(geonews.ge)ხალხის შეურაცხყოფაა, ქვეყანას ჰყავდეს ერთი კაცის ხათრით არჩეული დეპუტატები, დანიშნული მინისტრები და პრეზიდენტი – თემურ შაშიაშვილი

რაც დრო გადის, ბიძინა ივანიშვილის ყოველი გამოსვლა შეურაცხმყოფელი ხდება უამრავი ადამიანისათვის, – ასე აფასებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ივანიშვილის გამოსვლას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეკრებაზე სპორტის სასახლეში.
თეთრების ლიდერის თქმით, ქვეყნის, ხალხის და მთელი ერისათვის შეურაცხმყოფელია, როცა დანაპირებს არ ასრულებ და გაკეთებულით კმაყოფილი ხარ. მისივე თქმით, “მოსახლეობა სრულიად სხვას ელოდა, ბიძინა ივანიშვილის თვითკმაყოფილება კი აპოგეას აღწევს“.
„თეთრების“ ლიდერი ასევე შეურაცხმყოფლად მიიჩნევს გაკეთებულ განცხადებას, რომ „ქართველი ერი ვალშია ბიძინა ივანიშვილთან“.
„ტრაგედიას იმაში ვხედავ, რომ ივანიშვილის გარემოცვა პოლიტიკურ ჭაობად იქცა და სპორტის სასახლეში გამართულ შეკრებაზე ეს ყველაფერი რელიეფურად გამოჩნდა. არა მგონია, 21-ე საუკუნეში დასაშვები იყოს ასეთი გადიდკაცება, ასეთი თვითკმაყოფილება, ასეთი მენტორული ტონით საუბარი იმ ხალხთან, ვინც გენდო, ვინც აგამაღლა, იმედის თვალით გიყურებდა და გიყურებს დღესაც“, – აცხადებს შაშიაშვილი.
შაშიაშვილის განცხადებით, საქართველოში სხვადასხვა ამერიკული პოლიტიკური დაჯგუფებების მიერ შექმნილი ორგანიზაციების: „თავისუფლების ინსტიტუტის“ , „ენ დი აი“-ს და სოროსის ფონდის სათავეებთან მარგველაშვილი იდგა და სწორედ მარგველაშვილის გასაპრეზიდენტებლად ჩადეს ამერიკის გარკვეულმა პოლიტიკურმა და ჯგუფებებმა ყველაზე დიდი ფული.
მისი თქმით, 21-ე საუკუნის საქართველოს არ აწყობს ერთ კაცზე ჩამოკიდებული სახელისუფლებო ვერტიკალი, მით უფრო, როცა ეს ერთი კაცი აცხადებს, რომ მიდის პოლიტიკიდან.
„როგორც ჩანს, საქართველოსა და ქართველი ხალხის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა წინაა და ის „ქართულ ოცნებაში“ იგეგმება: ის კაცი, რომლის ხათრითაც ირჩევა და ინიშნება მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, ფორმალურად გადის ამ სახელისუფლებო ვერტიკალიდან და ხდება ქვეყნის რეალური მმართველი. ქვეყნის გადარჩენა არც „ქართულ ოცნებაშია“ და არც რომელიმე სხვა პოლიტიკურ ერთობაში, ის ხალხშია და ამ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს ის, რომ ქვეყანას ჰყავდეს ერთი კაცის ხათრით არჩეული დეპუტატები, ერთი კაცის ხათრით დანიშნული მინისტრები და ერთი კაცის ხათრით დანიშნული პრეზიდენტი“, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი



