(ქრონიკა)თემურ შაშიაშვილი:” ივანიშვილმა აგვაცილა ეროვნული ტრაგედია, მაგრამ ისევ მივდივართ ეროვნული ტრაგედიისკენ”

საბოტაჟი, რომელიც დაფუძნებულია ერთგულებაზე და საბოტაჟი, რომელიც დაფუძნებულია მტრობაზე – ასეთ აღმოჩენას აკეთებს მოძრაობა `თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი და თვითონვე შიფრავს საბოტაჟის სქემებს. ამაზე ბატონი თემური “ქრონიკას” უფრო დაწვრილებით ესაუბრება.
– ბატონო თემურ, კოალიციაში არეულობაა, მაჟორიტარები ღალატის გზას დაადგნენ, „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, იძირება… თქვენ, როგორც კარგად ინფორმირებული ადამიანი, როგორ ხედავთ მოვლენების შემდგომ განვითარებას?
_ ბიძინა ივანიშვილის მთავარი კოზირი გულწრფელობაა, მას ბევრ რამეს არ აპატიებდა ხალხი, დარწმუნებული რომ არ იყოს მის გულწრფელობაში. ივანიშვილს გულწრფელობის სახით იმდენი ძალა აქვს, ყველა რომ განუდგეს, მას ეს თვისება მაინც უშველის. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი რამ მეც მიზიდავს და კეთილად განმაწყობს, მაგრამ ამ გარემოცვის გაძლება ძალიან ძნელია. ამჯერად, უკვე კრიზისული მომენტია ორი რამის გამო: პირველი – ივანიშვილს პოლიტიკა ადვილი საქმე ეგონა, მან თავის დროზე თავის გულწრფელობით შეარჩია ხალხი, მაგრამ რა მოხდა? ახლა უკვე დაინახა, რომ ეს ის ხალხი არ არის, მას რომ ეგონა. სხვათა შორის, იმ ადამიანებს, რომლებიც ბატონ ბიძინასთან მოვიდნენ, მათაც არ ეგონათ ივანიშვილი ასეთი. ამ შემთხვევაში ორივე მხარე შეცდა, პრემიერ-მინისტრიც და მისი გარემოცვაც. ამ ეტაპზე ის კიდევ ერთ დიდ შეცდომას უშვებს, მხოლოდ თავისი ბანკის ხალხს ენდობა. არ შეიძლება ერთი ბანკი დაასვა თავზე მთელ ქვეყანას, ეს ძალიან მძიმე შედეგებით დამთავრდება. კიდევ ვიმეორებ, _ უამრავი ადამიანი დადგა მის გვერდით სხვა რამის გამო და მათ ეს სხვა რამე ვერ მიიღეს, ანუ მათთვის ივანიშვილი არ აღმოჩნდა სასურველი.
_ ბატონო თემურ, დამიკონკრეტეთ, რა ეგონათ, რისი მიღება უნდოდათ და რა მიიღეს?
_ ბიძინა ივანიშვილი უკვე მივიდა იმ დონემდე, რომ მისი გადარჩენა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებშია. დღეს პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირება ქვეყნის მტრობასთან არის გაიგივებული, მაგრამ თავად ისიც რომ გადასარჩენია, ესეც ცხადია. ეს პირველ რიგში თვითონ უნდა იცოდეს და უნდა უნდოდეს გადარჩენა. ესე იგი, ბატონი ბიძინა ჯიუტად ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ გადასარჩენია და არც დგამს იმ ნაბიჯებს მისი გადარჩენისკენ რომ გვიბიძგებს. არის გარემო, რომლის შეცვლაც შეუძლებელია. ივანიშვილს ჰყავს რამდენიმე საინტერესო პიროვნება, რომელიც მალე გაემიჯნება. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ გარემოცვას არ შეიცვლის. დღეს ყველაზე ცუდ დღეში ნიჭიერი ადამიანები არიან. ახალმა ხელისუფლებამ სწორება აიღო იმ სიმაღლეზე, ვინც დაღუპა შევარდნაძე, ვინც შემდგომში ქამელეონად იქცა და სააკაშვილთან შეძვრა. როგორ შეიძლება შევარდნაძესთანაც კარგად იყო, სააკაშვილთანაც კარგად იყო და ბიძინა ივანიშვილთანაც. უბრალოდ, ასეთ ადამიანებს ხელიც არ უნდა ჩამოართვა და ამ დროს, ბიძინა ივანიშვილმა გვერდით დაიყენა. ამ დღეებში ერთი ცნობილი მეცნიერი შემხვდა და მითხრა, _ პრემიერ-მინისტრს ისეთი კვლევები გადავუგზავნეთ, გვეგონა გამოიყენებდა, მაგრამ არ იყენებსო. რა თქმა უნდა კვლევებს ივანიშვილი ვერ გამოიყენებს, ამით მისი გარემოცვა უნდა იყოს დაინტერესებული. კიდევ ერთი პრობლემაა, _ ამ ადამიანს ჩასაფრებული ჰყავს ძალიან ბევრი პროვოკატორი. აი, ჩვენ მივადექით უკვე საბოტაჟს, მოდით, საბოტაჟიც გავყოთ ორ ნაწილად: ერთია, მტრობაზე დაფუძნებული, ხოლო მეორე _ ერთგულებაზე.
_ ნამეტან ერთგულებაზე? რასაც ხშირად გიორგი მარგველაშვილი აკეთებს, მე მგონი ეს არის გადაჭარბებული ერთგულება, რაც პირდაპირ ურტყამს ბიძინა ივანიშვილს.
_ მარგველაშვილს ათამაშებენ ამერიკელები, მთელ მის საარჩევნო სისტემას გეგმავენ და ახორციელებენ ამერიკელები. გარწმუნებთ, ბევრი რამ თვითონაც არ მოსწონს, მაგრამ ისინი ეუბნებიან როგორი ფლოსტები უნდა ჩაიცვას და სად უნდა წავიდეს ძაღლთან ერთად, ქართველი ხალხის წაშლა უნდათ. ასეთ კაცს დააჯენენ საქართველოს თავზე და მთლად დავიღუპებით. რასაც დღეს მარგველაშვილვი აკეთებს, 5-6 წლის შემდეგ აღარავის გააღიზიანებს, ყველაფერს შეგვაჩვევენ, ამერიკელებმა იციან, რასაც აკეთებენ.
მე ერთ გადახვევას გავაკეთებ, _ დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ 1-ელი ოქტომბერი ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა, რაც დრო გადის, მე ვრწმუნდები, რომ 1-ელი ოქტომბერი ამერიკელებმა დაგეგმეს. მე ვაფასებ ამერიკელ პოლიტოლოგებს, რომლებმაც ჩვენ პრაქტიკულად ფეხქვეშ გაგვიგეს, მაგრამ ჩვენ რომ ფეხქვეშ გავეგეთ, ეს არის კატასტროფა. ისინი ძლიერები არიან, ამას ვაღიარებ, თუმცა ისინი ძლიერები არიან არა იმაში, რომ საქართველო დააყენონ ფეხზე, არამედ იმაში, რომ საქართველო წაიქცეს. დღეს სააკაშვილი ამერიკასაც აწყობს და რუსეთსაც, ამერიკას აწყობს რუსეთის გასაღიზიანებლად, ხოლო რუსებს აწყობს თავიანთი გაღიზიანების ჩასახშობად და ჩვენი ეკონომიკის ხელში ჩასაგდებად. ერთადერთი, ვისთვისაც სააკაშვილი ცუდია, ეს არის საქართველო. ახლა ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა მოვიდეს პრეზიდენტად ისეთი კაცი, რომელიც მასონებით, „თავისუფლების ინსტიტუტით“ და სოროსის ფონდით არის დაინტერესებული. ჩვენ ესენი ჩამორჩენილებს გვეძახიან და ამ ეტაპზე, ჩუმად არიან.
ამასწინათ, რურუას და ვიღაცებს წამოსცდათ, ნინო ბურჯანაძე ვინ არის, მარგველაშვილი ჩვენი მეგობარიაო. მაგათ უცებ უთხრეს, ჩუმად, _ ეს აღარ გაიმეოროთო. ვინც დღეს მასონებიდან, სოროსის ფონდიდან და „თავისუფლების ინსტიტუტიდან“ მოდის, ყველა გააჩუმეს, მარგველაშვილი თქვენი დუმილის ფონზე უნდა გავიყვანოთო. ვიმეორებ, _ 1-ელი ოქტომბერი დაგეგმილი იყო ამერიკელების მიერ, მოდით გადავინაცვლოთ ახლა შემდგომ პერიოდში: 2011 წლის 26 მაისის შემდეგ, ამერიკიდან ჩამოდის ერთი პატარა ჩინოსანი და ამბობს: ხელისუფლების გადაცემა უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით. ჯერ ბიძინა ივანიშვილი არ ჩანს ჰორიზონტზე, შემდეგ ჩამოდის უფრო მაღალჩინოსანი, ისიც გვკარნახობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი გზით. ავიდა, ავიდა, დონე გაიზარდა და შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმაც გაიმეორა ეს. ასე დაგვამშვიდეს 26 მაისის შემდეგ. გაისხენეთ, 26 მაისის შემდეგ სააკაშვილს ცოტა ხნით ბარაკ ობამა რომ შეხვდა უთხრა, – ხელისუფლება უნდა გადააბარო მშვიდობიანი გზითო. გადაშალეთ თქვენივე გაზეთები და ამ ყველაფერს იქ ამოიკითხავთ.
სხვათა შორის, მე ბოლო ათი დღე ვზივარ და ვაკეთებ ანალიზს, რაშიც თქვენი გაზეთი ძალიან დამეხმარა. ამას მე კი არ უნდა ვაკეთებდე, ქართველი ანალიტიკოსები უნდა მუშაობდნენ. ოქტომბრამდე მუშავდებოდა ორი ვარიანტი, პირველი _ გაყალბების გზა, ხოლო მეორე _ დათმობა, მაგრამ უნდა ყოფილიყო ვარდების რევოლუციის ახალი ტიპი. დავაკვირდეთ, როგორ ვითარდება მოვლენები „ვარდების რევოლუციის“ დროს. ეს რევოლუცია რომ არ ყოფილიყო და „მოქალაქეთა კავშირი“ დარჩენილიყო მარტო, მას ხალხი აირჩევდა? რა თქმა უნდა, არა!.. კომუნისტების დროს ერთი ძალა გაიყო ორად, გამსახურდიას დროსაც ერთი ძალა გაიყო, შევარდნაძის დროსაც ასევე მოხდა და ამ დროს მონაცვლეობით ინარჩუნებენ ამერიკელები ამ განაყოფებს. სხვათა შორის, ამერიკელებს არ გაუმართლათ პიროვნებების მხრივ, თავის დროზე თითქოს ბურჯანაძეზე დადეს ფსონი და შემდეგ ზურგი აქციეს, ამის შემდეგ იყო ალასანია, ამასაც ზურგი აქციეს, ამიტომ, აქცენტი აიღეს პიროვნებაზე, რომელიც თავისი სურვილით გამოჩნდა და ამავე დროს აქვს ფინანსური მზრუნველობა. მათ იცოდნენ, თუ არჩევნები გაყალბდებოდა, საქართველოში სააკაშვილის სახით მიიღებდნენ მეორე ჩაუშესკუს. დღეს მეტი რომ ვერაფერი მოახერხეს, შემოიღეს „ბედნიერების ინდექსი“. ეკონომიკას არაფერი დასტყობია, სოფლის მეურნეობა ისევ ჩავარდნილია და ამ დროს, მეკითხებიან რამდენად ბედნიერები ვართ ცხოვრებით?.. ახლა მითხარით, რომელი ოჯახია საქართველოში ბედნიერი?
_ კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ არის რამდენიმე ოჯახი…
_ თუ არის რამდენიმე ოჯახი, ესეც ჩვენს ხარჯზე. ამ ყველაფრის გამოსწორება შეუძლია ისეთ პიროვნებას, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. ხალხს აჩვენეს, რომ მას ჰყავს ადამიანი, რომელსაც ფული აქვს და გადაარჩენს. ნებისმიერ სხვას, აუცილებლად ჩაქოლავდა ხალხი. ბიძინა ივანიშვილმა შესძლო ეროვნული ტრაგედიის აცილება. ეს უფრო დასაფასებელია, ვიდრე არჩევნების მოგება, რომელიც, მესამედ ვამბობ _ დაიგეგმა ამერიკაში!.. კი ბატონო, ივანიშვილმა აგვაცილა ეროვნული ტრაგედია, მაგრამ ისევ მივდივართ ეროვნული ტრაგედიისკენ იმიტომ, რომ არის საბოტაჟი, მტრობითაც და ერთგულებითაც. მე გეტყვით ახლა ერთგულების საბოტაჟის მაგალითს: ზესტაფონელები ამბობენ, _ დაახლოებით 200 განცხადება გავაგზავნეთ ბიძინა ივანიშვილთან და სხვადასხვა სტრუქტურებშიო. ჩვენ არ ვამბობთ მართლები ვართ თუ ვტყუივართ, არცერთი სტრუქტურიდან არცერთი პასუხი არ მიგვიღიაო. ეს არ არის საბოტაჟი?!.. გამოვიკვლიე და დავადგინე, რომ სააკშავილს 9 წლის განმავლობაში ერთი კაციც კი არ ჰყავს მიღებული თავის კაბინეტში. სხვადასხვა ადგილებში რომ დადის და პიარს იკეთებს, ამას არ ვგულისხმობ. მას თავის კაბინეტში ერთი ჩვეულებრივი მოკვდავიც კი არ მიუღია, მეტსაც გეტყვით, _ რამდენიმე წლის წინ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა თამაზ გამყრელიძემ მოინდომა მასთან შესვლა, მან წინასწარ გააფრთხილა მოვდივარო, 3 საათი მოსაცდელში აყურყუტა, შემდეგ სააკაშვილმა თავის მდივანს უთხრა, _ უკვე დაღამდა, გვიანიაო, სან სიტყვა დაავდევნა, _ რას მელოდება, მე ხომ არ გამომიძახია, დაწეროს განცხადება და წავიდესო. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტები სააკაშვილს ფეხებზე ეკიდა, ერთი დაიჭირა, მეორე საქართველოდან გააქცია. ბატონი თავხელიძე მოკვდა, ამ ამბავს გადაჰყვა. რცა ის ვნახე, მაგიდასთან იჯდა და ტიროდა, არადა, მას მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტის რექტორმა კათედრა შეუქმნა. ეს არც გაუმხელია თვითონ. სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდენტი დაიჭირა, ციხეში ჩასვა, იმიტომ, რომ ბაბუაჩემთან არ ყოფილხარ თავის დროზე კარგადო. როდესაც მსოფლიო დონის მეცნიერი _ ივარი ფრანგიშვილი გარდაიცვალა, მის დაკრძალვაზე ხელისუფლებიდან ერთი ადამიანიც კი არ მოსულა. ამათ კომუნისტების მოგონილი ჰგონიათ მიღება… ესე იგი, მთელ ზესტაფონს თავზე დააჯდა ერთი ფულიანი კაცი, ხალხი ბობოქრობს, განცხადებებს წერს და პასუხი არსაიდან არ ჩანს. არ არის ეს საბოტაჟი? არჩევნებამდე ყველა ამბობდა, რომ სამადაშვილი უნდა მოვაშოროთ, ეს არის ხორცმეტიო. ეს კაცი დღეს ორჯერ და სამჯერ მეტად აზის ხალხს თავზე, შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დროს ასეთი რამ ხდებოდეს? თვითონ შექმნა მილიარდიანი ფონდი. აბა, ერთი შეისწავლოს, ვინმე იქიდან სესხს იღებს? ვინმეს რამეს აძლევენ? ამ ბანკებშივე სხედან ადამიანები, რომლებიც საბოტაჟს აწყობენ და ადამიანებს არ იკარებენ ახლოს. თვითონ საბოტაჟი არ არის თბილისის მერი? თუ რამე ფუჭდება, არავინ აბრალებს რამეს გიგი უგულავას, ყველა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბრალია. ერთ კაცს ამდენის გაძლება არ შეუძლია, თავისივე დანიშნული ხალხი ვეღარ გამოდის ქუჩაში, ხალხს ვერ ხვდება. 7 თვის წინ ვიყავი ევროპაში და მეუბნებიან ასეთ რაღაცას, _ მოგვეხმარეთ ხმა მივაწვდინოთ ეკონომიკის მინისტრს, რათა საქართველოში დავიწყოთ ინვესტიციების ჩადებაო. მე ვუთხარი, _ არავის ვათქმევინებ, რომ ბიზნესებში ვერევი, ამიტომ თვითონ მისწერეთ წერილი-მეთქი. ამის შემდეგ მაგებინებენ: ბატონო თემურ, თქვენ როგორი გულუბრყვილო ყოფილხართ, როგორ აქებდით ხელისუფლებას, რომელსაც ვერაფერი გავაგებინეთო. გამოუგზავნიათ ეკონომიკის სამინისტროში წერილი, ითხოვდნენ დავუშვათ, სასტუმრო „თბილისის“ აშენებას ქუთაისში. ეკონომიკის სამინისტრომ თურმე ქუთაისში გადააგზავნა და ვისაც პრივატიზების საქმეები ეხება, ვიღაც სააკაშვილის კაცია შემორჩენილი და იმან ეკონომიკის სამინისტროს მისწერა ტყუილი, რაღაც დაუჯერებელი და საქმე ჩაიშალა. ეს არ არის საბოტაჟი?..
_ ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს უნდა ჰქონდეს რკინის მუშტი, ამდენს, უბრალოდ, ჩინოვნიკი ვერ უნდა ბედავდეს…
_ გადასარევი რამე თქვით, ამდენს რომ ბედავენ, ეს არის პრობლემა. დაისვა ბიძინა ივანიშვილმა ტილები ფეხზე და ააცოცდნენ თავზე. ამდენს როგორ უნდა ბედავდეს ერთი „ნაციონალი“, რომ ამხელა ინვესტიცია ჩაშალოს? თურმე სადაც უნდა აშენებულიყო, იქ სამჯერ მეტი მოსახლეობა ჩაწერეს და გააკეთეს დასკვნა, ამდენ ხალხს ვერ გავასახლებთ აქედანო, არადა, იქ თითქმის არავინ ცხოვრობს. შემდეგი საბოტაჟი: ქუთაისში ვიყავი ჩასული და მიმტკიცებენ, რომ ტენდერების 50% იშლება. ბიძინა ივანიშვილმა ფონდი გამოყო, შეიქმნა ფონდი, მე მეგონა ეს მხოლოდ ქუთაისში ხდებოდა, მთელ საქართველოში ასე ყოფილა. სქემა ასეთია: ერთი ფირმა ბათუმშია, მეორე _ თბილისში, მაგალითად, ცხადდება ტენდერი, თანხა საჭიროა 2 მილიონი, ესენი მიდიან და ეუბნებიან, _ ამ საქმეს გავაკეთებთ 1 მილიონში, მოიგებენ ტენდერს, მერე რაღაცას ცუდად აკეთებენ, იხდიან ჯარიმას და ამბობენ უარს. ბოლომდე არ მიჰყავთ საქმე. ფული აღებული აქვთ, ჯარიმა ცოტაა გადასახდელი, სამაგიეროდ, პრობლემა ისევ პრობლემად რჩება. ქართველი ხალხი და ბიძინა ივანიშვილი რაღაცით ჰგავს ერთმანეთს, ერთსაც ურჩევნია ტკბილი ტყუილი და მეორესაც… როცა გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგადაა, ჩვენ გვიხარია და ტაშს ვუკრავთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ბოლო კეთილი არ იქნება.
ესაუბრა გელა ზედელაშვილი



