(sazogadoeba.ge) თემურ შაშიაშვილი:თუ ვინმემ შეძლო დაენახა ქუთაისი, ეს ქალბატონი ლილი გახლდათ.

 

დიდი პოეტი, დიდი დედა, დიდი პატრიოტი – ასე დაახასიათა კომპოზიტორმა რუსუდან სებისკვერაძემ ქალბატონი ლილი ნუცუბიძე.

და მართლაც … ის იყო ადამიანი, რომელიც შვილებს, მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს, რძლებს და ა.შ. ქვეყნის ტრფობის მაგალითს აძლევდა … ადამიანი, რომელსაც ყველას და ყველაფრის სიყვარული შეეძლო…

“საყვარელო მამულო, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ, გულმა მხოლოდ შენი მზე, შენი მიწა იწამა” – ეს ის სიტყვებია, რომელიც ქალბატონმა ლილიმ “გულზე ამოიქარგა” და მთელი საქართველო აამღერა.

“ადამიანები მოვდივართ ქვეყნად და ბოლოს მივდივართ უსასრულობაში, მაგრამ არიან ღმერთის რჩეულები, რომლებიც მოდიან და რჩებიან. ისინი მუდმივ ადგილს იმკვიდრებენ ადამიანთა გულებში, ლექსებში, სიმღერებში და მათი სახელები უკვდავებას ეზიარებიან. ასეთ რჩეულთა შორის გახლავთ ცნობილი პოეტი ქალი, ქ-ნი ლილი ნუცუბიძე, – ასე ახასიათებს კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი მრავალი სიმღერის ტექსტის ავტორს.

“ის, რაც გულზე ამოიქარგა” “საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოებამ” ქალბატონი ლილის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ ერთ წიგნად გამოსცა.

პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესწრებოდა პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს:
ძალიან მიხარია, ჩოხოსნებმა ლილი ნუცუბიძის ლექსების კრებულის გამოცემა რომ ითავეს. მანამდე მათივე ინიციატივით ხალხში მოგროვებული პატრიარქისადმი მიძღვნილი ლექსების კრებულიც გამოიცა. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ რასაც ჩოხოსნები აკეთებენ, ეს ეროვნული საქმეა, ფრიდონ ინჯიასგან (“საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების” დარბაზის თავმჯდომარე) არ მიკვრის. ის ბევრი კარგი საქმის ინიციატორია. ეს დასაფასებელია.

რაც შეეხება ლილი ნუცუბიძეს, ის ცაში გაფრენილი ქალბატონი იყო, საოცარი, ჰაეროვანი. თუ ვინმემ შეძლო დაენახა ქუთაისი, როგორც დიდი ლექსი და რიონი – როგორც კომპოზიტორი, ეს ქალბატონი ლილი გახლდათ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *