(ვერსია) “დემოკრატიული მოძრაობა”, “თეთრები”და “სახალხო კრება” და არჩევნების ბოიკოტით იმუქრება?!

 

brifinბიძინა ივანიშვილის ღია წერილმა საქართველოში უკლებლივ ყველა პოლიტიკური წრე, მათ შორის სახალხო კრებაც აალაპარაკა და `თეთრების~ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ახალი პოლიტიკური შედარებებისთვის შთააგონა: ივანიშვილი კუჭის პოლიტიკოსი აღმოჩნდა, სხვადასხვა ხელისუფლებასთან დაახლოებულთა კასტა მოტაშეებად, მაქებრებად, ქამელეონებად და მოღალატეებად დაიყო, ქვეყანას `გრავიტაციული მუდმივა~ მართავს, გიორგი მარგველაშვილი კი ამერიკის აგენტი გამოდგა… რა შემთხვევაში გამოუცხადებს არჩევნებს ბოიკოტს სახალხო კრება _ მოვლენათა განვითარების შესახებ `ვერსიას~ თემურ შაშიაშვილი ესაუბრება.

_ ჯერჯერობით, მეც და მოსახლეობაც იმაზე მეტ პატივს ვცემთ ბიძინა ივანიშვილს, ვიდრე ის საკუთარ თავს. ამ არეულ-დარეული ღია წერილით ივანიშვილმა საკუთარ პერსონას დიდი დარტყმა მიაყენა. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მას საზოგადოება გაუნათლებელი ჰგონია და ფიქრობს, რასაც იტყვის, ყველაფერი უსიტყვოდ უნდა მივიღოთ. მგონია, საზოგადოებას ათამაშებს რაღაც ჯგუფი, რომელსაც `გრავიტაციულ მუდმივას” შევადარებდი. იცვლებიან ხელისუფალნი, მაგრამ არ იცვლებიან მოტაშენი, მაქებარნი, ქამელეონები და მოღალატეები.

_ ამ შედარებების უკან რომელ პოლიტიკურ ძალებს გულისხმობთ?

_ ვინც უღალატა გამსახურდიას, დარჩა შევარდნაძესთან, ვინც უღალატა შევარდნაძეს, დარჩა სააკაშვილთან, ვინც სააკაშვილს უღალატა, ივანიშვილთან გადაინაცვლა… დღეს ეს ხალხი ბიძინას ირგვლივ ტრიალებს, ამიტომ აუცილებელია პოლიტიკური რეფორმა _ ქვეყანაში პოლიტიკოსად აღიარების სისტემა უნდა შემოვიტანოთ. საქართველოში კუჭის პოლიტიკოსები მეფობენ და ბიძინა ივანიშვილი კუჭის პოლიტიკოსი აღმოჩნდა _ მან თავისი ფულით ხალხის გაჭირვებაზე ითამაშა, დაპირებებით გააძღო და ახლა წასვლას აპირებს?!

_ როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თუ საჭირო გახდება, ივანიშვილი  მობრუნდება.

_ ივანიშვილის ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ მას ინტელექტუალი ადამიანები არ უყვარს _ აშკარაა, მონური ფსიქოლოგიის პოლიტიკოსები, მაქებრები და ქამელეონები ურჩევნია. იგი არათანმიმდევრულია თავის მოქმედებებსა და განცხადებებშიც… აი, ამერიკაში კაცი თანამდებობიდან რომ მიდის, ერთი წელი უფლება არ აქვს, პოლიტიკაში ჩაერიოს, ამიტომაა ძლიერი ის ქვეყანა. ივანიშვილი კი ამბობს _ წავალ და დაგიტოვებთ კარგ პრემიერსო. ვისაც ეგ კარგ ბიჭს ეძახის, ქალიშვილი რომ გყავდეს, არ მიათხოვებ. ამბობს, კარგი მინისტრები გვყავსო, არადა მათ შორის კარგი ერთი-ორია და ისინიც წავლენ. გული მწყდება ზოგიერთ მინისტრზე, რომელიც მისგან უკვე არ მიდის.

_ ვის გულისხმობთ?

_ მაგალითად, ირაკლი ალასანიას… იმედია, გარშემომყოფთაგან ივანიშვილს ვინმე გაუბედავს და ეტყვის, რომ ასე ლაპარაკი არ შეიძლება! ივანიშვილმა ისიც თქვა, პრობლემა საზოგადოებაშიაო… ცდებით, ბატონო ბიძინა, პრობლემა თქვენშია და ხელისუფლების პროვინციალიზმში! პროვინციალიზმისგან ვერც ხელისუფლებამ და ვერც საზოგადოებამ თავი ვერ იხსნა, ამდენი ხანია ემოციებით ვიმართებით.

_ პრემიერმაც ხომ თქვა, ვიცი, ემოციის კარნახით ამირჩიეთ და არა ჩემი პროგრამის გამოო?

_ გავიგეთ, რომ გულწრფელი კაცია, მაგრამ ეგ რას გვაძლევს?! საჩხერეში სიტყვით გამოსვლისას რა თვითკმაყოფილიც ივანიშვილი იყო, ასეთი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი მინახავს. ხალხი გმინავს გაჭირვებისგან, ივანიშვილი კი კმაყოფილია, სამართლიანობა აღვადგინეო. თუმცა გამოსვლის ბოლოს საკუთარ თავს ხაზი ერთი ფრაზით გადაუსვა _ არჩევნებამდე წვიმიანი ამინდი იყო, მაგრამ მაშინ მეტნი იყავითო. მარგველაშვილიც გულწრფელია, როცა ამბობს, პლასტელინივით ვარო, მაგრამ მერე ასეთ კაცს საპრეზიდენტო კანდიდატად პირში რომ გვჩრიან, ეგ აღარაა სწორი! ერთი, ბრეჟნევი ვნახე, რომელსაც აჯილდოებდნენ და საკუთარ თავს ტაშს უკრავდა და მეორე _ მარგველაშვილი. იდგა ამხელა კაცი, ივანიშვილი აქებდა და ეს გამალებით ურტყამდა ხელებს ერთმანეთს.

_ ვთქვათ, მომავალი პრეზიდენტის ბედი გარკვეულია. თქვენი აზრით, ვის დატოვებს ივანიშვილი პრემიერად?

_ ჩემზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ ივანიშვილის ქმედებები სახელს უკვე მასაც უტეხს. ფაქტია, ამ კაცს არ უნდა, სააკაშვილის ეპოქა დასრულდეს და ამიტომაც მიდის! დღეს რომ ზოგიერთები კოალიციაში რჩებიან, ამით საკუთარ სახელს იფუჭებენ _ ეს პარტიები მონურ ფსიქოლოგიას ავლენენ. გული მწყდება ირაკლი ალასანიაზე, განადგურებულ `ფორუმზე~, `რესპუბლიკელებზე~.

_ ივანიშვილის `ხათრით დანიშნულს~ უწოდებთ მარგველაშვილს, ახალ პრემიერს მოქმედი პრემიერი გვიტოვებს _ ამ პირობებში თქვენს საპრეზიდენტო კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს რა შანსები აქვს?

_ აქ საქმე ისაა, ჩვენ კი არა, ქვეყანას რა შანსი აქვს. როცა კაცი ამბობს, ჩემი ხათრით აირჩიეთ დეპუტატები, ჩემი ხათრით დანიშნეთ მინისტრები, ჩემი ხათრით აირჩიეთ პრეზიდენტი და მე დაგიტოვებთ პრემიერსო, ამით ქვეყანას უკადრებელს ჰკადრებს! ყველაფერი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ამერიკული სცენარია.

_ მით უმეტეს, ნინო ბურჯანაძე კატეგორიულად არ ჯდება ამერიკულ სცენარში… ამიტომ გეკითხებით, რა შანსი გაქვთ რეალურად?

_ დიახ, ამერიკელებს ნინო არ უნდათ, მაგრამ ისინი პატივს სცემენ ხალხის არჩევანს. ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რაც შეთანხმებული არ მაქვს და შეიძლება, ნინო ბურჯანაძეს ეწყინოს: გიორგი მარგველაშვილი ყოველთვის პირველი აღმოჩნდა ხელისუფლებებთან. მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება და იგი ამერიკელებმა დააფინანსეს, მარგველაშვილი თავისუფლების ინსტიტუტის დამფუძნებელი, სოროსის ფონდის ინსტიტუტის დირექტორი იყო. როგორც კი ნინო წავიდა ოპოზიციაში, მისი ფონდის დირექტორად როგორ აღმოჩნდა?! ეჭვი არ მეპარება, მაშინ ამერიკელებს ეგონათ, ქართველი ხალხი სააკაშვილს აღარ მოუთმენდა და იძულებულნი გახდნენ, ფსონი ნინო ბურჯანაძეზე დაედოთ. თუმცა ნინოს თავისი კაცი ჩაუსვეს _ მარგველაშვილი. მახსოვს, როგორ აქებდა მარგველაშვილი ბურჯანაძეს თავის გამოსვლებში.

_ რასაც მარგველაშვილს კომპრომატად უყენებთ, ახლა იგივეს ამბობთ ნინო ბურჯანაძეზეც, რომელიც თქვენი პარტიის კანდიდატია…

_ ნინო ბურჯანაძე ამერიკელებმა იმიტომ გაწირეს, რომ თავისუფლების ინსტიტუტის წევრი ვერ გახადეს. ამერიკელები ეუბნებოდნენ, რუსეთთან კარგად იყავიო და როგორც კი რუსეთისკენ ნაბიჯი გადადგა, მაშინვე `პრორუსად~ შერაცხეს! ეს ამერიკელების ცნობილი ფორმულაა, თუმცა ეგ იქით იყოს. დღეს, ვიდრე მხარს ნინო ბურჯანაძეს დავუჭერდით, სახალხო კრების შიგნით 2 კვირა სერიოზულად ვფიქრობდით _ პრეზიდენტობის კანდიდატად ივანიშვილს საკუთარი თავი რომ წამოეყენებინა, მხარს მას დავუჭერდით ისევე, როგორც ლევან ვასაძეს, მინდია უგრეხელიძეს. ამაზე ნინო ბურჯანაძეც თანახმა იყო. სახალხო კრებას არასოდეს უთქვამს, საპრეზიდენტო კანდიდატი აუცილებლად გვეყოლებაო და ფრთხილობდა, როცა მის დასახელებაზე იყო საუბარი. ვიცი, ამერიკელებს საქართველოში სახალხო კრების ინსტიტუტი არ მოსწონთ, მაგრამ როგორც კი კრების კანდიდატი არჩევნებში გაიმარჯვებს, მასთან საუცხოოდ ითანამშრომლებენ.

_ არადა, ბევრს კარგა ხანს სჯეროდა, რომ ივანიშვილ-ბურჯანაძეს შორის გარიგება იყო და კოალიცია ბურჯანაძის გაპრეზიდენტებას შეუწყობდა ხელს. 

_ ეს კრებაში სასაცილოდ არ გვყოფნიდა. ჭკვიანი კაცია ბიძინა, თუ ასე ფიქრობს და მართლა ასე რომ მოიქცეს, ბოდიშს მოვუხდი. იმაში, რომ მარგველაშვილი ივანიშვილის კი არა, ამერიკის კანდიდატია, ეჭვი ოდნავ არ მეპარება. არც იმას ვეჭვობ, ლევან ვასაძე რომ დაესახელებინა, საპატრიარქოს და ხალხის მხრიდანაც გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნებოდა. რატომ უნდა ავირჩიოთ მარგველაშვილი _ ეგ კაცი ვინმეს ეკლესიაში უნახავს?!

_ ბურჯანაძე უნახავთ, მაგრამ ამის მიხედვით ვირჩევთ პრეზიდენტს?!

_ ბურჯანაძე გაცილებით ახლოსაა ქართულ ტრადიციებთან. ჩემზე მეტად ნინოს არავინ აკრიტიკებდა, დღეს კი ხალხმა სახალხო კრებას უნდა დაუჭიროს მხარი და არა ნინო ბურჯანაძეს. ვისაც ბურჯანაძე არ მოსწონს, მისთვის  გარანტი ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე და სხვები იქნებიან.

_ ბოლოს და ბოლოს, საარჩევნოდ რა პროგნოზს აკეთებთ?

_ თუ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, პირველ ტურში ვერავინ გაიმარჯვებს. ობიექტურ მეორე ტურში უნდა დარჩნენ ბურჯანაძე და მარგველაშვილი და თუ მარგველაშვილი გაიმარჯვებს, მაშინ არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ! პირველ რიგში, აქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა დავიწყოთ და მას ვუთხრათ, იანვარში კი არა, დროზე წავიდეს თანამდებობიდან! თუ მეორე ტური არ შედგა და მასში ბურჯანაძეც არ გავიდა, ე.ი. არჩევნები გაყალბდა. ხოლო თუ მეორე ტურში, მარგველაშვილთან ერთად, დავით ბაქრაძე მოხვდა, ე.ი. არჩევნები გაყიდულ-მოსყიდულია და ბიძინას უნდა ვუთხრათ, სწრაფად წადი საქართველოდანო!

ესაუბრა ნინო კომახიძე

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *