(newspress.ge)თემურ შაშიაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას შანტაჟს უწოდებს
„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ მეორე ტურის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, პოლიტიკურ შანტაჟს უწოდებს.
შაშიაშვილის თქმით, იმას, რომ მარგველაშვილის რეიტინგი 70%-ის ფარგლებშია, არავინ დაიჯერებს.
„ნუთუ მართლა ვინმეს სჯერა, რომ მარგველაშვილი წარმატებული მინისტრი იყო, მითუმეტეს, წარმატებული პრეზიდენტი იქნება. ვინ დაიჯერებს, რომ საქართველო დემოკრატიის გზით მიდის, როცა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი – საკრებულოს რიგითი წევრით დაწყებული, გამგებლით, მერით, დეპუტატით, მინისტრით გაგრძელებული და პრეზიდენტით დამთავრებული – ერთი კაცის ხათრით უნდა შეირჩეს“ – აცხადებს თეთრების ლიდერი.
მისი თქმით, რაც დრო გადის, ბიძინა ივანიშვილი მით მეტად სცილდება მის მიერვე დეკლარირებულ მიზნებს.