მილოცვა ვლადიმერ პაპავას

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოსს,
ბატონ ვლადიმერ პაპავას
ბატონო ვლადიმერ,
უპირველესად ვულოცავთ სტუდენტობას, პროფესორ-მასწავლებლებს, ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას და მთლიანად საქართველოს ქვეყნის უპირველესი უმაღლესი სასწავლებლის რექტორად მოაზროვნე კაცის არჩევას.
ბატონო ლადო, გილოცავთ პირადად თქვენ ამ უმძიმესი მისიის დაკისრებას, ვინაიდან კეთილსინდისიერი და სამშობლოს მოყვარული კაცისათვის არ არის უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე ემსახუროს მშობელ ერს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება მისი ცოდნა, გამოცდილება, პატიოსნება.
ბოლო ათწლეულებში ქართული ცნობიერების ინსტიტუტების როლის დაქვეითებამ ძალიან მძიმედარტყმა მიაყენა საზოგადოებას. ეროვნული აზროვნების ისეთი კერები, როგორიცაა მეცნიერებათა აკადემია, მწერალთა, კომპოზიტორთა, მხატვართა, არქიტექტორთა კავშირები თანდათან ძლიერდებიან და იკავებენ კუთვნილ ადგილს. უნივერსიტეტმა ბრძნული გადაწყვეტილებით დიდი ნიშანი მისცა სრულიად საქართველოს.
გვჯერა, თქვენ შეძლებთ ამ უნივერსიტეტის როგორც სამეცნიერო ტრადიციების, ასევე, და ეს უმნიშვნელოვანესია დღევანდელი საქართველოსათვის, ეროვნული ტრადიციების აღორძინებას, რომ უნივერსიტეტი დაიბრუნებს ქართული ცნობიერების ძლიერი საყრდენის ფუნქციას. ეს განსაკუთრებულად სჭირდება ჩვენს ქვეყანას მისთვის მძიმე ჟამიანობის დღევანდელ ეპოქაში.
პრაქტიკულად ერთხმად თქვენი არჩევა აღგვიძრავს კეთლ იმედებს, რომ დაიწყო საზოგადოების გაჯანსაღების ხანგრძლივი, მძიმე, მაგრამ აუცილებელი პირველი ეტაპი.
ვინაიდან თქვენი არჩევა შორს ცდება ერთი თანამდებობის, ერთი უნივერსიტეტის, ან თუნდაც ერთი დარგის ფარგლებს, გვსურს გვჯეროდეს, რომ თქვენი არჩევა არ დარჩება მხოლოდშობილ სიკეთედ და თავის გაგრძელებას ჰპოვებს შეუქცევად პროცესში, რომლითაც ქვეყანაში
დამკვიდრდება მაღალინტელექტუალური და მაღალზნეობრივი ერისკაცების სახალხო მსახურად განმწესება როგორც მთავრობის გადაწყვეტილებით, ისე ერის ნებითა და მოთხოვნით.
პარტია „თეთრები“, რომლის ბირთვი წარმოადგენს ინტელექტუალთა საკრებულოს, ხოლო მთლიანად პარტია ორიენტირებულია მეცნიერებაზე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ბრძენ პიროვნებებზე, გამოხატავს უდიდეს კმაყოფილებას და მზადყოფნას ერთობლივი საქმიანობისათვის სამშობლოს საკეთილდღეოდ.
დღეს ფერისცვალებაა, იმედს გამოვთქვამთ, ფერს იცვლის ქვეყნის უპირველესი სასწავლებელი, ფერს იცვლის სრულიად საქართველო.
თბილისი, 19 აგვისტო, 2013 წელი. ფერიცვალება
პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო
თეიმურაზ შაშიაშვილი – პარტიის თავმჯდომარე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიიის წევრი
ზურაბ ხასია პარტიის გენერალური მდივანი, ღირსების ორდენის კავალერი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
რობერტ ბაბლიძე ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ზურაბ ბარათაშვილი ექიმი, ეროვნული აკადემიის წევრი
მერაბ ჯიბლაძე – ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ინეზა იამანიძე – ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პედაგოგიური მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საავტორო სკოლის დამფუძნებელი.
ზაურ კალანდია – მწერალი, სახელმწიფო და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი
ფერდინანდ ლორთქიფანიძე – ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, „ქართულ- ოსური მისიის“ თანათავმჯდომარე
ავთანდილ ბარამაშვილი – იურისტი, პოლიციის პოლკოვნიკი, შსს ვეტერანი
გიორგი სიხარულიძე – პარტიის ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
სიმონ შარაძე – სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე
ირინე ჯიბლაძე – პარტიის საერთო საქმეთა კოორდინატორი



