(timer.ge)”პოლიტიკა არის გეოგრაფია” -რატომ იხსენებს შაშიაშვილი ბონაპარტეს სიტყვებს
“თეთრების” ლიდერს თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობა სულაც არ არის ქვეყნის წინსვლისა და განვითარების პანაცეა. მისი აზრით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის ეფექტურად გამოყენება და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა არის საქართველოს წარმატების გარანტია. ამის შესახებ “თაიმერს” მოძრაობიდან აცნობეს.
“ნაპოლეონმა თქვა, “პოლიტიკა არის გეოგრაფია”. ჩვენ გვაქვს ღვთისგან ბოძებული უნიკალური მდებარეობა, მაგრამ არ გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც ამას ჩვენს სასიკეთოდ გამოიყენებენ . საუბედუროდ, ქართველმა პოლიტიკოსებმა ჩვენი სიმდიდრე არარაობად აქციეს” – აცხადებს თეთრების ლიდერი , -“საქართველოს გამუდმებით ატყუებენ, თუ ნატოში შევალთ, ფუფუნებაში ვიცხოვრებთო. პრესაში გამოქვეყნდა იმ ქვეყნების სია, რომლებიც ყველაზე კარგად ცხოვრობენ. ზოგი მათგანი არც ნატოს წევრია და არც ევროკავშირის, ზოგი კი ერთ-ერთის წევრია. ის ქვეყნები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული ნატოსა და ევროკავშირში, უფრო უკეთ ცხოვრობენ. დღეს მთელი მსოფლიო ნათლად ხედავს, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს, მრავალვექტორული პოლიტიკა აწარმოეს, ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში არიან.
ოცი წელიწადი დავკარგეთ და ვერაფრით გავხდით ნატოსა და ევროკავშირის წევრები, შევარდნაძე ამბობდა, რომ ათ წელიწადში ნატოში ვიქნებითო და ვერ განახორციელა, მისი გადაგდების საფუძველიც ეს იყო. სააკაშვილმა თქვა, ჩემი პრეზიდენტობის დროს გავხდებით ნატოს წევრი, მაგრამ რაც მოხდა ყველამ დავინახეთ. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამასვე ლაპარაკობენ. ამასობაში ეს ქვეყანა დაიქცა. საქართველოს სჭირდება პოლიტიკოსები, რომელებიც ჩვენი ქვეყნის მდებარეობას კარგად გამოიყენებენ. და არა ისეთები, რომელბიც დაგვაქცევენ. საქართველოს და ქართველი ხალხის ამოცანაა, რომ ხელისუფლებაში მოიყვანოს ძალა, რომელიც გარედან არ იმართება. ძალა, რომელიც იმაზე არ ფიქრობს, როგორ აფასებენ პრეზიდენტს ან პრემიერს ამერიკასა თუ ევროპაში, არამედ იმზე, თუ როგორ აფასებს ამას ქართველი ხალხი” – მიაჩნია თემურ შაშიაშვილს.



