(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი: “ნაციონალებისა და მეოცნებეების გარიგება ხალხმა უნდა ჩაშალოს.”

 temiriჩვენს მრავალტანჯულ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. კაციშვილმა არ იცის, არჩევნები რა შედეგით დასრულდება. ნაციონალები უკვე მეორე ტურის სამზადისში არიან. მათმა ფალავანმა დაიბარა, მეორე ტურისთვის მზად ვარო. 

ამ განცხადებაზე მეოცნებეები თავს დიდად არ ინერვიულებენ. თითქმის შეგუებული არიან,რომ გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური ს დანიშვნა გახდება საჭირო.

ბოროტი ხმები კი კვლავ საუბრობენ ნაციონალებისა და მეოცნებეების გარიგებაზე, ამ მოსაზრებას სრულად იზიარებს არასაპარლამენტო ოპოზიცია. პოლიტიკისების ნაწილი კი აცხადებ, რომ თუ ბაქრაძეს მეორე ადგილზე გაიყვანენ, აქციებს მოაწყობენ.

მეოცნებეებისა და ნაციონალების შესაძლო გარიგებაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს პარტია “თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი. მისი თქმით, მხოლოდ ხალხს შეუძლია ჩაშალოს  მის ზურგს უკან  გაკეთებული მზაკვრული გარიგება. ამასთან დაკავშირებით შაშიაშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

– როგორც წყლის ორი წვეთი, ისე ჰგავს ერთმანეთს შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის და მისი პროტეჟე მარგველაშვილის წინასაარჩევნო გამოსვლები. არაფერი ახალი, დაპირებები უხვი, სტილი ერთი და იგივე – ამერიკული.

რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, როცა ხმამაღლა აცხადებენ, რომ 20 წლით მოვდივართ ხელისუფლებაშიო.  20 წლით მოსვლა „გვახარეს“ თავის დროზე „მოქებმა“, 20-წლიანი ვადა დაგვიანონსეს „ნაცებმაც“ , არც „მეოცნებეებს“ ეყო ოცნება – ვერ გასცდნენ „20 წელს“. არც 18, არც 19, და არც 21 – მხოლოდ 20 წელი. იმაზე მაინც გაგვცენ პასუხი, რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში არის ხელისუფლებაში უცვლელად 20 წლით ერთ და იგივე პარტია, ან რომელი პარტია აანონსებს 20 წლით მოსვლას. ეს ხომ შეურაცხყოფაა ქვეყნისა და ხალხის.

კიდევ უფრო უარესი: შევარდნაძე ამბობდა, უბრალოდ კი არ უნდა ამირჩიოთ, არამედ დიდი პროცენტითო და ეს მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ მეტი მხარდაჭერა მქონდესო.  ზუსტად იგივე გაიმეორა სააკაშვილმა, ზუსტად იგივე ტერმინოლოგია აქვს  მარგველაშვილს. იგივე  სიტყვები წარმოთქვა მან  ბათუმში მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ამ ტიპის განცხადებების უკან  რომ დიდი გაყალბება იგეგმება, ეს ყველა წინა არჩევნებმა დაადასტურა. გაყალბების გარეშე რომ მარგველაშვილის გამარჯვება გამორიცხულია, ამას ხალხის განწყობა ადასტურებს.

არის ერთი, რომელიც წინამორბედებისაგან განსხვავებით მარგველაშვილს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს: შეთანხმებულად ერთმანეთის მთავარ ოპონენტებად თვლიან საკუთარ თავს „ქართული ოცნებაც“ და „ნაცმოძრაობაც“. გარიგება მარტივია: „ნაცმოძრაობა“ ითხოვს არა პირველ, არამედ მეორე ადგილს და ამით გაყალბების სრულ თავისუფლებას აძლევს „ოცნებას“. ეს არის მზაკვრული გარიგება ხალხისა ზურგს უკან, ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შედეგი იქნება დასრულებული კოაბიტაცია, როგორც ეს ამერიკელ პოლიტიკოსებს უნდათ, ხელისუფლებაში ორი პოლიტიკური ძალით – „ქართული ოცნებითა“ და „ნაციონალური მოძრაობით“… ამ გარიგების შედეგი იქნება დაქცეული საქართველო –  ამერიკის პოლიტიკური ჯგუფების (თუ სექტების არა) მსახური პარლამენტითა და საერთოდ ხელისუფლებით.

სიტყვა ხალხზეა. ხალხს, და მხოლოდ ხალხს შეუძლია ჩაშალოს მის ზურგს უკან გაკეთებული მზაკვრული გარიგება. მჯერა, ასეც მოხდება, – აცხადებს პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

თემურ შაშიაშვილი სოჭის ოლიმპიადის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟსაც გამოეხმაურა. საზოგადოების ერთი მაწილი მიიჩნევს,რომ საქართველომ უარი უნდა თქვას 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. ამ პოზიციას ისინიც იზიარებენ, ვინცცოტა ხნის წინ სოჭის ოლიმპიადის მიმართ ნეიტრალურად იყო განწყობილი. 

ასეთი რეაქცია კი რუსული მხარის გადაწყვეტილებას მოყვა. მათ გადაწყვიტეს, რომ ოლიმპიური მეჩირაღდნე აგვისტოს ომის გმირი ნეჩაევი ჰყავდეღ. შაშიაშვილი აბსოლუტურად გაგებით ეკიდება ჩვენებურების რეაქციას. ამის მიუხედევად, სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.  მისი თქმით, რუსები ცდილობენ , მეტად გაგვაღიზიანონ, მეტი შეცდომა დაგვაშვებინონ და ამით მეტი აგრესიის უფლება მიიღონ. “თეთრების” ლიდერის განცხადებით, მეტი სიბრძნე და ნაკლები ემოციაა საჭირო ქვეყნის მართვაში. – 

– დრო და მოვლენათა განვითარება ადასტურებს ჩვენს შეფასებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის ლანძღვით ვებრძვით საქართველოს და კეთდება რუსეთის საქმე. მხოლოდ ქვეყნის მტერს  შეეძლო  ეთქვა გაეროს ტრიბუნიდან ის სიტყვა, რომლითაც სააკაშვილი გამოვიდა. რუსეთის და პუტინის ლანძღვამ ამ უკანასკნელს მისცა საქართველოს წინააღმდეგ თავისუფალი ქმედებების საშუალება. ამ გამოსვლის შემდგომ საზღვარი მეტი სიჩქარით მოცოცავს თბილისისაკენ, დაიწყო საუბარი ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ხელშეკრულების გადახედვაზე, გამოჩნდა პირველი ნიშნები რუსეთში ქართველების შევიწროების. რუსეთმა ოლიმპიური ჩირაღდანი ცხინვალის ომის მონაწილე რუსეთის გმირთან დააკავშირა. არ ვეჭვობ, ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ რაც შეიძლება მეტად გაგვღიზიანონ, მეტი შეცდომები დაგვაშვებინონ და ამით მეტი აგრესიის უფლება მიიღონ.

ამის პარალელურად რუსეთი და ამერიკა კიდევ უფრო ათბობენ ერთმანეთთან ურთიერთობებს: ყველაზე დიდი მხარდაჭერა პუტინის ნობელის პრემიაზე წარდგენამ სწორედ ამერიკაში მიიღო. სააკაშვილის მეგობარი დონალდ ტრამპი წარმოუდგენლად აქებს პუტინს და მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პიროვნებად  მიიჩნევს. არც პუტინი იშურებს ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ქება-დიდებას.

მთელი მსოფლიო ცდილობს რომ რუსეთი არ გააღიზიანოს, არ მისცეს მას მისი ქვეყნის მიმართ თავისუფალი ქმედებების საბაბი, ჩვენ კი პირიქით ვაკეთებთ და მერე გვიკვირს, რატომ ვართ ამ დღეში. სხვა ქვეყნის საგარეო უწყებაში დაწერილმა სიტყვამ, რომელიც სააკაშვილმა გაახმოვანა გაეროს ტრიბუნიდან, იმ ქვეყანას პოზიტიური შედეგები მისცა, საქართველოსთვის კი ქვეყნის დამანგრეველი პროცესების გაძლიერების ახალი სტიმული გახდა.

დრო ადასტურებს, ჩვენი ქვეყნის ისტორია გვეუბნება, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ იმ ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება, რომელსაც აქვს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა, რომელიც ახერხებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე სხვა ქვეყნების – განსაკუთრებით დიდი ქვეყნების ინტერესების დაფუძნებას და არა პირიქით, როგორც ამას  „მოქკავშირი“, „აღორძინება“, მათი მემკვიდრე „ნაცმოძრაობა“ აკეთებდნენ და რისი ნიშნებიც სერიოზულად ჩანს „ქართულ ოცნებაშიც“. მეტი სიბრძნე და ნაკლები ემოციაა საჭირო ქვეყნის მართვაში, – მიიჩნევს თემურ შაშიაშვილი.

 

 შორენა მარსაგიშვილი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *