( ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი: `მერაბ სამადაშვილს მილიონები ირაკლი ოქრუაშვილმა აშოვნინა”

 

რას ითხოვენ ზესტაფონელები ივანიშვილისაგან

 

IMG_3473ახალი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება. აქამდე მოსახლეობა, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით, ყველაფერს გაგებით ეკიდებოდა. თუმცა როცა კოაბიტაციამ ძალიან საეჭვო სახე მიიღო, ხალხმა დუმილი დაარღვია და ხელისუფლებისგან პასუხი მოითხოვა. პირველი ასეთი შეკრება ზესტაფონში შედგა. ახლო მომავალში კი ის მთელ საქართველოს მოიცავს. 1 ოქტომბერს მოსახლეობა ხელისუფლებისაგან ელოდება პა¬სუხს, თუ რა გააკეთეს მათ არჩევნებში გამარჯვებიდან ერთი წლის თავზე. დაპირებით კი მართლა ბევრ რამე დაგვპირდნენ.

რას ითხოვენ ზესტაფონელები, რა ღონისძიება გაიმართება პირველ ოქტომბერს, ვის გადარჩენას ემსახურება კოაბიტაცია, რატომ დუმს ივანიშვილი, ამ თემებზე `ახალ თაობას~ პარტია `თეთრების~ თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი ესაუბრება.

თემურ შაშიაშვილი:

_ ამ ბოლო ხანებში ქვეყანაში მნიშვნელოვანი რამ მოხდა, დაირღვა პოლიტიკური სიწყნარე. ძალიან კარგია, რომ ეს სიწყნარე ხალხმა დაარღვია. ახლა ვიღაცა მეტყვის, როდის იყო საქართველოში პოლიტიკური სიწყნარეო. არც არასდროს  ყოფილა, ამ სიწყნარეს მხოლოდ პოლიტიკოსები არღვევდნენ. ახლა კი ეს ხალხმა გააკეთა.

_ თქვენ თქვით, რომ კარგია, პოლიტიკური სიწყნარე ხალხმა რომ დაარღვიაო. რით არის ეს კარგი?

_ 20 წელია, რაც პოპულიზმი, არაპროფესიონალიზმი და აგრესიული სოციალური დემაგოგია ანგრევს საქართველოს. ხალხი უკვე მიხვდა, რომ ვინც მეტს ყვირის, თქვენზე ვიზრუნებო, მით უფრო ცუდად არის საქმე. სოციალური დემაგოგია მოქკავშირმა დანერგა, აღორძინებამ კიდევ უფრო განავითარა, ნაციონალების დროს კი მან რაღაც არნახულ სიმაღლეებს მიაღწია. ქვეყანა ამ დემაგოგიიდან ვეღარ გამოდის და ამ ფონზე ძალიან კარგია, რომ ხალხმა პოლიტიკური სიწყნარე დაარღვია. ყველაზე დიდი პოლიტიკური რეფორმა გახლავთ ის, რომ ხალხი იბრუნებს ხელისუფლებას. უკვე ძალიან ბევრი გამგებელი ქუჩაში ვეღარ გამოდის. ამ მხრივ დიდი შემოძახილი გააკეთა ზესტაფონმა. პაპანაქება სიცხეში 1500 კაცი შეიკრიბა. ხალხი მთელი საქართველოდან ჩავიდა. ამ შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილიც იყო მიწვეული. პრემიერი შეხვედრაზე არ მისულა. გვეგონა, რომ ამის გამო ხალხი სახლებში წავიდოდა, ფეხი არავის მოუცვლია. თეატრის დარბაზი გადაიჭედა. შეხვედრის მონაწილეებმა რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მათ დეუტატთა გამოწვევის შესახებ კანონის მიღება მოითხოვეს.

_ სხვათა შორის, მეოცნებეები პარლამენტში მოხვედრამდე ამბობდნენ, რომ პირველ რიგში სწორედ ამ კანონს მიიღებდნენ.

_ არჩევნებამდე ბევრ რამეს ამბობდნენ და ბევრ რამეს გვპირდებოდნენ. ხალხმა დაინახა, რომ ესენი ამ კანონს არ ღებულობენ. ამიტომაც გადაწყვიტეს, თავად მიიღონ ზომები.

