(geonews.ge) თემურ შაშიაშვილი: 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რაიონებში საჯაროდ ჩააბარონ ანგარიში მოსახლეობას

1 ოქტომბერს, ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ერთი წლისთავზე, ყველა ქალაქსა და რაიონში „ქართული ოცნებიდან“ არჩეულმა დეპუტატებმა, გამგებლებმა, მერებმა, ღიად ჩაბარონ ანგარიში ადგილზე მოსახლეობას, თუ რა გაკეთდა კონკრეტულად იმ რაიონში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა საუბრობს, რომ პრაქტიკულად არც ერთი დანაპირები არ შესრულებულა, – ამის შესახებ „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა პრაიმტაიმში გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.
შაშიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება სულ უფრო სცილდება საკუთარ ხალხს. არჩევნებამდე ივანიშვილი გამუდმებით აწყობდა თავისუფალ შეხვედრებს მოსახლეობასთან და საუბრობდა „ქართული ოცნების“ პროგრამაზე და იმ დაპირებებისთვის ზესტაფონელებმა მას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს, თუმცა, მისივე თქმით, სამწუხაროდ, არც ერთი დაპირება არ შესრულებულა.
„ბიძინა ივანიშვილის ბოლო გამოსვლებში აშკარად გამოიკვეთა პრემიერ-მინისტრის თვითკმაყოფილება. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მის შეხვედრაზე ექსპერტებთან, – ასეთი თვითკმაყოფილება დაუშვებელია მაშინ, როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, ქვეყანაში უამრავი პრობლემა დაგროვდა, სამწუხაროდ პროგრესი არც ამ ერთი წლის განმავლობაში შეინიშნება. მრჩება შთაბეჭდილება რომ ხალხის განწყობას ყველა დაცილდა და ყველას შეეპარა თვითკმაყოფილება“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.
„თეთრების“ ლიდერი გამოდის ინიციატივით, რათა პრესაში, ან ცალკე გამოცემად გამოქვეყნდეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა, რათა საქართველოს მოსახლეობა თავად გაეცნოს, რას პირდებოდა მას ხელისუფლება არჩევნებამდე და შეაფასოს, რამდენად სრულდება ეს დანაპირები.



