(topnews.ge) ზესტაფონის გადარჩენის აქციას მთავრობის წევრები არ შეუერთდნენ

kreba 22

ზესტაფონის გადარჩენის აქცია ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაესწრნენ. აქციამ, რომელიც დღეს ზესტაფონის თეატრში „ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის“ ორგანიზებით და „სახალხო კრების“ მხარდაჭერით  გაიმართა, პრემიერისა და მთავრობი წევრების მონაწილეობის გარეშე ჩაიარა.

აქციას ზესტაფონის მოსახლეობის გარდა, ქუთაისიდან, ფოთიდან ტყიბულიდან, ჭიათურიდან, რუსთავიდან და ბათუმიდან ჩამოსული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

„სამწუხაროდ, აქციას არ დასწრებიან პრემიერ მინისტრი და მთავრობის წევრები, ასევე დეპუტატები, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს  მოწვევა რამდენიმე დღის წინ გაეგზავნა. გვწამს, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები, როგორც ქვეყნის ჭეშმარიტი გულშემატკივრები, გულიანი ადამიანები, დაინტერესდებიან ზესტაფონელების პრობლემებით და დროულად მოახდენენ მათზე რეაგირებას“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის მონაწილეებმა  „ქართული ოცნებას“  მიმართეს, რომ  1 ოქტომბერს, არჩევნების წლისთავზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, სახალხო – საჯარო შეკრებები მოაწყოს, სადაც კოალიციის წარმომადგენლები მოსახლეობას  გაწეული საქმიანობისა და წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების შესახებ ანგარიშს ჩააბარებენ.  გარდა ამისა, დაისვა საკითხი, რომ მოქალაქეებს მიეცეთ დეპუტატის გამოწვევის საშუალება მისი საქმაიანობის უარყოფითად შეფასების შემთხვევაში.

აქციის მიმდინაროებისას  გადაწყდა, რომ სექტემბრის დასაწყისში მოეწყობა საპროტესტო აქციები ზესტაფონის გამგეობასთან და ფეროშენადნობი ქარხნის ადმინისტრაციულ შენობასთან. ხოლო შეკრების მონაწილეებმა თხოვნით მიმართეს პრემიერს, რომ  უახლოეს მომავალში  „ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის“ წარმომადგენლებს შეხვდეს.

„ დღევანდელი აქციის ყველა მონაწილე როგორც საჯარო გამოსვლებში, ასევე პირად საუბრებში აღნიშნავდნენ, რომ ის, რაც დღეს ხდება ზესტაფონში, შეუძლებელი იქნებოდა ადგილობრივი მაფიისადმი მაღალი სახელისუფლო ეშელონების წარმომადგენელთა მხარდაჭერის გარეშე.ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ პრემიერთან შეხვედრის შემთხვევაში მზად არიან  პირადად გააცნონ მისი როგორც  სახელისუფლო, ასევე სანათესაო გარემოცვის იმ წარმომადგენელთა ვინაობა, ვინც მჭიდრო კავშირშია ზესტაფონის მაფიასთან. თუ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა არ შედგა, კომიტეტის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ ამ პირთა ვინაობას გაასაჯაროებენ,“ – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *