამშრომელთათვის ისეთივე პირობების შექმნა, როგორიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია, განსაკუთრებით უკრაინაში – დონბასში.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სექტემბრის დასაწყისში მოეწყობა საპროტესტო აქციები ზესტაფონის გამგეობასთან და ფეროს ქარხნის ადმინისტრაციულ შენობასთან.

დაისვა საკითხი, რათა მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა დეპუტატის გამოწვევისა მისი საქმიანობის  უარყოფითად შეფასების შემთხვევაში და ამ მიზნით  შეტანილი იქნას შესწორება შესაბამის კანონში.

ზესტაფონში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით დღევანდელი შეკრების მონაწილეებმა თხოვნით მიმართეს  ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რათა უახლოეს მომავალში შეხვდეს  „ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის“ წარმომადგენლებს.

დაბოლოს, დღევანდელი აქციის ყველა მონაწილე როგორც საჯარო გამოსვლებში, ასევე პირად საუბრებში აღნიშნავდნენ, რომ ის, რაც დღეს ხდება ზესტაფონში, შეუძლებელი იქნებოდა ადგილობრივი მაფიისადმი მაღალი სახელისუფლო ეშელონების წარმომადგენელთა მხარდაჭერის გარეშე.

ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ პრემიერთან შეხვედრის შემთხვევაში მზად არიან  პირადად გააცნონ მისი როგორც  სახელისუფლო, ასევე სანათესაო გარემოცვის იმ წარმომადგენელთა ვინაობა, ვინც მჭიდრო კავშირშია ზესტაფონის მაფიასთან.

თუ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა არ შედგა, კომიტეტის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ ამ პირთა ვინაობას გაასაჯაროებენ.

 

“თეთრების” პრეს-ცენტრი

13.08.2013წ

 

 

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *