(sazogadoeba.ge)”ნაციონალები ხელისუფლებაში მცოცავი რეჟიმით მოჰყავთ”

temარჩევნები მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა მის სამომავლო შედეგებზე აზრი სხვადასხვაგვარია. ” ნაციონალური მოძრაობის” მეორე ადგილზე გასვლამ “სამართლიანობის აღდგენის” მომლოდინე საზოგადოების აღაშფოთება გამოიწვია. ხმები იმის შესახებ, რომ ოცნებასა და ნაციონალებს შორის გარიგება შედგა, აქტიურად გაისმის.

რა შეიძლება ყოფილიყო, ამ შემთხვევაში “ოცნების” მხრიდან გარიგების მოტივი? რა გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე ბაქრძის მეორე ადგილზე გასვლა? მობრუნდებიან თუ არა “ნაციონალები” ხელისუფლებაში? შეძლებს თუ არა ბურჯანაძე მესამე ადგილით და 10%-ით ანგარიშგასაწევ ძალად დარჩეს პოლიტიკაში? რა მიზნები აქვს “სახალხო კრებას?” ვის და რატომ თვლის თემურ შაშიაშვილი საქართველოს მტრად? -ამ და სხვა საკითხებზე პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი გვესაუბრება:

არჩევნების შედეგები მძიმე იქნება საქართველოსათვის. არც პირველ-მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას და არც ქვეყნის “მეგობრებს” ვადამდელი არჩევნები არ აწყობს. მათი წარმოდგენით, ორ- პარტიულ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად უნდა იყოს. ამ ორი პოლიტიკური ძალის და ქვეყნის გარეთა ძალების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა და ძალიან სერიოზული შეთანხმება შედგა. შეიძლება ეს ორი ძალა ერთმანეთს არ დალაპარაკებია, მაგრამ უცხოეთში არსებობენ ადამიანები რომლებიც ასეთ საკითხებს აწესრიგებდნენ.

დღეს ალაპარაკებული სააკაშვილი არცერთ ძალას არ აწყობს. ბატონ ბიძინას რამდენჯერმე წამოსცდა კიდეც, როგორ მიდიოდა ელჩებთან თანხები. ესენი უცხოეთის ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შერწყმული და საქმეებში გასული არიან. როდესაც გორდიას კვანძი არ იხსნება, უნდა გაიჩეხოს, ამას კარგი გაგებით ვამბობ.

ჩემთვის ბევრი რამ გაკვირვებას იწვევს. რა უხარია ხალხს? რა უხარია “ქართულ ოცნებას,” როდესაც მოსახლეობის 60% -მა ბატონი ბიძინას მოწოდება არაფრად ჩააგდო და არჩევნებზე არ მივიდა, როდესაც ავირჩიეთ პრეზიდენტი, რომელსაც რეალურად ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20% უჭერს მხარს, როდესაც დამნაშავე პოლიტიკური ძალა მეორე ადგილზე გავიდა, როდესაც ქართული განწყობის სახალხო კრების კანდიდატი დაამარცხეს?! დიდი პარადოქსია ისიც, რომ მეორე ადგილზე გასული კიდევ უფრო გახარებულია. უცხოეთმა საქართველოში მათი მორჩილი ხელისუფლების მთელი ვერტიკალი მიიღო: მორჩილი პრეზიდენტის ინსტიტუტი და პარლამენტის ძირითადი შემადგენლობა. საქართველოში მასონიზმმა გაიმარჯვა.

ეს მთავრობა სერიოზული ნაბიჯების გადამდგმელი არ არის. საქართველოს დღეს მართავს ორი რამ- შიმშილი და ფული. გაჭირვებული ადამიანის მოსყიდვა ადვილია. ეს იყო მოქალაქეთა კავშირის, აღორძინების, ნაცმოძრაობის იდეოლოგია. თუ გინდა ქვეყანა დაიპყრო, ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები უნდა გყავდეს. ძალიან მდიდრებს არჩევნების დროს უნდა შეეძლოთ ძალიან ღარიბების ყიდვა. არჩევნები საქართველოში დასაქმების და ფულის შოვნის საქმედ იქცა. ქვეყანა ტრაგიკულ მდგომარეობამდე მიიყვანეს.

ჩემი ეს საუბარი არც უცხოელებს, არც ძველ მთავრობას, არც ახალ ხელისუფლებას არ მოსწონს. ეს მე ნაკლებად მაწუხებს. მე რეალურად დამარცხებულ დაგდებულ საქართველოს ვხედავ. ამის ატანა წარმოუდგენელია. ამას ჯობია შეეწირო, ვიდრე შეეგუო. მაშინ ჩვენ ქართველები აღარ ვყოფილვართ და მართლა შევუცვლივართ. თუ ამას ჩვენ ვეგუებით, ეს ნიშნავს, რომ ქართული ცნობიერება აღარ გვქონია. მე ვფიქრობ, რომ მომდევნო წლის გაზაფხულზე დიდი შედეგი გვექნება.

საქართველოში ექსპერიმენტს ატარებენ. რასაც თავიანთ ქვეყანაში არ აკეთებენ, აქ აკეთებენ. იპოვეს კაცი სააკაშვილის სახით, რომელმაც საკუთარი სამშობლო გაწირა, ოქროს ლოდია მართლმადიდებლების მტრებისათვის და მათთვის ფასდაუდებელია. ქუჩის კაცი ისევ ქუჩაში გავიდა. ქუჩაში გასული სააკაშვილი გაცილებით საშიში გახდა. დიდი გამოფხიზლების პერიოდი დგება.

ბატონი ბიძინა თავის შეცდომებს გაცილებით უკეთ დაინახავს, როდესაც თანამდებობაზე არ იქნება და შეიძლება ჩემზე მწვავედ დაიწყოს საუბარი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ თავიანთი თავი ყველაფერი ჰგონიათ. ასე დაემართა ბევრს და ბატონ ბიძინასაც. აღმოჩნდა ის, რომ ქვეყანა გარედან სრულებით მართვადი გახდა.

სომხეთმა შენარჩუნა სომხური ცნობიერება. იქ არადემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლები ძალიან ცოტანი არიან. აზერბაიჯანმაც შეინარჩუნა თავისი თვითმყოფადობა. აზერბაიჯანში დემოკრატიული ქვეყნების ბიზნესი ყველაზე მეტია შესული. საქართველოში ევროპული ბიზნესი არ შემოვა, ეს ცალკე თემაა, იმიტომ რომ რეალურად აქ არაბული, ირანული და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ბიზნესი ჭარბობს. ესენი თავიანთ ქვეყანაში წარუმატებელი ბიზნესმენები არიან. ისინი მოდიან აქეთ, ყიდულობენ მიწებს, სახლებს და ჩვენ მათ ბიზნესმენებს ვეძახით. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ამიერკავკასიაში საქართველო აღმოჩნდა. ქართულ ცნობიერებას ვკარგავთ. საპირისპირო ვითარებაა სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჭკვიანურად იქცევიან ეგვიპტელი სირიელი სომხები, შემოდიან საქართველოში და ყიდულობან ძალაინ დიდ მიწებს, სახლებს. საქართველოს მოსახლეობის კუჭი ასე ებრძოდეს ყოველივე ქართულს, მე არ ვიცი, ეგ რა არის.

რაც შეეხება ქალბატონ ნინოს, მთავარი მისი გამარჯვება კი არა, ქართული ცნობიერების პიროვნების გამარჯვება იყო. შეიძლება მას ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, ბევრი რამის გამო ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე მასონი და თავისუფლების ინსტიტუტის წევრი ვერ გახადეს, ამიტომ ვერ იგუეს ეს პიროვნება. მიუხედავად იმისა, რომ მას ჩემზე მეტად არავინ აკრიტიკებდა, მე ამას ვაფასებ. რა ემართება საქართველოს ინტელიგენციას, როდესაც თავისუფლების ინსტიტუტის, ენდიაის დამაარსებელი და სოროსის სათავეებთან მდგომი პიროვნება აირჩია?! სააკაშვილი პიროვნულად კი არ არის საქართველოს მტერი, თავისუფლების ინსტიტუტის იდეოლოგიაა საქართველოს მტერი. ამ იდეოლოგიის მატარებელი იყო სააკაშვილი და ამ იდეოლოგიის მატარებელია მარგველაშვილი. ესაა ჩვენი გამარჯვება? არავის ვუსურვებ სოროსის და ენდიაის კლანჭებში მოქცევას. ეს პიროვნება ამ სათავეებთან იდგა, ესენი ანგრევდნენ ქვეყანას.

საქართველო სად არის? დაიკარგა. 60 %-ის არ მისვლა პროტესტი იყო , რადგან მათ დაინახეს, რომ სერიოზულ გარიგებას ჰქონდა ადგილი. ჩვენ პლანეტარულად უნდა ვაზროვნებდეთ, მაგრამ ქართული ცნობიერება არ უნდა დავკარგოთ. მთელი საქართველო ფეხზე უნდა დადგეს, რომ ეს მასონური წრეები მოვიცილოთ. ქვეყანას კუჭს ნუ გადავაყოლებთ! რაც მეტად ვფიქრობთ კუჭზე, მით უფრო ვკარგავთ გონებას და უფრო მშიერი ვრჩებით ხოლმე.

-რაც შეეხება საუბრებს ნაციონალებსა და ოცნებას შორის გარიგების თაობაზე, მოტივი სახელისუფლებო პარტიის მხრიდან რა შეიძლება ყოფილიყო?

-პირველ რიგში პარლამენტარების 99%-ს არ აწყობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც ნინო ბურჰჯნძის გამარჯვების შემთხვევაში დღის წესრიგში აუცილებლად დაგებოდა. მათ მსოფლიოს უთხრეს, რომ საქართველოში მხოლოდ ორი ძალაა, სხვები კი არაფერს წარმოადგენენ.

მეორე ფაქტორია, ნაციონალური მოძრაობის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ქვეყნის გარედან. ბატონი ბიძინა გულწრფელი კაცი კი არის, მაგრამ ყველაფერს ვერ ამბობს რა მდგომარეობაში აგდებს უცხოეთი. ბატონი ბიძინა აღმოჩნდა სუსტი. უნდა ეთქვა, რა მდგომარეობაში აყენებენ მას.

-რა გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე ნაციონალების კანდიდატის მეორე ადგილზე გასვლა?

-ბაქრაძეს მეორე ადგილი უფრო უხარია. ამბობენ, შევხვდებით მომდევნო არჩევნებზეო. მათ ძალიან სერიოზული მხარდამჭერები ჰყავს გარეთ. ჩვენ არც ნატოში მიგვიღებენ, არც ევროკავშირში. არადა ჩვენ ისტორიულად ევროპაში კი არ მივდიოდით, საკუთარ თავს ევროპაში ვთვლიდით და ევროპული ცივილიზაციის მწვერვალზე ვიყავით.

საქართველოში ყველაზე დიდი პროვინციალიზმი არის ის, რომ ქართველობა კი არა, ამერიკელობა გახდა ღირსება. მე ქართველი რომ ვარ, ესაა ჩემი ღირსება. ღმერთმა ნუ ქნას, რომ რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესი წინ დავაყენო. ხელისუფლებაში გზას იოლად ისინი იკვლევენ, ვინც ამერიკელობს, ევროპელობს და ქართველობა არ აინტერესებს. მათთვის ქართველობა ჩამორჩენილობას ნიშნავს. გავლენა უკვე მოახდინა. გაზაფხულზე მასონური განწყობის ხელისუფლება უნდა დავასრულოთ.

სააკაშვილის ბოლო გამოსვლა იყო ნიმუში იმისა, როგორი არ უნდა იყოს პრეზიდენტი. ბიძინა ივანიშვილი თავიდან გადასარევი იყო, მშვიდი, მომავალზე ორიენტირებული. მისი ბოლო ინტერვიუები არის სხვისი ლანძღვა. ქართული ოცნება ხდება ჭაობი და ითრევს პროგრესულსაც, ითრევს ბატონი ბიძინაც. რა გვიხარია ჩვენ ვერ გავიგე?

თუ მარგველაშვილი დალეწავს პარტიულ საზღვრებს, ბოდიშს მოვუხდი. დღეს საქართველოში ადამიანები კი არ ცხოვრობენ, არამედ არსებობენ და ეს უნდა შეიცვალოს. ღირსება უნდა დაუბრუნდეს ქართველ კაცს! შეძლებს ამას მარგველაშვილი? შეძლებს ამას მთავრობა? მაშინ ყველაფერზე, რაც გითხარით, ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ, ვეჭვობ თავისუფლების ინსტიტუტის და სოროსის იდეოლოგიის მქონემ ეს გააკეთოს.

-შეძლებს ბურჯანაძე მესამე ადგილით და 10%-ით სერიოზულ ძალად დარჩეს პოლიტიკაში?

-აქ მარტო ბურჯანაძეზე არ არის საქმე. საზოგადოება ძალიან შეურაცხყოფილი დარჩა. პოლიტიკური ძალა არის ხალხი. 60%- მა არჩევნებზე მისვლაზე უარი თქვა, აი, ეს არის პოლიტიკური ძალა. დღეს ამოცანა ქართული იდეით ხალხის გაერთიანებაა. ქართული იდეა- არის ისტორიულ საზღვრებში გაბრწყინებული საქართველო. სახალხო კრებამ პარტიული საზღვრები დალეწა. ბურჯანაძეს თავის ბოლო გამოსვლაში სიტყვა “პარტია” არ უხსენებია. ბურჯანაძემ შეძლო პარტიული საზღვრები დაელეწა. 60% იმის გამო არ მივიდა, რომ ხედავდა, გარიგებას ჰქონდა ადგილი.

-ის 60% რომელიც არ მივიდა არჩევნებზე, როგორ ფიქრობთ პოტენციურად ბურჯანაძის ამომრჩეველი იყო ?

-არა, მე ეს არ მითქვამს. აქ პიროვნებებზე საქმე არაა. სახალხო კრებამ და ბურჯანაძემ სწორი შეფასებები გააკეთეს, რომ ქვეყანა არის უმძიმეს მდგომარეობაში. თუ ჩვენ ხალხის ინტერესების გამტარებლები ვართ, არ უნდა ვუღალატოთ ინტერესებს. ბრძოლა ბოლომდე! ესაა სახალხო კრების გადაწყვეტილება და არა ის, რომ ბურჯანაძე გახდეს პრეზიდენტი. ნონა გაფრინდაშვილი სკამისთვის მებრძოლი, ან რეზო ესაძე წარმოუდგენია ვინმეს? სადაც არის ნონა გაფრინდაშვილი, იქ არის ქართული განწყობა. მე ვამაყობ, რომ მის გვერდით ვდგევარ. სადაც იდგა მარგველაშვილი, იქ იდგა მაკკეინი და მასონური განწყობა. მე ვარ ბედნიერი, რომ ჩემი წინაპარი საფლავში არ გადაბრუნდება. ამ ხალხს ვეტყვი, მოინანიეთ და აიძულეთ თქვენს მიერ ხმამიცემული პრეზიდენტი ჩამოცილდეს ამ ყველაფერს!

საუკეთესო მეცნიერები არაფერში გამოიყენეს. ხალხია პოლიტიკური ძალა. სადაც ნონა გაფრინდაშვილი და რეზო ესაძეა- იქ ქართული განწყობაა. ეს საქართველოში მცხოვრებ ოსზე, აფხაზზე, სომეხზე ფიქრსაც ნიშნავს. ვინც ამისთვის იბრძვის, საქართველოს მომავალზე ორიენტირებული ის არის. მარგველაშვილი ამერიკული ინსტიტუტების პროდუქტია და მეეჭვება ეს შეძლოს. რუსეთს აქ აწყობს ისეთი პიროვნება, რომელსაც არ დაელაპარაკებოდა. ბურჯანაძის უპირატესობა იყო ის, რომ არ დათმობდა ქართულ ინტერესს, შეეძლო რუსეთთან დალაპარაკება და პუტინი ვალდებული იყო მას დალაპარაკებოდა. რუსეთს მარგველაშვილთან საუბრის არავითარი ვალდებულება არა აქვს და ეს უხარიათ კიდეც. არც აფხაზეთი, არც ცხინვალი არ დაილაპარაკებს ამერიკის ამ მასონურ წრეებთან.

ივანიშვილი იძულებული გახადეს წასულიყო. ქართველი კაცი კი უფრო მეტად რადიკალური გახდება და ეს არ ვარგა. საქართველოს არავითარი ძალისმიერი რადიკალიზაცია არ სჭირდება, გარდა ერთისა ინტელექტუალური რადიკალიზმისა.

-ხედავთ საშიშროებას, რომ ნაციონალები ისევ მობრუნდნენ ხელისუფლებაში?

– ნაციონალები ხელისუფლებაში მცოცავი რეჟიმით მოჰყავთ, ეს იქნება საქართველოს დასამარება. რა გადასარაევი არჩევნები ჩატარდა, როდესაც ნახევარზე მეტი არჩევნებზე არ მივიდა. პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი ერთი კაცის ხათრითაა არჩეული. რომელიმე ევროპული ქვეყანა ამას თავის ქვეყანაში დაუშვებს? მაგრამ საქართველოში ეს ყველაფერი ასატანია, რადგან უნდათ ნაციონალები ხელისუფლებაში მოაბრუნონ. გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ბიძინა, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა, ამას ან არ ან ვერ ხედავს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *