(ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: ” ივანიშვილის ჯგუფმა “ყრუ კედელი აღმართა…”

 

549232_327840980617958_1377696455_nახლა მე რომ მთხოვთ ყველაფერს, თქვენ სად იყავით 9 წლის განმავლობაში? ასეთი რიტორიკული კითხვა დასვა პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას. ძნელია, ამ შემთხვევაში მოითმინო და ხმამაღლა თქვა, ვინ სად იყო. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ქრონიკას „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესაუბრება

– ბატონო თემურ, ბიძინა ივანიშვილი კატეგორიულად მოითხოვს. რომ მარგველაშვილმა უნდა მიიღოს მინიმუმ 60% თუ იქნება მეორე ტური, ის მარგველაშვილს ურჩევს მოხსნას თავისი კანდიდატურა.

– მე დასაწყისშივე მინდა დავსვა კითხვა, არის თუ არა ამ ქვეყანაში უმადურობა და ვინ არის უმადური? ბატონ ბიძინას გონია, რომ ხალხია უმადური და ვერ აფასებს იმას, რაც მან გააკეთა. მე ვისურვებდი, ასეთი გამონათქვამები პრემიერის გამოსვლაში არ ყოფილიყო, იმდენად ანტიდემოკრატიულია. უკვე წაგებულია. გამოდის, მას არ აქვს იმედი რომ მარგველაშვილი პირველ ტურში გაიმარჯვებს და გარკვეულწილად შანტაჟის სუნი უდის. მოკლედ, ან ხალხია უმადური, ან ბატონი ბიძინაა უმადური… საერთოდ, ჯობია, რომ არც ერთი ყოფილიყო. ხალხი მადლიერია, ხალხი ხედავს, რა მოხდა ამ ერთ წელიწადში. ბატონ ბიძინას არ სჭირდება ამდენი განმარტებები იმაზე, თუ რა გააკეთა.

პრემიერი დღეს წარმოუდგენელი წარამტებით ებრძვის საკუთარ თავს. ხალხი მეტს ელოდა… ბიძინა ივანიშვილის პოტენციალის მქონე ადამიანს ხუთჯერ მეტის გაკეთება შეეძლო. ამას ვამბობ მისდამი პატივისცემით. უდავოდ ნიჭიერი კაცია, ქვეყნისთვის ძალიან საჭირო, მაგრამ, სამწუხაროდ, ებრძვის საკუთარ თავს. მუდმივად იმის გარკვევაშია, იმან ის რატომ თქვა, ამან რატომ თქვა და ასე შემდეგ.

თუ ჟურნალისტმა რამე არასწორად დაწერა, შეიძლება გააკეთო მცირე კომენტარი. თქვენ ჟურნალისტებს მიგაჩნიათ ასე? მე ამ საკითხს ვხედავ ისე. ახლა სამწუხარო რამ უნდა ვთქვა… ალბათ ამის შემდეგ ბევრს მის პრესკონფერენციაზე მისვლის სურვილი დაეკარგება. ვერავინ სათქმელს ვერ ამთავრებს. ზოგჯერ სიტუაცია გადადის უაზრო დისკუსიაში და ამ დროს იკარგება მთავარი. ჯობდა, ბოლო პრესკონფერენცია არ შემდგარიყო.

– თქვენი აზრით, სად უშვებს ბიძინა ივანიშვილი მთავარ შეცდომას?

– მას გონია, რომ ქვეყნის სიძლიერე და გადარჩენა კოალიციის შიგნითაა, ეს არის მისი მთავარი შეცდომა, კოალიციის გარეთ გაცილებით ჯანსაღი განწყობაა.გულახდილად გაგიმხელთ ერთ ამბავს ორ პიროვნებას შევხვდი. ისინი ქართული ოცნების წევრები არიან. სამნი ვისხედით და ვსაუბრობდით ისინი ძალიან მძიმე რამეებს მეუბნებოდნენ.

15 წუთში ეს ორი პიროვნება გამოდის ტელევიზიით და ლაპარაკობენ სრულიად სხვას, სრულიად საწინააღმდეგოს. გესმით , რა ხდება? ესენი ნიჭიერი ადამიანები არიან, მაგრამ ჩემთვის დაპატარავდნენ… ისინი ფიქრობენ, ივანიშვილს ასე მოსწონს და ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ ასეო. მე მე მითრეს, თქვენს ინტერვიუს რომ ვკითხულობთ, გვეამაყება, ყველაფერი სიმართლეაო. ჩემთან მათ ილაპარაკეს იმაზე მწარედ, ვიდრე მე ვსაუბრობ ინტერვიუებში.

– ბატონო თემურ, დამაინტრიგეთ, რაზე ილაპარაკეს ამ ადამიანებმა?

– ისინი ბიძინა ივანიშვილის გუნდში არიან და ამბობენ, რომ პრემიერი მუშაობს გარკვეულ ჯგუფთან…
მათი თქმით, ბოლო დროს აღიმართა დიდიკედელი, რომლის იქითაც ეს ჯგუფი არავის უშვებს. ეს არის ყრუ, მუნჯი კედელი, რომელსაც პრემიერი ენდობა, პერიოდულად კედელს მოაკლდება ვინმე, ვიღაცა შეემატება, მაგრამ შედეგი ერთია.

გეუბნებით მათ ნათქვამს, არაფერს არ ვამატებ, სხვათა შორის, კარგად ვხედავ გარკვეული ადამიანების ხელწერას. ივანიშვილი არ იყო საჯარო პირი, და ის ძალიან ცოტა ვინმეს იცნობდა საქართველოში. ჩვენ უფრო მეტს ვიცნობთ და ვიცით, ვინ რას წარმადგენს. მე იმაზე მწყდება გული, რომ პრემიერს სხვანაირი წარმოდგენები აქვს შექმნილი. ის დააჯერეს, რომ კოალიციის გარეთ ყველა ცუდია, არადა ენციკლოპედიური განათლების პიროვნებები გარეთ უსაქმოდ დადიან… ამ დროს პრემიერი ამბობს, შეუძლებელი შევძელიო. შეიძლება მე გაცილებით უფრო მძიმე წარმოდგენა მქნდეს იმ პოლიტიკოსებზე, ვისზეც მან ისაუბრა, მაგრამ ქვეყნის პირველი პირი ამაზე ენერგიას არ უნდა ხარჯავდეს და ასეთი ეპითეტებით არ უნდა ამკობდეს პოლიტიკოსებს, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, შეუძლია მიიღოს, შეუძლია – არ მიიღოს.

– ივანიშვილმა თქვა, ვიცი, ნინო ბურჯანაძე რატომაც არ მაკრიტიკებსო. თქვენ როგორ გგონიათ,რას გულისხმობს?

– მან თქვა , ბურჯანაძე არ მაკრიტიკებს იმიტომ, რომ იცის ხალხის განწყობა ჩემდამი, მას არ უნდა დაკარგოს ხალხიო. ეს არასწორი შეფასებაა, ეს არ იყო მხოლოდ ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილება. ეს „სახალხო კრების“ გადაწყვეტილებაა.
„კრების“ მიზანი სულაც არ არის ბურჯანაძის გამარჯვება, მიზანი საქართველოს გამარჯვებაა, რაც შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილითან ერთად.
148949_235853443195158_1336981725_nნონა გაფრინდაშვილი ახსენა… ხომ შეიძლება ჰკითხოს, ქალბატონო ნონა, ბატონო რეზო, რატომ წახვედით ჩემს წინააღმდეგ? მეტსაც გეტყვით, თუ ნინო ბურჯანაძე გამოვა და ივანიშვილს გააკრიტიკებს, 10%-ით აიწევს მისი რეიტინგი, მაგრამ ამას არ და ვერ აკეთებს. რადგან კრების გადაწყვეტილება ივანიშვილის მხარადჭერაა. აი, ეს ვერ გაიგო პრემიერმა და ძალიან ვწუხვარ. ვიმეორებ, ის ძალიან ნიჭიერი კაცია, მაგრამ „ყრუ კედელს“ სხვანაირად მიაქვს ამბები მასთან. ნონა გაფრინდაშვილს სურს ეს კედელი გაარღვიოს, პირდაპირ დაელაპარაკოს მას ხალხის განწყობაზე, ასეთივე სურვილი აქვს რეზო ესაძეს და სხვებს. ასეულობით ადამიანის დასახელება შემიძლია. დღეს ხშირად მეუბნებიან, თქვენ ადრე ნინო ბურჯანაძეს აკრიტიკებდით და ახლა მხარს უჭერთო. ვაკრიტიკებდი კი არა, ძალიან მწარედ ვაკრიტიკებდი…. აი, თუ გაიმარჯვებს ბურჯანაძე, მერე „კრება“ აჩვენებს, მთელს საქართველოს, თუ როგორი იქნება კონტროლი. და როგორი იქნება ნონა გაფრინდაშვილი. ბატონო ბიძინა , არც თქვენ უნდა გინდოდეთ ენ-დი-აი,-ს დამფუძნებელი და „თავისუფლების ინსტიტუტის“ შემქმნელი პრეზიდენტი… დარწმუნებული ვარ, შინაგანად არ გინდათ და ამაში ჩვენ გეხმარებით. არავის წინაშე ვალდებულება არ ჰქონდა ზვიად გამსახურდიას და მოხდა ისე, რ ომ ძალიან მძიმედ. მოვიდა შევარდნაძე – ის ვალდებული იყო დასავლეთის რაღაც წრეების წინაშე, ასევე ვალდებული იყო „სამეულთან“. სიგუასთან კიტოვანთან, იოსელიანთან. სააკაშვილმა ხალხი გამოიყენა, ის ვალდებული იყო გარე ძალების წინაშე. ბიძინა ივანიშვილი თვიდან თავისუფალი იყო, მას მხოლოდ ქართველი ხალხის ბედი აინტერესებდა, მაგრამ ესეც მოექცა გარე ძალების გავლენის ქვეშ. ახლა უფრო მეტად აინტერესებს, რას იტყვიან დასავლეთში. ეხლა ბურჯანაძე რომ მოვიდეს, ვის წინაშე იქნება ვალდებული? მე გარწმუნებთ, ის ვალდებული იქნება მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე!

– თუ ყველა პირველი პირი ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექცა, ბურჯანაძე გამონაკლისი იქნება?

– ბურჯანაძე ვერ იქნება ვინმესგან მართვადი

– რატომ, რით ვართ დაზღვეული?

– ჩვენ სერიოზული განხილვები გვქონდა.ამას „სახალხო კრება“ არ დაუშვებს. შეიძლება ჩვენ მომავალში დამოუკიდებელ პარტიად ჩამოვყალიბდეთ და ერთადაც აღარ ვიყოთ,მაგრამ დღეს საუბარია საქართველოს გადარჩენაზე. როგორმე უნდა გამოვტაცოთ ხელიდან ქვეყანა მასონური წრეების წარმომადგენლებს. ჩვენ აღარ გვინდა „თავისუფლების ინსტიტუტის“ ხალხი! სააკაშვილი, ბოკერია და მათი მიმდევრები ყაჩაღები არიან, ისევ ეგენი უნდა დაგვასხდნენ თავზე?! იმას არ ვამბობ, რომ ბურჯანაძეს შეცდომები არ ჰქონია, და იდეალურად იარა პოლიტიკაში, დღეს სხვას ვერ ვხედავ უკეთესს. გავამხელ, რომ თუ ბიძინა იყრიდა კენჭს – მის გვერდით ვდგებოდით, თუ მინდია უგრეხელიძის კანდიდატურას დააყენებდა – მის გვერდით ვდგებოდით, საუბარი იყო სხვა კანდიდატურებზეც.

– ამ შემთხვევაში ნინო ბურჯანაძე თავს იკავებდა და თავის კანდიდატურას არ აყენებდა?

– რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ნინო ბურჯანაზე „სახალხო კრების“ კანდიდატურა kreba 1.12არ იქნებოდა. ბიძინა ივანიშვილს რომ კენჭი ეყარა, მის გვერდით უნდა დავმდგარიყავით. ამის შესახებ მივმართეთ კიდეც. მე ადრეც გითხარით, დასაწყებია დიდი მოძრაობა „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარეთ, თუ ნაცებმა დიდი უბედურება მოუტანეს ქვეყანას. „ქართული ოცნება“ განდიდებამ შეიპყრო, ჩვენ ვართ, მეტი არავინ არისო!

ბატონი ბიძინა აქეთ გვამუნათებს, 9 წელი სად იყავითო? მე 1997 წლიდან სააკაშვილს ვაფასებდი სამი სიტყვით – არასერიოზული, გაუწონასწორებელი, ქვეყნისთვის საშიში, რომელი არ გამართლდა? თუ ვინმე ბიძინა ივანიშვილზე განაწყენებული უნდა იყოს, ერთ-ერთი პირველი მე ვარ, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ქვეყნისათვის საჭირო კაცი… არ აქვს მნიშვნელობა, ჩემს მიმართ რა განწყობა აქვს . რას ვაკეთებდი 9 წლის განმავლობაში? ახლავე მოვახსენებ ბატონ ბიძინას, მე არ მაქვს ფული, მამაპაპისეული სახლ-კარის გარდა არაფერი გამაჩნია, დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით… როგორც ჩანს, ასეთი ხალხი არ უყვართ. მე სამჯერ სიცოცხლე მაჩუქა ღმერთმა. ორჯერ ტანკებს დავხვდი წინ, რომ თბილისი არ დანგრეულიყო და ერთხელ ჩავჯექი თვითმფრინავში, რომელიც უნდა ჩამოვარდნილიყო. უკაცრავად, ნუ გადამივლით და ნუ მკითხავთ, რას აკეთებდი 9 წელიო, სირცხვილია!

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *