„სააკაშვილისგან არც შეწყალება მინდა და არც მოწყალება“ – გოჩა ძასოხოვი

ყოფილი ბიზნესმენი და „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი გოჩა ძასოხოვი ნასამართლეობისა და პირობითი მსჯავრის მოხსნის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
„სააკაშვილი ყოველგვარი ადამიანურის წინააღმდეგ მებრძოლი ბარბაროსია. ამ ბოროტი კაცისაგან, რომელიც 20 იანვრის შემდეგ თვითმარქვია პრეზიდენტია, არც შეწყალება მინდა და არც მოწყალება. ჩვენ დავიცავთ საქართველოს და მის მომავალს სააკაშვილის მსგავსი ბარბაროსებისაგან,“ – ნათქვამია განცხადებაში გოჩა ძასოხოვმა.
იქვე მითითებულია, რომ „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი გოჩა ძასოხოვი საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ აღარ დაბრუნებულა. 2008 წლამდე გოჩა ძასოხოვს საქართველოში 150 მლნ ევროს კაპიტალიზაცია ჰქონდა განხორციელებული. წინა ხელისუფლებამ მას ქონება წაართვა და იმიჯიც სახალხოდ შეულახა. გოჩა ძასოხოვი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შემდეგ გეგმავს ჩამოსვლას. მას დაგეგმილი აქვს ისეთი პროექტების განხორციელბა, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას არამხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში მთლიანად.
შეგახსენებთ, რომ სასჯელისა და ნასამართლობის მოხსნაზე უარი განაცხადა გვანცა ყუფარაძემ, რომელიც 2006 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა „უმიზეზოდ, დანით, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით“ თანაკლასელ თორნიკე ტყემალაძისათვის 33 ჭრილობის მიყენება. მას 10 წელი მიუსაჯეს (5 წელი ციხე და 5 წელი პირობითი სასჯელი). გვანცა ყუფარაძე ციხიდან ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2011 წლის 11 ნოემბერს გაათავისუფლეს. 16 მარტს, იუსტიციის სამინისტროში, მინისტრისა და მოსამართლეთა კორპუსის შეხვედრაზე, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ გვანცა ყუფარაძისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები საქართველოს მართლმსაჯულებისთვის გამოტანილი განაჩენიც იყო.