_ რა ზომების მიღებას აპირებენ?

_ სექტემბრიდან ძალიან ბევრი დეპუტატის გამოწვევაზე დაიწყება ხელმოწერე-ბის შეგროვება. ძალიან გული მწყდება, გამოსაწვევთა სიაში გოგი ქავთარაძეც რომ მოხვდა. ის ჩვენთან იყო სახალხო კრებაში და დიდ პატივს ვცემ. იმ შეხვედრას ჩემთან ერთად გია ბურჯანაძეც ესწრებოდა. ის ღირსეული და ძლიერი ადამიანია. არჩევნებამდე მას ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა, რამდენიმე რეგიონში კენჭი ეყარა მაჟორიტარად. ამაზე გიამ უპასუხა, მე არასდროს ვიქნები დეპუტატი, ეს არ არის ჩემი საქმე. მისი თქმით, პარლამენტში პოლიტიკოსები უნდა იყვნენ. გიამ ისიც თქვა, მე ის პიროვნება ვარ, რომელიც პოლიტიკოსებს მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეო. როცა ყველა ასეთი განწყობით იქნება, მაშინ გადავა ხალხის ხელში მართვის სადავეები. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყანაში ყველაფერი ერთ ძალას ჰქონდეს. ზვიად გამსახურდია, უდიდესი ეროვნული განწყობის კაცი დაიღუპა იმის გამო, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას ეჭირა ყველაფერი ხელში. შევარდნაძე დიდი საერთაშორისო პოტენციალის პიროვნება გახლდათ. ისიც დაიღუპა იმიტომ, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას ეჭირა ყველაფერი ხელში. მიხეილსააკაშვილმა კატასტროფულ დონემდე მიიყვანა ქვეყანა იმის გამო, რომ ყველაფერს ნაციონალები მოაჯდნენ. ამერიკაზე რომ ვიგიჟებთ თავს, რატომ იმაში არ ვბაძავთ, როგორი დაბალანსებულია იქ ხელისუფლება. პოლიტიკური ბალანსით ცხოვრობს დღეს მთელი მსოფლიო. ჩვენ კი 1992 წლიდან მოყოლებული გვიმტკიცებენ, პოლიტიკური ბალანსი არის ის, რომ მართვის სადავეები ერთი პარტიის ხელშიაო. ბიძინა ივანიშვილს უკვე სერიოზული პრობლემები აქვს და ის მთლიანად დაიღუპება, თუ პრეზიდენტიც მისი პოლიტიკური ძალიდან იქნება. ეს პირადად მე ძალიან მეწყინება.

_ რატომ გეწყინებათ, იმიტომ, ხომ პრეზიდენტობის სხვა კანდიდატს უჭერთ მხარს?

_ პარტია `თეთრები~ და სახალხო კრება მხარს უჭერს ნინო ბურჯანაძეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სწორედ ის გახდება საქართველოს პრეზიდენტი. დარწმუებულები ვართ, რომ ეს პირველ რიგში ქვეყანას წაადგება. ბურჯანაძის გამარჯვებით პოლიტიკური ბალანსის დაცვა მოხდება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას დიდ პატივს ვცემ და ვიცი, მას ქვეყნისთვის უდიდესი საქმის გაკეთება შეუძლია. მისი მხარდამჭერი რომ ვარ, ზუსტად ამიტომ არ დავუჭერ მხარს ოცნების კანდიდატს. ამხელა ძალაუფლების გაძლება ძალიან ძნელია. მაჟორიტარების უმეტესობა ივანიშვილის ხათრით აირჩია ხალხმა, მინისტრებიც ერთი კაცის ხათრით დაინიშნენ და პრეზიდენტიც ერთი კაცის ხათრით უნდა ავირჩიოთ? თვითონ ასარჩევს არ რცხვენია. დავით აღმაშენებელი არ გააკეთებდა ამას, რომელმაც მართლა ფეხზე დააყენა საქართველო. ვინ აირჩევს პლასტელინის კაცს, თუ ივანიშვილს არ დაუჭირეს მხარი. ეს არის მონობა! ხალხს ეს აღარ მოსწონს და ისინი ხელისუფლებისთვის პასუხის მოთხოვნას აპირებენ.

_ რა ფორმით აპირებენ პასუხის მოთხოვნას?

_ პირველ ოქტომბერს სრულდება 1 წელი ხელისუფლებაში `ქართული ოცნების~ მოსვლიდან. კეთილი ინებოს ოცნებამ და ერთი წლის თავზე ხალხს მოახსენოს, როგორ შეასრულა დანაპირები. ხალხს შენახული აქვს პრემიერის წინასაარჩევნო დაპირებები. სამწუხაროა, რომ ამ დანაპირებიდან ბევრი არაფერი შეუსრულებიათ. არ-ჩევნების წინ ზესტაფონის მოსახლეობას ივანიშვილი დაჰპირდა, ხელისუფლებაში რომ მოვალ, აქ არსებული მაფია უნდა დავამარცხოო. რაც მოვიდა, ეს მაფია კიდევ უფრო გაძლიერდა. ამ მაფიოზებს მხარს ივანიშვილის ოჯახის წევრები უჭერენ. ამას ხმამაღლა იმიტომ ვამბობ, რომ ივანიშვილისთვის კარგი მინდა. ის კი, ვინც მაფიას მფარველობს, ივანიშვილის მტერია. და თუ პრემიერი ვერ იგებს, ვინაა მტერი და ვინ მოყვარე, კარგად ყოფილა მისი საქმე.

_ მოდით, ანგარიშის ჩაბარებას დავუბრუნდეთ, კონკრეტულად ვისგან ითხოვენ ანგარიშის ჩაბარებას?

_ გამგებლებისა და მაჟორიტარებისაგან. უნდათნ ეს ანგარიშის ჩაბარება მოხდეს სახალხოდ, როგორც წინასაარჩევნოდ იძლეოდნენ დაპირებებს. ყველა პარტიას შეეძლება თავისი პოზიციის დაფიქსირება. მიმაჩნიან რომ ყველაზე სამართლიანი იქნება სახალხო კრების პოზიცია.

_ რატომ?

_ დღეს მეოცნებეები გამოდიან და ამბობენ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ. დანარჩენი პარტიები გამოდიან და იძახიან არაფერი არ კეთდება. ერთიც ტყუილია და მეორეც ტყუილია.

_ ეგ როგორ, ბატონო თემურ?

_ ბიძინა ივანიშვილმა ამ ხნის მანძილზე ძალიან ბევრი რამე გააკეთა. მას გარშემო სერიოზული ხალხი რომ ჰყოლოდა, რეგიონებში ასეთი მძიმე განწყობა არ იქნებოდა. ჩვენ იმასაც ვიტყვით, რა გააკეთა ხელისუფლებამ და იმაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, რა არის გასაკეთებელი. ვიმეორებ, ბატონმა ბიძინამ ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ მისივე ხალხი აუფასურებს ამას. ხალხმა გვითხრა, რომ ივანიშვილის ინიციატივებს მისივე ხალხი აქილიკებსო.

_ კონკრეტულად ვინ აქილიკებსო, არ უთქვამთ?

_ ძირითადად გამგებლები და ადგილობრივი თვითმმართველობები. ამ ქილიკქილიკით მიაღწიეს შედეგს. რეგიონებში მოსახლეობა დაარწმუნეს, რომ ივანიშვილის დაპირებების უმეტესობა სისულელეა. ეს ის ხალხია, რომლებიც პრემიერს პირში ეფერებიან და ზურგს უკან მიწას უთხრიან.

_ ივანიშვილი ვერ ხვდება ამას?

_ თუ ხვდება და ჩუმად არის, კიდევ უარესად ყოფილა ქვეყნის საქმე. იმისათვის, რომ ბატონმა ბიძინამ რეალური სურათი დაინახოს, პირველ ოქტომბერს უნდა ითქვას სიმართლე. ივანიშვილს ჰქონდა ძალიან კარგი პროგრამა და ძალიან კარგი ხედვა, მაგრამ ის უცხოეთმა დააჩოქა. საქართველოს არ სჭირდება არც დასავლეთის და არც რუსეთის წინაშე დაჩოქილი ხელისუფალი. ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს საქართველოს უცხოელი ელჩები მართავენ რეალურად.

_ ამერიკის ელჩი გყავთ მხედველობაში?

_ რიჩარდ ნორლანდი უმთავრესია, მაგრამ სხვა ელჩებიც აქტიურად ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში. დასავლეთს ასეთი პოლიტიკა აქვს საქართველოს მიმართ. წვრილმანებსაც კი მათ უთანხმებენ. ამერიკელები ჩვენს პოლიტიკაში ერევიან, მაგრამ ბიზნესი არ აინტერესებთ. ალბათ ყველას გახსოვთ პატარქალიშვილი. ის ჰილარი კლინტონის ძმების ბიზნესპარტნიორი იყო. ის ამერიკის მოქალაქეა. მან საქართველოში მიწები იყიდა და თხილის პლანტაციების გაკეთება უნდოდა. ეს ყველაფერი წაართვა მიხეილ სააკაშვილმა. ამაზე ამერიკის საელჩოს განცხადებაც კი არ გაუკეთებია. სამაგიეროდ პოლიტიკაში ყველა პატარა დეტალში ერევიან და რაც ყველაზე მთავარია, მფარველობენ იმ პარტიას, რომელმაც საკუთარ ხალხს გენოციდი მოუწყო. ნაციონალური მოძრაობა უნდა გასამართლდეს! ბიზნესებს დღემდე ისინი არიან დაპატრონებული და ხალხს პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან უშვებენ.

_ ნაციონალები ათავისუფლებენ ხალხს პოლიტიკური ნიშნით?

_ დიახ, ნაციონალები ათავისუფლებენ. ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხანა მათ ხელშია. ამ ქარხნის რამდენიმე თანამშრომელი მივიდა სახალხო კრების ოფისში. ეს ხალხი მეორე დღესვე გაათავისუფლეს სამსახურიდან. ფერო ნაციონალების ბეღელად იქცა. ამ მხრივ განსაკუთრებულ როლს უკრაინელი ინვესტორები თამაშობენ. კაცმა ვერ გაიგო, ვის ხელშია დღეს ფერო. დავიჯერო, ამას ვერავინ ვერ ხვდება? ვერავინ ვერ ხვდება, რომ ზესტაფონში ყველაფერს 3-4 კა¬ცი აკონტროლებს. ყველაზე მთავარი ფიგურა კი მერაბ სამადაშვილია. ყოფილი მხედრიონელი მოქკავშირის წყალობით გახდა დეპუტატი. მერე ნაციონალებთან გამონახა საერთო. არ არსებობს რესუბლიკაში ორგანო, სადაც ვიღაც ნაყიდი არ ჰყავდეს.

_ ახლაც, ბატონო თემურ?

_ რამდენიმე პიროვნება ახალ ხელისუფლებაშიც იყიდა. ამ თემებზე საუბრობდა ხალხი და არც ერთმა ტელევიზიამ არ გააშუქა. საქართველოს 1500 მოქალაქის შეკრებას იგნორირება გაუკეთეს, სამაგიეროდ საქართველოს ყველა მედიასაშუალება გადმოსცემდა, თურქეთში 15 კაცი რომ გამოვიდა ქუჩაში. ახლო მომავალში ზესტაფონში კიდევ ერთი აქცია გაიმართება. ხალხი უკვე ფეროშენადნობთა ქარხანასთან შეიკრიბება. გამოქვეყნდება, რამდენი აქვთ ხელფასი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მათ კოლეგებს. ყველგან ასეთი ტიპის მუშების ხელფასი არის 3 000 დოლარი. ჩვენთან კი მა-თი ხელფასი 300-დან 500 ლარამდე მერყეობს. მონებად ჰყავთ ჩვენი ხალხი და ამასაც ამადლიან. სამაგიეროდ, მერაბ სამადაშვილი მდიდრდება და საფრანგეთში ვილები შეიძინა. ახლა პრესაში ერთი ამბებია ატეხილი, ოქრუაშვილმა სამადაშვილი გალა-ხაო. ამტკიცებენ, ამით ყოფილმა მინისტრმა ნაციონალებზე შური იძიაო. ტყუილია ეს.

_ რა არის ტყუილი?

_ ის, რომ ოქრუაშვილმა სამადაშვილის გალახვით შური იძია ნაციონალებზე. ოქრუაშვილია ის კაცი, რომლის წყალობითაც სამადაშვილი მილიონერი გახდა. ეს ის პერიოდია, როცა ოქრუაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. 120-130 მილიონი დოლარის პროდუქცია აჩუქა სამადაშვილს. სააკაშვილიც გარეული იყო ამ საქმეში, უბრალოდ, მან ამ დოკუმენტს თავად არ მოაწერა ხელი. ამ დოკუმენტით უდიდესი ქონება სამადაშვილის ხელში გადავიდა. ამ ქონებას თავის დროზე სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა სანაგვეზე გადაყრილი საქონელი უწოდეს. ამ საქონლის ფასი დღეს მილიარდის ფარგლებში მერყეობს. ეს ქონება ხალხს უნდა დაუბრუნდეს და ეს ბიძინა ივანიშვილმა უნდა გააკეთოს! როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, ის ზესტაფონელებს მაფიის დამარცხებას დაჰპირდა. ჯერჯერობით ყველაფერი პირიქითაა. თქვენი გაზეთის საშუალებით კიდევ ერთხელ ვეტყვი ბატონ ბიძინას, რომ ამ სფეროში მისი ოჯახის წევრები ძალიან ცუდად ერევიან. ისევე როგორც პროკურატურის საქმიანობაში. ამ უსამართლობის მოგვარებას მართლაც ცდილობს თეა წულუკიანი, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა. არ გამოუვიდა იმიტომ, რომ ამ ბიზნესს ქორებივით აზიან. საუბარია იმ ხალხზე, რომელიც ივანიშვილის უახლოეს გარემოცვად მოიაზრება. ამათი წყალობით სამადაშვილი იმას ბედავს, რასაც ვერც შევარდნაძის და ვერც სააკაშვილის დროს ვერ ბედავდა. კიდევ ბევრს გაბედავენ თუ ეს დანაშაულებრივი კოაბიტაცია არ დამთავრდა.

_ მეოცნებეები და კონკრეტულად მათი პრეზიდენტობის კანდიდატი მარგველაშვილი ამბობენ, რომ კოაბიტაცია 27 ოქტომბერს დამთავრდება. თქვენ გჯერათ ამის?

_ კოაბიტაცია რომ დამთავრდება, ამაში დარწმუნებული ვარ, ოღონდ ამას გააკეთებს ხალხი. როგორც ჩანს, ვარდების რევოლუცია და კოაბიტაცია თვისობრივად ერთი და იგივეა. ვარდების რევოლუციის დროს შენარჩუნებულ იქნა მოქალაქეთა კავშირი. კოაბიტაციითაც მოქალაქეთა კავშირის შენარჩუნება ხდება. დასავლეთის გარკვეულმა ძალებმა მიაღწიეს, იმას, რომ საქართველოს პარლამენტი არის პროამერიკუ-ლი. პარლამენტის წევრთა 80% იმართება საქართველოს გარედან. დასავლეთში ჭკვიანი პოლიტიკოსები არიან და სწორად გათვალეს ყველაფერი.

_ რას გულისხმობთ?

_ არჩევნების წაგებით ნაციონალები გადაარჩინეს. შარშანდელი არჩევნები ნაციონალებს რომ მოეგოთ, მათ ხალხი ჩაქოლავდა. ამიტომ გადაარჩინეს ნაციონალები წაგებით. დღეს ნაციონალები მთავარ ოპოზიციურ ძალად ითვლებიან და მათ გამოუყო ხელისუფლებამ რამდენიმე მილიონი. იმ პარტიას აფინანსებენ, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას გენოციდი მოუწყო. ამასთან, ერთხელაც კი არ დაინტერესებულან, რა მდგომარეობაში არიან ის პარტიები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანეს. დღეს ისევ ნაციონალები არიან გაპარპაშებული. ეს არის გარედან თავსმოხვეული დანაშაულებრივი კოაბიტაციის დამსახურება. დამნაშავესთან თანამშრომლობა არის დანაშაული და ამ უსამართლობას ქართველი ხალხი მალე დაამთავრებს. მთავარი ისაა, რომ ხალხმა უკვე გამოიღვიძა.

 

 ესაუბრა შორენა მარსაგიშვილი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *