(timer.ge) თემურ შაშიაშვილი: “მაწუხებს ხელისუფლების გადაჭარბებული თვითკმაყოფილება”

არჩევნების ერთი წლისთავზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მოსახლეობას საჯაროდ ჩააბარონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. – ამის შესახებ “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა განაცხადა.
“ბიძინა ივანიშვილის ბოლო გამოსვლებში აშკარად გამოიკვეთა პრემიერ-მინისტრის თვითკმაყოფილება. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მის შეხვედრაზე ექსპერტებთან, – ასეთი თვითკმაყოფილება დაუშვებელია მაშინ, როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ქვეყანაში უამრავი პრობლემა დაგროვდა, სამწუხაროდ პროგრესი არც ამ ერთი წლის განმავლობაში შეინიშნება. მე მრჩება შთაბეჭდილება რომ ხალხის განწყობას ყველა დაცილდა და ყველას შეეპარა თვითკმაყოფილება”. – განაცხადა შაშიაშვილმა.
მისი თქმით, 1 ოქტომბერს, ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ერთი წლისთავზე, ყველა ქალაქსა და რაიონში “ქართული ოცნებიდან” არჩეულმა დეპუტატებმა, გამგებლებმა, მერებმა, ღიად უნდა ჩაბარონ ანგარიში ადგილზე მოსახლეობას, თუ კონკრეტულად იმ რაიონში, იმ ადგილზე რა გააკეთეს.
“იქნებ მე ვცდები, მაგრამ სადაც ჩვენ ჩავდივართ, მოსახლეობის 90%-ზე მეტი საუბრობს, რომ პრაქტიკულად არც ერთი დანაპირები არ შესრულებულა. ხელისუფლება სულ უფრო სცილდება საკუთარ ხალხს. არჩევნებამდე ბატონი ბიძინა გამუდმებით აწყობდა თავისუფალ შეხვედრებს მოსახლეობასთან და საუბრობდა “ქართული ოცნების” პროგრამაზე. მას ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა ზესტაფონში, მე მოვისმინე მისი დაპირება ზესტაფონელებისთვის. უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი დაპირება იყო… ზესტაფონელებმა მას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს, მაგრამ სამწუხაროდ, ერთი წლისთავზე უნდა ითქვას, რომ არც ერთი დაპირება არ შესრულებულა,” – აღნიშნა “თეთრების” ლიდერმა.
იგი გამოდის ინიციატივით, პრესაში, ან ცალკე გამოცემად გამოქვეყნდეს “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა, რათა საქართველოს მოსახლეობა თავად გაეცნოს, რას პირდებოდა მას ხელისუფლება არჩევნებამდე და შეაფასოს, რამდენად სრულდება ეს დანაპირები.
“მე ვხედავ ბევრ რამეს, რაც გაკეთდა, მაგრამ მაწუხებს ხელისუფლების გადაჭარბებული თვითკმაყოფილება, მაშინ, როცა ბევრ შეხვედრაზე დავრწმუნდი, რომ მოსახლეობას ჯერ კიდევ აწუხებს შიმშილის პრობლემა, ამ ფონზე თვითკმაყოფილება დაუშვებელია.” – აცხადებს თემურ შაშიაშვილი



