(sazogadoeba.ge) თემურ შაშიაშვილი: „ოცი წელიწადი დავკარგეთ და ვერაფრით გავხდით ნატოსა და ევროკავშირის წევრები”

„თეთრების“ ლიდერს, თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობა სულაც არ არის ქვეყნის წინსვლისა და განვითარების პანაცეა. მისი აზრით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის ეფექტურად გამოყენება და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა არის საქართველოს წარმატების გარანტია.
„ნაპოლეონმა თქვა, „პოლიტიკა არის გეოგრაფია“. ჩვენ გვაქვს ღვთისგან ბოძებული უნიკალური მდებარეობა, მაგრამ არ გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც ამას ჩვენს სასიკეთოდ გამოიყენებენ. საუბედუროდ, ქართველმა პოლიტიკოსებმა ჩვენი სიმდიდრე არარაობად აქციეს. საქართველოს გამუდმებით ატყუებენ, თუ ნატოში შევალთ, ფუფუნებაში ვიცხოვრებთო. პრესაში გამოქვეყნდა იმ ქვეყნების სია, რომლებიც ყველაზე კარგად ცხოვრობენ. ზოგი მათგანი არც ნატოს წევრია და არც ევროკავშირის, ზოგი კი ერთ-ერთის წევრია. ის ქვეყნები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული ნატოსა და ევროკავშირში, უფრო უკეთ ცხოვრობენ. დღეს მთელი მსოფლიო ნათლად ხედავს, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს, მრავალვექტორული პოლიტიკა აწარმოეს, ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში არიან.
20 წელიწადი დავკარგეთ და ვერაფრით გავხდით ნატოსა და ევროკავშირის წევრები. შევარდნაძე ამბობდა, რომ 10 წელიწადში ნატოში ვიქნებითო და ვერ განახორციელა. მისი გადაგდების საფუძველიც ეს იყო. სააკაშვილმა თქვა, ჩემი პრეზიდენტობის დროს გავხდებით ნატოს წევრიო, მაგრამ რაც მოხდა, ყველამ დავინახეთ. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამასვე ლაპარაკობენ. ამასობაში ეს ქვეყანა დაიქცა. საქართველოს სჭირდება პოლიტიკოსები, რომელებიც ჩვენი ქვეყნის მდებარეობას კარგად გამოიყენებენ და არა ისეთები, რომლებიც დაგვაქცევენ. საქართველოს და ქართველი ხალხის ამოცანაა, რომ ხელისუფლებაში მოიყვანოს ძალა, რომელიც გარედან არ იმართება. ძალა, რომელიც იმაზე არ ფიქრობს, როგორ აფასებენ პრეზიდენტს ან პრემიერს ამერიკასა თუ ევროპაში, არამედ იმზე, თუ როგორ აფასებს ამას ქართველი ხალხი. „- აცხადებს თემურ შაშიაშვილი.



