სიყალბე და მანიპულირება

„თეთრების“ ლიდერის განცხადებით, უკიდურეს შეშფოთებას იწვევს დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებით (ევრონიუსით) გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მარგველაშვილის რეიტინგი 33 პროცენტის ფარგლებშია, ბაქრაძის–18–ის,ბურჯანაძის–10–ს ქვემოთაა….
„ეს ტყუილია და სამარცხვინო ნიშანი იმისა, რომ ხალხი და მსოფლიო სურთ წინასწარ შეაგუონ საპრეზიდენტო არჩევნების სწორედ ამ შედეგებს, რაც სრულიად საპირისპიროა დღეს არსებული რეალური პოლიტიკური სურათისა და იმ განწყობის, რაც არის საქართველოს მოსახლეობაში.
რეგიონებში მოსახლეობის განწყობა, თუნდაც გუშინ სპორტის სასახლეში გამართული შეკრება „სახალხო კრების“ კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის მხარდასაჭერად, რომელსაც უამრავი ხალხი დაესწრო, პრაქტიკულად იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე დარბაზი იტევდა, ასევე დამოუკიდებელი ქართველი ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგები ცხადყოფენ რომ რეალური სურათი რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც თავს გვახვევენ ე.წ. დასავლური ორგანიზაციები. ამ კვლევებით გარდაუვალია მეორე ტურის ჩატარება, რომელშიც გავლენ მარგველაშვილი და ბურჯანაძე, ხოლო ნაცმოძრაობის კანდიდატს ამომრჩეველთა 10%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს,-აცხადებს „თეთრების“ ლიდერი, – არჩევნების შედეგების წინასწარ ასე დამახინჯებულად წარმოდგენა, სასურველის რეალობად წარმოჩენის ეს პრაქტიკა სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და წინასწარ დაანონსება დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური წრეებისათვის, მისაღები არჩევნების შედეგებისა.
„თეთრების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ მსგავსი „სოციოლოგიური კვლევებით“ ხდება ქართველი ამომრჩევლით მანიპულირება, რასაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ და სამართლიან საარჩევნო გარემოსთან, სამართლიან არჩევნებთან.
ყოველივე ეს აძლიერებს აზრს იმის შესახებ, რომ ხალხის ზურგსუკან მოხდა ორი პოლიტიკური ძალის, “ქართული ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” გარკვეული შეთანხმება.
„დემოკრატიის მამები ამბობდნენ: დემოკრატია არჩევნები კი არა, არჩევანის თავისუფლებაა. როცა შენს სამშობლოში ათასგვარი მანიპულაციებით, მათ შორის თავსმოხვეული, გაყალბებული, სოციოლოგიური კვლევებით არ გიტოვებენ არჩევანის თავისუფლებას და სახელისუფლებო თუ დასავლეთის პოლიტიკური წრეები იმპერატიული ტონით თავს გახვევენ თავიანთვის მისაღებ არჩევანს, ხმების დათვლაც მათ ხელშია – ეს დემოკრატია არ არის, ეს შეურაცხმყოფელია ხალხისთვის, რომელმაც ერთი წლის წინ მთელს მსოფლიოს დაანახა, რომ მისთვის თავისუფლება და თავისუფალი ნების გამოხატვა უზენაესი ღირებულებაა“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.



