(ალია) რატომ არ მიიწვიეს ინაუგურაციაზე ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ჩხეიძე, რეზო ესაძე

პრეზიდენტ მარგველაშვილის ინაუგურაციამდე ბევრს ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, თუ ვინ ჩამოვიდოდა უცხოეთიდან სტუმრის სტატუსით, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ დაინტერესებულა, ვის მიიპატიჟებდნენ ინაუგურაციაზე ქვეყნის შიგნიდან. დაუპატიჟებელ სტუმართა შორის ძალიან ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვინც „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებამდე სოფელ-სოფელ დაჰყვებოდა და მიხეილ სააკაშვილის გადაშენებაში ლომის წილი აქვს შეტანილი. რატომ ვერ მოხვდნენ „რჩეულთა სიაში“ „სახალხო კრების“ თუნდაც ლიდერები?!
ალიას თემურ შაშიაშვილი ესაუბრება:
– ბატონო თემურ როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოხვდნენ მარგველაშვილის ინაუგურაციაზე თუნდაც ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ჩხეიძე, რეზო ესაძე?
– ბატონმა ბიძინამ თავის დროზე თქვა, ორი პიროვნება მყავს ცხოვრების მაგალითადო და დაასახელა ნონა გაფრინდაშვილი და რეზო ესაძე. ეს ადამიანები დღეს ძალიან გულდაწყვეტილები არიან, მათ ეს განწყობა გამოხატეს ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ჩვენ გვქონდა. მათ კიდევ იმედი აქვთ, რომ ამ ყველაფერს არ აკეთებს ბიძინა ივანიშვილი და მომდინარეობს სხვისგან.
– ამ სხვებში ვის გულისხმობთ?
იმ ადამიანებს, რომლებსაც ეშინიათ „სახალხო კრების“, სადაც ნონა გაფრინდაშვილია, სადაც რეზო ესაძეა, ელიზბარ ჯაველიძეა, გია ბურჯანაძეა, მე აღარ მინდა შორს წასვლა, თუ შენ ამ ხალხს იგნორირება გაუკეთე, მაშინ გამოდის რომ ეს არის ეროვნულ განწყობის წინააღმდეგ წასვლა.
– ბატონო თემურ, ერთი რამ დავაზუსტოთ, კარგად, – „სახალხო კრებიდან“ ინაუგურაციაზე საერთოდ ვინმე იყო დაპატიჟებული?
– არა, არავინ არ დაპატიჟეს, არც ქალბატონი ნონა მიიწვიეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მერაბ ბერძენიშვილი არ უნდა მიეწვიათ?.. ქალბატონ ნონას ისეთი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ერის წინაშე, სადაც არ უნდა გამოჩნდეს, ყველა ფეხზე უნდა ადგეს, აქ რა შუაშია „სახალხო კრება“? გაფრინდაშვილი ის ქალბატონია, ხუთი კაცი რომ შეიკრიბოს სადმე, ერთ-ერთი ის უნდა იყოს. იქ უნდა ყოფილიყო რეზო ჩხეიძე. თუ შენ არ გიყვარს ეროვნული მოღვაწეები, გამოდის, პატრიარქსაც ზრდილობის გულისთვის ეპატიჟები.
– დავანებოთ პოლიტიკოსებს თავი, როგორც ვიცი ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენელი, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ყველგან დაყვებოდნენ, ბოლო მომენტში აღარავის გაახსენდა.
– მეც მაგას ვამბობ. ბოლო დღეებში გივი თოიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა ხელოვნების მუზეუმში, ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ მოსულა იქ. როდესაც შენ ასეთი დიდი მხატვარი გყავს და ყურადღებას არ აქცევ, სხვა რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ეს არის დიდი თოიძეების შთამომავალი და ისევე დიდი მხატვარი , უნდა იამაყო ასეთი ადამიანებით. სტუმრები რომ ჩამოვიდნენ, სწორედ მის გამოფენაზე უნდა მიგეყვანა. მაგალითად, სად იყვნენ ანზორ ერქომაიშვილი, ან რეზო ამაშუკელი?… ვინმემ აუგის თქმა რომ გაბედოს ბიძინა ივანიშვილზე, რეზო ამაშუკელი ისეთ დღეში ჩააგდებს, შეიძლება ტრაგედიაც დატრიალდეს იქ. მე არ ვამბობ, ბატონი რეზო იქ იმისთვის უნდა მიეწვიათ, რომ ეროვნული კაცია, ეროვნული პოეტია. შეიძლება ის ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ ეროვნული პოეტი არ არისო, ამას ვერავინ იტყვის. წეღან ვახსენეთ რეზო ჩხეიძე, ეს არის 87 წლის კაცი, სირცხვილია, როდესაც ასეთი დიდი ადამიანი დაგყვება ყველგან და ამ დროს არაფრად აგდებ. არ არის ის კაცი რეზო ჩხეიძე, პოლიტიკოსებს რომ უნდა დაყვებოდეს უკან, ის უფრო დიდია, მაგრამ მან გვერდზე გადადო ყველაფერი და სააკაშვილის რეჟიმს დაუპირისპირდა.
მიხეილ სააკაშვილმა თავისი არმისვლითა და თავისი განცხადებით, პრექტიკულად დაიწყო ბრძოლა ხელისუფლების დაბრუნებისათვის. ნახეთ, რა თქვა სააკაშვილმა? „მიშას თაობას“ რომ ეძახიან, მათი იმედი მაქვსო. ვაი იმას, ვინც თავის თავს „მიშას თაობას“ ეძახის, ის უკვე ბნელია. თუ ბიძინა ივანიშვილმა, დღევანდელმა პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ახალმა პრემიერ- მინისტრმა პარტიული საზღვრები არ დალეწეს და არ გამოვიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგებს. საკაშვილს ძალიან დიდი ფული აქვს, მხარდაჭერა აქვს, არავის არ აწყობს, სააკაშვილმა ბევრი რომ ილაპარაკოს მისი მოღვაწეობა ისეთ მაქინაციებთან და მექრთამეობასთან არის დაკავშირებული, ყველას ეშინია. მიხეილ სააკაშვილის პირის დაღების, ამიტომ მას ყველანაირად მოეხმარებიან, რათა პოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილოს. ქართველი ხალხი დღეს კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დადგა. ძალიან მძიმე პოლიტიკური წლები გველოდება. ჩვენ არ ვებრძვით ბიძინა ივანიშვილს, ის თვითონ ებრძოდა „სახალხო კრებას“. ჩვენ მივესალმებით დღევანდელ პრემიერ-მინისტრს, ასევე მივესალმებით დღევანდელ პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მნიშვნელოვანი ფიგურა. მარგველაშვილი თვითონ დაიწყევლის თავ-ბედს, ამ თანამდებობას რომ დათანხმდა. დღეს საქართველოს აქვს უმძიმესი მდგომარეობა და ჩვენც სწორედ აქედან გამოვდივართ, თუ სასწრაფოდ არ დაიწყება სააკაშვილის გასამართლება, ხალხი ვეღარ მოითმენს.
ბატონ ივანიშვილს ვურჩევ, დალეწოს პარტიული საზღვრები და შექმნას კონკრეტული გარემო,რათა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ შევთავაზეთ, მოიწვიოს უცხოელი ექსპერტები და დაადგინოს, მართლა აყვავდა ქართული ეკონომიკა სააკაშვილის ხელში, როგორც თვითონ ბოდავს, თუ მართლაც დაინგრა და დაიქცა? ასევე მივმართავთ ბიძინა ივანიშვილს, გასამართლებულიყო სააკაშვილის რეჟიმი, და 20 იანვარს საერთოდ დამთავრებულიყო. მე ვგულისხმობ გასული წლის 20 იანვარს, 17 ოქტომბრამდე რა მოგვიტანა სააკაშვილის პარპაშმა, კარგად ვხედავთ რა სისულელეები და უბედურებაც სააკაშვილმა 17 ნოემბრამდე გაუკეთა საქართველოს, ამას მომავალში მოვიმკით. არავითარი ინვესტიციები არ შემოდის და ნახევარი ბიზნესი გაჩერებულია. ათსობით ადამიანს რომ მოქალაქეობას ჩამოურიგებ, მხოლოდ ეს არის საკმარისი მის გასასამართლებლად. თუ გინდა ყველაფერი გადავდოთ გვერდზე, სააკაშვილმა შექმნა გარემო, საიდანაც 100 ათასობით ქართველი გაიქცა, სამაგიეროდ შემოიყვანა არაქართული მასა, ეს არის ინდუსტრია, ეს ადამიანი უკვე გოდრებით არიგებდა საქართველოს მოქალაქეობას, თან გვეუბნებოდა, არაფერი შეგეშალოთ , ეს რაღაც ძალა რომ მოვიდა, არ მაინტერესებს, მე მაინც მოვბრუნდები ხელისუფლებაშიო.
ბიძინა ივანიშვილს დღეს ის კი არ უნდა აინტერესებდეს, რას იტყვის ამერიკის ელჩი მასზე, არამედ ის, რას ფიქრობენ მასზე ქართველები. ეს არის მთავაროი. 17 ნოემბრამდე ყველა იმაზე ლაპარაკობდა, ვინ ჩამოვიდოდა გარედან. არავის უხსენებია, ვის იწვევდნენ ქვეყნის შიგნით. მე პატივმოყვარეობა არ მალაპარაკებს, უბრალოდ მიხარია, რომ თქვენც დაინტერესდით ამ თემით . კარგი იქნებოდა, თუ სხვა მედიასაშუალებებიც დაინტერესდებოდნენ. რატომ არ მიიწვიეს ღვაწლმოსილი ადამიანები ინაუგურაციაზე? აქედანაც კარგად ჩანს, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა არის ძალიან დაბალ დონეზე. ბიძინა ივანიშვილი ისე მიდის პოლიტიკიდან, არ შეხვედრია მერებს, არც გამგებლებს, არც არასაპარლამენტო ოპოზიციას. მსოფლიოში არ არსებობს ასეთი პრეცედენტი, შეიძლება შენ არ მოგწონდეს არასაპარლამენტო ოპოზიცია, მაგრამ არის რაღაც დაუწერელი კანონი, რაც მათთან შეხვედრას გავალდებულებს. დღეს ჩვენში პოლიტიკური კულტურა მიწაზეა გაგებული და მას ფეხით თელავენ. ივანიშვილს ღირსებას არ აყრიდა ის ამბავი, ჩვენც რომ შეგვხვედროდა, სხვათაშორის, ეს პრაქტიკა „ნაცმოძრაობამ“ დანერგა და გააგრძელა „ქართულმა ოცნებამაც“
ესაუბრა გელა ზედელაშვილი



