(ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: ქართველმა ხალხმა ნამდვილად არ იცის, რა წერია იმ დოკუმენტში, ალბათ როცა გამოქვეყნდება, თმები ყალყზე დაგვიდგება.

“სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი თემურ შაშიაშვილი ამ დღეებში უკრაინაში იმყოფებოდა. მისი თქმით, პრეზიდენტი იანუკოვიჩი უფრო ვაჟკაცურად მოიქცა, რადგან ფასი დაადო თავის ქვეყანას და ჩვენსავით ევროპულ გაუგებრობებს არ მოეკიდა. ამ თემაზე „ქრონიკას“ უფრო ვრცლად ბატონი თემური ესაუბ რა.
– ბატონო თემურ, თქვენ საკუთარი თვალით ნახეთ, რა ხდება უკრაინაში, იქნებ უფრო დეტალურად აგვიხსნათ, რას ფიქრობენ უკრაინელები ბოლო დროის მოვლენების შესახებ?
– კიევში ვიყავი 4 დღე და საკუთარი ყურით მოვისმინე იქ გაკეთებული
განცხადებები. ასევე ვესაუბრე ადამიანებს, რაც იქ ვნახე რეალურად და რასაც ქართული ტელევიზიები გადმოსცემენ, ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც ცა და დედამიწა. საქართველოში არ შუქდება უკრაინული მოვლენები ნორმალურად. სიტუაციას უფრო ამუქებენ.
– იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რას გულისხმობთ? ადამიანები გამოდიან მიტინგზე, ლაპარაკობენ ერთს, ხოლო პირად საუბრებში გამოთქვამენ სხვა მოსაზრებებს. სხვათა შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში დამღუპველია რამდენიმე მომენტი. ეს არის გაჭირვება და ემოცია.
მე ვხედავდი, როგორ რიგდებოდა ფული მიტინგებზე, როგორ მიჰქონდათ საჭმელი, როგორ ჭამდნენ საწყალი ადამიანები აქვე იყვნენ იდეურად მომართული ადამიანებიც. აშკარად ჩანს,რ ოგორ შეეჯახა ერთმანეთს დასავლური, რუსული , მონური ფსიქოლოგია.
დღეს უკრაინაში იბრძვის ორი ძალა: ვითომ ევროპული და რუსული. ვისაც შინაგანად უკრაინული განწყობა აქვს, ის ნაკლებად მონაწილეობს ამ პროცესებში.
დაახლოებით, რაც საქართველოში ხდება, მსგავსი მოვლენებია უკრაინაშიც. პოსტსაბჭოთა სივრცეში ადგილი დაკავებული აქვს გაჭირვებას. ტრიბუნებზე ლაპარაკობენ, რომ უნდათ ევროპა, ხოლო პირად საუბრებში ამბობენ გვინდა ევროკავშირიც და რუსეთიცო. უკრაინაშიც და საქართველოშიც არსებობს ევროპული ღირებულებების მახინჯი აღქმა.
უკვე დაიწყო ლაპარაკი, რომ ევროპაში შემოდის განსხვავებული წესი მშობლებსა და შვილებს შორის, მაგალითად, თუ შვილი ავადმყოფია და უნდა თვითმკვლელობის ჩადენა, ამის უფლებას უკვე კანონით აძლევენ. ეს არის დრეს ევროპული ღირებულებები. ჩვენ ბიბლიური ღირებულებები უნდა გამოვიყენოთ, სადაც წერია, „ღმერთმა თავისუფლებისთვის გაგვანთავისუფლა და არ უნდა ვიყოთ ადამიანების მონები“ . ამაზე უკეთესი თავისუფლება წარმოგიდგენიათ თქვენ? ესენი თავისუფლებას ეძახიან იმას, რომ ჩვენ ვალდებული ვართ ქალს მივცეთ ქალზე ქორწინების უფლება, ხოლო კაცს – კაცზე ქორწინების უფლება. ის, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპის მმართველ სტრუქტურებში ხდება, უმძიმეს განწყობას იწვევს თვით ევროპაში.
– ქართველმა ხალხმა ვერ გაიგო, რაზე მოვაწერეთ ხელი 28 ნოემბერს, ანუ ჩვენთვის უცნობია, რა წერია პარაფირებულ დოკუმენტებში.
– დიახ, ქართველმა ხალხმა ნამდვილად არ იცის , რა წერია იმ დოკუმენტებში. ალბათ, როცა გამოქვეყნდება, თმა ყალყზე დაგვიდგება. შეიძლება ათასი რამ შემოგვთავაზონ, მაგრამ ჩვენ სხვისი მისაბაძი არაფერი გვჭირს, მოკავშირეობა გამიგია, მაგრამ ვერ გავიგე, რას და ვის მივბაძო? არაერთ ქართველ ხიზანს ველაპარაკე, ისინი ევროპაში ცხოვრობენ და გაოგნებული არიან, ამათი დემოკრატიისა ვერაფერი გავიგეთო.
ნახეთ, როგორ გამოაძევეს იაპონიიდან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც დარბაზში ხმამაღლა ლაპარაკობდნენ?… აი, ეს არის მათი დემოკრატია. დღეს მსოფლიოში აკრძალვების აპოგეაა, რაც უფრო მეტად წაართვეს თავისუფლება ადამიანებს, თურმე მით უფრო მეტად დემოკრატიულები არიან.
თურმე ჩვენმა მოჭიდავეებმა ველოსიპედით სიჩქარეს გადააჭარბეს და ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. ამისი გულისათვის გამოაძევეს, წარმოგიდგენიათ?! გამაგებინეთ ახლა,რაზე მოვაწერეთ ხელი და რაზე უნდა მოვაწეროთ მომავალში… ველოსიპედით რომ სიჩქარეს გადავაჭარბებთ, დაგვაჯარიმებენ და ქვეყნიდან გაგვაძევებენ?
ევროპის ბევრ ქვეყანაში სიტყვა „დედა“ და „მამა“ ამოიღეს ლექსიკონიდან. ახლა მამას ქვია პირველი მშობელი, ხოლო დედას – მეორე მშობელი. ცოტა ხანში უკრაინა უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე ჩვენ. პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა შეგნებულად გადადგა ძლიერი ნაბიჯი. რუსეთს ეუბნება – ჩემი გზა ევროპის გზააო, ხოლო ევროკავშირს თხოვს 160 მილიარდის გაღებას.
ბოლო დღოს ევროკავშირის დამოკიდებულება უკრაინისადმი არის ძალიან შეურაცხმყოფელი, მთელი ქვეყნის მომავალი დაიყვანეს ერთ ადამიანამდე, ანუ იულია ტიმოშემკოს სამკურნალოდ გაშვებამდე. გარდა ამისა, არავითარ ეკონომიკურ გარანტიებს არ იძლევიან, უკრაინაში ზამთარი ძალაშია შესული და რუსეთს შეუძლია მკვეთრად გააუარესოს სიტუაცია.
ამ დღეებში მინსკშიც ვიყავი და ერთ საინტერესო რამეს გეტყვით: მაგალითად ოთხოთახიან ოჯახში ცხოვრობს ოჯახი და ის დენის, გაზის, წყლის და სხვა კომუნალურ გადასახადებს იხდის და ჩვენს ფულზე რომ გადავიყვანოთ თვის ბოლოს გამოსდის მხოლოდ 70 ლარი. წარმოიდგინეთ,რამდენად იაფია იქ ცხოვრება.
თუ 28 ნოემბერს უკრაინა მოაწერდა ხელს ასოცირების ხელშეკრულებაზე, რუსეთი ყველა გზას გადაკეტავდა და ცხოვრება უცებ გაძვირდებოდა, ანუ ფასები გასამმაგდებოდა. ეს მაშინ, როცა ევროკავშირი ერთ ევროსაც არ იძლევა. იანუკოვიჩმა არ გაწირა საკუთარი ხალხი. მე არ ვარ ამ ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი. მაგრამ ვაფასებ მის ვაჟკაცობას. ევროკავშირს პირდაპირ უთხრა – თუ უკრაინა გადმოვა ევროპასთან ჰარმონიზაციაში, ამისთვის მჭირდება 160 მილიარდი ევრო, ეს არის რუსეთზე უარის თქმის საფასური, ახლა ნახეთ, როგორი წინააღმდეგობაა ამ შემთხვევაში. ევროპა დღეს ფულს ხარჯავს არა იმაში, რომ უკეთესად იცხოვრონ ადამიანებმა, არამედ რუსეთის დამარცხებაში, ხოლო რუსეთიც იგივეს აკეთებს – ფულს ხარჯავს იმაში, თუ როგორ შეეწინააღმდეგოს ევროპას. ბოლო დროს ძალიან გაძლიერდა მოძრაობა, რომელიც ეწინააღმდეგება ევრაზიულ კავშირის შექმნას. მაგალითად თურქებს 50 წლის წინ აქვთ ხელი მოწერილი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. როგორც კი ამ ქვეყანამ გამოთქვა სურვილი ევრაზიულ კავშირში შევალო, ეგრევე გამოცოცხლდნენ ევროკავშირში და იმ წუთშივე დაიწყეს მოლაპარაკებები თურქეთთან. ჩვენ დღეს მსხვერპლი ვართ დიდი ქვეყნების ჭიდაობას. ე ს კარგად გამოიყენე იანუკოვიჩმა, კარგად გამოიყენა აზერბაიჯანმა და ასევე სომხეთმა.
საქართველო ნაციონალური მოძაობის დროს მონურად იღებდა ყველაფერს, რასაც უკარნახებდნენ, ჩვენ მოლდავეთთან ერთად ვიყავით ამ საკითხში და ამ ქვეყნის საკითხი უფრო ადრე გადაწყდა. რაზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, მათ 2009 წელს მოაწერეს ხელი. ბოლო ორი წლის განმავლობაშ ი მოლდოვაში ვიყავი ორჯერ. ეს არის კომუნისტური ქვეყანა. იქ არავითარი რეფორმები არ ჩატარებულა, პრაქტიკულად, მეორე ალბანეთია. ის მაწუხებს, რომ უბრალოდ, ხბოს აღტაცებამ შეგვიპყრო. კავკასიაში სამი ქვეყანა ვართ და მის ერთიანობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დროს ჩვენ მივდივართ სომხეთისა და აზერბაიჯანის საწინააღმდეგოდ. აზერბაიჯანს ეხვეწებიან, ევროკავშირში შემოდიო – არ შედის, ეხვეწებიან სომხებს – არ შედის. ამ დროს, ჩვენ ცოტა ხომ უნდად ავფიქრდეთ? მე ვაპირებ, ცოტა ხანში ჩავიდე ორივე ქვეყანაში და ვნახო, რა განწყობაა. დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ნაწილობრივ განსაზღვრავს „ნაცმოძრაობა“ , იმის შიშით, რომ მათ ახალ ხელისუფლებას არ წამოაძახონ – ევროპასთან საქმეს აფუჭებო,მიდის ყველაფერზე ხელის მოწერა.
მე მოვუწოდებ ახალ ხელისუფელბას, იმოქმედოს გაბედულად. მოვუწოდებ ასევე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, იმოქმედოს გაბედულად,. ამასვე ვეუბნები პრეზიდენტ მარგველაშვილს. თუ კაცები ხართ და ქართველები, რასაც ხალხი გთხოვთ ის გააკეთეთ.
უნდა აღადგინოთ სამართლიანობა. არც არავინ უნდა დავსაჯოთ ზედმეტად და არც არავის არ უნდა ვაპატიოთ დანაშაული.თუ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფერს აპტიებს. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ არაფერს არ ვაპატიებთ…
– ამბობენ, ერთი წლის განმავლობაშია სოცირებულ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. რუსეთი უფრო გაბოროტდება და სასტიკ დარტყმებს მოვაყენებს.
– რუსეთს რაც უნდოდა, იმას მიაღწია. საქართველო დღეს კოსმოსური სიჩქარით
აპირებს წასვლას ევროკავშირისკებ და ნატოსკენ. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე. ეს უკვე რუსეთის ოცნებაა. ჩვენ თვითონ გავაკეთებთ იმას, რაზეც ფიქრობდა რუსეთი. მას მეტი არაფერი სჭირდება, მე ყველაფერი მიხარია, რაც საქართველოსთვის კარგია. მაგრამ ვფიქრობ ეროვნული მოძრაობის დაწყების დროა, ან ახალმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ეს, ან არადა გამოჩნდებიან ძალები და ეს მოხდება გაზაფხულზე. ვისაც კაცობა შემორჩა და ქართული ცნობიერება გვაქვს, უნდა ვიფიქროთ განახლებულ ეროვნულ მოძრაობაზე. სხაგვარად ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს.
ევროკავშირში ისეთი მკაცრი სტანდარტები და კანონები შემოიღეს, ჩვენ მას ვერასოდეს დავაკმაყოფილებთ. მაგალითად, თუ ხილის ზომა ყუთის ზომას აღემატება, არ მიღებენ, რს ისეთი სტანდარტებია, „გოსპლანსაც“ რომ შეშურდებოდა საბჭოთა პერიოდში. ბევრს ლაპარაკობენ ევროპის ბაზარი გაიხსნებაო. რა უნდა შევიდეს იქ ჩვენგან?.. რიტაც ჩვენ ვამაყობთ საქართველოში იქ ევროულ სტანდარტებში არ შედის.
ამ დროს, ჩვენი ბაზარი უფრო მეტად გაივსება ევროპული ნაწარმით და ეკონომიკა აღმოჩნდება კატასტროფულ მდგომარობაში. იმასაც ლაპარაკობენ, სტუდნტები წავლენ ევროპაში სასწავლებლადო. ალბათ ტრაბახში არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ ჩვენ ვართ ტრადიციული და დიდი განათლების ქვეყანა. როცა გუბერნატორი ვიყავი, ჩავედი შვეიცარიაში, სადაც არის განათლების საერთაშორისო ცენტრი. იქ ვუთხარი, რომ ვაპირებდი განათლების რეფორმის ჩატარებას იმერეთის რეგიონში. ჯერ ერთი , იმათ გაუკვირდათ, რომ გუბერნატორი ვიყავი და პირველად ვნახე იქაურობა. შემდეგ კი მითხრეს, საქართველო უზნაძის ქვეყანაა, 7-8 სკოლა დამისახელეს საქართველოში, რომლებსაც ისინი შენატროდნენ. თქვენი მძლავრი მეცნიერების ხალხმა ჩვენგან რაღა უნდა ისწავლოსო?.. დიმიტრი უზნაძის განათლების სისტემა ცნობილია მთელს მსოფლიოში, რასაც ჩვენ არ ვიყენებთ.
– დავუბრუნდეთ უკრაინას და ჩვენს მიერ პარაფირებულ ხელშეკრულებას. დღეს რატომღაც არ საუბრობენ იმაზე, როგორ ვაპირებთ შესვლას ევროკავშირში აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე? როდესაც ჩვენი ჩინოვნიკები გაიძახიან – ერთი ელის შემდეგ ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოვაწეროთ ხელიო, რატომღაც ეს თემა არავის ახსენდება.
– კი ბატონო, ევროპა აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მე არ ვიცი, ეს წერია თუ არა ამ ათასგვერდიან დოკუმენტში, რასაც ხელი მოაწერეს.
ფაქტი ერთია, რუსეთი ხმას არ იღებს და უხარია, რომ ჩვენ ამ გზით მივდივართ. პუტინი წყნარადაა, მშვიდად, მას საქართველოში მეტი არაფერი სჭირდება.ეჭვი გეპარებათ, რომ მან სიტუაცია განგებ მიუშვა? როდესაც ჩვენ საკუთარი ხელით ვანგრევთ ქვეყანას, რუსეთი რატომ ამოიღებს ხმას? როცა საქმე იქამდე მივიდა, რომ ამერიკის ელჩი გვკარნახობს ვის მოვუხადოთ ბოდიში, ჩემი აზრით ეს უკვე დიდი კატასტროფაა. თქვენ წარმოიდგინეთ, რუსებს ისიც არ აწყობთ, რომ აფხაზეთი და ცხინვალი სხვა ქვეყნებმაც აღიარონ რადგან ისინი ამ შემთხვევაში თავისთავად მოწყდებიან რუსულ ორბიტას.
ეს დაპყრობილი რეგიონები თავიდან ბოლომდე უნდა იყვნენ რუსეთის ხელისშემყურეები. რაც ჩვენს გარშემო ხდება, ეს არის საქართველოში დაწერილი სცენარი, ჩვენ უკვე არაერთხელ შემოგვაპარეს – ერთმანეთი აღიარეთ და შემდეგ ვილაპარაკოთ ერთიან სახელმწიფოზეო, ევროპა ცდილობს, აფხაზეთი ჩამოაცილოს რუსეთს, არა იმიტომ,რომ საქართველოს შემოუერთოს, არამედ იმიტომ, რომ წაიღოს ევროპისკენ. თუკი რუსეთი აფხაზეთს და ცხინვალს ხელიდან გაუშვებს, დაიწყება რუსეთის დაშლის პროცესი. თუ კავკასიაში რუსეთ – ევროპის დაპირისპირებაც დაიწყო, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში საქართველო აღმოჩნდება. დღეს ამაზე არავინ ფიქრობს. ჩვენი პოლიტიკოსები ნერვებსა და ემოციებზე სხედან. ვიმეორებ, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ის, რაც გააკეთა ამერიკის ელჩმა მარგველაშვილის ინაუგურაციის კვირაში.
არ დაივიწყოთ არავინ ეს სიტყვები: „ქართველები აფხაზებსა და ოსებს ისევე ექცეოდნენ, როგორც რუსები ექცეოდნენ ქართველებს“ … ეს იყო კოჭის გაგორება აფხაზებისთვის და ოსებისთვის, გარკვეული დაპირისპირების გაძლიერება ჩვენს შორის და ამით მიანიშნა, – ჩვენ თქვენზე ვფიქრობთ და არასდროს მიგატოვებთო.
თუ ევროპას უნდა, რომ ჩვენი მოკავშირე გახდეს, მაშინ ცუდი არაფერია, მაგრამ ჩვენ უბრალოდ მიმბაძველობის გზას დავადგებით. ეს დაგვღუპავს.



