(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი: `ბიძინა ივანიშვილმა უნდა გვითხრას, სინამდვილეში რატომ გადაემტერა ალასანიას~

 

რა დაამტკიცა გიორგი მარგველაშვილმა

779საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის გამოსავლენად მეორე ტურის ჩატარება გახდება აუცილებელი. `ქართული ოცნების~ მამებს მეორე ტურის ძალიან ეშინიათ. ქვეყნის მთავარმა მეოცნებემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამას წინათ განაცხადა, რომ მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში ის გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას ურჩევს. ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება გაცივებული არ იყო, რომ მარგველაშვილმა დაიბარა, მეორე ტურში ჩემი ფეხი არ იქნებაო. მეოცნებეთა ამგვარი განცხადებები ერმა კარგად არ მიიღო.

რაზე მიუთითებს პრემიერის განცხადებები, რატომ გადაეკიდა ის ირაკლი ალასანიას, რატომ არ იქნება ქვეყნისთვის კარგი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტო-ბა, ამ თემებზე პარტია `თეთრების~ ლიდერი თემურ შაშიაშვილი `ახალ თაობას~ ესაუბრება.

თემურ შაშიაშვილი:

_ ბიძინა ივანიშვილი ნიჭიერი და ქვეყნისთვის საჭირო კაცია. სამწუხაროდ, ის საკუთარ თავს კატასტროფული წარმატებით ებრძვის. წინა კვირაში მან განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური არ იქნებაო, მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში კი კოალიციის კანდიდატს მოუწოდა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას. საკუთარი თავის მტრის გარდა, ასეთ განცხადებას არავინ გააკეთებდა.

_ თქვენი აზრით, რაში დასჭირდა ასეთი განცხადების გაკეთება?

_ კატასტროფულმა შიშმა გააკეთებინა ეს განცხადება. მათ საშინლად ეშინიათ მეორე ტურის. ეშინიათ იმიტომ, რომ იციან ხალხის განწყობა. ხალხის განწყობიდან გამომდინარე კი მეორე ტური გარდაუვალია. რაც შეეხება უშუალოდ პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ეს იყო კანონდარღვევა. პრემიერი სამუშაო საათებს გიორგი მარგველაშვილის აგიტაციისთვის იყენებს. სხვა შემთხვევაში ნაციონალები ამაზე ერთ ამბავს ატეხდნენ. ახლა კი ჩუმად არიან.

_ რა არის მათი სიჩუმის მიზეზი?

_ ივნიშვილმა წინა კვირაში გარკვევით განაცხადა, მეორე ადგილს დავით ბაქრაძე აიღებსო. ეს კი ნაციონალების ინტერესებში შედის. ეს ყველაფერი მათ  რომ არ აწყობდეთ, პრემიერმა ისეთები თქვა, სააკაშვილი თვითმფრინავიდან დაიწყებდა ყვირილს. მას ახლა ჟვანიას საქმე უფრო აღელვებს და ამ თემაზე ლაპარაკობს. პრემიერს ის აღელვებს, რომ პირველივე ტურში ვერ იმარჯვებს მისი კანდიდატი. მარგველაშვილმა თუ ვერ მოიგო ეს არჩევნები, ეს საქართველოსთვის დიდი ბედნიერება იქნება. ეს პრემიერისთვის ბედნიერება იქნება. სამწუხაროდ, ეს ის ივანიშვილი აღარ არის, რომელიც 2 წლის წინ მოვიდა პოლიტიკაში და რომელსაც მართლა შეეძლო ქვეყნის გადარჩენა. რაც დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდებით, რომ ბიძინა ივანიშვილი დასცილდა მის მიერვე დეკლარირებულ მიზნებს. მისი ბოლო განცხადებები ამის დასტურია. ვერ გეტყვით, ეს მისი გარემოცვის გავლენაა თუ გაუმართლებელი თვითკმაყოფილების, უფრო მეტიც, სხვებისთვის შეურაცხმყოფელი თვითდაჯერებულობის. შთაბეჭდილება რჩება, რომ პრემიერს რეალობის შეგრძნება აქვს დაკარგული. არც შევადარებთ ერთმანეთს ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს. პრემიერის უპირატესობა იმდენად გამოკვეთილია, რომ ეს განხილვის საგანიც არ არის, მაგრამ სამ-წუხაროა, რომ თუ სააკაშვილი ტყუილებში გვაცხოვრებდა და ეს იყო კატასტროფა, ივანიშვილი ილუზიებით გვკვებავს. ერთერთი ასეთი ილუზია გახლავთ ის რეიტინგი, რომელიც, მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილს აქვს.

_ თქვენ არ გჯერათ, რომ მარგველაშვილს ასეთი მაღალი რეიტინგი აქვს?

_ ვინ დაიჯერებს, რომ მარგველაშვილის რეიტინგი 70%-ის ფარგლებშია _ დაღუპულა ქვეყანა, თუ ქვეყნის დამანგრეველი იდეოლოგიის ინსტიტუტების: `სოროსის ფონდის~, `თავისუფლების ინსტიტუტისა~ და ენ-დი-აი-ს შექმნის საავეებთან მდგომ და დღესაც მათ ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგს ასე უჭერს ხალხი მხარს. იმედია, მარგველაშვილის ასეთი მაღალი შეფასებით არ გამინაწყენდებიან მისი მეგობრები: ლევან რამიშვილი, თემურ იაკობაშვილი, გიგა ბოკერია, გია ნოდია, თეა თუთბერიძე, ნიკა რურუა, გოკა გაბაშვილი და სხვები.ნუთუ მართლა ვინმეს სჯერა, რომ მარგველაშვილი წარმატებული მინისტრი იყო, მითუმეტეს წარმატებული პრეზიდენტი იქნება. ვინ დაიჯერებს, რომ საქართველო დემოკრატიის გზით მიდის, რომ ევროპულ ფასეულობებს ნერგავს პრემიერი, როცა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი – საკრებულოს რიგითი წევრით დაწყებული, გამგებლით, მერით, დეპუტატით, მინისტრით გაგრძელებული და პრეზიდენტით დამთავრებული – ერთი კაცის ხათრით უნდა შეირჩეს.

ვინ დაიჯერებს, რომ სწორია რესპუბლიკელების და მათი ლიდერის ასეთი ქება – დიდება, როცა გამანადგურებელ ეპითეტებს გამოიყენებს პარლამენტს გარეთ მდგომი არაერთი ლიდერის მიმართ.. მინდა ვცდებოდე, მაგრამ ვფიქრობ პრემიერი გადიდკაცდა, საკუთარ თავზე კარგავს კონტროლს. სამწუხაროა, რომ ეს ემართება ქვეყნისთვის აშკარად საჭირო კაცს, უდაოდ ნიჭიერს, რომლისთვისაც მისივე პოლიტიკური გუნდი ხდება ხელშემწყობი სწორედ გადიდკაცების. პოლიტიკური გუნდი, რომელიც მოაზროვნე ადამიანებისთვის უკვე პოლიტიკურ ჭაობს ემსგავსება და ითრევს ჯანსაღ ნაწილსაც, პრემიერის სხვა შეფასება ვერ მიეცემა იმპერატიულ მოთხოვნას ბატონ მარგველაშვილის გამარჯვებისა. უფრო მეტიც, სარგებლობს რა, ხალხის კეთილი განწყობით და მიიჩნევს რა, რომ რადაც  არ უნდა დაუჯდეს, შეასრულოს დავალება მარგველაშვილის გაპრეზიდენტების თაობაზე, მიდის დემოკრატიული აზროვნებისა და დემოკრატიულ პრონციპებისათვის აბსოლუტურად მიუღებელზე, როცა ამბობს, რომ თუ მისი პროტეჟე პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვებს, მან მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.  ეს უკვე შანტაჟის გზაა,რაც შეურაცხმყოფელია საქართველოსათვის, საქართველოს მოსახლეობისათვის, ქართული აზროვნებისათვის. შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს „თეთრების“ პოზიციას, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს არჩეული ბიძინა ივანიშვილის კოალიციიდან, მით უფრო, „ნაციონალების“ დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაციიდან და უნდა დავიწყოთ დიდი სახალხო მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად “ოცნებისა” და “ნაცების” გარეთ – ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარირებული მიზნების გადარჩენაც იქნება!საქართველოს პრეზიდენტი უცხოეთის მასონური წრეების წარმომადგენელთა მიერ დასმული კაცი აღარ უნდა გახდეს! ეს შეურაცხყოფა აღარ უნდა ავიტანოთ. მე არ ვიცი, ვინ აიძულებს ბატონ ბიძინას ამის გაკეთებას. რა ემართებათ, ამ სკამზე რომ დასხდებიან, ვერ ვხვდები. თავისი ბოლო განცხადებებით რამდენიმე მკვდარი პოლიტიკოსი გააცოცხლა. უკვე ყველამ ვიცით, ვის აქებს თავისი მინისტრებიდან და ვის ებრძვის. აშკარაა, რომ დღეს ამოჩემებული ჰყავს ირაკლი ალასანია.

_ ეს მართლაც თვალშისაცემია. თქვენი აზრით, რატომ ამოიჩემა პრემიერმა ალასანია?

_ არ ვიცი, რატომ ამოიჩემა. ვიცით, რომ კვლევების თანახმად, ის ყველაზე პოულარული მინისტრია. გასულ წელს გავრცელდა ფარული გზით მოპოვებული აუდიომასალები, სადაც ივანიშვილის გუნდის წევრების საუბრებია ჩაწერილი. იქ ფიგურირებს ირაკლია ალასანიაც და ის პრემიერს არასასურველ კონტექსტში მოიხსენიებს. თუ ეს ჩანაწერები მართალია, მაშინ ივანიშვილი დიდი კაცი ყოფილა, აქამდე რომ აიტანა თავის გუნდში ალასანია.

_ იმ აუდიომასალაში გუბაზ სანიკიძის ჩანაწერიც არის. ისიც ცუდ რამეებს ამბობს. მაშინ ის რატომ არ ამოიჩემა პრემიერმა.

_ ეგ მე არ ვიცი. მაშინ ამ ჩანაწერებზე ყველამ თქვა, რომ ეს იყო ტყუილი. ივანიშვილი დიდსულოვანი ადამიანი ყოფილა, თუ ეს მართალია და ამათ გუნდში იტანს. თუ ჩანაწერები ნამდვილია, ივანიშვილს ეს არ უნდა მოეთმინა, მაგრამ, თუ ითმენ, მაშინ ქვეტექსტებით ნუღარ ებრძვი ადამიანს. გამოვიდეს და პირდაპირ თქვას, სინამდვილეში რატომ გადაემტერა ალასანიას. დღეს ყველა ამას კითხულობს. თუ რამე მიქარული აქვს, მაშინ პირდაპირ უნდა თქვას. ასეთი საუბრები ივანიშვილს აპატარავებს. დიდი კაცია ივანიშვილი თუ პატარა, ამას ეს არჩევნებიც დაადასტურებს. ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებით გამოვლინდა მისი პატივმოყვარეობა. მარგველაშვილს გამარჯვება რომ მოუტანოს, ის უკვე პირდაპირ აშანტაჟებს ხალხს. ძალიან მინდა, ჩემზე რაიმე თქვას, მაშინვე გავცემ სათანადო პასუხს.

_ ამას ისეთი ტონით ამბობთ, რაღაც ისეთი უნდა იცოდეთ ივანიშვილზე.

_ ამ შემ¬თხვევაში იმაზე არ ვსაუბრობ, რა ვიცი და რა არ ვიცი პრემიერზე, მაგრამ ისეთი განცხადებების გაკეთება მიწევს, რითიც არ ვამაყობ ხოლმე. მე უფლისგან ერთი სიცოცხლე მაქვს მოცემული. ორჯერ ტანკებს დავხვდი ქუთაისში, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში ჩავედი სოხუმში და ტყვიების ზუზუნში დავდიოდი ცხინვალში. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ასე სჭირდებოდა ქვეყანას. მე არ უნდა მაკადროს ბიძინა ივანიშვილმა იმის თქმა, რას აკეთებდით ეს ათი წელიო.

_ ეს როდის გითხრათ?

_ ყველას გვითხრა. განაცხადა, სააკაშვილს 10 წელი ითმენდითო. მე მას ყოველთვის ვებრძოდი. ამ დროს ივანიშვილი ნაციონალებს აძლიერებდა. სააკაშვილის გამძლიერებლებისა და შემქნელების 99% გვერდით ჰყავს. თვითონ ივანიშვილმა დააყენა ფეხზე წაქცეული სააკაშვილი. ნახეთ 10 წლის წინანდელი გაზეთები და შეამოწმეთ, რა რეიტინგი ჰქონდა სააკაშვილს. ამის გამო ქვეყანას ბოდიში მოუხადეთ და აქეთ ნუ გვამადლით რაღაცებს. ერთხელ დაგვასვით თავზე კაცი, რომელმაც ქვეყანა დააქცია. ახლა კიდევ ერთხელ გვასვამთ თავზე კაცს, რომელიც მასონური წრეების წარმომადგენელია. მე არ მჯერა, რომ მარგველაშვილი ივანიშვილმა თავისი ნებით დაასახელა.

_ აბა, დაასახელებინეს?

_ რა თქმა უნდა. მე ივანიშვილზე კარგი წარმოდგენის ვარ და ვერ დავიჯერებ, რომ მარგველაშვილი მის მიერ არის გამორჩეული. ან რას გადაგვაყოლეს მის განათლებულობას. როდის იყო, საქართველოში განათლებული კაცი უკვირდათ.

_ ამბობენ, კარგი ფილოსოფოსიაო.

_ მაჩვენეთ მისი ფილოსოფიური შრომა. ერთი წიგნი აქვს გამოცემული _ როგორ ჩავატაროთ არჩევნები. ეს წიგნი ენ-დი-აი-მ დააფინანსა. ეს ის კაცია, რომელმაც გვითხრა, რომ პლასტილინია და თავისი განცხადებით დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტად პლასტილინია.

_ რომელი განცხადებით?

_ ივანიშვილმა განაცხადა, მეორე ტური თუ დაინიშნა, მარგველაშვილმა მონაწილეობა არ უნდა მიიღოსო. ისიც უცბად დაეთანხმა პრემიერის ნათქვამს. მე ამ არჩევნებზე მხარს ნინო ბურჯანაძეს ვუჭერ, მაგრამ ივანიშვილის მხარდამჭერი უფრო ვარ.

_ ეგ რანაირად, ბატონო თემურ?

_ მარგველაშვილის გარდა, სხვა კანდიდატის გამარჯვება ივანიშვილის გამარჯვებაა.

_ იმ სხვებში დავით ბაქრაძესაც გულისხმობთ?

_ ცხადია, არა. ივანიშვილის წარმატება და გამარჯვება იქნება, თუ ამ არჩევნებს ნინო ბურჯანაძე მოიგებს.

_ ბატონო თემურ, თქვენ ხშირად ძალიან მწვავედ აკრიტიკებდით ნინო ბურჯანაძეს. ბუნებრივია, ისმის კითხვა, რატომ გახდით მისი მხარდამჭერი. კი ამბობთ, ამით ივანიშვილს უფრო ვუჭერ მხარსო, მაგრამ…

_ ყოველთვის ვაღიარებ და ახლაც ვაღიარებ, რომ ჩემზე მწვავედ ცოტა ვინმე თუ აკრიტიკებდა ნინო ბურჯანაძეს,…მაგრამ რაღაცები უნდა გავითვალისწინოთ.

1. მე აღარ მსურს ქვეყნის მაღალ პოსტზე `თავისუფლების ინსტიტუტის~, `სოროსის ფონდისა~ და ენ-დი-აი-ს სათავეებთან მყოფი, მათი და სხვადასხვა მასონური მიმართულების, სექტებისა თუ ჯგუფების წინაშე ანგარიშვალდებული პიროვნება.…მარგველაშვილი ასეთია. ეს ფაქტებით დასტურდება და ასევე მისი განცხადებებითაც. ერთის მოტანაც კი საკმარისია: მან თქვა, რომ ლევან რამიშვილი, თემურ იაკობაშვილი, ნიკა რურუა და გიგა ბოკერია (ეს კი, პრაქტიკულად, მთელი `თავისუფლების ინსტიტუტია~, თუთბერიძის ჩათვლით) მისი მეგობრები არიან.

2. მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყანას, მის დემოკრატიულ განვითრებას  არნახულად სჭირდება პრეზიდენტი ქართული ოცნების გარეთ. ხოლო მარგველაშვილის არჩევა ბიძინა ივანიშვილის  დასასრულად მიმაჩნია..არასდროს არსად მომავალი არ ჰქონია და არ აქვს ერთი კაცის ხათრით არჩეულ პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს.

3.ნინო ბურჯანაძე „სახალხო კრების“ კანდიდატია, მე, როგორც კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მხარს ვუჭერ კრების საპრეზიდენტო კანდიდატს. აქვე მინდა ვთქვა, “სახალხო კრება” დიდი ხანი ფიქრობდა  საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია იყო: თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყრიდა კენჭს პრეზიდენტად, ჩვენ მას დავუჭერდით მხარს, თუ ბატონი ივანიშვილი წამოაყენებდა საზოგადოებისთვის ისეთ ცნობილ პიროვნებას, როგორიც მინდია უგრეხელიძეა, ჩვენ მას დავუჭერდით მხარს… მე მქონდა კერძო პოზიცია ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით, თუ ბატონი ბიძინა მის კანდიდატურას დააყენებდა,  მე ან ნეიტრალურ პოზიციას დავუჭერდი, ან თუ იგი გაიზიარებდა ჩვენს მოთხოვნებს, შეიძლებოდა მისთვის დამეჭირა მხარი. ასეთივე განსაკუთრებული პოზიცია მქონდა იურისტთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ პაატა ცნობილაძესთან დაკავშირებით. თუ ბატონი ბიძინა მის კანდიდატურას დააყენებდა – მე მას დავუჭერდი მხარს. სამწუხაროდ, ბატონმა ივანიშვილმა ისეთი კანდიდატი წამოაყენა, უარესის წარმოდგენაც კი შეუძლებელია – იმ მიზეზების გამო, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნე.

4. კანდიდატთა შორის ნინო ბურჯანაძე ყველაზე მეტად არის ქართული ტრადიციების ერთგული მიმდევარი და პატივისმცემელი, ის ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია და რაც მთავარია, მე მჯერა „სახალხო კრების“ და იმ პრინციპების, რის გამოც მისი კანდიდატურა დავაყენეთ…
დარწმუნებული ვარ, გამარჯვების შემთხვევაში ამას მთელი საქართველო დაინახავს…

5. როგორც ჩანს, ჩემი ოპონენტები არ იცნობენ “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს მონაწილეობით, “თეთრებისა” და “დემოკრატიული მოძრაობის”  შეხვედრის მასალებს. ჩემს გამოსვლას, იმ დოკუმენტებს, რომლებიც ჩვენ გადავეცით, იმ პირობებს, რომლებიც ჩვენ დავუყენეთ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს. გაგახსენებთ ერთს ამ გამოსვლიდან : “თქვენი პრეზიდენტობის შემთხვევაში თქვენ არ გექნებათ საკუთარი ვალდებულება პერსონალურად “თეთრების” რომელიმე წევრის მიმართ, მაგრამ თქვენ გექნებათ განსაკუთრებული ვალდებულება ჩვენი პროგრამების შესრულებაზე” (სრულად ყველა მასალა ნახეთ “თეთრების” ვებ.გვერდზე

6. უამრავ ადამიანს ვხვდები, რომელთათვის ნინო ბურჯანაძე მიუღებელი იყო, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს ხმამაღლა ადასტურებს მისდამი მხარდაჭერას. ბევრს გაუკვირდება, მაგრამ პირდაპირ ვამბობ და ეს არის “სახალხო კრების” პოზიციაც, რომ ნინო ბურჯანაძის გამარჯვება ამ პოლიტიკურ სიტუაციაში გაცილებით მეტად არის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა, რადგან ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილს არ დაუპირისპირდება, მაგრამ არც ფეხქვეშ არ გაეგება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოქმედებაში სრულად იქნას მოყვანილი ბიძინა ივანიშვილის პოტენციალი, რომელსაც “ქართული ოცნება” და კოაბიტაციის პროცესი ულმობლად ანადგურებს. კაცმა რომ თქვას, ნებისმიერ ძლიერ და თავის თავში დარწმუნებულ, ქვეყანაზე შეყვარებულ პოლიტიკოსს, მით უფრო ხელისუფალს, ჰაერივით სჭირდება ასეთი პიროვნების გვერდით დგომა. არ შევცდები, თუ ვიტყვი: ეს არჩევნები ან იმას დაადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძლიერია, ან იმას, რომ სუსტი და პატივმოყვარეა. გულწრფელად მინდა, პირველი იყოს.

 

 ესაუბრა შორენა მარსაგიშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *