უსახურობა და უგემოვნება კლასიკური ბაროკოს ნაცვლად

imeliჭრელა-ჭრულა ლითონკონსტრუქციებმა და მინის ვიტრაჟებად ქცეულმა შენობა-ნაგებობებმა  დომინირებული პოზიციები დაიკავა არა მხოლოდ ახალ კვარტლებსა და მიკრორაიონებში, არამედ  ქრისტეშობამდე შექმნილ უბნებში, საქართველოს რენესანსის ეპოქაში აშენებულ ციხე-დარბაზთა სიახლოვეს, წმიდა ადგილთა და სხვადასხვა  მრწამსის საკულტო ნაგებობათა მიმდებარედ.

პარალელურად წავიდა ისტორიული ღირებულებების შენობათა პრივატიზება -რღვევის უმძიმესი პროცესი. კლასიკური ბაროკოს სტილში ამ მიზნით სპეციალურად აშენებულ სახელმწიფო დაწესებულებათა ნგრევისა და კვლავ სახელმწიფო დაწესებულებების, მხოლოდ გაურკვეველი არქიტექტურული სტილის, მშენებლობა. ამას, უბრალოდ, ადამიანური ენით, არამიზნობრივი ხარჯვა და თანხების გათეთრდება ეწოდება. არამიზნობრივი მილიარდები რეზიდენციების, იუსტიციის სახლების, პოლიციის განყოფილებების მშენებლობისათვის მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უმუშევარი, მშიერი და დაუცველია. ათწლეულის მანძილზე წინასწარი განზრახვით, უპატრონობით ინგრევა ხელოვნების ნიმუშად შერაცხული არაერთი შენობა-ნაგებობა. ასე მაგალითად:

1933-1938 წლებში აშენებული უნიკალური ე.წ. „იმელის“ შენობა, რომლის აგებისათვის არქიტექტორი დაჯილდოვდა იმ პერიოდის უმაღლესი პრემიით და რომლის შთაგონების წყაროც გახლდათ სიონის ტაძარი, 2007 წელს სახელმწიფოს პირველ პირთა ნებით მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი და გადაეცა ფრიად საეჭვო კერძო ინვესტორს. აგერ, ექვსი წელია უნიკალური შენობა ნადგურდება ქალაქის ცენტრში. განმკითხველი კი არსით ჩანს,

არანაკლები ბედი ეწეოდა 1938-1953 წლებში აშენებულ პარლამენტის შენობას, რომლის იავარქმნა, ძარცვა, შიგა კონსტრუქციების ნგრევა ორიოდე წლის წინ დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ , მაგრამ, საბედნიეროდ ვერ დაამთავრა.

ჩვენი პარტიის ოფისთან ორ ასეულ მეტრში მდებარეობს სოფლის მეურნეობის ყოფილი სამინისტროს შენობა, გამორჩეული არქიტექტურითა და მშენებლობის მაღალი კულტურით, ისიც წლების მანძილზე  ინგრევა და ლპება წინა ხელისუფლების ნებითა და  გაურკვეველი ინვესტორის  უმოქმედობით.

ყველას კარგად ახსოვს ვაკის პარკის მიმდებარედ არსებული ფინანსთა  სამინისტროს ყოფილი შენობა.  არ ვიცით რა სიტყვა შეიძლება ვუწოდოთ ნარჩენებს, რომელიც ამ კიდევ ერთი უნიკალური შენობიდან დარჩა.

უპატრონობით სულს ღაფავს თამარ მეფის გამზირზე მდებარე ე.წ. ამიერ-კავკასიის რკინიგზის უშიშროების, მოგვიანებით კი ჩუღურეთის რაიონის პოლიციის ყოფილი შენობა.

თავისი არქიტექტურით, მშენებლობის ხარისხით და ფუნქციონალური გამართულობით გამოირჩეოდა ქუთაისში მდებარე დასავლეთ საქართველოს რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა. მავანთა მსახვრალი ხელი  მასაც ძალიან მძიმედ შეეხო.

ამ სიის გაგრძელება საუბედუროდ, დაუსრულებლად შეიძლება. ამჟამად ჩვენ ამით შემოვიფარგლებით იმ განზრახვით, რომ მკითხველები, თავიანთი ქალაქებისა და რაიონების პატრიოტი ადამიანები, მშენებლები, არქიტექტორები, მშენებლობასა და კულტურასთან დაკავშირებული სხვა სპეციალისტები ისურვებენ ამ თემაზე მათი გამოგზავნილი სტატიები და ფოტოსურათები გამოქვეყნდეს, რათა დროულად მიექცეს ყურადღება ანალოგიურ სიტუაციაში ჩავარდნილ შენობა-ნაგებობებს.

“თეთრების” ანალიტიკური ჯგუფი

11.09.2013

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *