( საქართველოს რესპუბლიკა) ველური გამოთქმები და ბარბაროსული ეპოქა უნდა დასრულდეს!..

chxeidze rezoჟურნალისტებმა ქართული დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე ბევრი სიმწარე ნახეს, ბევრი თავხედობა ითმინეს ხელისუფლებისაგან, მაგრამ საქართველოს და ქართველ ხალხს არ უღალატეს – აცხადებს რეზო ჩხეიძე

„საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ საპატიო პრეზიდენტი, ცნობილი რეჟისორი, მშვიდობის მსოფლიო ელჩი რეზო ჩხეიძე არ მიესალმება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მე-9 არხის დახურვასთან დაკავშირებით.

მისი აზრით მთავარი ის კი არ არის, ვისი დაფუძნებულია ტელევიზია და ვინ არის მეპატრონე, არამედ ის, რამდენად მართალი, თავისუფალი და ობიექტურია იგი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით  რეზო ჩხეიძის  პოზიციას მოკლედ გთავაზობთ:

,,ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შექნა ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ტელევიზია საქართველოში. ეს გააკეთა მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა ჯიბის ტელევიზიად აქცია  ყველაზე ყურებადი ტელეკომპანია – ,,რუსთავი 2“, დაარბია ქვეყნისათვის იმედად ქცეული ტელეკომპანია „იმედი,“ საშინლად გაუსწორდა ტელეკომპანია  ,,იბერიას“, მიწასთან გაასწორა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ,,ტელეკომპანია 202“. ფაქტების ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება.  მიხეილ სააკაშვილი ვერ იტანდა და ვერ იტანს თავისუფალ მედიას. იქნება ეს ელექტრონული თუ ბეჭდვითი  მედია. მისთვის მთავარია მას ემსახურებოდეს   მისი ჯიბის ტელევიზია, გაზეთი თუ საინფორმაციო სააგენტო.

პრესისა და კულტურის მიმართ მისი ვერაგი დამოკიდეულების მაგალითია საქვეყნოდ აღიარებული, ტრადიციულად საყვარელი გაზეთის ,,ლიტერატურული საქართველსადმი“ დამოკიდებულება. კარგია, რომ მწერლების ძალისხმევით ,,ლიტერატურული საქართველო“ იბრუნებს თავის ტრადიციულ პოზიციას.

ბიძინა ივანიშვილი კი პირიქით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის იქითკენ, რომ ქვეყანაში მედია გახდეს თავისუფალი. ჩვენ დღეს ძალიან შორს ვართ თავისუფალი მედიისგან და ასეთ დროს ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ტელევიზიის დახურვა მძიმე დარტყმა იქნება ჩანასახში მყოფი ქართული დემოკრატიისათვის.

მე ვისურვებდი, რომ ,,მე-9 არხი“ არ დახურულიყო. მე მხოლოდ რჩევა შემიძლია, გადაწყვეტილებას მისი დამფუძნებელი და მეპატრონე იღებს და მაინც თუ ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის ბატონი ბიძინა, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტელევიზია გადაკეთებულიყო ტელევიზია „კულტურად“. სახელწოდება პირობითია. მსოფლიოს მრავალ ქვეყანას აქვს ასეთი არხი, ჩვენ ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ქვეყანა ვართ და ასეთი ტელევიზიის არსებობა არათუ გამართლებულია, აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავლისათვის. ქვეყანას ჰყავს ბევრი ისეთი პიროვნება, რომელიც საქმეს ძალიან ღირსეულად და კარგად გააკეთებს.

საქვეყნოდაა ცნობილი ბატონი ბიძინა ივანიშვილის ამაგი კულტურის მიმართ, როგორც კულტურულ მემკვიდრეობაზე, ასევე კულტურის, მეცნიერების, განათლების, სპორტის მოღვაწეებზე და ახალი ტელევიზიის არსებობა საქართველოში ბატონი ბიძინას მოღვაწეობის გენერალური ხაზის ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა.

ამ წერილს უცხოეთიდან ვაგზავნი. ჩვენ დღეს ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ „საქართველოს ხალხთა ასამბლეამ“ საქართველოდან ემიგრირებულთა დიდი კონგრესი ჩაატაროს საბერძნეთში ოლიმპოს მთაზე. 25 აგვისტოს ვბრუნდები  საქართველოში და ვაპირებ ვეწვიო პრემიერს ტელევიზიასთან დაკავშირებული იდეით და ოლიმპოს მთის კონგრესის თაობაზეც ვესაუბრო.

მესმის, რომ ბევრი წინადადება ტრიალებს ქართულ სივრცეში მე-9 არხის მომავალთან დაკავშირებით. ფიქრობ, რომ საქართველოში პოლიტიკური არხების რაოდენობა საკმარისზე მეტია და თუ რამე დაიჩაგრა ,,სააკაშვილის ეპოქაში“ – ეს ქართული კულტურაა, ანუ ის, რითაც ჩვენ გამორჩეული ადგილის დაკავება შეგვიძლია მსოფლიოში, ამას აღიარებენ სხვები, ამას გვეუბნებიან ჩვენი მეგობრები და სამწუხაროა, რომ „ნაციონალების ხელისუფლება“ ებრძოდა ამას.

ქართულმა კულტურამ ყველა ეპოქაში გაუძლო შიდა თუ გარე მტერთა შემოტევას და ამ ძლიერ ფენომენს დღეს მეტი თანადგომა სჭირდება და გადაწყვეტლება სპეციალური სატელევიზიო არხის შექმნის თაობაზე ამის ნათელი დადასტურება იქნებოდა.

მიხარია, რომ ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ სრულად უჭერს მხარს ჩემს წინადადებას, იზიარებს თითქმის ყველა ვისაც უცხოეთში ვხვდები თუ ტელეფონით ვესაუბრები. მე ასამბლეის საპატიო პრეზიდენტი ვარ და ძალიან მიხარია, რომ მის მოქმედ პრეზიდენტს, მოღვაწე კაცს, საქართველოსათვის თავდადებულ ადამიანს ბატონ გოჩა ძასოხოვს იგივე პოზიცია აქვს. უფრო მეტიც, მან მიხეილ სააკაშვილს ყოველგვარი ადამიანურის წინააღმდეგ მოქმედი ბარბაროსი უწოდა. იმის ხაზგასმაც გააკეთა, რომ ამ ბოროტი კაცისაგან, 20 იანვრის შემდგომ რომ თვითმარქვია პრეზიდეტია, არც შეწყალება მინდა და არც მოწყალება, რომ ჩვენ დავიცავთ საქართველოს და მის მომავალს სააკაშვილის მსგავსი ბარბაროსებისაგან.

ჩვენ ასამბლეაში შევთანხმდით, რომ კონგრესზე საბერძნეთში, ოლიმპოს მთზე ვისაუბრებთ საქართველოს ხალხთა ტრადიციულ ერთგულებაზე ზოგადსაკაცობრიო იდეალებისადმი, მშვიდობაზე კავკასიაში, საქართველოს მომავალზე, იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის და მისი ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანისათვის ღმრთისა და ბუნების მიერ მინიჭებული  სიცოცხლის, სიტყვისა და საკუთრების უფლებისადმი. ჩვენ ამ ფუნდამენტურ საკითხებზე საუბარი დავიწყეთ სოჭში, ასამბლეის დაფუძნების დროს, გავაგრძელებთ საბერძნეთში, ოლიმპოს მთაზე  და მომდევნო წელს საქართველოში, სადაც „საქართველოს ხალხთა ასამბლის“ კონგრესთან ერთად იგეგმება ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარება.

და ბოლოს, არ შემიძლია, რომ არ ვთქვა: სააკაშვილმა ამ დღეებში ბევრი უკადრებელი იკადრა როგორც ,,მე-9 არხთან“, ასევე ტელეკომპანია ,,იმედთან“ დაკავშირებით. მისთვის ყოველი ღირსეულს შეურაცხყოფა ჩვეული ამპლუაა. ჩემი აზრით, ჟურნალისტებს მეტი სოლიდარობა  ერთმანეთში და საქართველოს მოსახლეობის დიდი თანადგომა ჭირდებათ, რომ სააკაშვილის ველური გამოთქმები და მისი ბარბაროსული ეპოქა დასრულდეს.

ისტორია იტყვის, რომ ჟურნალისტებმა ქართული დემოკრატიისათვის ბრძოლის გზაზე ბევრი სიმწარე ნახეს, ხელისუფალთა ბევრი თავხედობა ითმინეს. მაგრამ, საქართველოს და ქართველ ხალხს არ უღალატეს. მადლობა ,,მე-9 არხს“ და მის ჟურნალისტებს. ჩვენ დიდი ბრძოლა გველის წინ ადამიანის ბუნებითი უფლების სიტყვის უფლების დამკვიდრებისათვის.“

 

,,საქართველოს ხალხთა ასამბლეის“

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *