(რეპორტიორი) ზურაბ ხასია: „ნაცმოძრაობა“ არის პოლიტიკური სექტა, რომელიც უნდა გასამართლდეს!

IMG_0345პარტია „თეთრები” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებებზე საუბრობს. „რეპორტიორი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ გუშინ, სასამართლო სხდომაზე 2011 წლის 26 მაისს საკუთარი მოსახლეობის მიმართ სისხლიანი ანგარიშსწორების მომწყობმა, შსს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა: „დღეს რომ 25 მაისი ყოფილიყო, იგივე ბრძანებას გასცემდა და ყველაფერს ისევე გააკეთებდა, როგორც გააკეთა”.

ამ სიტყვებით მან დაამტკიცა, რომ არათუ აღიარებს დანაშაულებრივი ბრძანების გაცემას და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, პირიქით, გამართლებულად მიაჩნია იმ ავბედით ღამეს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ სასაკლაოს მოწყობა. ვანო მერაბიშვილმა, „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტიის გენერალურმა მდივანმა, თავისი ცინიზმით და თავხედობით დაადასტურა ის, რასაც ჩვენ, „თეთრები” ყოველთვის ვამტკიცებდით: „ნაცმოძრაობა” არის დამნაშავე ორგანიზაცია, პოლიტიკური სექტა, რომელიც თავისი არსით არის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი და არასდროს შეიცვლის სახეს. ის უნდა გასამართლდეს, როგორც დამნაშავე ორგანიზაცია. სამწუხაროა, რომ 1-ლი ოქტომბრის გამარჯვების შედეგად ხალხის მიერ არჩეული მმართველი ძალა ვერ ასრულებს მოსახლეობის დაკვეთას. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც აღდგენილ სამართლიანობას, ვერც დასჯილ მკვლელებსა და ჯალათებს. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს მიუხედავად საკმარისზე მეტი სამხილისა. ზოგიერთი კი კვლავ თანამდებობაზე რჩება, ან წინაურდება… ათასობით დაჩაგრული და დაზარალებული კი ამაოდ ელის სამართალს.

ვანო მერაბიშვილის ბოლო განცხადებაც იმის დასტურია, რომ სამწუხაროდ, მმართველი ძალა ან ვერ, ან არ ახერხებს 1-ლი ოქტომბერს ხალხისათვის მიცემული დანაპირების შესრულებას. ის სრულ ლოიალობას უცხადებს დამნაშავე პოლიტიკურ პარტიას. უფრო მეტიც, კოალიციის ზოგიერთი ლიდერის განცხადებით, მათთვის დემოკრატიის მთავარი მიზანია „ნაცმოძრაობის”, როგორც პოლიტიკური ძალის გადარჩენა და მისთვის სახის შენარჩუნება და სამწუხაროდ, ეს ერთადერთია, რასაც „ქართული ოცნება” ჯერჯერობით წარმატებით ახორციელებს.

პარტია „თეთრები”, ვინც უშუალო მონაწილე იყო 26 მაისის მოვლენებისა, როგორც დაზარალებული მხარე, პროტესტს გამოთქვამს შსს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცინიკური გამონათქვამის გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს იმ ავბედით ღამეს „ნაცმოძრაობის” მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და საკადრისი პასუხი მიუზღოს დამნაშავეებს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად დაიწყოს სამართლიანობის აღდგენის პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი ამ პროცესს თავად დაიწყებს. ჩვენ ამ ბრძოლაში ხალხთან ერთად ვიქნებით”, – ნათქვამია პარტია „თეთრების” განცხადებაში, რომელსაც პარტიის გენერალური მდივანი ზურაბ ხასია აწერს ხელს.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *