(newspress.ge) თეთრების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის გარიგებაა

პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის, ამჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, პრემიერ-მინისტრის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო გამოსვლები ერთმანეთისგან არ განსხვავდება.
„რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, როცა „ნაცებიც“ და „მეოცნებეებიც“, ისევე როგორც თავის დროზე შევარდნაძე, ხმამაღლა აცხადებენ, რომ 20 წლით მოვდივართ ხელისუფლებაშიო. იმაზე მაინც გაგვცენ პასუხი, რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში არის ხელისუფლებაში უცვლელად 20 წლით ერთდაიგივე პარტია, ან რომელი პარტია აანონსებს 20 წლით მოსვლას“ – განაცხადა შაშიაშვილმა.
„თეთრების“ ლიდერის აზრით, მსგავსი ტიპის განცხადებების უკან გაყალბების საშიშროება იმალება.
შაშიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის გარიგების არსებობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ამის შედეგი დაქცეული საქართველოა – ამერიკის პოლიტიკური ჯგუფების მსახური პარლამენტით და ხელისუფლებით“.
„სიტყვა ხალხზეა, მხოლოდ ხალხს შეუძლია ჩაშალოს მის ზურგს უკან გაკეთებული მზაკვრული გარიგება. მჯერა, ასეც მოხდება“ – ამბობს შაშიაშვილი.



