(sazogadoeba.ge)”… თუ ამის გაკეთებას ღარიბაშვილი ვერ შეძლებს, გაზაფხულზე ახალი ეროვნული მოძრაობა დაიწყება”

 

temახალი ხელისუფლების გარკვეული ნაწილი, რომელიც ხალხმა “სამართლიანობის აღდგენის” მოთხოვნით ქვეყნის მართვის სადავეებთან მიიყვანა, როგორც ჩანს, წინა ხელისუფლების მაგალითზე ჭკუის სწავლას არ აპირებს. ამ ფაქტს აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის გარშემო აგორებული სკანდალიც მოწმობს. მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობა” წარმოუდგენლად დიდი მადის და ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო ქართულმა საზოგადოებამ პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლა, აჭარის უმაღლესი თანამდებობის პირის ჯიპებით და “ქოლგისმჭერებით” გატაცება, ახალ ხელისუფლებას იმიჯს სერიოზულად ულახავს. ამის აღიარებას ხელისუფლების სხვა წევრებიც არ მოერიდნენ და ბერიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში დადგა.

იმისთვის, რომ პიროვნებების შეცვლით ჯამი იცვლებოდეს, ექსპერტი კახი კახიშვილი მთავრობას ურჩევს, განსაზღვროს რა პარამეტრებში უნდა ჯდებოდეს თანამდებობის პირის მომსახურეობა. “აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გამონაკლისი არ არის და ის, რაც საქართველოში ხდება, არის ნონსესი. ვერ ნახავთ ვერც ერთ ნორმალური ქვეყანას, სადაც სახელმწიფო მოხელეებს ჯიპები ემსახურებიან. დაუშვებელია, ჩინოვნიკების გემოვნებაზე იყოს დამოკიდებული, როგორი სამსახურებრივი მანქანებით ივლიან ისინი, ვის მოსწონს ფუფუნებით ცხოვრება და ვის – არა,”-აცხადებს ექსპერტი.

არის თუ არა ავთანდილ ბერიძე გამონაკლისი სახელმწიფო მოხელეთა შორის? რა პრევენციული მექანიზმები უნდა არსებობდეს სახელმწიფოში, რომ თანამდებობებს “ფარაონის” სინდრომშეყრილი ჩინოვნიკები არ იკავებდნენ? რატომ არის სირცხვილი, ღარიბ ქვეყანაში იყო მდიდარი? ამ საკითხზე sazogadoeba.ge-ს პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესაუბრა:

-მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, ქვეყანაში სისტემა არ იცვლება. საქართველოში სახელმწიფოს ჯერ არ შეუსრულებია თავისი ფუნქცია , რომელიც კონკურენტული გარემოს შექმნასა და ადამიანების დაცვაში გამოიხატება. ამის გარდა ჩინოვნიკები ყველაფერს აკეთებენ. დღეს პარლამენტში სხედან ბიზნესმენები, რაც უკანონობაა. იმ მანქანებით სარგებლობა, რომლითაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დადიოდნენ, დანაშაულია, არაფერი შეცვლილა. სააკაშვილის დროს “ფუფუნებრივი” რაც იყო, იმავეს აგრძელებენ.

ადრე განვაცხადე, რომ ქვეყანაში სისტემაა დანაშაულებრივი და თქვენ ებრძვით კონკრეტულ პიროვნებებს. კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლა არის სისუსტის მაჩვენებელი. ძალა სისტემის შეცვლას უნდა. ეს ვერავინ მოახერხა და კონკრეტულ პიროვნებებს ებრძვიან. მე არ ვიცნობ ავთანდილ ბერიძეს, მაგრამ ვიცი, რომ იმერეთში ბიზნესი ყოფილ პარლამენტარებს უჭირავთ და ქვეყანას თავზე აზიან. ძვირადღირებული მანქანებით დადიან და ფუფუნებაში ცხოვრობენ მათი ოჯახის წევრები, ეს კატასტროფაა ქვეყნისთვის.

ასე, რომ შესაცვლელია სისტემა. თუ ამას ბატონი ღარიბაშვილი ვერ შეძლებს, გაზაფხულზე ძალიან სერიოზული ეროვნული მოძრაობის დაწყება გახდება საჭირო. ეს არის ჩემი პოზიცია და რჩევა. მე არ მაინტერესებს ბერიძის პიროვნება, რომელიც გამოდის და თავხედურად ლაპარაკობს. ასეთია ყოფილი ხელისუფლების 99,99% და ამ ხელისუფლების როგორც ჩანს, 60-70%. ანუ, იცვლებიან ხელმძღვანელები, არ იცვლება სისტემა. ვერცერთმა ხელმძღვანელმა დღემდე სისტემა ვერ შეცვალა, ეს არის მთავარი!

ხელისუფლებაში ყოფნისას კანონიერად დღეს არც სახლის, არც მანქანის ყიდვა არავის შეუძლია. ყველაფერი ეს არის უკანონო და ქართული ბიზნესის ხარჯზე ხდება. დღეს, საქართველოში ბიზნესი სულს ღაფავს და ხელისუფლება ყელყელაობს. მოხდა კატასროფა და პოლიტიკოსებმა ხალხს და მოაზროვნე ადამიანებს წაართვეს საქართველო. მე მინდა იმ პოლიტიკოსთა შორის ვიყო, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ წართმეული ქონება საქართველოს დაუბრუნოს. ხელისუფლება იმისათვის არსებობს, რომ ემსახუროს ხალხს და არა თავზე დააჯდეს. კატასტოფაა ქვეყნისათვის, როდესაც მსახური თავის მსახურად გაქცევს. ეს მოხდა საქართველოში.

ზნეობა და მორალი არის პირველი. ზნეობრივი ადამიანი არ იკადრებს იმას, რომ მდიდარ ქვეყანაში ცხოვრობდეს ისე, როგორც ესენი ცხოვრობენ. ხელისუფლებაში მეც ვიყავი, დიდი პოსტები მეჭირა, მაგრამ მხოლოდ მამაპაპისეული სახლი გამაჩნია და ისიც თავზე მენგრევა. კანონით მეტის შეძენა არ შემეძლო. ჩინოვნიკებმა ქონება სახელმწიფოს წაღლიტეს. ეს სისტემა არის მახინჯი.

საქართველოში რეალურად მიდის ბრძოლა სკამისათვის და არა იმ იმისათვის, რომ ქვეყანას ეშველოს. ის, რასაც ახლა აკეთებენ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიზნით, არის ქვეყანაში კორუფციის კიდევ ერთხელ გაძლიერება. ამ საკითხთან დაკავშირებით დებატებში პარლამენტის თავმჯდომარეს გამოვიწვევ. დღეს ქვეყანას სჭირდება ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც არ დაუშვებს უკანონოდ ვინმეს გამდიდრებას და იმ სიმახინჯეებს, რომლითაც დამოუკიდებელი საქართველო მოდის.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *