(geotimes.ge)თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნებას მოითხოვს

 

პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნებას მოითხოვს.

„ვინც მიხეილ სააკაშვილი გამარჯვების კვარცხლბეკზე აიყვანა, ვინც გააპრეზიდენტა, საკუთარ ქმედებას დღეს იმით ამართლებენ, რომ თურმე არ იცოდნენ რომ მათგან მხარდაჭერილ მომავალ პრეზიდენტს ნევროლოგიური ავადმყოფობა ჰქონდა გადატანილი მძიმე შედეგებით, რაზეც შემდგომ მსოფლიოს ცნობილი ნევროლოგების დასკვნაც დაიწერა. სააკაშვილის თაობაზე უამრავი ადამიანი წერდა. მეც ბევრი ვთქვი – 1997 წლიდან მას არასერიოზულ, გაუწონასწორებელ და ქვეყნისთვის საშიშ პიროვნებად ვთვლიდი, დოკუმენტალურად ვასაბუთებდი. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კატეგორიულად მოვითხოვე, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების სამედიცინო დასკვნა გამოქვეყნებულიყო. მე, როგორც პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა თხოვნით მივმართე ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომ თუ ჩემთან დაკავშირებით რაიმე ჰქონდათ, გამოექვეყნებინათ. ანალოგიური არ გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ექიმებმაც არქივებში კარგად გადაინახეს მისი ავადმყოფობის ისტორია. ქვეყანა კი დაღუპეს” – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

მისივე თქმით, დღეს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ აღნიშნულ საკითხს ისევ პრინციპულად აყენებს და მთავარი პრეტენდენტების: მარგველაშვილისა და ბურჯანაძის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნებას მოითხოვს.

„მინდა ვიფიქრო, რომ ამ პოზიციას გაიზიარებენ ბატონი გიორგი მარგველაშვილი და ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები. საარჩევნო კომისია მიმართავს შესაბამის სამედიცინო უწყებებს რათა საჯარო გახდეს მოსახლეობისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობა” – აღნიშავს შაშიაშვილი.

მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში არა მარტო „თეთრების”, არამედ ყველა იმ ადამიანის განწყობას გამოხატავს, რომლებიც თვლიან, რომ უმაღლესი თანამდებობები უნდა ეკავოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ნერვებთან ყველაფერი წესრიგში აქვთ.

„ამას დღეს პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან მარგველაშვილის გაპრეზიდენტებას თითქმის იგივე პოლიტიკური ძალები, პოლიტიკოსები, იგივე ინსტიტუტები („თავისუფლების ინსტიტუტი”, „სოროსის ფონდი”, ენ-დი-აი) უწყობენ ხელს, იგივე ადამიანები, განსაკუთრებით ინტელიგენციიდან ტრიალებენ მის ირგვლივ, ვინც თავის დროზე სააკაშვილის გაპრეზიდენტება მოახდინეს. დღესაც ცხრა წლის წინანდელი შეცდომა კვლავ რომ არ გაიმეორონ, ხოლო შემდეგ თავი გაიმართლონ, არ ვიცოდითო, გადავდგათ ეს ჯანსაღი პოლიტიკური ნაბიჯი, რითაც ან დადასტურდება, ან უარყოფილი იქნება, რა მითქმა-მოთქმაც ხალხშია და, რაც მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნება, როგორც ეს ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში” – ნათქვამია „თეთრების” ლიდერის განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „თეთრების” ლიდერი 25 ოქტომბერს ბრიფინგის გამართვას გეგმავს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *