(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატების შესახებ სამედიცინო დასკვნების გამოქვეყნებას ითხოვს

779„თეთრები” პრეზიდენტობის კანდიდატების ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნებას ითხოვს. „რეპორტიორი” გთავაზობთ მოძრაობის ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებას:

„ვინც მიხეილ სააკაშვილი გამარჯვების კვარცხლბეკზე აიყვანა, ვინც გააპრეზიდენტა, საკუთარ ქმედებას დღეს იმით ამართლებენ, რომ თურმე „არ იცოდნენ”, რომ მათგან მხარდაჭერილ მომავალ პრეზიდენტს ნევროლოგიური ავადმყოფობა ჰქონდა გადატანილი მძიმე შედეგებით, რაზეც შემდგომ მსოფლიოს ცნობილი ნევროლოგების დასკვნაც დაიწერა. პირადად მე, 1997 წლიდან მას არასერიოზულ, გაუწონასწორებელ, ქვეყნისთვის საშიშ პიროვნებად ვთვლიდი და დოკუმენტალურად ვასაბუთებდი.

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კატეგორიულად მოვითხოვე, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების სამედიცინო დასკვნა გამოქვეყნებულიყო. მე, როგორც პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა თხოვნით მივმართე ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომ თუ ჩემთან დაკავშირებით რაიმე ჰქონდათ, გამოექვეყნებინათ. ანალოგიური არ გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ექიმებმაც არქივებში კარგად გადაინახეს მისი ავადმყოფობის ისტორია. ქვეყანა კი დაღუპეს. დღეს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, კვლავ პრინციპულად ვაყენებ ამ საკითხს. მოვითხოვ, გამოქვეყნდეს პრეზიდენტობის კანდიდატების, განსაკუთრებით კი მთავარი პრეტენდენტების, მარგველაშვილისა და ბურჯანაძის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა. მინდა ვიფიქრო, რომ ამ პოზიციას გაიზიარებენ ბატონი გიორგი მარგველაშვილი, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები. საარჩევნო კომისია მიმართავს შესაბამის სამედიცინო უწყებებს რათა საჯარო გახდეს მოსახლეობისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საპრეზიდენტო კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ხალხში ცუდი ინფორმაცია ვრცელდება. ნევროლოგებმა ბევრი იციან და სამწუხაროდ, დუმან, რაც ქვეყნისთვის კარგი არ უნდა იყოს. გამოვხატავ არა მარტო „თეთრების”, არამედ ყველა იმ ადამიანის განწყობას, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობები უნდა ეკავოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ნერვებთან ყველაფერი წესრიგში აქვთ და არც აზროვნება აქვთ ავადმყოფური. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნება, როგორც ეს ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

One Comment

  1. მარგველაშვილს რომ ვუცქერ, როგორ ასავსავებს ხელებს და როგორ იღრიჭება წარდგენების დროს, თვალწინ სულ სააკაშვილი მიდგას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *