(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი: `ოთარ ფარცხალაძე ოცნებას ნაციონალებმა შეუგდეს?”

 

რატომ წაიყვანეს სააკაშვილი ამერიკაში

 

Sequence 01.Still017ნაციონალებს ახლა საკმაოდ მძიმე პერიოდი უდგათ. საოცნებო ხელისუფლება გახმაურებული საქმეების გამოძიებას აანონსებს. ამბობენ, რომ ეს ახალი მთავარი პროკურორის ხელით გაკეთდება, რომელსაც თავის მხრივ ნაციონალებმა წარსული ცოდვები ამოუქექეს. პარტია `თეთრების~ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ვარაუდობს, რომ მეოცნებეებმა შესანიშნავად იცოდნენ ოთარ ფარცხალაძის ძველი ცოდვების შესახებ, მაგრამ ის ამ თანამდებობაზე დანიშნეს.

რატომ დაინიშნა მთავარ პროკურორად ფარცხალაძე, ვინ წაიყვანა სააკაშვილი ამერიკაში, რა გველოდება გაზაფხულზე, რა აცინებს ვანო მერაბიშვილს, რატომ არის ნაციონალური მოძრაობა სექტა _ ამ თემებზე `თეთრების~ ლიდერი `ახალ თაობას~ ესაუბრება.

თემურ შაშიაშვილი:

_ ნაციონალური მოძრაობა არის სექტა და მის წინააღმდეგ, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის წინააღმდეგ, ბრძოლა არის დიდი შეცდომა. ამ შეცდომას უშვებს როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება. ნაციონალური მოძრაობა გახლავთ უსაშინლესი სექტა, რომლის ყველა წევრი ერთმანეთთან დაკავშირებულია ფულით, ანდა დანაშაულით. ყველა მათგანი, რაღაც საშინელ დანაშაულში არის გახვეული. სექტის ერთერთი შემკვრელი სწორედ ეს არის. იციან, ვის რა აქვს ჩადენილი. სექტას კრავს ის, რომ იქიდან ვერავინ ვერ გადის. და თუ ვინმე ამას გაბედავს, მისი დანაშაულის შესახებ ყველა გაიგებს.

_ ნაციონალებში წესიერი არავინ არ არის ვითომ?

_ წესიერი კაცი სექტაში როგორ დარჩება. სექტაში როგორც წესი, ან ფულისთვის ან კარიერისთვის მიდიან. იქ მიდიან და რჩებიან იმისთვის, რომ დაცულები იყვნენ. სექტა რომ დაცული იყოს, ამისთვის საჭიროა ყველა წევრზე ჰქონდეთ კომ¬პრო-მატები. იქ გაუსვრელს არავის ტოვებენ, ყველას ჩაადენინებენ დანაშაულს. იქეიდან წამოსვლის შემთხვევაში ადამიანს სერიოზული პრობლემები შეექმნება. ჩვენ დღემდე არც კი ვიცით, რა სრულად უბედურობები აქვთ ნაკეთები ნაციონალებს. ბიძინა ივა-ნიშვილი და სხვა მეოცნებეები ამ ყველაფერს მსუბუქად უყურებენ. მათ ჰგო¬ნი¬ათ, რომ ნა¬ციონალებს სააკაშვილი მართავს.

_ აბა, ვინ მართავს?

_ ნაციონალების პარტია, ეს არის ყველაზე მახინჯი ძალების მიერ შექმნილი ორგანიზაცია. ეს ძალები მართლმადიდებლობას და ეროვნულობას ებრძოდნენ. ესენი არიან მასონები. მათ მძიმე კვალი დატოვეს საქართველოში. როგორ გგონიათ, სააკაშვილი თავისი ნებით წავიდა ამერიკაში. ის ამ ძალებმა წაიყვანეს, უნდათ, რომ ახლოს ჰყავდეთ.

_ ასეთი ფასეულია მათთვის სააკაშვილი?

_ ფასეულია იმ კუთხით, რომ მან ბევრი რამ იცის. ამერიკაში წაიყვანეს იმიტომ, რომ პირი არ გააღოს და ბევრი არ ილაპარაკოს.

_ ლექციების წაკითხვის უფლება რატომ მისცეს?

_ რაღაცით ხომ უნდა აიხსნას მისი იქ ყოფნა. ამერიკელებმა ყველაზე უკეთ იციან, რომ ის დემოკრატი არ არის და არც არასდროს იქნება. შესაბამისად, მას არც ლექციებს არ წააკითხინებდნენ დემოკრატიაზე. ამერიკელებმა ისეთი რამეები აკეთეს მისი ხელით, რომ საჭიროა მისი გაკონტროლება.

_ გაყიდის ვითომ სააკაშვილი თავის პატრონებს?

_ სააკაშვილი საკუთარ დედას არ დაინდობს. თუ დასჭირდება არც თავის პატრონებს დაინდობს ყველაერს მოჰყვება. ეს შესანიშნავად იციან ამერიკელებმა, ამიტომაც ჰყავთ გვერდით. მის ხელთ არსებული ინფორმაციის გაჟღერება ვაშინგტონისთვის კარგი არ იქნება.. სააკაშვილსაც და ნაციონალებსაც სერიოზული მფარველები ჰყავს. მათ წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთული იქნება. სექტის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება ძალიან სერიოზული პროგრამა.

_ ეს პროგრამა ვინ უნდა შეიმუშაოს?

_ ეს პროგრამა მეცნიერებმა და ექსპერტების სერიოზულმა ჯგუფმა უნდა შეიმუშაონ. გასაკეთებელია დიდი ანალიზი. `თეთრები~ ამ გზით წავედით. დავდეთ ანალიზი, რომელიც ყოფილ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვის გავუგზავნეთ. სამწუხაროდ, ჩვენი რჩევების გათვალისწინება არ მოხდა. სფერო არ არის, რომელშიც ნაციო-ნალებმა უბედურება არ დაატრიალეს. ამიტომაც აწყობდა დასავლეთს სააკაშვილის შეცვლა. იმ პერიოდში საქართველოში ხალხის უდიდესი ნაწილი მის წინააღმდეგ იყო განწყობილი. ყველაფერი რევოლუციისკენ მიდიოდა. ამის გამო აღარ მისცეს მას არჩევნების გაყალბების უფლება. ყველა ნათლად ხედავდა, რომ მოსახლეობა ამას აღარ მოითმენდა. ბატონ ბიძინას ჰგონია, რომ მან შეცვალა სააკაშვილი. ეს ასე არ არის. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი, მაგრამ სააკაშვილი იმ სექტის მფარველებმა შეცვალეს. უნდოდათ, რომ ამავე წრეში მოექციათ ბატონი ბიძინაც.

_ ეს უკანასკნელი ნამდვილად არ გამოუვიდათ.

_ ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი კაცია და ასეთ სექტებში არ ერევა. სამწუხაროდ, მან კასტური რეჟიმი დაამკვიდრა. საქართველოში სექტა შეცვალა კასტამ. რაც ძალიან დიდი უბედურებაა.

_ რაში გამოიხატება კასტური რეჟიმის დამკვიდრება?

_ კასტას, მოგეხსენებათ, თავისი პრინციპები აქვს. ხელისუფლებაში ხალხს არჩევენ არა ქვეყნისადმი ერთგულების, არამედ პირადი ერთგულების ნიშნით. თქვენ როგორ გგონიათ, ახალმა ხელისუფლებამ არაფერი არ იცოდა ფარცხალაძის წარსულზე? ყველაფერი კარგად იცოდნენ.

_ აბა, რატომ დანიშნეს მთავარ პროკურორად, ერთგულება დაუმტკიცა?

_ იმიტომ დანიშნეს, რომ მთავარ პროკურორად იმ სექტიდან წამოსული კაცი აწყობდათ. რაც, სხვათა შორის, ცუდი ნაბიჯი არ არის. ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ კარგი იქნება, თუ მეოცნებეები ჩაშვების მექანიზმს გარკვეულ ეტაპზე გამოიყენებენ, რითიც საბოლოოდ დაამარცხებენ ჩაშვების ინსტიტუტს. ნაციონალები გამოდიან და ღიად ამბობენ, დღეს გაცილებით მეტი ინფორმაცია გვაქვს ოცნებიდანო. ეს იმას ნიშ-ნავს, რომ იქ ჰყავთ თავიანთი ხალხი. როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, ესენი გულჭუჭყიანები არიან. სამწუხაროდ, ბატონ ბიძინას ჩამშვები და მოღალატე ხალხი უყვარდა ყოველთვის. ვინც უღალატა წინა ხელისუფლებებს ივანიშვილთან, დიდი პოსტები მიიღო. მათ შეძლეს ახალი პატრონისთვის ერთგულების დამტკიცება. პირადი ერთგულება გახდა ქვეყნის მართვის შემადგენელი ნაწილი. ქვეყნის ერთგულება არაფრად არ ითვლება. ამერიკაში და ევროპაში უცნობს ხელისუფლად არ ირჩევენ, საქართველოში პირიქით ხდება. ხელისუფლებაში სულ უცნობი ხალხი მოჰყავთ. ასე იქცეოდა ყველა მთავრობა. არც ერთი ასეთი უცნობი ქვეყანას არ გა¬მოადგა. სისტემური ცვლილებებია აუცილებელი. მთავარი პროკურორის გარშემო ამხელა ამბები რომ ატყდა, ფარცხალაძეს ვაჟკაცობა უნდა ეყოს და წავიდეს. ან პრემიერმა უნდა გააკეთოს განმარტებები.

_ რა განმარტება უნდა გააკეთოს ღარიბაშვილმა?

_ მან უნდა თქვას, რომ ამ ნაბიჯზე წავიდა შეგნებულად. ამის გარდა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ დახუჭა მის წარსულზე თვალები.

_ თუ არაფერი იცოდა, მაშინ?

_ თუ არ იცოდა, მაშინ ბოდიში უნდა მოუხადის საზოგადოებას, პროკურორი კი გადააყენოს. სააკაშვილის დროს ხელისუფლებაში ისეთი ხალხი მოიყვანეს, რომლებსაც ბავშვობა არ ჰქონდათ, ბავშვობანას თამაშობდნენ ხელისუფლებაში. მოვიდა ახალი ძალა, რომელიც ბავშვურ თამაშს აგრძელებს.

_ გამო¬დის, რომ ხელისუფლების სათავეში ახალგაზრდების ყოფნა არ მოგწონთ?

_ მაჩვენეთ მსოფლიოში ქვეყანა, სადაც ხელისუფლების სათავეში 25-26 წლის გოგობიჭები მოჰყავთ. ყველგან ეძებენ გამოცდილ ხალხს. ჩვენთან კი მოჰყავთ სრულიად გამოუცდელი ხალხი. ჩვენთან შრომის წიგნაკებს მინისტრებად რომ ინიშნებიანჰ ამის შემდეგ ხსნიან. ხელისუფლებაში მყოფმა ყველა პირმა იცის, რომ იმ ადგილას დიდხანს ვერ იქნება. ეს არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი ტრაგედია. ასეთი არასტაბილურობა ამ ადამიანებს აიძულებს, მოკლე პერიოდში რაც შეიძლება ბლომად ფული იშოვოს. ასევე ბლომად ასაქმებენ თავიანთ ახლობლებს. ეს ქვეყანა ამდენ `ბლომადს~ ვეღარ უძლებს.

_ მო¬დით, ისევ ფარცხალაძეს დავუბრუნდეთ. ამბობთ, შეგნებულად დანიშნესო. გამორიცხავთ, რომ ის შეიძლება ნაციონალების შეგდებული კადრია?

_ შეიძლება შეგდებულიც არის. ჭუჭყიანი ბიოგრაფიის მქონე კაცი მათ ხელისუფლებაში იყო და ორდენებსაც იღებდა. ესეც სექტის პრინციპია. დაგანიშნინონ გასვრილი კადრი და მერე ამის გამო გირტყან თავში. ეს არის ერთი ვარიანტი. მეორე ვარიან¬ტზე ზემოთ ვისაუბრეთ. ამ კაცმა ბევრი რამ იცის. სექტის დაშლა მხოლოდ სექტის მცოდ¬ნეს შეუძლია. ეს ადვილი საქმე არ არის. თუ ამ ნაბიჯზე წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი, მაშინ ამან შეიძლება გაამართლოს. ჯერჯერობით დამნაშავეების დასჯის ნება არ არსებობს. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ზურაბ ადეიშვილი არ იციან, სად არის? ყველამ კარგად იცის, სად არის. მას მფარველობენ ისინი, ვინც აქამდე მფარველობდა. არავის ინტერესებში არ შედის ადეიშვილის დაკავება. ეს ნაციონალები ყველა სიბრტყეზე მუშაობენ. კაცი ჰყავთ ციხეში და მისი ციხეში ყოფ¬ნა პო¬ლი¬ტი-კურ ტრიბუნად აქციეს.

_ ციხეში რამდენიმე კაცი ჰყავთ და თქვენ რომელ კაცზე საუბრობთ?

_ ვანო მერაბიშვილზე. სახეზე ასეთი ღიმილი ვანო მერაბიშვილს მაშინაც კი არ ეხატა, როცა პრემიერი და შს მინისტრი იყო. ახლა დგას და სულ გიჟივით იცინის. ნორმალური და დალაგებული არასდროს არ იყო. მაგრამ ახლა რაღაც სხვანაირად იცინის. აშკარაა, რაღაც აქვთ ჩაფიქრებული.

_ ეს რაღაც მერაბიშვილმა ჩაიფიქრა?

_ ეს მისი მოფიქრებული არ არის. სადა აქვს მაგას მაგის გაქანება და დიაპაზონი. ციხე ტრიბუნად აქციეს. ადეიშვილი და ნაციონალების ერთი ჯგუფი ევროპაშია და გამალებით მუშაობს. ფული მათ ხელშია და ატრიალებენ როგორც უნდათ. სააკაშვილი ამერიკის სპეცსამსახურებთან მუშაობს. ყველგან ჰყავთ ხალხი. მათ შორის არის სერიოზული კავშირი. თუ ესენი არ დამარცხდნენ, საქართველოს მომავალი არა აქვს. ამის დამარცხება იოლი არ არის. ამას ერთგული ხალხით ვერ დაამარცხებ. ამ სენს პროფესიონალებით უნდა ებრძოლო.

_ ამბობენ, რომ სააკაშვილმა ნაციონალებს ზურგი აქციაო. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

_ რას ამბობთ, ეგეთი რამე არ მომხდრა. სააკაშვილი ახლა ამერიკის სპეცსამ-სახურებთან მუშაობს და სათანადო დროის დადგომას ელოდება. ის თეთრ ცხენზე ამხედრებული უნდა დაბრუნდეს საქართველოში. ასეთი იყო ჩანაფიქრი, როცა არჩევნებს აგებინებდნენ. ამ მთავრობის არაპროფესიონალიზმის მიკვირს. უნდა გიხაროდეს, დღეს ბიუჯეტი თუ არ სრულდება. ასევე უნდა გიხაროდეს, თუ ერთიანი შიდა პროდუქტი შემცირდება.

_ რა არის ამაში სასიხარულო?

_ სააკაშვილი როგორც იქცეოდა, ის მეთოდები თუ არ გამოიყენე, საქართველო ამხელა ბიუჯეტს ვერ შეასრულებს. მათ გაანადგურეს მეწარმეები. პატარა რესტორნიდან დაწყებული, მსხვილი ობიექტებით დამთავრებული წინა ხელისუფლებას მისტირიან. ამბობენ, რომ ამათ წინა ხელისუფლება სჯობდაო.

_ რით სჯობდაო, ბატონო თემურ?

_ ამათ ჰგონიათ, რომ ბიუჯეტი არ უნდა შემცირდეს. მათ უარი უნდა ეთქვათ სააკაშვილის მეთოდებით ბიუჯეტის შესრულებაზე. ბიუჯეტის შემცირება არის ლოგიკური და სწორი. ახლა ბიუჯეტის შესრულება ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლებაც წინას მსგავსად მძარცველია. ხელისუფლება წავიდა ამ გზით. ისევ ძარცვის გზას დაადგა. მეწარმეები არიან კატასტროფულ მდგომარეობაში. კლავენ იმას, რაც უნდა განავითარო. ქვეყნის მომავალი თავისუფალ მეწარმეზეა დამოკიდებული. თავისუფალი მეწარმე იმ ქვეყანაშია, სადაც მედია და სასამართლოა თავისუფალი. და რაც მთავარია, ქვეყნის ხელისუფლებაა დემოკრატიული. ვიღაცას ჰგონია, რომ გაზეთით და ტელევიზიით რაღაცის საუბარი არის თავისუფლება, ასე არ არის. ქვეყანა მაშინ არის თავისუფალი თუ იქ მეწარმე კარგად გრძნობს თავს. დღეს მთელი ეკონომიკა უჭირავთ სააკაშვილის ბიზნესმენებს იგივე მეჯღანუაშვილებს. მათ უნდა გაეგოს ფეხქვეშ ხელისუფლება. მონად უნდა ექცნენ და ისინიც მონად აქციონ. მათ ამ გზაზე უა¬რი უნდა თქვან. ხალხს წართმეული ქონება უკან უნდა დაუბრუნონ. ქვეყანაში მეჯღანუაშვილი მეწარმეები არ უნდა იყვნენ. წარმოებებს სათავეში ის ხალხი უნდა ჩაუდგეს, ვინც თანამედროვე ეკონომიკა იცის. ამათ ახლის მოყვანა არ სურთ, ძველებს ეყრდნობიან. გადასახადებსაც ძველი მეთოდებით იღებენ. ესაა საქართვე¬ლოს მომავალი? ეს არის საქართველოს დაქცევა! გაზაფხული იქნება უმძიმესი. რასაც ფინანსთა სამინისტრო და საგადასახადო სამსახური აკეთებენ, ეს სააკაშვილის მხარდაჭერაა. ასეთ მხარდაჭერას ის ვერც კი ინატრებდა.

_ ამბობთ, გაზაფხული მძიმე იქნებაო. რა თვალსაზრისით იქნება მძიმე?

_ ხალხი ნახავს, რომ ქვეყნის სათავეში ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც დამნაშავე რეჟიმის გასამართლება ვერ შეძლო. ვერ შეძლო სექტის მხილება. ისევ ბიუჯეტს დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ მისი შეუსრულებლობაა სწორი. ესენი ბიუჯე-ტის შევსებას ცდილობენ და არასწორი გზით მიდიან. ეს ყველაფერი ისე დაგანგრევს, რომ მის გამოსწორბა მხოლოდ იმ შემ¬თხვევაშია შესაძლებელი თუ საკაშვილი გახდები.

_ არის ამის საშიშროება?

_ მე გულწრფელად მჯერა, რომ სააკაშვილად ქცევა არც ღარიბაშვილს, არც უსუფაშვილს და არც მარგველაშვილს არ უნდათ. სამწუხაროდ, ისინი ამ გზით მიდიან. ასეთ გზას იმიტომ დაადგნენ, რომ უარს ამბობენ დისკუსია¬ზე და სერიოზულ ანალიზზე. დღეს ყველა ტელევიზიაში მხოლოდ ერთმანეთს ლანძღავენ. არავინ არ საუბრობს საქართველოს მომავალზე. არადა, ამაზე უნდა ისაუბრო.

_ საქართველოს მომავალი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ?

_ მომავლის საქართველო ჩაშვების ინსტიტუტის გარეშე წარმომიდგენია. მომავლის საქართველო წარმომიდგენია, რომ ხელისუფლებაში ხალხს ვიღაცის ერთგულების ნიშნით აღარ დანიშნავენ. ხელისუფლებაში პროფესიონალები და გამოცდილები უნდა იყვნენ. მომავლის საქართველო მეწარმის თავისუფლების გარეშე ვერ წარმომიდგენია. თუ ვინმეს რამე უნდა აპატიო, ეს არის მეწარმე. განსაკუთრებით ის მეწარმე, ვინც რისკზე მიდის. ესაა ჩემი მიდგომები. ხელისუფლება თუ ამ გზით მიდის, მაშინ ტაში უნდა დავუკრათ. თუ ამ გზით არ მიდიან, მაშინ უნდა ვურჩიოთ კურსის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ მძი¬მე გაზაფხული ელოებათ. ხალხი იტყვის, რომ სააკაშვილის დროს უკეთესად ვცხოვრობდით. ოცნება რძის მდინარეებს დაგვპირდა და ყველაფერი უარესად მიდის. ბევრს გაუჩნდება განცდა, რომ ძველი სჯობს. ეს განცდა თუ გაჩნდა, მაშინ ნახეთ, რა ორომტრიალი იქნება ქვეყანაში. ამ ხელისუფლებას შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს. მათ უკვე სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს.

_ რას გულისხმობთ?

_ პირველ რიგში იმას, რომ ნაციონალებს ხმამაღლა საუბრის უფლება მისცეს. ისინი მთავარ ოპოზიციურ ძალად აქციეს, ყველა ტელევიზიას ეგენი მოაჯდნენ. ივანიშვილს მეცხრე არხი არ უნდა დაეხურა. ამას ახლა შეცდომად თვლის, მაგრამ გვიანია.

_ საქართველოს მომავალზე ისაუბრეთ და იქ სააკაშვილის ადგილს თუ ხედავთ?

_ გამორიცხულია. მისი ადგილი აქ არ არის. მას უამრავი ნაკლი და უბედურება სჭირს. ამის გარდა ის არის ღვარძლიანი კაცი. იმ ადამიანების თავში ჩამახედა, ვისაც სა¬აკაშვილი მოსწონს. პოლიტიკური თვალსაზრისით ვამბობ, თორემ ისე შეიძლება გარეგნულად ვინმეს მართლა მოსწონდეს. პოლიტიკურად მისი მოწონება ნიშნავს, რომ შენი ქვეყანა გძულს.

_ გამოდის, რომ მისი დაბრუნების საფრთხე არ არის?

_ ვისაც ძარღვებში სისხლი უჩქეფს და ვისაც ქვეყანა უყვარს, ის სააკაშვილს არ დააბრუნებს. ყველამ იმაზე უნდა იზრუნოს, რომ ნაციონალური მოძრაობა დასრულდეს და ეს სექტა გასამართლდეს. ეს სექტა ბერტოლეს მარილივით უნდა დაიშალოს. თუ ამას ეს ხელისუფლება არ გააკეთებს, ის უნდა შეიცვალოს. ამის ვადა `ქართულ ოცნებას~ გაზაფხულამდე აქვს. მე მივმართავ ყველას, ვისაც გული და სული შემორჩა. ან ვაიძულოთ ხელისუფლება, წავიდეს სწორი გზით, ან გავათავისუფლოთ ქვეყანა როგორც ნაციონალური ურდოებისაგან ასევე კასტური მართვისაგან.

 

ესაუბრა შორენა მარსაგიშვლი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *