(geotimes.ge) თემურ შაშიაშვილი: მძიმე პოლიტიკური წელი მოდის

 

 

პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მძიმე პოლიტიკური წელი ელოდება.

შაშიაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება და სანაცვლოდ, ხელისუფლებას გარკვეულ პირობებს უყენებს.

„სააკაშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 20 იანვრის, ანუ მისი კონსტიტუციური ვადის გასვლის შემდგომ მისი პრეზიდენტად დატოვება იყო უდიდესი შეცდომა. უდიდესი შეცდომაა, რომ არ მოვიწვიეთ მსოფლიოს ცნობილი ექსპერტები, რათა გაანალიზებულიყო მისი პრეზიდენტობის წლები და სწორედ მათ შეეფასებინათ, მართლა აყვავდა საქართველო, როგორც ამას „ნაცმოძრაობა” ამტკიცებს, თუ განადგურდა, როგორც ხალხის რეალური ყოფა და ანალიზიც ადასტურებს. უდიდესი შეცდომაა, რომ არ დაიწყო სააკაშვილისა და მისი რეჟიმის გასამართლების პროცესი”- აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

მისივე შფასებით, მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის წევრების განცხადებები ადასტურებს, რომ ინაუგურაციაზე მისი არმისვლა, ეს არის განაცხადი, ბრძოლის დაწყების თაობაზე, ხელისუფლებაში დაბრუნებისათვის.

როგორც შაშიაშვილი აღნიშნავს, ეს უკვე სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობაა მისი ყველაზე რთული შესაძლო შედეგით.

„ვაი იმ ახალგაზრდას, ვინც საკუთარ თავს „მიშას თაობას” უწოდებს. ის უკვე ბნელია, მაგრამ მიშას სწორედ ასეთები სჭირდება ახალი რევოლუციისათვის” – აცხადებს შაშიაშვილი და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი როგორც ხელისუფლებაში ქუჩიდან მოსული პოლიტიკოსი, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ისევ ქუჩაში ბრუნდება და ქვეყანას უამრავ პრობლემას შეუქმნის.

„მძიმე პოლიტიკური წელი მოდის. ხალხია ცოდვა, თორემ „ქუჩის პოლიტიკოსების” გრიალი, ხალხის გრძნობებზე თამაში არ მოგვაკლდება. ამ ხალხის სკამებთან მიკარება არ შიძლება. ვინც ფიქრობს მომავლის საქართველოზე, მან უნდა დაივიწყოს „პოლიტიკოსი სააკაშვილი” და მისი ხროვა” – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *