(newsport.ge) თემურ შაშიაშვილი ოპონენტებს პასუხობს

198941_137527276315997_2345779_nპარტია „თეთრების” ლიდერს წარსულს ხშირად უხსენებენ, განსაკუთრებით იმ ეპიზოდს, როცა მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა ნინო ბურჯანაძის მიმართ. ბევრი ოპონენტისათვის ასევე გულშემატკივრისთვის დამაბნეველი და გასაკვირია დღეს თემურ შაშიაშვილის მხრიდან ნინო ბურჯანაძის ღია მხარდაჭერა საპრეზიდენტო არჩევნებში. ამასთან დაკავშირებით „თეთრების” ლიდერმა საჭიროდ ჩათვალა განმარტება გაეკეთებინა, რომელსაც ვაქვეყნებთ.„ ყოველთვის ვაღიარებდი, რომ ჩემზე მწვავედ ცოტა ვინმე თუ აკრიტიკებდა ნინო ბურჯანაძეს… მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

1.მე აღარ მსურს ქვეყნის მაღალ პოსტზე “თავისუფლების ინსტიტუტის”, “სოროსის ფონდის” და ენ – დი -აის სათავეებთან მყოფი, და მათ წინაშე ანგარიშვალდებული პიროვნება… მარგველაშვილი ასეთია… ეს ფაქტებით დასტურდება და ასევე მისი განცხადებებითაც. ერთის მოტანაც კი საკმარისია: მან თქვა, რომ ლევან რამიშვილი, თემურ იაკობაშვილი, ნიკა რურუა და გიგა ბოკერია (ეს კი პრაქტიკულად მთელი თავისუფლების ინსტიტუტია) მისი მეგობრები არიან. 2. არასდროს არსად მომავალი არ ჰქონია და არ აქვს ერთი კაცის ხათრით არჩეულ პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს. ამდენად მარგველაშვილის არჩევა ბიძინა ივანიშვილის დასასრულად მიმაჩნია.. მყარად მწამს, რომ დღეს ქვეყანას, მის დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება პრეზიდენტი „ქართული ოცნების” გარეთ.

3.ნინო ბურჯანაძე „სახალხო კრების” კანდიდატია, მე, როგორც კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მხარს ვუჭერ კრების საპრეზიდენტო კანდიდატს. აქვე მინდა ვთქვა, “სახალხო კრება” დიდი ხანი ფიქრობდა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია იყო: თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყრიდა კენჭს პრეზიდენტად, ჩვენ მას დავუჭერდით მხარს, თუ ბატონი ივანიშვილი წამოაყენებდა საზოგადოებისთვის ისეთ ცნობილ პიროვნებას, როგორიც მინდია უგრეხელიძეა, მას დავუჭერდით მხარს… მე მქონდა კერძო პოზიცია ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით, თუ ბატონი ბიძინა მის კანდიდატურას დააყენებდა, და თუ ბატონი ალასანია გაიზიარებდა ჩვენს მოთხოვნებს, შესაძლოა მისთვის დამეჭირა მხარი. ასეთივე განსაკუთრებული პოზიცია მქონდა იურისტთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ პაატა ცნობილაძესთან დაკავშირებით.სამწუხაროდ, ბატონმა ივანიშვილმა ისეთი კანდიდატი წამოაყენა, უარესის წარმოდგენაც კი შეუძლებელია – იმ მიზეზების გამო, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნე.

4. კანდიდატთა შორის ნინო ბურჯანაძე ყველაზე მეტად არის ქართული ტრადიციების ერთგული მიმდევარი და პატივისმცემელი, ის ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია და რაც მთავარია, მე მჯერა „სახალხო კრების” და იმ პრინციპების, რის გამოც მისი კანდიდატურა დავაყენეთ…დარწმუნებული ვარ, გამარჯვების შემთხვევაში ამას მთელი საქართველო დაინახავს…

5. როგორც ჩანს, ჩემი ოპონენტები არ იცნობენ “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს მონაწილეობით, “თეთრებისა” და “დემოკრატიული მოძრაობის” შეხვედრის მასალებს. გაგახსენებთ ერთ ფრაზას ჩემი მიმართვიდან ბურჯანაძის მიმართ : “თქვენი პრეზიდენტობის შემთხვევაში თქვენ არ გექნებათ საკუთარი ვალდებულება პერსონალურად “თეთრების” რომელიმე წევრის მიმართ, მაგრამ თქვენ გექნებათ განსაკუთრებული ვალდებულება ჩვენი პროგრამების შესრულებაზე”

ბევრს გაუკვირდება, მაგრამ პირდაპირ ვამბობ და ეს არის “სახალხო კრების” პოზიციაც, რომ ნინო ბურჯანაძის გამარჯვება ამ პოლიტიკურ სიტუაციაში გაცილებით მეტად არის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა, რადგან ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილს არ დაუპირისპირდება, მაგრამ არც ფეხქვეშ არ გაეგება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოქმედებაში სრულად იქნას მოყვანილი ბიძინა ივანიშვილის პოტენციალი, რომელსაც “ქართული ოცნება” და კოაბიტაციის პროცესი ულმობლად ანადგურებს. ნებისმიერ ძლიერ და თავის თავში დარწმუნებულ, ქვეყანაზე შეყვარებულ პოლიტიკოსს, მით უფრო ხელისუფალს, ჰაერივით სჭირდება ასეთი პიროვნების გვერდით დგომა. არ შევცდები, თუ ვიტყვი: ეს არჩევნები ან იმას დაადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძლიერია, ან იმას, რომ სუსტი და პატივმოყვარეა. გულწრფელად მინდა, პირველი იყოს” –  ნათქვამია „თეთრების” ლიდერის განცხადებაში.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *