(sazogadoeba.ge)“თეთრების“ ლიდერი პრეზიდენტობის კანდიდატების სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნებას მოითხოვს

teთეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნებას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება შაშიაშვილმა დღეს გაავრცელა.

მისი თქმით, საქართველოს უმაღლეს თანამდებობები უნდა ეკავოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ნერვებთან ყველაფერი წესრიგში აქვთ.

„ვინც მიხეილ სააკაშვილი გამარჯვების კვარცხლბეკზე აიყვანა, ვინც გააპრეზიდენტა, საკუთარ ქმედებას დღეს იმით ამართლებენ, რომ თურმე არ იცოდნენ, რომ მათგან მხარდაჭერილ მომავალ პრეზიდენტს ნევროლოგიური ავადმყოფობა ჰქონდა გადატანილი მძიმე შედეგებით, რაზეც შემდგომ მსოფლიოს ცნობილი ნევროლოგების დასკვნაც დაიწერა და ბევრი სხვა რამ „არ იცოდნენ“. სააკაშვილის თაობაზე უამრავი ადამიანი წერდა. მეც ბევრი ვთქვი – 1997 წლიდან მას არასერიოზულ, გაუწონასწორებელ და ქვეყნისთვის საშიშ პიროვნებად ვთვლიდი, დოკუმენტალურად ვასაბუთებდი.

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კატეგორიულად მოვითხოვე, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების სამედიცინო დასკვნა გამოქვეყნებულიყო.გამოქვეყნებულიყო. მე, როგორც პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა თხოვნით მივმართე ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომ თუ ჩემთან დაკავშირებით რაიმე ჰქონდათ, გამოექვეყნებინათ. ანალოგიური არ გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ექიმებმაც არქივებში კარგად გადაინახეს მისი ავადმყოფობის ისტორია. ქვეყანა კი დაღუპეს.

დღეს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, კვლავ პრინციპულად ვაყენებ ამ საკითხს. გამოქვეყნდეს პრეზიდენტობის კანდიდატების, განსაკუთრებით კი მთავარი პრეტენდენტების, მარგველაშვილისა და ბურჯანაძის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა.

ხალხში ცუდი ინფორმაცია ვრცელდება. ნევროლოგებმა ბევრი იციან, სამწუხაროდ დუმან. არა მგონია, ეს ქვეყნისთვის კარგი იყოს.

ამ შემთხვევაში გამოვხატავ არა მარტო „თეთრების“, არამედ ყველა იმ ადამიანის განწყობას, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს უმაღლეს თანამდებობები უნდა ეკავოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ნერვებთან ყველაფერი წესრიგში აქვთ და არც აზროვნება აქვთ ავადმყოფური. თუ მეორეს გარკვევა ძნელია, პირველის პრობლემა ნამდვლად არ არსებობს, თუ ამის პოლიტიკური ნება აქვს „ქართულ ოცნებას“,- ნათქვამია „თეთრების“ ლიდერის განცხადებაში.

აღნიშნულის თაობაზე, შაშიაშვილი სპეციალური ბრიფინგის გამართვას პარასკევს, 25 ოქტომბერს აპირებს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *